განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/270-18 (№041230218005)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - გი------ გო---------, გვ--–- ტა-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მა----- ელგუჯას ძე მი----–---–- - დაბადებული 1982 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, N60001041201, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გი------ ბრ–------–-ს ქ. N1--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის აგვისტოში, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ქუთაისი, გი------ ბრ–------–-ს ქუჩა N1---ში, მა----- მი----–---–-ა არასრულწლოვანი შვილების - თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე - ან- იმ--------- (სახეში გაარტყა ხელი), ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 23 თებერვლის, საღამოს საათებში, თავის საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ. ქუთაისი, გი------ ბრ–------–-ს ქუჩა N1---ში, მა----- მი----–---–-ა არასრულწლოვანი შვილების - თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე -ან- იმ--------- (სახეში გაარტყა ხელი), ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ან- იმ------ს გამოკითხვის ოქმი, ნ----- ბა–--–--–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მა----- მი----–---–-ს გამოკითხვის ოქმი) ერთობლიობა მა----- მი----–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მა----- მი----–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
მოცემულ შემთხვევაში განაჩენში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მა----- მი----–---–-ა 2017 წლის აგვისტოს თვეში და 2018 წლის 23 თებერვალს იძალადა მეუღლეზე ან- იმ--------- (სახეში გაარტყა ხელი), რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. ამასთან, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მა----- მი----–---–-ს მიერ მეუღლის - ან- იმ------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდნენ დაზარალებულისა და ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი და მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მა----- მი----–---–-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
3. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მა----- მი----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და სინანულს, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, მა----- მი----–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ოჯახში ძალადობა, რაც მისი გავრცელების მასშტაბების და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, მა----- მი----–---–-ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, იმ გარემოებას, რომ შერიგებულია დაზარალებულთან, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მა----- მი----–---–-ს წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მა----- მი----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მა----- მი----–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით თითოეულ ეპიზოდში სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მა----- მი----–---–-ს პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნ-წილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მა----- მი----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობიოთ სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მა----- მი----–---–-ს მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მა----- მი----–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად სასამართლო, მა----- მი----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი, რომლის განმავლობაშიც მის ყოფა-ქცევაზე კონტროლს განახორციელებს პრობაციის ბიურო და მა----- მი----–---–ს ექნება შესაძლებლობა მისი ყოფა-ქცევით დაამტკიცოს გამოსწორება.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მა----- მი----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და მა----- მი----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მა----- მი----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მა----- მი----–---–ს დაეკისროს მოვალეობა: პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური