გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2018
საქმის ნომერი
140310117002086484
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1-0310117002086484

საქმე № 3/244-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნინო არაბული

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: ნ---- ს----–---–ი

 

მოპასუხეები: ი.მ ნ--- მ------–---–ი, ხ---- ჩ------ე, ი- ლ-----ე, შპს ,,ძ-----”

წარმომადგენელი: ირაკლი ხ----ე

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

ი.მ ნ--- მ------–---–ის, ხ---- ჩ------ის, ი- ლ-----ის და შპს ,,ძ-----”-ს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, ინდ. მეწარმე ნ--- მ------–---–ს (საიდენტ. კოდი 5----------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება; იგი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 2013 წლის 19 აპრილიდან, გორში, შ--- მ-------–ის ქ. №--ში იურიდიული მისამართი - ქ. გორი, მ------–-–---–ის ქ. №--, მისი საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა სასურსათო მაღაზიებში;

 

ი/მ ნ--- მ------–---–ის საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ საქმიანობის შეჩერებამდე, საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემების თანახმად, სამეწარმეო საქმიანობიდან ნაღდი ანგარიშწორებით მიღებულმა თანხამ შეადგინა 432125,3 ლარი, ხოლო მის მიერ აღნიშნული პერიოდიდან სარჩელის წარმოდგენამდე ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს 13137.49 ლარს. 2017 წლის 30 მარტის მოგების დეკმარაციის თანახმად, ერთობლივმა შემოს----–მა შეადგინა 1617015,83 ლარი და მოგებბის გადასახადი განისაზღვრა 13621,45 ლარით.

 

ი.მ ნ--- მ------–---–ის მინდობილმა პირმა ხ---- ჩ------ემ (პ/ნ 5----------) 2016 წლის 13 დეკემბერს სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა შპს ,,ძ-----” (საიდენ. კოდი 4--------), რომლის დირექტორად და 100 %-იანი წილის მესაკუთრედ ფიქსირდება ხ---- ჩ-----ის მეუღლე - ი- ლ-----ე (პ/ნ 5----------), რომელიც ნ--- მ------–---–ის სამეწარმეო საქმიანობის პერიოდში შრომითი საქმიანობისათვის იღებდა ხელფასს ნ--- მ------–---–ისგან, ასევე ი.მ ნ--- მ------–---–ის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი D---------- რეგისტრაციის მოხსნის შემდეგ იმავე დღეს, იგივე მისამართზე დაარეგისტრირა შპს ,,ძ----ი”-ს სახელზე და 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრის და თებერვლის სასაქონლო ზედნადებით საქონელი გადააწერა შპს ,,ძ-----”-ს, შპს ,,ძ-----”-ს იურიდიული მისამართი და საქმიანობის სახე კი იგივეა, რაც ინდ. მეწარმე ნ--- მ------–---–ის.

 

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის თანახმად, იმ დროისთვის საწარმოში დასაქმებული პირები (მ------ ხ----ე პ/ნ 5----------) და ი- ლ-----ე (პ/ნ 5----------) როდესაც ი.მ ნ--- მ------–---–ის სახელით ხორციელდებოდა სამეწარმეო საქმიანობა, აგრძელებდნენ მუშაობას შპს ,,ძ-----”-ში და შრომითი საქმინობისთვის იღებდნენ ხელფასს, ასევე ნ--- მ------–---–ის 2016 წლის 04 აგვისტოს სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საინვენტარიზაციო კომისისს შექმნის შესახებ ბრძანების თანახმად, საინვენტარიზაციო კომისისს შემადგენლობაში კომისიის წევრებად შეყვანილი არიან ი- ლ-----ე და ხ---- ჩ------ე, რომლებიც ფაქტიურად ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას ჯერ ინდ. მეწარმე ნ--- მ------–---–ის სახელით, შემდეგ კი საქმიანობა გააგრძელა შპს ,,ძ-----”-ს სახელით.

ნ--- მ------–---–ი წარმოადგენს ხ---- ჩ------ის ძმის - გ---- ჩ------ის მეუღლეს, რომელთაც ჰყავთ საერთო შვილი, ხოლო ხ---- ჩ------ე და ი- ლ-----ე იმყოფებიან ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილები.

 

ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის თავის არიდებაზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავიდან აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის. მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მითითება არასწორია, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა განხორციელებული ოპერაციების ფორამასა და შინაარსს შორის კონფლიქტის არსებობა. მათ ერთმანეთთან არ აქვთ არანაირი სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც გავლენას მოახდენდა საქმიანობის პირობებსა თუ ეკონომიკურ შედეგზე.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. ნ--- მ------–---–ი ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა 2013 წლის 19 აპრილს; მისი იურიდიული მისამართია ქ.გორი, ნ.მ------–-–---–ის ქ. №--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2. შპს ,,ძ-----”(ს/ნ 4--------) დარეგისტრირდა 2016 წლის 13 დეკემბერს, მისი იურიდიული მისამართია ქ.გორი, ლ-- და მ----- კ---------- ქ. №--; მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრეა ი- ლ-----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2016 წლის 13 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.3. 2016 წელს ჩატარდა ინდ. მეწარმე ნ--- მ------–---–ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზება, ხოლო 2017 წელს - მისი საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება; მას დაერიცხა გადასახადები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: მტკიცებულება: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 04 აგვისტოს № 22470 ბრძანება, 2016 წლის 02 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, 2017 წლის 25 აპრილის № 125-11 და 2016 წლის 23 დეკემბრის №125-19 საგადასახადო მოთხოვნები, საგადასახადო დეკლარაციები.

 

3.4. ი.მ ნ--- მ------–---–ის კუთვნილ ობიექტში სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ხ---- ჩ------ე და ი- ლ-----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: 2016 წლის 04 აგვისტოს ბრძანება სასაქონლო-მატრიალური ფასეულობების საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ.

 

3.5. 2016 წლის დეკემბრის, 2017 წლის იანვრის და თებერვლის სასაქონლო ზედნადებებით ი.მ ნ--- მ------–---–ის კუთვნილი საქონელი გასხვისდა შპს ,,ძ-----”-ზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სასაქონლო ზედნადებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის - ინდ. მეწარმე ნ--- მ------–---–ის დანარჩენი მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამდენად, სასამართლოს შეფასების შედეგად უნდა განისაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ფიზიკური პირები არიან ერთმანეთის ნათესავები, საქმეზე წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ხ---- ჩ------ის და ი- ლ-----ის ქორწინების შესახებ არსებული ინფორმაცია, თუმცა, ეს ფაქტი ვერ გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომ ინდ. მეწარმე ნ--- მ------–---–ს გააჩნდა მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებულ ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის სხვა მოპასუხე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, მათ შორის, მტკიცებულებები, რომ მოპასუხეები ერთმანეთის ნათესავები არიან.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერთმანეთს არ ემთხვევა ინდ. მეწარმე ნ--- მ------–---–ის და შპს ,,ძ-----”-ს იურიდიული ადგილსამყოფელები, ასევე არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება ერთი და იგივე ფაქტობრივ მისამართზე ახორციელებდნენ თუ არა ისინი თავის საქმიანობას.

 

ის ფაქტი, რომ ინდ. მეწარმე ნ--- მ------–---–ი და შპს ,,ძ-----” ერთი და იგივე სახის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ (დადასტურების შემთხვევაში), არ ქმნის მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რადგან ცალკე აღებული ეს ქმედებები, სხვა გარემოებების გარეშე, წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ი.მ ნ--- მ------–---–ი რაიმე სახით მონაწილეობდეს შპს ,,ძ----ი”-ს მიერ განხორციელებელ სამეწარმეო საქმიანობაში.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ძ----ი”-ს დამფუძნებელი ხ---- ჩ------ე და დირექტორი, ასევე 100 %-აინი წილის მფლობელი ი- ლ-----ე 2016 წლის 04 აგვისტოს სასაქონლო-მატრიალური ფასეულობების საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ ბრძანების თანახმად, საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობაში იქნენ შეყვანილი, თუმცა ეს ვერ ადასტურებს ამ პირთა გაუმიჯნაობას, რადგან ეს მხოლოდ მხარის განმარტებაა და არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

აღნიშნული მსჯელობისა და ამგვარი დასკვნის უმთავრესი საფუძვლია ის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

მოსარჩელის მხრიდან კი არ წარმოდგენილა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდა იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის განსხვავება შეუძლებელია დანარჩენი მოპასუხეებისაგან.

 

დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია, რომ ი.მ ნ--- მ------–---–ის მხრიდან სალარო აპარატის D---------- და სასაქონლო ზედნადებებით მატერიალური ფასეულობების შპს ,,ძ----ი”-ს სახელზე გასხვისებით, დასტურდება მათი გაუმიჯნაობა;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ნ--- მ------–---–ის საგადასახადო შემოწმებისას მისი მხრიდან თავის სახელზე რიცხული სალარო აპარატის და საქონელი სხვა პირზე გასხვისება მართლაც ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ამ პირებმა წინასწარ მიიღეს ზომები, რათა საგადასახადო უზრუნველყოფის შესაძლო ღონისძიებებისაგან განერიდებინათ თავიანთი ქონება, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ გახდება ქონების გამცემ-მიმღებთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ჩათვლის საკმარისი საფუძველი.

 

როგორც აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და ამ გაუმიჯნაობის პირობებში განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მოპასუხეებად დასახელებული პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და ,,თ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რაც გაზიარებული ვერ იქნება; ამ მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობა სახეზეა მაშინ, როდესაც ერთი პირის მიერ მეორე პირის კონტროლი წინ უსწრებს მათ შორის განხორციელებულ კონკრეტულ საქმიანობას და თვითონ ეს კონკრეტული საქმიანობა არ განიხილება ერთი პირის მიერ მეორის კონტროლად; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა კონტროლს დაქვემდებარებული რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის არსებობა ერთმანეთს შორის, თუმცა, ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც, არ არსებობს მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის საკმარისი საფუძველი, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, თუნდაც დადასტურდეს გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ნათესავების მიერ იგივე საქმიანობის განხორციელება იგივე მისამართზე, მხოლოდ ეს ფაქტი ვერ გახდება ცრუმაგიერ პირებად მოპასუხეთა აღიარების საფუძველი, რადგან სახეზე არ არის დასახელებული ორი კუმულაციური პირობიდან 1-ლი - პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან.

 

წარმოდგენილი მასალების შეფასებით და ანალიზით მოპასუხეთა ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელის - ინდ. მეწარმე ნ--- მ------–---–ის განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა დანარჩენი მოპასუხეებისაგან არ დგინდება;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს;

 

მოცემულ სარჩელზე უტყუარად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა სარჩელით მოთხოვნილი ცრუმაგიერ პირებად აღიარებაზე მსჯელობის საფუძველს.

 

აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.

 

სარჩელი, ძირითადად, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები ერთმანეთის ნათესავები არიან, ხ---- ჩ------ეს დაფუძნებული აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელი არის მისი მეუღლე - ი- ლ-----ე და ისინი ერთი და იგივე ადგილზე ერთი სახის სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, ასევე ი.მ ნ--- მ------–---–მა თავის სახელზე რიცხული სალარო აპარატი და მატერიალური ფასეულობები აღრიცხა შპს ,,ძ----ი”-ს სახელზე.

 

როგორც აღინიშნა, ნათესაური კავშირის, აგრეთვე ერთი და იგივე ადგილზე ერთი სახის სამეწარმეო საქმიანობის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

ყოველივე აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ თუნდაც ერთი და იგივე ადგილზე მოპასუხეთა მიერ იგივე საქმიანობის განხორციელება (დადასტურების შემთხვევაში) მოხდა ფორმალურად, შემხვედრი დაკმაყოფილების გარეშე, შესაძლო საგადასახადო მოთხოვნების მოლოდინის პროცესში, მითითებული პირები საერთო ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთმანეთისაგან განსხვავება და წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო ხ---- ჩ------ის საკუთრებაში არსებულ ქონებას: უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: 6-.4-.1-.0--; შპს ,,ს----–ი”-ს კაპიტალში 30% წილს; ი- ლ-----ის საკუთრებაში არსებულ ქონებას: ავტომანქანას M--------B--- S------- 308, სახ. ნომრით X-----; შპს ,,ძ----ი”-ს კაპიტალში 100% წილს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ამ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი ი.მ ნ--- მ------–---–ის, ხ---- ჩ------ის, ი- ლ-----ის და შპს ,,ძ-----”-ს მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ხ---- ჩ------ის საკუთრებაში არსებულ ქონებას: უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: 6-.4-.1-.0--; შპს ,,ს----–ი”-ს კაპიტალში 30% წილს; ი- ლ-----ის საკუთრებაში არსებულ ქონებას: ავტომანქანას M--------B--- S------- 308, სახ. ნომრით X-----; შპს ,,ძ----ი”-ს კაპიტალში 100% წილს.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული