გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.06.2018
საქმის ნომერი
170310018002440532
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170310018002440532

საქმე #3/21-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

08 ივნისი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

შესავალი ნაწილი

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

 

მოსარჩელე- სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თეთრიწყაროს რაიონული განყოფილება

მოსარჩელის წარმომადგენელი - თამაზ ელიაური

მოპასუხე- ილ------–---–ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების უკან დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

2018 წლის 10 მაისს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თეთრიწყაროს რაიონულმა განყოფილებამ მოპასუხე ილ------–---–ის მიმართ ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების უკან დაბრუნების თაობაზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თეთრიწყაროს რაიონული განყოფილებას 2018 წლის 17 თებერვლის #04/9274 კორესპოდენციის საფუძველზე წარმოებაში აქვს ქ. თეთრიწყარო, ჯო------–---–-ს ქ. #1-ში მცხოვრები ილ------–---–ის საქმე #2----------, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილ, ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას. ილ------–---–ის ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (დახმარების დანიშვნის დრო 04.09.2017) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 25,340, რაც მოქმედი კანონმდებლოის თანახმად, ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილ, საარსებო შემწეობის მიღებას კანონით განსაზღვრული ოდენობით: ოჯახის ყველა წევრზე 60 ლარი. სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას ოჯახი გაეცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს და მათი დარღვევით გამოწვეულ შედეგებს. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის განცხადებაზე ილ------–---–ის ხელმოწერით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის #04/9274 კორესპოდენციის და მასზე დართული დოკუმენტაციით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებ ილ------–---–ს (პ/ნ #2----------)- 2017 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში- შემოსავლების სამსახურის მიერ დაუფიქსირდა შემოსავალი, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია ილ------–---–ს სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის არ უცნობებია. აღნიშნული ინფორმაციის განუცხადებლობის გამო მოპასუხის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა და წარმოეშვათ პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაურონ ვალდებულების შეუსრულებლობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი, კერძოდ ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის 120,00 ლარის უკან დაბრუნება. ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი, ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, რაც ილ------–---–ის ოჯახის მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნული ოჯახი არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლია, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნება. ამავე დადგენილების მე-91 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად". ილ------–---–ის ოჯახს გაეგზავნა გაფრთხილება/შეტყობინებები, ასევე შედგა სატელეფონო საუბარი, რასაც არავითარი შედეგი არ მოყოლია. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ აღძრული იქნა სარჩელი და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი და არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე;

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ილ------–---–ის ოჯახს 2017 წლის 04 სექტემბრიდან დანიშნული ჰქონდა სოციალური დახმარება. მათი ოჯახი შედგება ორი წევრისაგან: ილ------–---–ი, ჟა---------------ძე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, ს.ფ 22.

 

3.2. 2017 წლის 04 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებას სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა ილ------–---–მა და ითხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ოჯახისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან ერთად განაცხადა, რომ იღებენ ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში ცვლილების და/ან იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ილ------–---–ის 2017 წლის 04 სექტემბრის განცხადება, ს.ფ.21.

 

3.3. 2018 წლის 17 თებერვალს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს №04/9274 წერილით გაეგზავნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების მონაცემები, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება. აღნიშნული წერილით განმარტებული იქნა შესაბამისი უფლებები და მოვალეობები. პუნქტი 2: კერძოდ რომელთა წევრ(ებ)საც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და დაევალათ მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წერილობით აცნობოთ ოჯახებს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (მიზეზის მითითებით) 2 კვირის განმავლობაში. განახორციელო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების მიზნით, “მიზნობრივი სოციალური დახმარებისდანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N 225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-181 მუხლის შესაბამისად. სამუშაოზე რეაგირებასთან დაკავშირებით კონტროლი ევალება სოციალურიმომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და თბილისის საქალაქო სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსებს.

 

აღნიშნულ წერილს ერთვის შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია, რომ ილ------–---–ს დაუფიქსირდა შემოსავალი, 2017 წლის ნოემბერში 80, ხოლო 2017 წლის დეკემბერის თვეში 900 ლარი, დარიცხული შპს ,,ევითბილისის" (ს/კ 406028935) მიერ.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის #№04/9274 წერილი, ს.ფ. 17-20.

 

3.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2018 წლის 27 თებერვლის წერილით ილ------–---–ს ეცნობა, რომ 2018 წლის 17 თებერვლის #04/9274 წერილის თანახმად, მისი ოჯახის საიდ.კ. 0------------ზე შწყვეტილი იქნა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში 15.02.2018 წლიდან, რადგან შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით თებერვლის თვეში დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს ამის შესახებ სააგენტოს რაიონულ განყოფილებას. ეცნობა, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებაში, რათა მოგვარდეს ფინანსური მხარე, დაბრუნდეს სააგენტოს ანგარიშზე ზედმეტად მიღებული იანვრის თვის საარსებო შემწეობის თანხა 120 ლარის ოდენობით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემა რაიონულ სასამართლოს განსახილველად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2018 წლის 27 თებერვლის #04-14-03/244 წერილი, ს.ფ. 23..

 

3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2018 წლის 14 მარტის წერილით ილ------–---–ს ეცნობა, რომ 2018 წლის 17 თებერვლის #04/9274 წერილის თანახმად, მისი ოჯახის საიდ.კ. 0------------ზე შეწყვეტილი იქნა რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში 15.02.2018 წლიდან, რადგან შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით თებერვლის თვეში დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს ამის შესახებ სააგენტოს რაიონულ განყოფილებას. ეცნობა, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებაში, რათა მოგვარდეს ფინანსური მხარე, დაბრუნდეს სააგენტოს ანგარიშზე ზედმეტად მიღებული იანვრის თვის საარსებო შემწეობის თანხა 120 ლარის ოდენობით. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გადაეცემა რაიონულ სასამართლოს განსახილველად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2018 წლის 27 თებერვლის #04-14-03/348 წერილი, ს.ფ. 24.

 

3.6. სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ზაირა დარსაძის 2018 წლის 03 მაისის #192 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2018 წლის 17 თებერვლის #04/9274 წერილის საფუძველზე ილ------–---–ის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა, შემოსავლის დაფიქსირების გამო. აღნიშნული ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განუცხადებლობის გამო ოჯახს წარმოეშვა პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი. ოჯახს გარგზავნა გაფრთხილებისა და შეტყობინების წერილები და ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ვადა, რომლიც ამოიწურა. აღნიშნულ ოჯახს დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმნტაცია დღეის მდგომარეობით თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებაში არ წარუდგენია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2018 წლის 03 მაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ზაირა დარსაძის 2018 წლის 03 მაისის მოხსენებითი ბარათი, ს.ფ. 27.

 

3.7. სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ზაირა დარსაძის 2018 წლის 08 მაისის #198 მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2018 წლის 17 თებერვლის #04/9274 წერილის საფუძველზე ილ------–---–ის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა, შემოსავლის დაფიქსირების გამო. აღნიშნული ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განუცხადებლობის გამო ოჯახს წარმოეშვა პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, აანაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი. ოჯახს გარგზავნა გაფრთხილებისა და შეტყობინების წერილები, ასევე ეცნობა, სატელეფონო საუბრით, ბენეფიციარის მეუღლეს დასაბრუნებელი თანხის და უფლებამოსილი წევრის განყოფილებაში გამოცხადების შესახებ, რათა მოგვარებულიყო ფინანსური მხარე. ვალდებულეის შესარულებლად მიეცა ვადა, რომელი ამოიწურა. აღნიშნულ ოჯახს დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დღეის მდგომარეობით თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებაში არ წარუდგენია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ზაირა დარსაძის 2018 წლის 08 მაისის მოხსენებითი ბარათი, ს.ფ. 25-26;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე, 991-ე მუხლები, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია ოჯახის უფლება-მოვალეობანი განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

 

ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეასრულა მისი ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულება და არ აცნობა მოსარჩელეს, რომ შეიცვალა მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, ილ------–---–ი დასაქმდა და მან მიიღო შემოსავალი შპს ,,ევითბილისის" მიერ, აღნიშნულით კი დაარღვია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 გადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნები. ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ შემოსავალი არ მიუღია. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობით ილ------–---–ის ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა სოციალური დახმარება 120,00 ლარი. ასევე, დადგენილია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია. იგი პროცესზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, ხოლო 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხე ილ------–---–ის ოჯახმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ზედმეტად მიიღო სოციალური დახმარება 120,00(ასოცი) ლარის ოდენობით, კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე შეძენილი კი, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, შემძენისაგან უკან დაბრუნებას ექვემდებარება.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" N 225/ნ ბრძანების მე181-ე მუხლით განსაზღრულია ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი რომლის თანახმად: თუ ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით შემოსავლების გაზრდა/გაჩენის შემთხვევაში, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის თვის მომდევნო თვიდან, ყოველთვიურად, ოჯახის საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" N 225/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის: ზ) შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში – „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ილ------–---–ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის წალკის რაიონული განყოფილების სარჩელი ილ------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ილ------–---–ს (პ/ნ 2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (გადამხდელის ანგარიში GE 53 LB 00 262 450 104 271 37, სახაზინო კოდი 30 200 99 21, მიმღები- ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური) დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 120, 00 (ასოცი) ლარის გადახდა.

 

3. მხარეები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ.11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე