განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/338-18 (№041220318005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
24 მაისი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - გი------ გო---------, და------ ვა-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯუ--–---- დე------ს ძე შა----–---- - დაბადებული 1--- წლის 2---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ. ქუთაისი, ჩო------–----ს ქ. N 3--- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ, ქუთაისი, ჩო------–----ს ქ, N 3---
ადვოკატი - ნი----–---- კვ-------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 20 მარტს დაახლოებით 17:40 საათზე, ქ. ქუთაისში ჩო------–----ს ქ. N- ბინა N2--ში, თავის საცხოვრებელ სახლში ჯუ--–--- შა----–---მა თავისი არასრულწლოვანი შვილების ნი--- შა----–----ს და გი------ შა----–----ს თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს, ხა------ გა-------ს, კერძოდ: ფეხი დაარტყა ტანის არეში, რის შედეგადაც ხა------ გა-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 21 მარტს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ. ქუთაისში ჩო------–----ს ქ. N- ბინა N2--ში, თავის საცხოვრებელ სახლში ჯუ--–--- შა----–---- თავის მეუღლეს, ხა------ გა-------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ჯუ--–---- შა----–----ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულ ხა------ გა-------ს ჩვენება; მოწმეების: ნი--- შა----–----ს, მზ-- გა-------ს, მი----– კა-----ს გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულის დაკავების ოქმი; ალკოჰოლური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა ჯუ--–---- შა----–----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა დაზარალებულ ხა------ გა-------ს ჩვენებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაზარალებულმა ხა------ გა-------მ დაკითხვისას განმარტა, რომ 18 წელია რაც დაქორწინებულია ჯუ--–--- შა----–---ზე და ერთად ცხოვრობენ. დაზარალებულმა სრულად დაადასტურა გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან განმარტა, რომ მან ჯუ--–--- შა----–---ს აპატია მის მიმართ განხორციელებული ქმედებები. ვინაიდან მარტო ზრდის ორ შვილს და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი მისი მეუღლეა, ჯუ--–--- შა----–----ს მიმართ ითხოვა არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც მიუთითა, რომ „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები....“ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N403აპ-16 გადაწყვეტილება).
ასევე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმით უნდა იყოს გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 1 მუხლს იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - დაზარალებულ ხა------ გა-------ს ჩვენებით (რომელმაც სრულად დაადასტურა გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც უთითებს, რომ ჯუ--–--- შა----–----ს მიერ ფეხის ამორტყმის შემდეგ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამასთან ჯუ--–--- შა----–----ს მუქარა, იყო რეალური და მასში წარმოშვა რეალური შიში), მოწმეების: ნი--- შა----–----ს, მზ-- გა-------ს, მი----– კა-----ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების ოქმით; ალკოჰოლური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯუ--–--- შა----–---მა ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით; 2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯუ--–---- შა----–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ჯუ--–---- შა----–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ჯუ--–---- შა----–----ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან აღნიშნული ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის აღიარებას, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება ვერ გადაწონის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ რიგ გარემოებებს, კერძოდ: ბრალდებულის პიროვნებას და მის მიდრეკილებას ძალადობისაკენ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ჯუ--–---- შა----–----ს მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რაც ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში (მით უფრო არასრულწლოვანში) და წარმოადგენს ბავშვების ნორმალური განვითარებისა და აღზრდის ხელშემშლელ წინაპირობას.
სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს დაზარალებულის პოზიციას, რომელიც ითხოვს ჯუ--–---- შა----–----ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახში ძალადობაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, მოძალადეზე მატერიალურად დამოკიდებულების გამო (მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის პოზიცია არასაპატიმრო სასჯელთან მიმართებაში არგუმენტირებულია ასევე იმ გარემოებით, რომ ბრალდებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და პატიმრობაში ყოფნის პირობებში ოჯახი დარჩება მარჩენალისა და შემოსავლის გარეშე), ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯუ--–---- შა----–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯუ--–---- შა----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯუ--–---- შა----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ჯუ--–---- შა----–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ჯუ--–---- შა----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 22 მარტიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური