გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.05.2018
საქმის ნომერი
080310017002013419
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
28.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017002013419

საქმე №3/908-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე

 

მოსარჩელე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნ---- ი-----ე

მოპასუხე - ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–-’’

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–ს’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს - 1420 (ათასოთხასოცი) ლარის გადახდა;

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–-’’ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მომენტიდან - 2016 წლის თებერვლიდან სრულად იღებს მომსახურებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, თუმცა მისი მხრიდან არ შესრულებულა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება. 2017 წლის 29 მაისს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის განყოფილების თანამშრომლები იმყოფებოდნენ ი/მ მერი მ------–---–თან და აცნობეს, რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ერიცხება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება - 2400 ლარის ოდენობით და მისი ნებაყოფლობით დაფარვისათვის განესაზღვრა 05 სამუშაო დღე. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ გადახდილია მხოლოდ 980 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე - ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–ს’’ დაეკისროს 1420 ლარის გადახდა.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–მა’’ წერილობით ახსნა - განმარტებაში განმარტა, რომ მას გადახდილი აქვს დასუფთავების მოსაკრებლის თანხა 500 და 487 ლარის ოდენობით, ხოლო მას დღეის მდგომარეობით არ გააჩნია დარჩენილი თანხის გადახდის შესაძლებლობა.

 

ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–-’’ 2018 წლის 28 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–-’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, მისი საიდენტიფიკაციო კოდია - 370010016--, იურიდიული მისამართი ქ. ქუთაისი, გ---–-–---–ის ქ. IV შესახვევი, №2, სხვა მისამართი ქ. ქუთაისი, გამსახურდიას №47.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტირებისა და დასუფთავების სამსახურის 2017 წლის 31 მაისის შეტყობინება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–-’’ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა 2016 წლის თებერვლიდან მისამართზე: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას №47, ზომის ერთეული - 300მ2, ტარიფი - 0.50, კლასიფიკაცია - 4; ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 150 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მერი მ------–---–-ს განცხადება;

- 2016 წლის 05 ივლისის №421 შეტყობინება.

 

3.1.3. დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის ქალაქ ქუთაისში შემოღებული იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდა მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი N1-ის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა ერთ სულზე 50 თეთრით თვეში. იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრეა დანართი N2-ის შესაბამისად. ცნობად იქნა მიღებული, რომ 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 6 ლარს, მათ შორის გაუვნელობის (ნაგავსაყრელის მომსახურების) ღიორებულება -0,6 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 17 ნოემბრის N138 დადგენილებით ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებაში და შეიცვალა დადგენილების დანართი N2, შეიცვალა დადგენილების მე-3 მუხლის და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ონდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 9 ლარს და 20 თეთრს, დანართი 2-ის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ სამრეწველო მაღაზია (ზომის ერთეული) სამუშაო ფართის 1მ2; (ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3) – 0,65, (მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2ლარი/ მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი) - 0.50; (კლასიფიკაცია 4).

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილება;

- 2011 წლის 17 ნოემბრის N138 დადგენილება.

 

3.1.4. დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის 2017 წლის 31 მაისის N421 წერილით ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–ს’’ ეცნობა, რომ 2017 წლის მაისის მდგომარეობით ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–ს’’ დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს - 2400 ლარს. ამასთან განემარტა, რომ ვალდებული იყო 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეხადა აღნიშნული თანხა.

 

დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–მა’’ უარი განაცხადა დავალიანების შეტყობინების ჩაბარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N3348423 ქვითარი;

- აქტი N35;

 

3.1.5. დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–-ს’’ მიერ გადახდილი იქნა დასუფთავების მოსაკრებელი 480 (ოთხასოთხმოცი) და 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–-ს’’ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება შეადგენს 1420 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება;

- აბონენტის პირადი ბარათის ამონაწერი;

 

სამოტივაციო ნაწილი :

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებას განეკუთვნება: ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

 

სასამართლო მიუთითებს ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულაზე, რომლის შესაბამისად, ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციისა და "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელია - მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

 

,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო, მე-15 მუხლის თანახმად, ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის ქალაქ ქუთაისში შემოღებული იქნა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდა მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი N1-ის შესაბამისად. ქალაქ ქუთაისში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა ერთ სულზე 50 თეთრით თვეში. იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა დანართი N2-ის შესაბამისად. ცნობად იქნა მიღებული, რომ 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 6 ლარს, მათ შორის გაუვნებლობის (ნაგავსაყრელის მომსახურების) ღირებულება -0,6 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 17 ნოემბრის N138 დადგენილებით ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის N69 დადგენილებაში და შეიცვალა დადგენილების დანართი N2, შეიცვალა დადგენილების მე-3 მუხლის და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა 1მ3 ნარჩენის გატანა-გაუვნებლობის ღირებულება შეადგენს 9 ლარს და 20 თეთრს, დანართი 2-ის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ სამრეწველო მაღაზია (ზომის ერთეული) სამუშაო ფართის 1მ2; (ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3) – 0,65, (მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი /N4/:12 თვე X9,2ლარი/ მოსაკრებლის ოდენობა 1 მ3 ნარჩენზე/ლარი) - 0.50; (კლასიფიკაცია 4).

 

დადგენილია, რომ ყოველთვიურად ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–-ს’’ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შეადგენს - 150 ლარს.

 

დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის 2017 წლის 31 მაისის წერილით ეცნობა, რომ 2017 წლის მაისის მდგომარეობით ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–-ს’’ გადასახდელი დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 2400 ლარს. ამასთან, ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–ს’’ განემარტა, რომ 5 სამუშაო დღის ვადაში გადაეხადა აღნიშნული თანხა.

 

სასამართლოს მიერ ასევე, დადგენილია რომ მოპასუხემ გადაიხადა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 500 ლარის და 480 ლარის ოდენობით (ჯამში 980 ლარი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიერ ასევე, დადგენილია რომ ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–-ს’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ ერიცხება დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება 1420 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–ს’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 1420 (ათასოთხასოცი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–ს’’ (ს/კ 370010016--) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 1420 (ათასოთხასოცი) ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე - ინდ. მეწარმე ,,მერი მ------–---–ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11/.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი