განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/314-18 (№041040717003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
05.06. 2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი
დაცვის მხარე
ბრალდებული ნ--- ა-------ე
მამის სახელი: დ------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, გ--–----ს ქუჩა N32
ადვოკატი სოფიო ჯინჯიხაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ნ--- ა-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დაყადაღებული ქონების დამალვა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 27 ივნისს ქუთაისში ჩ--------–---ის ქ. N14/85-ში აღიწერა და დაყადაღდა მაცივარი, ხის მაგიდა, ჟურნალის მაგიდა, კედლის კარადა, სკამი, პიანინო და ტელევიზორი. აღნიშნული ნივთები შესანახად ჩაბარდა ნ--- ა-------ეს. ნ--- ა-------ემ აღნიშნული დაყადაღებული ნივთები გადამალა.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ მ----ა-------ი ტ-------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, 2011 წლის დეკემბრის თვეში მან მის ნაცნობს და თანასკოლელს ნ--- ა-------ეს და მასთან ერთად ნ--- ს------ეს ასესხა ფულადი თანხა დაახლოებით 1900 აშშ დოლარამდე სამ თვეში დაბრუნების პირობით. თანხის დაუბრუნებლობის გამო იძულებული გახდა საჩივარი შეეტანა სასამართლოში, სადაც მხოლოდ ნ--- ს------ე გამოცხადდა, ხოლო ნ--- ა-------ე არ გამოცხადდა. სასამართლომ მათ დააკისრა მის სასარგებლოდ თანხის გადახდა, მაგრამ ისინი გადახდაზე ეუბნებოდნენ უარს, რის გამოც 2016 წლის 25 მაისს მან განცხადებით მიმართა სააღსრულებო სამსახურს, რომელმაც ნ--- ა-------ეს დაუყადაღა საოჯახო ნივთები. რამდენიმე ხნის შემდეგ მან გაიგო რომ ნ--- ა-------ეს ყადაღა დადებული ნივთები ჰქონდა გაყიდული. მან მაშინვე აცნობა ეს ფაქტი აღმასრულებელს, რომელმაც შეამოწმა და შესაბამის ოქმში დააფიქსირა საცხოვრებელ ბინაში დაყადაღებული ნივთების არარსებობა (ს.ფ. 6-8).
საქმეში წარმოდგენილი მოწმე ნ--- ს------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად დაახლოებით ორი წლის წინ მ--- ა-------ი-ტ-------ისაგან ისესხა ფულადი თანხა 1100 აშშ დოლარი, ყოველთვიურად უნდა ეხადა პროცენტი 105 აშშ დოლარის ოდენობით. ბოლო პერიოდში შეექმნა ფინანსური პრობლემა, რის გამოც ვერ მოახერხა პროცენტის გადახდა. მ--- ტ-------ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და სასამართლოს მიერ მას და ნ--- ა-------ეს სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა 1886 აშშ დოლარი მის სასარგებლოდ, ხოლო პირადად მისი გადასახდელი იყო 960 აშშ დოლარი, რომელსაც იგი პირნათლად იხდის და იმჟამად დარჩენილი ჰქონდა გადასახდელი 100 აშშ დოლარი და 100 ლარი, ხოლო რაც შეეხება სააღსრულებოს მიერ დაყადაღებულ ნ--- ა-------ის კუთვნილ ნივთებს, მისთვის უცნობია თუ რა ნივთებს დაედო ყადაღა და სად არის ამჟამად ეს ნივთები (ს.ფ. 10-12).
საქმეში წარმოდგენილი მოწმე ნ----- გ------ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად მისი მეგობარი ნ--- ა-------ე ცხოვრობდა მასთან სტუმრად ქალაქი ქუთაისში, ჩ--------–---ის ქუჩაზე დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, სადაც მოვიდა სააღსრულებო სამსახურიდან თანამშრომლები 2016 წლის 23 ივნისს, რომლებმაც მის მეგობარს ნ--- ა-------ეს განუცხადეს, რომ სახლში, სადაც იგი ცხოვრობდა უნდა მოეხდინათ საოჯახო ნივთების დაყადაღება, რაზედაც, ნ--- ა-------ემ განუცხადა, რომ აქ იმყოფებოდა სტუმრად და მისი არ იყო არაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააღსრულებო სამსახურის თანამშრომელმა ყოველგვარი უფლების გარეშე დააყადაღა ნივთები, რომლებიც იყო მისი საკუთრება, არანაირი კავშირი მათთან ნ--- ა-------ეს არ ჰქონდა და შესაბამისად მისი აზრით ნივთებს ყადაღა დაედო უკანონოდ. ამჟამად ის ნივთები, რომლებსაც ყადაღა აქვს დადებული ინახება მის ნათესავთან ნ--- ც---–--ესთან საჩხერის რაიონის სოფელ მ-----ში, აღნიშნული სახლის მეპატრონე ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ და მის ჩამოსვლამდე შეუძლებელია ნივთების ნახვა. ნივთები იქ გადაიტანა იმიტომ, რომ მისი კუთვნილი სახლი ჩ--------–---ის ქუჩაზე გაყიდა და რადგან საქართველოში არ გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი, ამის გამო შეინახა სხვასთან(ს.ფ. 16-17).
საქმეში წარმოდგენილი ბრალდებულ ნ--- ა-------ის მიერ გამოძიებაში მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად 2011 წელს დეკემბრის თვეში მისმა მეგობარმა ნ--- ს------ემ მ--- ა-------ი-ტ-------ისგან მისი თავდებობით ისესხა ფულადი თანხა 1100 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველყოფისათვის ნ--- ს------ემ ჩაუდო საოჯახო ნივთები. ნ--- ს------ე პროცენტს უხდიდა ყოველთვიურად, მაგრამ მ--- ა--------ტ-------ეს დასჭირდა თანხა რომლის ნაწილიც 600 აშშ დოლარი გადაუხადა, ხოლო დარჩენილი თანხაზე შეთანხმდნენ, რომ ეტაპობრივად გადაუხდიდა, გარკვეული პერიოდის შემდგომ ნ--- ს------ემ ვეღარ შეძლო თანხის გადახდა, რის გამოც მ--- ა-------ი-ტ-------ემ შეიტანა სარჩელი სასამართლოში და ნ--- ს------ეს დაეკისრა 1886 აშშ დოლარის გადახდა მ---ს სასარგებლოდ. მაგრამ ვინაიდან იგი იყო თავდები, პასუხისმგებლობა თანხის გადახდის დაეკისრა მასაც. 2016 წლის 23 ივნისს მისი მეგობრის ნ----- გ------ის საცხოვრებელ სახლში ქ.ქუთაისში, ჩ--------–---ის ქუჩა N14-ში, სადაც იგი დროებით იმყოფებოდა საცხოვრებლად, მოვიდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროდან და მოითხოვეს ნივთების დაყადაღება, მან აღმასრულებელს განუმარტა, რომ ამ მისამართზე იგი იმყოფებოდა დროებით და შესაბამისად ოჯახში არსებული ნივთები არ იყო მისი საკუთრება, იყო მეგობრის და ვერ დააყადაღებდნენ, ასევე უთხრა მისი მისამართი, თუ სად იყო მისი საცხოვრებელი სახლი და მისულიყვნენ და დაეყადაღებინათ იქ თუ რამის დაყადაღება სურდათ, რაზედაც აღმასრულებელმა უპასუხა, რომ რადგან საცხოვრებელი სახლის კარები გააღო მან, ეს ნიშნავდა, რომ იქ ცხოვრობდა და იქ არსებული ნივთები უნდა დაეყადაღებინა, რის შემდგომაც მისი მონაწილეობით მოხდა მაცივრის, ხის მაგიდის, ჟურნალის მაგიდის, კედლის კარადის, რბილი სკამის, პიანინოს და ტელევიზორის დალუქვა. ზემოთხსენებული ნივთები ამჟამად მის რეალურ მეპატრონეს ნ----- გ------ეს აქვს გადატანილი სხვა მისამართზე, რადგან სახლი გაყიდული აქვს, ხოლო ნივთები შეინახა უსაფრთხო და დაცულ ადგილზე. მისი აზრით ნივთების დაყადაღება მოხდა უკანონოდ, რადგან იმყოფებოდა სტუმრად და აღნიშნული ნივთების მიმართ იგი არ სარგებლობდა უფლებებით. (ს.ფ. 13-15).
საქმეში წარმოდგენილი მოწმე თ-------- ა---–-–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად იგი მუშაობს სააღსრულებო ბიუროში აღმასრულებლად. 2016 წლის 27 ივლისს იგი გამოცხადდა ნ--- ა-------ის საცხოვრებელ სახლში ქ.ქუთაისში, ჩ--------–---ის ქუჩა N14-ში, სადაც მოხდა ნ--- ა-------ის საოჯახო ნივთების დაყადაღება, რაზედაც შედგა აქტი, რასაც გაეცნო ნ--- ა-------ე და ჩაიბარა ოქმი. ასევე, იგი გააფრთხილეს, რომ რათა არ მომხდარიყო დაყადაღებული ნივთების გასხვისება და გადამალვა. ამის შემდეგ სააღსრულებო ბიუროში შევიდა მ--- ა-------ი-ტ-------ის განცხადება, რომ ნ--- ა-------ემ გაასხვისა ყადაღადადებული ქონება, რის შესახებაც აცნობა საგამოძიებო ორგანოს (ს.ფ. 114-116).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 27 ივლისით დათარიღებული მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად დგინდება, რომ ქ.ქუთაისში, ჩ--------–---ის ქუჩა N14-ში აღმასრულებლების მიერ აღწერილ და დაყადაღებული იქნა მაცივარ, ხის მაგიდა, ჟურნალის მაგიდა, კედლის კარადა, რბილი სკამი, პიანინო და ტელევიზორი. დაყადაღებული ქონება შესანახად ჩაბარდა ნ--- ა-------ეს. აქტზე გაკეთებული ნ--- ა-------ის შენიშვნის თანახმად დაყადაღებული მოძრავი ქონება ეკუთვნის ნ----- გ------ეს. აქტი ხელმოწერილია აღმასრულებლების - ბ----- შ-----ს, თ-------- ა---–-–---–ის, თ----- ჭ--–---–ის და მაგდა ამბროლაძის მიერ, ასევე ნ--- ა-------ის მიერ. (ს.ფ. 74-75).
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 27 ივნისის აქტის თანახმად აღმასრულებელმა თ-------- ა---–-–---–მა დააყადაღა ქ. ქუთაისში ჩ--------–---ის N14/05 საცხოვრებელ ბინაში არსებული ხის მაგიდა, ჟურნალის მაგიდა, კედლის კარადა, სკამი, პიანინო და ტელევიზორი. აღნიშნული ნივთები შესანახად ჩაბარდა ნ--- ა-------ეს, მიუხედავად იმისა, რომ ნ--- ა-------ის განმარტებით აღწერილი ნივთები ეკუთვნოდა ნ----- გ------ეს(ს.ფ. 32-33)
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 23 მაისის სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმის თანახმად აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები ლაშა კაპანაძე და გიორგი ჭიღლაძე გამოცხადდნენ ქ. ქუთაისში ჩ--------–---ის N14/85 საცხოვრებელ ბინაში დაყადაღებული მოძრავი ქონების გამოტანის მიზნით. მოცემულ მისამართზე სახლში იმყოფებოდა მოქალაქე ზ---- ჭ--–--ე, რომელმაც განუმარტა, რომ სახლი და მასში არსებული მოძრავი ქონება წარმოადგენდა მისი მეუღლის მ------ კ-----ის საკუთრებას. ნ--- ა-------ეს საერთოდ არ იცნობს და მასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია. სახლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ აღწერილი და დაყადაღებული ნივთები ადგილზე არ იყო (ს.ფ. 32-33).
2017 წლის 13 დეკემბრის პროკურორის შუამდგომლობით, ამავე წლის 14 დეკემბრის სასამართლოს განჩინებით და 2018 წლის 12 იანვრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ პროკურორმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ნებართვის გაცემის თაობაზე, რათა საჩხერის რაიონის სოფელ მ-----ში მდებარე ნ--- ც---–--ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულიყო დაყადაღებული ქონების ამოღება, თუმცა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება გამომძიებელ აბელ ბიგვავას მიერ ფაქტობრივად განხორციელდა საჩხერის რაიონის სოფელ მ-----ში მდებარე მ--- ც---–--ის სახლში, რომელიც აღმოჩნდა უკარფანჯრო, დაზიანებული, საცხოვრებლად უვარგისი და დაცარიელებული სახლი(ს.ფ.100-113).
საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განჩინებით დადგენილია, რომ იმავე წლის 2 აგვისტოს მოქალაქე ნ----- გ------ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მისი კუთვნილი დაყადაღებული ნივთების აქტიდან ამორიცხვის და ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეებად მიუთითა ნ--- ა-------ე და მ--- ა-------ი-ტ-------ე, თუმცა, იმავე წლის 17 აგვისტოს ნ----- გ------ემ უკანვე გამოიხმო სარჩელი. ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, სარჩელი გამოხმობა გამოიწვია იმან, რომ კრედიტორმა ნ----- გ------ე დაარწმუნა, მას არანაირი ინტერესი დაყადაღებული ნივთების მიმართ არ გააჩნდა, მისი მიზანი მხოლოდ ვალის დაბრუნება იყო, რაც დაყადაღებული ნივთების რეალიზაციით ვერ მოხერხდებოდა.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს დაყადაღებული ქონების დამალვას იმის მიერ, ვისაც ეს ქონება ჰქონდა მინდობილი. განსახილველი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია კრედიტორის კანონიერი ინტერესი სააღსრულებო დაწესებულებათა მიერ სასამართლო აქტების აღსრულებასთან დაკავშირებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ აღწერილი ან დაყადაღებული ქონების დამალვაში იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა. დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულად ითვლება დანაშაულის საგნის, ანუ აღწერილი და დაყადაღებული ქონების დამალვის მომენტიდან. ქმედების სუბიექტი სპეციალურია - პირი, ვისაც აღწერილი ან დაყადაღებული ქონება გადაეცა ხელწერილით შესანახად. ის შეიძლება იყოს მესაკუთრე, მფლობელი, ბრალდებულის (მოვალის) ოჯახის სრულწლოვანი წევრი... დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სჩადის უკანანო მოქმედებას, ანგარებით ან სხვა პირადი დაინტერესების მოტივით.
სასამართლომ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც აღარ მომხდარა მათი გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე და მათ მიეცა სამართლებრივი შეფასება იმ ფორმით, როგორაც არიან წარმოდგენილი საქმის მასალებში. ამასთან, ბრალდებულმა არც წინასასამართლო სხდომაზე და არც საქმის არსებითი განხილვის დროს თავი არ ცნო დამნაშავედ დაყადაღებული ქონების გადამალვაში იმ მოტივით, რომ აღნიშნული ქონება მის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ის დროებით სტუმრად იმყოფებოდა ნ----- გ------ის სახლში, სადაც აღმასრულებელმა, მიუხედავად მისი პროტესტისა, მაინც დააყადაღა სხვისი ნივთები და შესანახად ჩაბარდა მას. როგორც შემდეგ გამოძიების მსვლელობის დროს შეიტყო, ზემოთხსენებული ნივთები მის რეალურ მეპატრონეს ნ----- გ------ეს გადატანილი ჰქონდა სხვა მისამართზე, ვინაიდან გაყიდა სახლი.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ნ--- ა-------ემ პირადად რაიმე ფორმით ჩაიდინა დაყადაღებული ქონების დამალვა, რაც დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი კომპონენტია. საქმეზე დაკითხული არცერთი მოწმე ამ ფაქტს არ ადასტურებს გარდა საქმის შედეგით დაინტერესებული პირის მ--- ა-------ი-ტ-------ისა, თუმცა ისიც მიუთითებს ამ ნივთების გაყიდვის ფაქტის ზოგადად შეტყობის თაობაზე, რომლის წყაროს ვერ უთითებს. სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება თუ ის ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს...“. შესაბამისად, ამ ნაწილში მოწმის ჩვენება ირიბ მტკიცებულებადაც კი ვერ იქნება განხილული.
საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ბრალდებული რეგისტრირებული იყო იმ მისამართზე, სადაც განხორციელდა ქონების დაყადაღება ქალაქ ქუთაისში ჩ--------–---ის ქუჩა N14/85-ში, ეს სახლი ასევე არ იყო მისი ან მისი ოჯახის წევრის საკუთრება. საქმის მასალებით დგინდება მხოლოდ ის, რომ ბრალდებული ნ--- ა-------ე დროებით(სამი თვით) სტუმრად იმყოფებოდა ნ----- გ------ის საცხოვრებელ სახლში. ამ ფონზე არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაყადაღებული ნივთები ნ--- ა-------ის კუთვნილება იყო, რის შესახებაც მან განუცხადა კიდეც აღმასრულებელს, რაც დაფიქსირებულია აქტში. ამ გარემოებას ამყარებს სახლის მესაკუთრის ნ----- გ------ის ჩვენებაც და ის ფაქტიც, რომ დაყადაღებული ქონების მესაკუთრემ ნ----- გ------ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მისი კუთვნილი დაყადაღებული ნივთების აქტიდან ამორიცხვის და ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ. ის ფაქტი, რომ შემდეგში უკან იქნა გამოთხოვილი სარჩელი არსობრივად არ ცვლის საქმის ვითარებას, ვინაიდან, გამოძიების მასალები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ნ----- გ------ის საცხოვრებელ ბინაში მოხდა მისივე ქონების დაყადაღება, რაც შესანახად ჩაბარდა ამ ქონებაზე უფლების არმქონე პირს ნ--- ა-------ეს. მან გასაგები მიზეზების გამო(არც ბინა და არც დაყადაღებული ქონება მის საკუთრებას არ წარმოადგენდა) ვერ შეძლო დაყადაღებული ქონების დაცვა, ვინაიდან მესაკუთრემ ნ--- ა-------ესთან შეთანხმების გარეშე მოახდინა თავისი ბინის გაყიდვა. მოცემული ფაქტობრივი გარემოება(დაყადაღებული ნივთების სხვის საკუთრებაში ყოფნა) ასევე გამორიცხავს ნ--- ა-------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოტივის(ინტერესის) არსებობას.
პროკურორი განმარტავს, რომ ნ----- გ------ე ცრუობს, რომ დაყადაღებული ნივთები მისი საკუთრება იყო და რომ მან სახლის გაყიდვის შემდეგ გადაიტანა ისინი სხვა ადგილზე, ვინაიდან მის მიერ მითითებულ საჩხერის რაიონის სოფელ მ-----ში არ აღმოჩნდა დაყადაღებული ნივთები. სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც პროკურორის ამ მოსაზრებას, რადგან მოყვანილი მტკიცებულებები წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებებს, რაც სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარეს. ამასთან, წარმოდგენილი ოქმის თანახმად ამოღება ჩატარდა საჩხერის რაიონის სოფელ მ-----ში მდებარე მ--- ც---–--ის საცხოვრებელ სახლში, მაშინ როდესაც ნ----- გ------ე ჩვენებაში მიუთითებდა ნ--- ც---–--ის სახლს და ამოღების განჩინებაც გაიცა ამავე მისამართზე პროკურორის შუამდგომლობის შესაბამისად.
დაცვის მხარის პოზიციას ამყარებს წერილობითი მტკიცებულებებიც. კერძოდ, 2017 წლის 23 მაისის სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმის თანახმად აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები - ლაშა კაპანაძე და გიორგი ჭიღლაძე გამოცხადდნენ ქ. ქუთაისში ჩ--------–---ის N14/85 საცხოვრებელ ბინაში დაყადაღებული მოძრავი ქონების გამოტანის მიზნით. მოცემულ მისამართზე სახლში იმყოფებოდა მოქალაქე ზ---- ჭ--–--ე, რომელმაც განუმარტა, რომ სახლი და მასში არსებული მოძრავი ქონება წარმოადგენდა მისი მეუღლის მ------ კ-----ის საკუთრებას. ნ--- ა-------ეს საერთოდ არ იცნობს და მასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ დაყადაღებული ქონების დამალვა(განკარგვა) განახორციელა ნ--- ა-------ემ, ხოლო ის გარემოება, რომ მან ვერ უზრუნველყო დაყადაღებული ქონების დაცვა, არ გვაძლევს დანაშაულის შემადგენლობას შესაბამისი მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე (დაყადაღებული ქონების დამალვა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ნ--- ა-------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, ნ--- ა-------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- ა-------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გამართლებულ ნ--- ა-------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
3. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე