გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2018
საქმის ნომერი
080210018002263529
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/164-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი - ბორენა იობიძე

მოსარჩელე - შ--------–---

წარმომადგენელი - ვ--------------–-

მოპასუხე - ზ-------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ზ------------- შ--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს 1714.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 799.92 ლარს, პროცენტი - 68.61 ლარს, პირგასამტეხლო - 846.15 ლარს.

1.2. ზ------------- შ--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით;

1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის განმარტებით, შ--------–----- და ზ------------- შორის, 2016 წლის 15 აგვისტოს, ელექტრონული ფორმით დაიდო №7---- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ზ--------------- გაიცა სესხი 1500.00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 101.00%, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები - 203.47 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 22 აპრილს, გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი აღარ იქნა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მსესხებელი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აღნიშნულის გამო 2018 წლის 5 იანვრის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მსესხებლის ფულადი ვალდებულება შეადგენს 1714.68 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 799.92 ლარი, პროცენტი - წლიური საპროცენტო განაკვეთიდან ხელშეკრულების დარღვევამდე არსებულ პერიოდზე პროპორციულად დარიცხული გადაუხდელი ოდენობა - 68.61 ლარი, პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.41% 2017 წლის 23 აპრილიდან ვადაგადაცილებულად დაფიქსირებულ დღეებზე - 846.15 ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამსესხებელი იძულებული გახდა წინამდებარე სარჩელით მოემართა სასამართლოსთვის მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზ-------------- წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მიუთითა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

 

საქმის განხილვისათვის გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გადახდილი თანხებით სრულად უნდა იყოს დაფარული დავალიანება და თუ რა მიზნობრიობით ნაწილდებოდა გადახდილი თანხები, არ იცოდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 15 აგვისტოს შ--------–----- და ზ------------- შორის დაიდო №7---- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, სესხის ვადად განისაზღვრა - 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 101 %, ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის, რომელიც შეადგენდა ნარჩენი ძირი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულება №7---- (ს.ფ 15-30 );

- საგადახდო ისტორია (იხ. ს.ფ. 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის - ზ-------------ს მხრიდან მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვა და 2017 წლის 22 მარტის შემდეგ თანხა არ გადაუხდია. ანუ, მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 22 აპრილს და გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები მის მიერ აღარ გადახდილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მსესხებლის მიერ ჩარიცხული თანხის გრაფიკი (ს.ფ 32 );

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 2018 წლის 05 იანვრის მდგომარეობით ზ------------- შ--------–---- მიმართ ერიცხება დავალიანება 1714.68 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 799.92 ლარი, საკომისიო - 68.61 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 846.15 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 33 );

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოპასუხე ზ-------------ს განმარტებით, მას სესხის ძირითადი თანხა სრულად აქვს გადახდილი, პლიუს 124 ლარი 8 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხებით სრულად უნდა იყოს დაფარული დავალიანება. თუ რა მიზნობრიობით ნაწილდებოდა გადახდილი თანხები, მან არ იცოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შესაგებელი (ს.ფ. 44);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე. ამასთან, სასამართლო მოთხოვნილ პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, რის გამოც უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-418-ე, 623-625-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 2016 წლის 15 აგვისტოს შ--------–----- და ზ------------- შორის დაიდო №7---- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, სესხის ვადად განისაზღვრა - 365 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 101 %, ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის, რომელიც შეადგენდა ნარჩენი ძირი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ასევე დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის - ზ-------------ს მხრიდან მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვა და 2017 წლის 22 მარტის შემდეგ თანხა არ გადაუხდია. ანუ, მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 22 აპრილს და გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები მის მიერ აღარ გადახდილა. 2018 წლის 05 იანვრის მდგომარეობით ზ------------- შ--------–---- მიმართ ერიცხება დავალიანება 1714.68 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 799.92 ლარი, საკომისიო - 68.61 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო - 846.15 ლარი.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად შესრულებული არ არის.

 

დადგენილია, რომ დარღვეულია სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც შპს ,,სოლვას“ წინაშე ზ------------- გააჩნია დავალიანება. ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება სრულად უნდა ჰქონოდა დაფარული.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ზ------------- არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ მას სესხის ძირითადი თანხა სრულად აქვს გადახდილი, პლიუს 124 ლარი 8 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხებით სრულად უნდა იყოს დაფარული დავალიანება. მაგრამ მოპასუხეს დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ სესხის ძირითადი თანხა სრულად გადაიხადა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ მას მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია დავალიანება. ასევე არ იზიარებს იმ გარემოებას, რომ მან არ იცოდა თუ რა მიზნობრიობით ნაწილდებოდა გადახდილი თანხები, მაშინ როდესაც სესხის ხელშეკრულება და მისი პირობები მას სადავოდ არ გაუხდია.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის და პროცენტის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია.

 

ამ ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის კი, ხელშეკრულებითვე, დადგენილი იყო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს უფლებას - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ძირითადი თანხის ოდენობის (799.92 ლარი) და მისი დაფარვის ვადაგადაცილების დროის (253 დღე) გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ძირითად თანხასთან შედარებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 0.07%-მდე და მოპასუხეს დაეკისროს 139.15 ლარის გადახდა (0.55 ლარი X 253 დღეზე).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება.

 

ამდენად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს სასამართლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიიჩნევს, ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ზ------------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 139.15 ლარის ოდენობით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ. თავის მხრივ მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ დავალიანება სრულად ჰქონდა დაფარული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 (ორმოცდაათი) ლარი. ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე ზ------------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისი ბაჟი - 29.38 ლარის ოდენობით. ხოლო დარჩენილი ბაჟის თანხა 20.62 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შ--------–---- წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ზ------------- მოსარჩელე შ--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს 1007.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 799.92 ლარი, პროცენტი - 68.61 ლარი, პირგასამტეხლო - 139.15 ლარი.

 

3. მოპასუხე ზ------------- მოსარჩელე შ--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 29.38 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 20.62 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე