განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2018
საქმის ნომერი
080100118002245279
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5-18 (N041091117001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

08.06.2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–---- გ-----

მამის სახელი: ა-------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ბ--–-------ის ქ. N2/1

 

ადვოკატი - ე--- ნ--------

 

თარჯიმანი - ლ------ შ----------

 

სხდომის სახე ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ა-–---- გ-----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 09 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის ქ.N2/1-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ა-–---- გ-----მ თავის ძმას, გ-- გ-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც გ-- გ-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

მოწმე ო---- ხ-----–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით იგი 2017 წლის 09 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას პოლიციის მე-6 განყოფილებაში, რა დროსაც შემოვიდა შეტყობინება, რომ ბ--–-------ის ქუჩაზე, გ-- გ-----ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ. აღნიშნულ შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ გ-- გ-----, რომელმაც განუმარტა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მის ძმასთან ა-–---- გ-----სთან, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას ა-–---- გ-----მ. იგივე ინფორმაცია მიაწოდა მას გ-- გ-----მ მოწმის სახით დაკითხვისას (სასამართლო სხდომის ოქმი).

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დადასტურებულია გამომძიებელ ა---– ბ------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ინფორმაციით. მან ჩვენების მიცემისას ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა მოქმედებები, მათ შორის მის მიერ დაიკითხნენ ა-–---- გ-----ს დედა ე--–----- ა-–------ და მეუღლე ა-–-- ა--–------, რომელთაც დაადასტურეს ა-–---- გ-----სა და გ-- გ-----ს შორის მომხდარი კონფლიქტისა და ა-–---- გ-----ს მიერ გ-- გ-----სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი(სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №006693617 დასკვნით და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ - გ-- გ----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 09.11.2017წ. 04:18-04:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე გ-- გ-----ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

დაზარალებულმა გ-- გ-----მ, მოწმე ე--–----- ა-–------მ და ა-–-- ა--–------მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად, ძმის, შვილის და მეუღლის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად 2017 წლის 09 ნოემბერს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მიმართა მოქალაქე გ-- გ-----მ და განუმარტა, რომ 2017 წლის 09 ნოემბერს მისმა ნათესავმა ა-–---------- გ-----მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ.3).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ა-–---- გ-----მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.

კერძოდ, წარდგენილი ბრალდების ეპიზოდს ჰყავს 4 თვითმხილველი მოწმე (დაზარალებული, ბრალდებული, ბრალდებულის დედა და მეუღლე), არცერთ მათგანს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.

ოჯახში ძალადობა:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ა---– ბ------ს და ო---- ხ-----–---–ის ჩვენებებს არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ იმ პირებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებებით ა-–---- გ-----ს მსჯავრდება.

ამასთან, სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი არაპირდაპირი ჩვენებები.

დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ 09.11.2017 წელს ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე გ-- გ-----ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა ის გარემოება, რომ აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია ა-–---- გ-----ს ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ა-–---- გ-----ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ამდენად, ა-–---- გ----- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა-–---- გ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ა-–---- გ-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.

3. გამართლებულ ა-–---- გ-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე