გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
820210117002053765
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210117002053765 (2-459/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი, 2018 წელი . ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - ო-------რ ა----ძე, ც---–ა ა----ძე, რ----- ა----ძე,წარმომადგენელი რ----- ფ-----------

მოპასუხეები - სს ”სა-------------------------------------–-----ი” (კრედიტორი) და თ----- ა----ძე (მოვალე)

წარმომადგენელი - ლე--------------–-ა (კრედიტორის)

დავის საგანი - ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მა--------------ის მიერ 2017 წლის 23 მაისს შედგენილი აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მითითებული შემდეგი ნივთები: 1.სამეული ნაჭრის ყავისფერი ერთი ცალი 2. ტელევიზორის მაგიდა ყავისფერი ერთი ცალი; 3. მაცივარი - ,,შარფი“ ვერცხლისფერი ერთი ცალი; 4. ,,სამსუნგ“ სარეცხი მანქანა თეთრი ერთი ცალი; 5. გაზქურა ,,სიმფერ“ ვერცხლისფერი; 6. მაგიდა ყავისფერი ერთი ცალი; 7. ტელევიზორი ,,სამსუნგ“ შავი ფერის ერთი ცალი; 8. კუთხის კედელი ყავისფერი ერთი ცალი;

 

მოსარჩელეთა წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

მოსარჩელეები ცხოვრობენ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფ-----–- კერძო საცხოვრებელ სახლში. 2017 წლის 23 მაისს მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში მივიდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი მა--------------ე და აღწერა მოსარჩელეების კუთვნილი საოჯახო ნივთები, შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი. აღწერილი და დაყადაღებულია ოჯახის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, კერძოდ: სამეული ნაჭრის ყავისფერი ერთი ცალი, ტელევიზორის მაგიდა ყავისფერი ერთი ცალი, მაცივარი - ,,შარფი“ ვერცხლისფერი ერთი ცალი; ,,სამსუნგ“ სარეცხი მანქანა თეთრი ერთი ცალი; 5. გაზქურა ,,სიმფერ“ ვერცხლისფერი; 6. მაგიდა ყავისფერი ერთი ცალი; 7. ტელევიზორი ,,სამსუნგ“ შავი ფერის ერთი ცალი; 8. კუთხის კედელი ყავისფერი ერთი ცალი;

 

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ დასახელებული ნივთები მათი საკუთრებაა, თ----- ა----ძეს არ შეუძენია და არანაირი შემხებლობა აღნიშნულ ნივთებთან არ აქვს, დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მათი კუთვნილი სახლის უძრავი ქონების საკუთვნებელს, იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით და განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის, იგი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. მოითხოვს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სს ”სა-------------------------------------–-----ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. განმარტავს, რომ მოპასუხე თ----- ა----ძე რეგისტრირებულია იმ მისამართზე, სადაც მოხდა ქონების დაყადაღება, თ----- ა----ძე ფაქტობრივადაც იმ სახლში ცხოვრობს, მას ამ მისამართზე ბარდება ყველა გზავნილი, ქონების აღწერის დროსაც იმყოფებოდა სახლში და ხელი მოაწერა აქტს, შესაბამისად ის წარმოადგენს ქონების მესაკუთრეს და ქონებაზე ყადაღის დადება კანონიერია.

 

2.2. მოპასუხე თ----- ა----ძე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს ცნობს და აღნიშნავს, რომ დაყადაღებული საოჯახო ნივთები არ წარმოადგენს მის საკუთრებას, მას არ შეუძენია აღნიშნული ნივთები და არ აქვს შემხებლობა დაყადაღებულ მოძრავ ნივთებთან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამრთლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით თ----- ა----ძეს სს ,, სა-------------------------------------–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10890,42 ლარის გადახდა. გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და მის საფუძველზე თ----- ა----ძის მიმართ დაიწყო აღსრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს გადაწყვეტილება

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2017 წლის 23 მაისს თ----- ა----ძის რეგისტრაციის მისამართზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფ-----–- მივიდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი მა--------------ე და აღწერა არნიშნულ მისამართზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლში არსებული საოჯახო ნივთები: სამეული ნაჭრის ყავისფერი ერთი ცალი, ტელევიზორის მაგიდა ყავისფერი ერთი ცალი, მაცივარი - ,,შარფი“ ვერცხლისფერი ერთი ცალი; ,,სამსუნგ“ სარეცხი მანქანა თეთრი ერთი ცალი; 5. გაზქურა ,,სიმფერ“ ვერცხლისფერი; 6. მაგიდა ყავისფერი ერთი ცალი; 7. ტელევიზორი ,,სამსუნგ“ შავი ფერის ერთი ცალი; 8. კუთხის კედელი ყავისფერი ერთი ცალი; შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-აღწერა დაყადაღების შესახებ აქტი.

 

3.1.3. დაყადაღებული ნივთები განლაგებულია სახლში, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ო-------რ ა----ძის, ც---–ა ა----ძისა და რ----- ა----ძის საკუთრებად.

 

-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ძირითადი სადაო საკითხია აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების საკუთრების საკითხი. დასახელებული ნივთების მესაკუთრედ ყოფნის პრეტენზიას აცხადებენ მოსარჩელეები და განმარტავენ, რომ დაყადაღებული ქონება მათი საკუთრებაა, თ----- ა----ძეს არ შეუძენია ქონება და დასახელებული ნივთები წარმოადგენს იმ სახლის საკუთვნებელს, რომელიც წარმოადგენს ო-------რ ა----ძის, რ----- ა----ძისა და ც---–ა ა----ძის საკუთრებას.

მოპასუხე სს ,, სა-------------------------------------–-----ის” წარმომადგენელი არ ეთამხმება ამ მტკიცებას და განმარტავს, რომ ნივთები აღიწერა იმ სახლში, სადაც რეგისტრირებულია თ----- ა----ძე. შესაბამისად იგულისხმება, რომ აღწერილი ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად და გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვეა დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაკისრებული ფაქტობრივი გარემოების ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოძრავი ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეებს ეკისრება. ამ საკითხის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს არ ეკისრება. მოსარჩელეებმა თვითონ უნდა წარმოადგინონ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მათი საკუთრებაა. მხარეებს ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ. როდესაც მხარეები დაობენ ნივთების კუთვნილებაზე, ასეთ შემთხვევაში ნივთების კუთვნილების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად მიუთითა წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლითაც დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც განთავსებულია აღწერილი და ყადაღადადებული ქონება, წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას. ასევე მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ლი-–----------ძემ დაადასტურა, რომ თ----- ა----ძე არ ცხოვრობდა ამ სახლში, შემდგომ ვალების გამო იძულებული გახდა საცხოვრებლად გადმოსულიყო მამისეულ სახლში, თუმცა აღწერილი და დაყადაღებული ნივთები ოჯახს დიდი ხანია შეძენილი აქვს და ეს ქონება არ წარმოადგენს თ----- ა----ძის საკუთრებას.

 

მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება წარმოადგენს იმ სახლის საკუთვნებელს, რომელიც რეგისტრირებულია მოსარჩელეთა საკუთრებაში და მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ეს ნივთები შეძენილია თ----- ა----ძის მიერ და იმყოფება მის სარგებლობაში, ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტებები.

-მოწმის ჩვენება

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სკ-ის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ დაყადაღებული ქონება მათი საკუთრებაა და რომ მათზე საკუთრების უფლება მხოლოდ მათ გააჩნიათ. აღნიშნულის გამო ისარგებლეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოითხოვეს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით „სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე,“ ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში და სასამართლო სააღსრულებო ფურცელს მისცემს კრედიტორს. ამავე კანონის 26-ე მუხლით სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ ყადაღის დადების საფუძველია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 26 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც თ----- ა----ძის წინააღმდეგ სს ”სა-------------------------------------–-----ის” სასარგებლოდ დაიწყო აღსრულება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით „გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ფულის ან ქონების გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას ან დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამავე მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. აღსრულების ხარჯებს მოვალე გაიღებს. თ----- ა----ძემ გადაწყვეტილება ნებაყოფილებით არ აღასრულა. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ თ----- ა----ძე რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ფ-----–-. მიიჩნია, რომ მისი რეგისტრაციის მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ მისამართზე მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40-ემუხლი თანახმად მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. თ----- ა----ძე ნებაყოფილებით არ იხდის დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო სწორად.

 

სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონების საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით. მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი თუ სამზარეულოს ტექნიკა განკუთვნილია ბინის სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელეების ო-------რ ა----ძის, რ----- ა----ძისა და ც---–ა ა----ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკუთვნებელს. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები: №ას-305-293-2012; №ას-1522-1529-2011; №ას-1777-1755-2011; საქმე №ას-586-561-2016, 29.07.2016).

 

6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი მა--------------ის მიერ 2017 წლის 23 მაისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ-----–- ო-------რ ა----ძის, ც---–ა ა----ძის და რ----- ა----ძის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები კერძოდ: სამეული ნაჭრის ყავისფერი ერთი ცალი, ტელევიზორის მაგიდა ყავისფერი ერთი ცალი, მაცივარი - ,,შარფი“ ვერცხლისფერი ერთი ცალი; ,,სამსუნგ“ სარეცხი მანქანა თეთრი ერთი ცალი; 5. გაზქურა ,,სიმფერ“ ვერცხლისფერი; 6. მაგიდა ყავისფერი ერთი ცალი; 7. ტელევიზორი ,,სამსუნგ“ შავი ფერის ერთი ცალი; 8. კუთხის კედელი ყავისფერი ერთი ცალი; არ წარმოადგენს თ----- ა----ძის საკუთრებას და ისინი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 170 ლარის (50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის. 120 ლარი სარჩელის) ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ო-------რ ა----ძის, ც---–ა ა----ძის, რ----- ა----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მა--------------ის მიერ 2017 წლის 23 მაისს შედგენილი აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის მითითებული შემდეგი ნივთები: 1.სამეული ნაჭრის ყავისფერი ერთი ცალი 2. ტელევიზორის მაგიდა ყავისფერი ერთი ცალი; 3. მაცივარი - ,,შარფი“ ვერცხლისფერი ერთი ცალი; 4. ,,სამსუნგ“ სარეცხი მანქანა თეთრი ერთი ცალი; 5. გაზქურა ,,სიმფერ“ ვერცხლისფერი; 6. მაგიდა ყავისფერი ერთი ცალი; 7. ტელევიზორი ,,სამსუნგ“ შავი ფერის ერთი ცალი; 8. კუთხის კედელი ყავისფერი ერთი ცალი;

 

3. თ----- ა----ძეს და სს ,,სა-------------------------------------–-----ს" ო-------რ ა----ძის, ც---–ა ა----ძის, რ----- ა----ძის სასარგებლოდ დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 170 ლარის (120 ლ. სარჩელის, 50 ლ. სარჩელის უზრუნველყოფის) ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტისქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე