განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2018
საქმის ნომერი
160141318002339133
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160141318002339133

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/82-18 14 მაისი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031020318001)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მადონა ურუშაძე, გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ნანა ნანსყანი

 

ბრალდებული: რ----– ჩ--------ი

მამის სახელი: საიატ

დაბადებული: 1985 წლის 30 ნოემბერი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელი ბაიდარი

 

თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. რ----– ჩ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ გენდერის შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში მცხოვრები რ----– ჩ--------ი, დაახლოებით სამი წლის მანძილზე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს დ--------- ჩ--------ას, რომელიც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. 2018 01 მარტს დაახლოებით 17:00 საათზე თავის საცხოვრებელ სახლში რ----– ჩ--------მა მოსთხოვა მეუღლეს დ--------- ჩ--------ას მოედუღებინა მისთვის ჩაი. დ--------- ჩ--------ამ თავის მეუღლეს მიართვა ჩაი, იმ მიზეზით რომ ჩაი იყო ცივი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რ----– ჩ--------მა მას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფეხი ჩაარტყა ზურგში, ხელებით დაქაჩა თმებში და რამდენიმეჯერ მუშტები ჩაარტყა მხრებში. აღნიშნულის შედეგად დ--------- ჩ--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. დედის დ--------- ჩ--------ას ცემის ფაქტს შეესწრო მისი სამი წლის შვილი ნ-----–-- ჩ--------ი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დ--------- ჩ--------ას ჩვენებით ირკევვა, რომ შვიდი წლის წინ ცოლად გაჰყვა რ----– ჩ--------ს, მასთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი 2012 წლის 10 ივნისს დაბადებული ნურაი ჩ--------ა და 2014 წლის 29 დეკემბერს დაბადებული ნ-----–-- ჩ--------ი.

 

აღნიშნული დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას დ--------- ჩ--------ას მშობლებმა ნუშაბა ე-–----მა და შამშიდ ე-–----მა, ასევე რ----– ჩ--------ის მშობლებმა გულნარა ჩ--------ამ და საიატ ჩ--------მა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ----– ჩ--------ი და დ--------- ჩ--------ა არიან ოჯახის წევრები.

 

2.2. ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №001926618 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით დ--------- ჩ--------ას 01.03.2018 წელს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით 02.03.2018 წელს დაუდგინდა: სისხლჩაქცევები მარცხენა მხრის და მარჯვენა წვივის მიდამოში, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.

 

დაზარალებულ დ--------- ჩ--------ას ჩვენებით, რომელიც მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავოდ, დგინდება, რომ აღნიშნული დაზიანებები 2018 წლის 1 მარტს მცირეწლოვანი შვილის ნ-----–-- ჩ--------ის თანდასწრებით მას მიაყენა მეუღლემ რ----– ჩ--------მა. დ--------- ჩ--------ამ ასევე განაცხადა, რომ მეუღლე მასზე სისტემატიურად ძალადობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, უყვიროდა, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც ხდებოდა ძალიან ცუდად, განიცდიდა, აღარ სურდა მეუღლესთან ერთად ცხოვრება.

 

ნუშაბა ე-–----ამ და შამშიდ ე-–----მა დაადასტურეს, რომ მათი შვილი დ--------- ჩ--------ა, ხშირად გამხდარა ძალადობის მსხვერპლი მეუღლის რ----– ჩ--------ის მხრიდან. ასევე მათ მიუთითეს, რომ შვილის სხეულზე არაერთხელ შეუნიშნავთ დაზიანებები. აღნიშნული ჩვენებებიც მხარეთ მიერ ასევე მიჩნეულია უდავოდ.

 

ყოველივე აღნიშნულით ცალსახად დასტურდება, რომ რ----– ჩ--------მა დ--------- ჩ--------ას მიმართ განახორციელა ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.3. ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.

 

დაბადების მოწმობის N37141002064 თანახმად ნ-----–-- ჩ--------ი დაბადებულია 2014 წლის 29 დეკემბერს. შესაბამისად იგი არის 18 წელს მიუღწეველი პირი. ამავე დაბადების მოწმობით ნ-----–-- ჩ--------ის მშობლების გრაფაში მითითებულია: დედა - დ--------- ჩ--------ა, ხოლო მამა - რ----– ჩ--------ი.

დ--------- ჩ--------ას დაკითხვისას დაადასტურა, რომ რ----– ჩ--------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას შეესწრო შვილი ნ-----–-- ჩ--------ი, რომელიც კანონის თანახმად არის არასრულწლოვანი.

 

2.4. გენდერის შეუწყნარებლობის მოტივით.

 

გენდერული თანასწორობის უნივერსალურობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული კონცეფციაა, რომელიც ემსახურება სქესის ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რისთვისაც სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა, რათა უზრუნველყონ თანასწორობის იდეის პრაქტიკაში განხორციელება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ეტაპზე. საქართველო შეუერთდა რა გაეროს კონვენციას ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, ევროპის საბჭოს კონვენციას ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აკრძალვის შესახებ“, ასევე პეკინის სამოქმედო პლატფორმას ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა, მათი გენდერიდან გამომდინარე დისკრიმინაციადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონისმიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში, წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. სწორედ ამიტომ სასამართლო ითვალისწინებს რა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ახორციელებს მართლმსაჯულებას და რ----– ჩ--------ს დამნაშავედ ცნობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში და სისტემატიური შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ გენდერის შეუწყნარებლობის მოტივით.

 

სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ რ----– ჩ--------მა მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა, იმ მიზეზით, რომ მეუღლის მიერ მისთვის მირთმეული ჩაი იყო ცივი. ასევე დაზარალებული ჩვენებებში მიუთითებს, რომ ბრალდებული მას არ აძლევდა მშობლების სახლში წასვლის უფლებას, ეუბნებოდა, რომ იყო მისი ქმარი და როგორც უნდოდა ისე მოექცეოდა, მას ჩამოართვა მობილური ტელეფონი და მიიჩნევდა, რომ დაზარალებულს წასასვლელი არსად ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ----– ჩ--------მა დანაშაულებრივი ქმედება დაზარალებულ დ--------- ჩ--------ას მიმართ განახორციელა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რ----– ჩ--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ რ----– ჩ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ გენდერის შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ----– ჩ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. რ----– ჩ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერის შეუწყნარებლობის მოტივით.

 

4.2. რ----– ჩ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულის დარღვეული უფლებების კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. გასათვალისწინებელია ბრალდებულ რ----– ჩ--------ის პიროვნული თვისებები, ძალადობრივი ქმედებების ინტენსივობა და საშიშროება. ასევე ბრალდებულის ოჯახურ მდგომარეობა, კერძოდ საქმის მასალების თანახმად ბრალდებულის შვილები იზრდებიან ბრალდებულის მშობლებთან, ბრალდებულის მამა არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დედა ხანშიშესული, არ გააჩნიათ დამოუკიდებელი შემოსავალი. მხარეების მიერ ასევე უდავოდაა მიჩნეული, რომ დაზარალებულმა დატოვა საქართველოს საზღვრები, რაც ამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სასჯელის მიზანი კი კანონის თანახმად არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებაა, არამედ სასჯელის მიზანს წარმოადგენს დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად ზედმეტად მკაცრი სასჯელით შესაძლებელია დამნაშავის რესოციალიზაციის შანსი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით რ----– ჩ--------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თვისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----– ჩ--------ს (მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი კანონისმიერი მოვალეობაცაა) უნდა დაევალოს მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულ რ----– ჩ--------ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რ----– ჩ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

რამილ ჩობანოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

რ----– ჩ--------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 2 მარტიდან 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ რ----– ჩ--------ს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში დაევალოს მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ რ----– ჩ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე