გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 411210018002394303
(2/101-2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.06.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
აბაშის მუნციიპალიტეტში- ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი- ფატიმა კვახაჯელიძე
მოსარჩელე - ა-- კა-------
წარმომადგენელი - გე-- ქუ-----–-ა
მოპასუხე - გ-- გა---–--ა
წარმომადგენელი - რო-–---- შ-----
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ-- გა---–--ასათვის შვილის გი-----ი გა---–--ას სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 200 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის დროს შეეძინათ შვილი - გი-----ი გა---–--ა დაბადებული 2--- წლის 1--------. მათი თანაცხოვრება მცდელობების მიუხედავად არ შედგა და წლებია ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს ცალკე. მოპასუხე გ-- გა---–--ა შვილის აღზრდაში მონაწილეობას თავს არიდებს, არ ეხმარება მატერიალურად იმის მიუხედავად, რომ მუშაობს ა--- ა--–-ს კ-----–---–------ სამსახურში, ყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და აქედანაც აქვს შემოსავალი. 2015 წლის 2 თებერვალს გ-- გა---–--ამ ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა ალიმენტის გადახდის თაობაზე, რაც დამოწმებულ იქნა სანოტარო წესით, მაგრამ ამ თანხმობის მიუხედავად დღემდე მხოლოდ 140 ლარი გადაიხადა ბავშვის რჩენა-აღზრდისთვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
მიუთითა, რომ არანაირი შემოსავალი არ გააჩნია გარდა ხელზე ასაღები ხელფასის- 240 ლარისა, რომლის ნაწილსაც იხდის სესხში. სახლში არავინ არ ყავს, არის მარტოხელა და არანაირი პირუტყვი და ფრინველი არ ყავს, ასევე არანაირ სამეურნეო საქმიანობასაც არ ეწევა. გამომდინარე აქედან, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებს ალიმენტის სახით ყოველთვიურად მხოლოდ 50 ლარის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2. ა-- კა-------სა და გ-- გა---–--ას ჰყავთ საერთო შვილი- გი-----ი გა---–--ა (დაბადების თარიღი- 1-.0-.2--- წ)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა-- კა-------ი და გ-- გა---–--ა დაშორებული არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან- ა-- კა-------თან.
სასამართლო დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს.
3.2.2. გ-- გა---–--ა ამჟამად დასაქმებელია ა--- ა--–-ს კ-----–---–------ სამსახურში- მტვირთავად და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 300 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი- „ა--–-ს კე----–---–----------.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ გ-- გა---–--ა ეწევა სოფლის მეურნეობას, ჰყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუქტყვი და აქვს შემოსავალი ამ მხრივაც, თუმცა, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე კი, აღნიშნული გარემოება არ დაადასტურა მოპასუხე მხარემ და აღნიშნა, რომ მოპასუხე არ ეწევა არც სამეურნეო საქმიანობას და არც რქოსანი პირუტყვი და ფრინველი არ ყავს. ამის დამადასტურებლად, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მოპასუხე გ-- გა---–--ას მეზობლების მიერ შედგენილი განცხადება, რომელიც არის ნოტარიულად დამოწმებული და რომლის მიხედვითაც, მეზიობლების განმარტებით მოპასუხე არ ეწევა არ ეწევა არც სამეურნეო საქმიანობას და არც რქოსანი პირუტყვი და ფრინველი არ ყავს და მისი შემოსავალი არაის მხოლოდ ხელფასი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მხარის მითითება, თუ ის არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით, ვერ მიიჩნევა უტყუარად და ვერ დაედება სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად, მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა მეორე მხარე არ ადასტურებს. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება, მოპასუხის შემოსავლებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არც ერთ მშობელს არა აქვს რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა შვილებთან მიმართებაში, ისინი თანაბრად უფლებამოსილნი და თანაბრად ვალდებულები არიან შვილების წინაშე, როგორც ზნეობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სარჩო არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ანუ საალიმენტო დანაკისრი, ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დაეკისროს ერთ-ერთ მშობელს სასამართლო წესით. საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზით ცხოვრობს ცალკე და არავითარ მონაწილეობას არ იღებს მეორე მშობელთან მცხოვრები შვილის აღზრდაში.
განსახილველ შემთხვევაში, გი-----ი გა---–--ა იზრდება დედასთან და ძირითადად დედა ზრუნავს მის რჩენასა და აღზრდაზე. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე მატერიალურად არ არის იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ სრულად გაიღოს ბავშვის რჩენის ხარჯები. შესაბამისად, აუცილებელია მის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მოპასუხემაც, რადგან მშობლები თავის მხრივ ვალდებულები არიან მიიღონ მონაწილეობა ბავშვების რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხეს მართალია ხელფაის გარდა არ გააჩნია სხვა დამატებითი შემოსავალი და ხელფასის ნაწილსაც იხდის სესხის დასაფარად, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მისი ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლებას. ალიმენტის თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
ალიმენტის გონივრული ოდენობის განსასაზღვრავად, სასამართლო აფასებს რა მოპასუხე გ-- გა---–--ას მატერიალურ მდგომარეობას, ყურადღებას ამახვილებს იმ ვალდებულებაზეც, რომელიც მას, როგორც მშობელს აკისრია არასრულწლოვანი შვილის მიმართ. ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით მოპასუხეს აქვს გარკვეული საბანკო ვალდებულებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ალიმენტვალდებული პირის მოვალეობების შესრულებისაგან თავის არიდებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დასკვნა შეესაბამება მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას; (იხილეთ საქმე №ას-1299-1226-2012).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს. ასევე, ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესებს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ პირველ რიგში არასრულწლოვანი გი-----ი გა---–--ას საჭიროებიდან გამომდინარე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ორივე მშობლის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე თვეში ყოველთვიურად 90 ლარი არის გონივრული თანხა, რომელიც მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, შესაძლებელია გადახდილ იქნას მოპასუხე მხარის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე გ-- გა---–--ას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 05 აპრილიდან.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში 14.40 ლარის ოდენობით,სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
სარეზოლუციო ნაწილი
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ა-- კა-------ის (0----------) სარჩელი.
1.1 დაეკისროს მოპასუხე გ-- გა---–--ას (პ/ნ 0----------) სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 05 აპრილიდან თავისი არასრულწლოვანი შვილის, 1-.0-.2--- წელს დაბადებული გი-----ი გა---–--ას სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა, მის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
2. დაეკისროს გ-- გა---–--ას (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 14.40 ლარის გადახდა, რაც ჩარიცხულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზინის ერთიან ანგარიშზე: ბანკის დასახელება ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22 ანგარიშის № 200122900; 3 0036 3150. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ქვითარი) წარმოდგენილ უნდა იქნას აბაშის მაგისტრატ სასამართლოში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით აბაშის მაგისტრატ სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს აბაშის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე