განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0201001-7002223528
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/809-17 4 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ი-–------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული გ----------------------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–------------------–-----------------------------------------------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით.
2.2. ადვოკატი მ-------–-----–--
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2017 წლის 2--------------ს, დაახლოებით 16:00 საათზე გ---------------- იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, კ--------------------ში მდებარე კაფე-ბარ ,,ქ--–------’’-ში, რა დროსაც გ----------------მ გამოხატა აშკარა უპატივცემულობა კაფე-ბარში მყოფი პირების მიმართ და უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ იგინებოდა ხმამაღლა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაფე-ბარის თანამშრომელ ნ----–-----ს, რომელსაც შეაგინა დედის მისამართით, ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კაფე-ბარის მენეჯერ ჯ---------------ს, რომელსაც შეაგინა დედის მისამართით, დაარტყა ხელი თავის არეში, დაუჯიკავა და დაანარცხა ბეტონზე, რის შედეგადაც ჯ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა
მოცემული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, დამატებითი ობიექტია ადმიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ნ----–-----ს ჩვენების თანახმად, ემსახურებოდა კლიენტს. შემოვიდა ბრალდებული 4 საათისთვის, მოსთხოვა ლუდის ჩამოსხმა, რაზეც უპასუხა, რომ ბარმენი გასული იყო და ვერ დაუსხამდა ლუდს. ბრალდებულმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა. ბრალდებულის გინებით შეწუხდნენ კლიენტები – 3–4 ადამიანი, რომლებსაც ასევე აგდებულად პასუხობდა ბრალდებული. მათ ის გარეთ გაიყვანეს, მაგრამ ბრალდებული დაბრუნდა და გააგრძელა გინება, რის გამოც სამზარეულოში შევიდა, ხოლო კლიენტები, რომლებიც საჭმელს მიირთმევდნენ, ადგნენ და წავიდნენ. ჯ---------------ს უთხრა, რომ ბრალდებულმა შეურაცხყოფა მიაყენა. ჯ--------------- გავიდა ბრალდებულთან დასალაპარაკებლად, რის შემდეგაც ჯ---------------ს ხმამაღალი საუბარი ესმოდა გარედან. ბრალდებული ეხლა უკვე მას აგინებდა. როცა დაზარალებულმა უთხრა ბრალდებულს, რომ პოლიციას გამოიძახებდა, ბრალდებულმა უკან თავზე დაარტყა დაზარალებულს გაშლილი ხელი, მოქაჩა და იატაკზე დაანარცხა. მერე ნახა, რომ ძირს ეგდო დაზარალებული, სისხლის მოსდიოდა. ჯ---------------მ უთხრა, რომ ბრალდებულმა ცემა. ცხვირზე ეტყობოდა დაზიანება, სისხლიანი იყო. ხმაურის შემდეგ რომ შევიდა დარბაზში, კლიენტები იქ არ იყვნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ც---–------–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ საღამოს დაახლოებით 16:30 საათზე სამზარეულოდან სტუმრების მისაღები დარბაზიდან შემოესმა მამაკაცის ხმამაღალი ხმა და როდესაც გავიდა მისაღებ ოთახში დაინა კარგად ნაცნობი გ----------------, ზედმეტსახელად ,,დ-------“, რომელიც ნ----–-----ს ლანძღავდა და აგინებდა დედის მისამართით, რის შემდეგაც ნ----–----- შევიდა სამზარეულოში, თქვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენაო ბრალდებულმა და ვერ გავჩერდებიო იქ, თავს ავარიდებო. ნ----–----- მისთვის თავის არიდების მიზნით შევიდა სამზარეულოში, სადაც გ----------------მაც შემოიხედა და ისევ გავიდა. ამ დროს მოვიდა მენეჯერი ჯ---------------ც, რომელსაც ნ----–-----მ უთხრა, რომ გ----------------მ მას სიტყვიერ შეურაცყოფას და ამის ატანას არ შეძლებდა და ამის გამო სამსახურიდან წავიდოდა. ჯ--------------- და ნ----–----- გავიდნენ მისაღებ ოთახში, სადაც იმყოფებოდა გ----------------ც და ესმოდა, რომ ჯ------მა მას მოსთხოვა შეეწყვიტა ნ----–-----ს ლანძღვა-გინება და წასულიყო კაფედან, რა დროსაც გ----------------მ მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა. ცოტა ხნის შემდეგ ნ---მ ისევ შემოირბინა, დაზარალებული დასისხლიანებულიაო. დაზარალებულს ცხვირიდან სისხლის სდიოდა. ჯ---------------მ თქვა, ბრალდებულმა წამაქციაო. ხმაურის დროს დარბაზში ბრალდებული, დაზარალებული და კლიენტები იყვნენ. ბრალდებული დაზარალებულს ესაუბრებოდა. ნ----–-----ს შემოსვლის შემდეგ ბრალდებული ხმაურს არ აგრძელებდა, მაგრამ დაზარალებულის შესვლის მერე ისევ ხმაური იყო. ბრალდებულმა წამაქციაო, თქვა დაზარალებულმა. კლიენტები გაიგებდნენ ხმამაღალ საუბარს. დაზარალებულმა თქვა, ცხვირით დავეციო და იმიტომ სდიოდა სისხლი.
მოწმე ნ--- ქ---------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნ----–----- შევიდა სამზარეულოში, თქვა, რომ ბრალდებული აწუხებს. დაზარალებულსაც უთხრა ნ---მ, მაგინებსო ბრალდებული, მუშაობის საშუალებას არ მაძლევსო. ბარმენი გასული იყო. ბრალდებულს უნდოდა ლუდი. ნ---ს ბარის გასაღები არ ჰქონდა. ბრალდებული ნასვამი იყო და ერთმანეთს ვერ გაუგეს. გინების დროს კლიენტებიც იყვნენ 10-15 კაცი კუპერში, დარბაზში 3-4 კაცი. ნახევარ საათში ნ----–----- შემოვიდა, ჯ---------------ს ცხვირიდან სისხლი მოსდისო. დაზარალებულმა თქვა, ბრალდებულმა გამარტყაო ხელი.
მოწმე დ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ რესტორნის ეზოში შეესწრო კამათს დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის. ბრალდებული სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, დედაზე აგინებდა. ბარში შევიდა. იქ 2 მაგიდაზე ისხდნენ კლიენტები – 4 ადამიანი. კუპეშიც იყო 10–12 კაცი. ნ----–-----მ დაიძახა, ვუშველოთ დაზარალებულსო. დაზარალებული დასისხლიანებული იყო, ამბობდა, პატრულის დასაძახებლად გავედი და ბრალდებულმა წამაქციაო. ცხვირზე და მუხლზე ეტყობოდა დაზიანება, რაც მანამდე არ ჰქონია. მიმტანი ნ----–-----ც ამბობდა, დარბაზში ბრალდებული მაყენებდაო შეურაცხყოფას.
მოწმე ჯ---------------ს ჩვენების თანახმად, ნ----–-----მ უთხრა, ბრალდებული მაწუხებს, შეურაცხყოფას მაყენებს, მაგინებსო. შევიდა დარბაზში. ბრალდებული იგინებოდა. ბრალდებულს მოეფერა, ჰკითხა, რატომ უყვირი, რა გინდაო ნ---სთან. ნ---ს უთქვამს, ლუდს ვერ დაგისხამო. ბრალდებულმა დარბაზში შეაგინა. ბრალდებული რომ არ ჩერდებოდა, გაუწყრა და მაშინ შეაგინა მას. დარბაზში კლიენტები ისხდნენ, როგორც შემდეგ უთხრეს, მაგრამ მას ეს არ ახსოვს. პოლიციას დავუძახებო, უთხრა ბრალდებულს, გავიდა გაეთ. გარეთ იდგა, როცა დაარტყა ბრალდებულმა ხელი თავზე უკან. ტკივილი იგრძნო და დაეცა. ცხვირზე და მუხლზე დაზიანება ჰქონდა. დარტყმის მერე ბრალდებული კიბეზე რომ ჩავიდა, ნახა. იქ მასთან სხვა არავინ ყოფილა. ბრალდებულმა დამარტყაო, უთხრა გოგოებს. ნ--- კლიენტებს ვერ ემსახურებოდა, რადგან დარბაზში ვერ შედიოდა.
ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, კაფე „ქ--–------ში“ შელაპარაკება მოუვიდა დაზარალებულთან. იქ კლიენტები არ ყოფილან. ლუდის დასალევად შევიდა. 20 წუთი დარჩა. უთხრეს, ლუდის ჩამომსხმელი მოვაო, მაგრამ არ მოვიდა 15 წუთის განმავლობაში. შესთავაზა თანამშრომელს, რომ თვითონ ჩამოასხამდა ლუდს, რაზეც უარი მიიღო. მაშინ შენ ჩამომისხიო, უთხრა. რატომ მკადრეო, მიიღო პასუხი. ეს რა კადრებააო, გაიკვირვა. ეს იყო სულ. დაზარალებული ამბობდა, დაგისხამო ლუდს ან სხვაგან დალიეო, ჩუმად იყავითო. მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი არის იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ეს კი გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში.
აღნიშნული დანაშაულის არსებობისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ ეს დარღვევა უნდა იყოს უხეში. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. ვინაიდან საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია, ხულიგნობის ჩადენა შესაძლებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ბრალდების უარსაყოფად, მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ლუდის ჩამოსხმასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდა ნ----–-----სთან და დაზარალებულთან, რომელიც ჩუმად ყოფნისკენ მოუწოდებდა, თუმცა უარყოფს მის და ნ----–-----ს შეურაცხყოფას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ სიჩუმისკენ მოუწოდებდა ბრალდებულს მეპატრონე, თავისთავად გულისხმობს, რომ ის გარკვეულწილად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ხმაურობდა და აწუხებდა გარშემომყოფთ, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეების: ნ----–-----ს, ციალა გულიას, ნ--- ქ---------ს, დ----------------ს და დაზარალებულ ჯ---------------ს ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ გ----------------მ ჩაიდინა საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. ის, რომ წესრიგის დარღვევა იყო უხეში, დგინდება ასევე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს ყველამ, მათ შორის, დარბაზში მყოფმა მოქალაქეებმა მოუწოდეს, შეეწყვიტა გინება და გააგდეს დარბაზიდან, ის კვლავ შემოვიდა დარბაზში და აგრძელებდა გინებას, რის გამოც მის სიახლოვეს მშვიდ ვითარებაში დარჩენა შეუძლებელი იყო და ყველამ თავი აარიდა დარბაზში დარჩენას.
2.2. საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა
აღნიშნული დანაშაულისათვის დამახასიათებელია საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა. აღნიშნულ შემთხვევაში ხულიგნობის ჩამდენს სურს დაუპირისპიროს თავი საზოგადოებას, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს, რომ იგი იქცევა როგორც სურს; პირი სჩადის ისეთ ქმედებებს, რითიც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება უგულებელყოფს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ნ----–-----ს ჩვენების თანახმად, ბარის გასაღების არქონის მოტივით ლუდის დასხმაზე უარის თქმის გამო აგინა ბრალდებულმა მას. ბრალდებულის გინებით შეწუხდნენ კლიენტები, რომლებსაც ასევე აგდებულად პასუხობდა ბრალდებული. ამის შემდეგ ბრალდებული დაზარალებულს აგინებდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ც---–------–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ გ----------------, ზედმეტსახელად ,,დ-------“ ნ----–-----ს აგინებდა დედის მისამართით. ჯ---------------ს ნ----–-----მ უთხრა, რომ გ----------------მ მას სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა და ამის ატანას ვერ შეძლებდა და ამის გამო სამსახურიდან წავიდოდა. ჯ---------------მ ბრალდებულს მოსთხოვა, შეეწყვიტა ნ----–-----ს ლანძღვა-გინება და წასულიყო კაფედან, რა დროსაც გ----------------მ მასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხმაურის დროს დარბაზში ბრალდებული, დაზარალებული და კლიენტები იყვნენ. კლიენტები გაიგებდნენ ხმამაღალ საუბარს. დაზარალებულმა თქვა, ცხვირით დავეციო და იმიტომ სდიოდა სისხლი.
მოწმე ნ--- ქ---------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ნ----–----- შევიდა სამზარეულოში, თქვა, რომ ბრალდებული აგინებდა, მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. ბარმენი გასული იყო. ბრალდებულს უნდოდა ლუდი. ნ---ს ბარის გასაღები არ ჰქონდა. ბრალდებული ნასვამი იყო და ერთმანეთს ვერ გაუგეს. გინების დროს კლიენტებიც იყვნენ 10-15 კაცი კუპერში, დარბაზში - 3-4 კაცი.
მოწმე დ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ რესტორნის ეზოში შეესწრო კამათს დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის. ბრალდებული სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, დედაზე აგინებდა. ბარში შევიდა. იქ 2 მაგიდაზე ისხდნენ კლიენტები – 4 ადამიანი. კუპეშიც იყო 10–12 კაცი. მიმტანი ნ----–-----ც ამბობდა, დარბაზში ბრალდებული მაყენებდაო შეურაცხყოფას.
მოწმე ჯ---------------ს ჩვენების თანახმად, ნ----–-----მ უთხრა, ბრალდებული მაგინებსო. შევიდა დარბაზში. ბრალდებული იგინებოდა. ბრალდებულს მოეფერა, ჰკითხა, რატომ უყვირი, რა გინდაო ნ---სთან. ნ---ს უთქვამს, ლუდს ვერ დაგისხამო. ბრალდებულმა დარბაზში შეაგინა. ბრალდებული რომ არ ჩერდებოდა, გაუწყრა და მაშინ შეაგინა მას. დარბაზში კლიენტები ისხდნენ, როგორც შემდეგ უთხრეს, მაგრამ მას ეს არ ახსოვს.
ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, კაფე „ქ--–------ში“ შელაპარაკება მოუვიდა დაზარალებულთან. ლუდის დასალევად შევიდა. 20 წუთი დარჩა. უთხრეს, ლუდის ჩამომსხმელი მოვაო, მაგრამ არ მოვიდა 15 წუთის განმავლობაში. შესთავაზა თანამშრომელს, რომ თვითონ ჩამოასხამდა ლუდს, რაზეც უარი მიიღო. მაშინ შენ ჩამომისხიო, უთხრა. რატომ მკადრეო, მიიღო პასუხი. ეს რა კადრებააო, გაიკვირვა. დაზარალებული ამბობდა, დაგისხამო ლუდს ან სხვაგან დალიეო, ჩუმად იყავითო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ----------------მ მიმტანისა და მენეჯერის გინებით, ასევე იქ მყოფი პირებისადმი აგდებული საუბრით საკუთარი თავი დაუპირისპირა ქცევის გაბატონებულ ნორმებს და არაფრად ჩააგდო ისინი, ხოლო აღნიშნული ქმედებით გამოხატა კაფე-ბარში მყოფი პირებისა და მათ მიერ დაცული ქცევის წესების მიმართ უპატივცემულობა.
2.3. ძალადობა
ხულიგნობისათვის დამახასიათებელ მესამე ნიშანს წარმოადგენს ქმედების ჩადენა ძალადობით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ნ----–-----ს ჩვენების თანახმად, ნახა, რომ ძირს ეგდო დაზარალებული, სისხლი მოსდიოდა. მან უთხრა, ბრალდებულმა მცემაო. ცხვირზე ეტყობოდა დაზიანება, სისხლიანი იყო. გ----------------მ ჯ---------------ს უკან თავზე ჩაარტყა გაშლილი ხელი, შემდეგ კი მოქაჩა თავზე ძლიერად და ბეტონზე დაანარცხა. დაზარალებული ბეტონზე მუხლებით და პირისახით დაეცა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო მუხლებზე და სახის არეში, ხოლო გ---------------- მიიმალა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ც---–------–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულმა თქვა, ბრალდებულმა წამაქციაო. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ფეხი ჰქონდა ნატკენი. ჯ---------------მ უთხრა, რომ ის აპირებდა პატრულის ეკიპაჟის გაჩერებას გ----------------ს ქცევის გამო, რა დროსაც მას ჩაარტყა ხელი თავში გ----------------მ და წააქცია ბეტონზე, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მამუკა ნოსელიძის ჩვენების და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჯ---------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთებისა და სისხლჩაქცევის სახით, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმე ნ--- ქ---------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულმა თქვა, ბრალდებულმა გამარტყაო ხელი.
მოწმე დ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებული დასისხლიანებული იყო, იძახდა, პატრულის დასაძახებლად გავედი და ბრალდებულმა წამაქციაო. დაზარალებულს ცხვირზე და მუხლზე ეტყობოდა დაზიანება.
მოწმე ჯ---------------ს ჩვენების თანახმად, გარეთ იდგა, როცა დაარტყა ბრალდებულმა ხელი თავზე უკან, ტკივილი იგრძნო და დაეცა. ცხვირზე და მუხლზე დაზიანება ჰქონდა.
მოწმე ბ--------------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულს დაზიანება ეტყობოდა ცხვირზე, მუხლზე, თავს ცუდად გრძნობდა და ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის’’ მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ჯ---------------ს აღენიშნება ცხვირის ზედაპირული ტრავმა.
ძალადობაში იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება, რომელსაც შეიძება მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება, თუმცა აღნიშნულთან ერთად აუცილებელია, ძალადობამ არ გამოიწვიოს ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, რაც სცდება სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთჯერადი დარტყმის გზით.
ის, რომ ბრალდებულმა გ----------------მ ჯ---------------ს მიმართ განახორციელა ძალადობა და აღნიშნული ძალადობის შემდეგ ჯ---------------მ მიიღო სხეულის დაზიანება, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ცნობით კორპორაცია ევექსიდან.
ამდენად სასმართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა გ----------------მ ჩაიდინა ძალადობა.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა.
დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება დამნაშავის განწყობის გარეგან დემონსტრირებაში. პირი სჩადის ისეთ ქმედებას, რითაც გარშემომყოფთათვის აშკარაა, რომ ეს პიროვნება უგულებელყოფს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ქცევის წესებს.
დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული, ქონდა, რომ ძალადობით სჩადიოდა ისეთ ქმედებას, რომელითაც არაფრად აგდებდა კაფე-ბარში შეკრებილ საზოგადოებას, სურდა თავისი სურვილების უპირატესობის, მისი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგომის დემონსტრირება, ასევე გაცნობიერებული ქონდა, რომ ასეთი ქმედებით უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არაფერს აკეთებდა ამის თავიდან ასაცილებლად.
პრეიუდიციულად ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ხულიგონობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავას საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემლობას, ძალადობით.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის გ----------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც გ---------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ის, რომ ახალდაოჯახებულია, თავი დაანება ალკოჰოლის მიღებას, ცდილობს ცხოვრების წესის შეცვლას უკეთესობისკენ.
გ----------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ნასამართლობა და ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პირობებში.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (საკუთარი სურვილების ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დაყენება, ლუდის დასხმაზე მიმტანისგან მიღებული უარის მიუღებლობა, ბარმენისთვის დაცდის აუცილებლობის გაუზიარებლობა, ბარში მოქცევის წესების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (კაფე-ბარში გინება, მესაკუთრისთვის ხელის დარტყმა თავის არეში), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ბარის სამუშაო პროცესის შეფერხება, ბარის თანამშრომელთა და ბარში მსხდომთა ნეგატიური განწყობა, დაზარალების ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (ნასამართლევია ძალადობრივი ქმედებისთვის), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (თავი დაანება ალკოჰოლის მიღებას, დაოჯახდა, ცდილობს შეცვალოს ცხოვრების წესი უკეთესობისკენ), პიროვნებას (არის დაავადებული ვირუსული ცე ჰეპატიტით, აქვს ღვიძლის ფიბროზი, არის მკვეთრად გამოხატული ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე).
კონკრეტული ზომის სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა ახალი ქმედება ჩაიდინა წინა დანაშაულისთვის ნასამართლობის ვადის გასვლამდე, რის გამოც არსებობს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევა.
ასეთ ვითარებაში სასჯელის დანიშვნისას გამოიყენება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესი. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმზე სულ მცირე ერთი წლით მეტი.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. ამასთან, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისა, ვინაიდან ბრალდებული არის ნასამართლევი ძალადობრივი დანაშაულისთვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის პერიოდში, სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 58-ე მუხლით და განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად მიაჩნია თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს ის გარემოება, რომ სსკ-ის 58-ე მუხლი ითხოვს სასჯელი იყოს სანქციის მინიმუმზე 1 წლით მეტი, რაც არის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ვინაიდან სანქციის მაქსიმუმი არის 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სასამართლო ვერ გასცდება სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებს. ამდენად, სასჯელის ზომად უნდა განისაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, ვინაიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრისთვის დაწესებული გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბოლო დანაშაული არის წინა დანაშაულთან შედარებით უფრო მსუბუქი. ამასთან, წინა - უფრო მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და ისე განისაზღვროს საბოლოო სასჯელი. იმისათვის, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული საბოლოო სასჯელი, ერთი მხრივ, იყოს კანონიერი, შეესაბამებოდეს მოქმედი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი იყოს სამართლიანი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებულად ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია დისკი, რომელიც უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ნაწილობრივ, კერძოდ - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად გ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
გ----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებულად ყოფნის პერიოდი 2017 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.
გ----------------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის #12/1425-17 განჩინებით 15000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, თ--------------ს საკუთრებაში არსებულ, წ--–---------------------------ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი 4-.1-.4-.1-4) მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
ნივთმტკიცება სიდიერ დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია