განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002420401
#1/122-18 (№043150318001)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ივნისი 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ-–-------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------------–---–ი - დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: გ--------------------------------–--–---.
ადვოკატი - გ------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 15 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გ----------------–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დრისაც ამოღებული იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნივთიერება - „5 ფტორ-ადბ“, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების - კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა გ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები, გარდა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მ-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომელის თანახმად გ----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მცენარეული მასა შეიცავს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას „5 ფტორ-ადბ“-ს. მოწმის განმარტებით ხსენებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონის დანართი N2-ის „თ“ ქვეპუნქტში მითითებულ კანაბინომიმეტურად მოქმედი ნაერთების ქიმიურ სტრუქტურას.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
ზემოაღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ვადით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშულის ჩადენა და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ----------------–---–ი წარსულში ნასამართლევია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, შესაბამისად მის მიმართ სასამართლოს შეუძლია დაადგინოს პირობითი მსჯავრი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენოთ და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
გ----------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ----------------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ნერწყვის ნიმუში საბოლოო ბაგაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე