გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130310117002025460
3-77-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 ივნისი, 2018 წელი ქ.ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - დავით ბერძული
მოპასუხეები - ინდივიდუალური მეწარმე ლევან გამრეკელი, ფიზიკური პირი
მარიკა მეტივიშვილი, შპს ,,თა-თა“, შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ“,შპს ,,თა-თა“
წარმომადგენლები - ლევან გამრეკელი, გიორგი გამრეკელი, გოჩა ღამბარაშვილი
დავის საგანი - ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ინდივიდუალური მეწარმე ლევან გამრეკელი, მარიკა მეტივიშვილი, შპს ,,თა-თა“ საიდენტიფიკაციო ნომერი - 443855767, შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ“, შპს ,,თა-თა“ საიდენტიფიკაციო ნომერი - 443863106, აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
ინდმეწარმე ლევან გამრეკელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება 270 912,06 ლარი; ლევან გამრეკელია შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯს“, 443855767 საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე შპს ,,თა-თას“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი, რომლებსაც აღიარებული საგადასახადო დავალიანება აქვთ: - ,, სუპერ ჯგუფ ლდბჯს“ 73 015,29 ლარი და ,,თა-თას“ - 57 694,57 ლარი;
ინდმეწარმე ლევან გამრეკელმა 2012 წელს შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა და ,,სუპერ ჯგუფ ლდბჯ-ს“ გადააწერა საქონელი ტრანსპორტირების გარეშე ზედნადებებით, იგივენაირად გადააწერა საქონელი ,,თა-თამ“ ,,სუპერ ჯგუფ ლდბჯს“;
შპს ,,გამრეკელის“ დირექტორი იყო ლევან გამრეკელი, 100% წილის მფლობელი - მისი მეუღლე მარიკა მეტივიშვილი. საწარმო ეწევა იგივე საქმიანობას რასაც სხვა მოპასუხეები. მარიკა მეტივიშვილმა ,,თა-თასაგან“ და ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯსაგან“ შეიძინა ნივთები;
სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ,,სუპერ ჯგუფ ლდბჯს“ შემოსავალი იყო 351 566,3 ლარი და ბიუჯეტში გადახდილი ქონდა 20,83 ლარი;
რადგან მოპასუხეთა ქმედებების გამო, საგადასახადო სამსახურის მიერ განხორციელებულმა გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთა ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობას.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ლევან გამრეკელს და მარიკა მეტივიშვილს ცოლ-ქმრული ურთიერთობა 2006 წლიდან აღარ აქვთ, ერთმანეთთან და მათ საწარმოებთან სამართლებრივი ან საქმიანი კავშირი არ აქვთ, შპს ,,გამრეკელს“ (ახლა -,,თა-თა“) გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი, სარჩელში აღნიშნული ნივთები მარიკა მეტივიშვილმა საწარმოსაგან იყიდა ბანკიდან აღებული სესხით, მის მიერ დაფუძნებული შპს ,,გამრეკელის“ დირექტორად ლევან გამრეკელი დაინიშნა მისივე თხოვნით, - დროებით.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლევან გამრეკელი 2004 წლიდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ (იხ.ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.1 ს.ფ. 37-38);
იგი არის ასევე 2012 წელს რეგისტრირებული, 443855767 საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე შპს ,,თა-თას“ 100 % წილის მესაკუთრე და დირექტორი (იხ.ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.1. ს.ფ. 34-35), 2013 წელს რეგისტრირებული შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯს“ 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი (იხ.ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდანტ.1. ს.ფ.40-42);
3.1.2. მარიკა მეტივიშვილი არის 2016 წლის 5 აგვისტოს რეგისტრირებული შპს ,,გამრეკელის“ 100% წილის მესაკუთრე, რომლის დირექტორი იყო ლევან გამრეკელი (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.1. ს.ფ. 58-59). განსახილველი საქმის აღძვრის შემდეგ შპს ,,გამრეკელს“ შეეცვალა სახელი და ამჟამად ის არის 443863106 საიდენტიფიკაციო ნომრის (იგივე, რაც შპს ,,გამრეკელს“ ჰქონდა) მქონე შპს ,,თა-თა“, რომლის 100% წილი ისევ მარიკა მეტივიშვილს ეკუთვნის და ლევან გამრეკელის ნაცვლად, დირექტორია მისი ძმა გიორგი გამრეკელი (იხ. 2018 წლის 24 მაისის სხდომის ოქმი: 15:39:25-15:39:30; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.2. ს.ფ.33-35). ამდენად, მოპასუხეთა შორის არის ორი შპს ,,თა-თა“ - ერთი - საიდენტიფიკაციო ნომრით 443855767, რომლის 100 % წილის მესაკუთრე და დირექტორია ლევან გამრეკელი და მეორე - საიდენტიფიკაციო ნომრით 443863106, რომლის 100% წილი მარიკა მეტივიშვილს ეკუთვნის და დირექტორია ლევან გამრეკელის ძმა გიორგი გამრეკელი;
3.1. 3. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, ყადაღა აქვს დადებული: - ინდმეწარმე ლევან გამრეკელის ქონებას - 2011 წლის 13 ივლისის ბრძანებით, შპს ,,თა-თას“ საიდენტიფიკაციო ნომრით 443855767, ქონებას - 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით, შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯს“ ქონებას - 2016 წლის 23 მაისის ბრძანებით, (იხ. ბრძანებები. ტ.1. ს.ფ.26 – 28);
3.1.4. 2015 წლის 30 მარტიდან 2016 წლის 15 სექტემბრამდე განხორციელებული გარიგებებით, მოპასუხეებმა ერთმანეთს გადააწერეს ქონება: - შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ-მ“ - შპს ,,გამრეკელს“ (იხ.სასაქონლო ზედნადებები ტ.I.ს.ფ.39;53;60;62;65); ინდმეწარმე ლევან გამრეკელმა - შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ-ს“ (იხ.სასაქონლო ზედნადებები ტ.I.ს.ფ. 54;56;63;64);
2017 წლის 10 მარტს შპს ,,გამრეკელის“ საკუთრებად დარეგისტრირდა ავტომანქანა, რომელიც მანამდე შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ-ს“ ეკუთვნოდა (იხ.ცნობა ავტომობილის შესახებ ტ.I.ს.ფ.61);
სადავოდ არ გამხდარა ასევე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ შპს ,,თა-თამ“ (ს.კ.443855767) 2013 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ივლისამდე, ,,სუპერ ჯგუფ ლდბჯს" ზედნადებებით, გადააწერა 91 745 ლარის საქონელი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებული უნდა იქნან მასში აღნიშნული იურიდიული პირები: - შპს ,,თა-თა“ საიდენტიფიკაციო კოდი - 443855767, შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ“, შპს ,,თა-თა“ საიდენტიფიკაციო კოდი - 443863106 და ინდმეწარმე ლევან გამრეკელი;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები;
„საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-103-96 (კ-13). „ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1546-1476 (კ-09);
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამდენად, სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად უნდა განსაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი. ესე იგი, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას;
მოცემულ შემთხვევაში, ლევან გამრეკელის განმარტებით დადასტურდა, რომ სარჩელში აღნიშნული შპს ,,თა-თა“ (ს.ნ. 443855767) შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ“ ფაქტიურად, ერთია, მისი საკუთრებაა და თვითონ არის მათი ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ“ დაარსდა, რადგან მას, - ინდმეწარმეს ვალი წარმოეშვა ბიუჯეტის წინაშე და ვერ საქმიანობდა, ჯარიმები, საურავები იზრდებოდა, საქმიანობისათვის საჭირო მასალა ,,სუპერ ჯგუფ ლდბჯ-ს“ გადააწერა, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა ამ მასალას (ქვიშა-ღორღი) ყადაღა დაადო და ტენდერებში კვლავ ვერ იღებდნენ მონაწილეობას, (იხ.2018 წლის 18 მაისის სხდომის ოქმი. 14:33:30-14:35:25), ამიტომ დაარეგისტრირა მარიკა მეტივიშვილმა შპს ,,გამრეკელი“, (იგივე საიდენტიფიკაციო ნომრის 443863106 მქონე შპს ,,თა-თა“), რომელიც ,,ოჯახის რჩენის ალტერნატიული საშუალება უნდა ყოფილიყო“ (2018 წლის 18 მაისის სხდომის ოქმი.14:36:00-14:36:15; 14:47:00-14:47:10);
საქმის განხილვისას, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ლევან გამრეკელი მარიკა მეტივიშვილის მიერ დაარსებული შპს ,,გამრეკელის“ (ახლანდელი საიდენტიფიკაციო ნომერი - 443863106 -ს მქონე ,,თა-თა“) დირექტორად დაინიშნა მისივე დაჟინებული თხოვნით, იცოდა რა, რომ ამ საზოგადოებას, შეიძლება, რაიმე პრობლემა შექმნოდა, სათავეში ჩაუდგა მას და მისი საქმიანობის შედეგად, დავალიანება არ აქვს (იხ. 2018 წლის 18 მაისის სხდომის ოქმი. 14:29:30-14:30:05);
გარდა ამისა, ლევან გამრეკელმა განმარტა, რომ შპს ,,გამრეკელის“, რომელსაც სახელი შეეცვალა და გახდა ,,თა-თა“, დირექტორობიდან წავიდა და თავისი ძმა გიორგი გამრეკელი ,,დააყენა“ დირექტორად, რადგან თვითონ სახელმწიფო სამსახურშია, სხვა საწარმოები კი, სადაც დირექტორია, არ ფუნქციონირებენ, ,,ფირმის ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ სამშენებლო მასალაზე (ქვიშა-ღორღზე) შემოსავლების სამსახურის ყადაღა იყო“ (2018 წლის 18 მაისის სხდომის ოქმი. 14:37:00-14:37:25; 14:37:29-14:37:45);
,,ყველაფერი ინდმეწარმის ქონებაზე ყადაღის გამო მოხდა, ყველაფერი იკარგებოდა", ამიტომ იხდიდა ვალს მარიკა მეტივიშვილი (იხ.2018 წლის24 მაისის სხდომის ოქმი. 15:51:10-15:51:33). ამდენად, მოპასუხის განმარტებითაც დგინდება, რომ ყველა საწარმო შეიქმნა იმ მიზნით, რომ არ განხორციელებულიყო გადასახადის გადახდის უზრუნველყპოფის ღონისძიებები;
მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ ინდმეწარმე ლევან გამრეკელი, შპს ,,თა-თა“, ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ“ ერთი და იგივე მისამართზე არიან რეგისტრირებული და ერთი და იგივე საქმიანობას ეწევიან (2018 წლის 18 მაისის სხდომის ოქმი. 14:45:15-14:46:00), ყოფილი შპს ,,გამრეკელის“ - ახლანდელი ,,თა-თა-ს“ საიდენტიფიკაციო ნომრით 443863106 შესახებ განმარტა: ,,სამშენებლო საქმიანობა შეიძლება მაწერია, მაგრამ ძირითადად ტენდერებზე, წყალზე, კანალიზაციაზე ვმუშაობთ (2018 წლის 18 მაისის სხდომის ოქმი. 14:46:38-14:46:52);
ლევან გამრეკელმა დაადასტურა ასევე, რომ როდესაც მისი საკუთარი სახლი აუქციონზე გაიყიდა, მისივე დაარსებულმა შპს ,,თა-თამ“ იყიდა, რომელიც მას ქონდა ,,გახსნილი“ (2018 წლის 18 მაისის სხდომის ოქმი. 14:54:30-14:54:50; 15:27:20-15:27:32);
ლევან გამრეკელმა განმარტა ასევე, რომ ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ-ს“ ვალს ის და მეტივიშვილი იხდიდნენ და შემდეგ მისმა დამფუძნებელმა ,,ფირმა მათ მისცა“ (2018 წლის 18 მაისის სხდომის ოქმი. 15:19:27-15:27:36);
სასამართლოს მიაჩნია, აღნიშნული მოქმედებებით, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა გადასახადის გადამხდელების: ინდივიდუალური მეწარმე ლევან გამრეკელის, შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯს“, შპს ,,თა-თას“ საიდენტიფიკაციო კოდი - 443863106, შპს ,,თა-თას“ საიდენტიფიკაციო კოდი 443855767, ერთმანეთისაგან განსხვავება, ისინი გამოყენებული იქნენ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, - ისინი ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები არიან;
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები;
მოსარჩელე მხარე, მარიკა მეტივიშვილის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძვლად მიუთითებს, რომ მას შემოსავლები არ უფიქსირდება. ამ დროს კი შეიძინა ქონება, მათ შორის, 2014 წელს - შპს ,,თა-თასაგან“ და 2016 წელს, შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯსაგან“ - უძრავი ნივთები;
პირის მიერ მხოლოდ ნივთის შეძენის განყენებული ფაქტი, თუნდაც მას შემოსავალი არ უფიქსირდებოდეს, არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადგენად, რომ მარიკა მეტივიშვილი და მოსარჩელის მიერ მითითებული სხვა პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები არიან, მით უმეტეს, მოსარჩელეს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, არ წარმოუდგენია მარიკა მეტივიშვილის მიერ სხვა მოპასუხეებისაგან ნივთების შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება;
მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში მხოლოდ ვარაუდს ემყარება, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს;
მარიკა მეტივიშვილის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძვლად მითითებულია ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მესამე მუხლის მეექვსე პუნქტი, რომლის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
სასამართლოს მიაჩნია მარიკა მეტივიშვილის, როგორც ფიზიკური პირის და სარჩელში მითითებული სხვა პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობას გამორიცხავს ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც და მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის პირველი წინადადება, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ;
სარჩელში აღნიშნული არ არის რაში გამოიხატა მარიკა მეტივიშვილის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმების ბოროტად გამოყენება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ დირექტორმა პასუხი აგოს საზოგადოების კრედიტორების წინაშე;
გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შპს-ს დირექტორის პასუხისმგებლობის არსებობა არ არის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი და არც,- ვისიმე ცრუმაგიერ პირად ცნობა არ არის ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
არ დასტურდება, რომ მარიკა მეტივიშვილს გაააჩნია ან გააჩნდა იმგვარი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებები, რომლის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოახდინა სხვა პირთან ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე, რომ მის მიერ განხორციელებული ოპერაციებით მოქმედებდა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეს კი უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟის ნახევარი - 50 ლარი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, სარჩელი კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ საქმეზე მიღებულია უზრუნველყოფის ღონისძიება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხეთა ქონებას;
სასამართლო გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა რა, მოთხოვნა მარიკა მეტივიშვილის ცრუმაგიერ პირად ცნობის შესახებ, ნაწილში უნდა გაუქმდეს უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა მოეხსნას მარიკა მეტივიშვილის კუთვნილ ნივთებს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ინდივიდუალური მეწარმე ლევან გამრეკელი, საიდენტიფიკაციო კოდი 57001020036, შპს ,,თა-თა“ საიდენტიფიკაციო კოდი - 443855767, შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯ“, საიდენტიფიკაციო კოდი - 443858096, შპს ,,თა-თა“, საიდენტიფიკაციო კოდი - 443863106, აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მარიკა მეტივიშვილის ქონების დაყადაღების ნაწილში და ყადაღა მოეხსნას მარიკა მეტივიშვილის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას:
-LAND ROVER DISCOVERY 4, სახელმწიფო სანომრე ნიშნით LE 222 GA;
-საკადასტრო კოდით 69.08.03.037.01.513;
-საკადასტრო კოდით 69.04.62.179;
-საკადასტრო კოდით 69.03.54.017;
-საკადასტრო კოდით 69.03.54.313;
-საკადასტრო კოდით 69.03.56.202;
-საკადასტრო კოდით 69.03.52.269;
-შპს ,,გამრეკელის" (ს/კ 443863106) კაპიტალის 100% წილს.
3. ინდივიდუალური მეწარმე ლევან გამრეკელს, საიდენტიფიკაციო კოდი - 57001020036, შპს ,,თა-თას“ საიდენტიფიკაციო კოდი - 443855767, შპს ,,სუპერ ჯგუფი ლდბჯს“, საიდენტიფიკაციო კოდი - 443858096, შპს ,,თა-თას“, საიდენტიფიკაციო კოდი - 443863106, სოლიდარულად გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) - ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: ხაშური, კოსტავას ქ.N15) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი