განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/862-17 (N069230917001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
07.06.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე
პროკურორი გ------- გ----------ე
დაცვის მხარე
ბრალდებული ვ------- ც-----–-–---–ი
მამის სახელი: ტ------–ი
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: წყალტუბოს რაიონი სოფელი მ----–--ი
სხდომის სახე ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ვ------- ც-----–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ მ----–--ში, თავის საცხოვრებელ სახლის ეზოში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ვ------- ც-----–-–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლის ხ------- ხ----–--ს მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სცემა მას და თხემის, ნიკაპის და კისრის არეში მიაყენა დაზიანებები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე ხ------- ჭ---–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულთან და ბრალდებულთან აკავშირებს კარგი მეზობლური ურთიერთობა. შემთხვევის დღეს წყალტუბოს რაიონის სოფელ მ----–--ში ვ------- ც-----–-–---–სა და ხ------- ხ----–--ს შორის მოხდა ოჯახური კონფლიქტი, ვ------- იყო მთვრალი და ეჩხუბებოდა მეუღლეს. ჩხუბისა და ყვირილის ხმაზე მივიდნენ მათ გასაშველებლად. ისინი სცემდნენ და ხელით ურტყამდნენ ერთმანეთს, ასევე ქაჩავდნენ თმებში. ისინი გააზავეს. შემდეგ ვ------- გამოეკიდა ხ-------ს გასალახად, თუმცა იგი გაიქცა მეზობელთან, დ----- პ----ის ოჯახში და ამით დაწყნარდა სიტუაცია. ვ------- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. სხვა დროს ასეთი მძაფრი კონფლიქტი მათ შორის არ ახსოვს. ისინი ხელებით სცემდნენ ერთმანეთს და რაიმე საგნის გამოყენება არ შეუმჩნევია. შემდეგ ვ-------მ ჯოხსაც წამოავლო ხელი, თუმცა, არ დაურტყამს. მათ ასევე ჰყავთ ბავშვები, რომლებიც იქვე იყვნენ კონფლიქტის დროს, ისინი უყურებდნენ და ტიროდნენ. ხ-------მ დარეკა პოლიციაში დ----- პ----ის ოჯახიდან. ვ-------ს თავი ჰქონდა გატეხილი ქვით, სისხლი მოდიოდა, თუმცა, ეს ფაქტი არ დაუნახავს, ვ-------მ უთხრა, რომ ხ-------მ ქვა ჩაარტყა თავში. იგი პოლიციის მოსვლის დროს ადგილზე იმყოფებოდა და ყველაფერი უამბო მათ. მეუღლეები ამჟამად შერიგებული არიან და კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე დ----- პ----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად დაზარალებულთან და ბრალდებულთან აკავშირებს კარგი მეზობლურ-ნათესაური ურთიერთობა. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სამსახურში. როდესაც დაბრუნდა შინ წყალტუბოს რაიონის სოფელ მ----–--ში და დააყენა ავტომანქანა გამოვიდა გარეთ, რა დროსაც შემოესმა ვ-------ს და ხ-------ს ჩხუბის ხმა, აღნიშნულის გამო იგი გადავიდა ეზოს გადაღმა მათ გასაშველებლად. როდესაც მიუახლოვდა, დაინახა, რომ მისი მიმართულებით მორბოდა ხ------- და მას უკან მოსდევდა ვ-------. ვ-------ს პატარა ჯოხი ეჭირა ხელში ამ დროს. ისინი ჩხუბობდნენ, ვ-------ს სისხლი მოდიოდა თავიდან. ხ-------მ მის სახლში შეაფარა თავი, ხოლო ვ------- მან შეაკავა და აღარ მისცა შესაძლებლობა ხ-------ს გაკიდებოდა, ვინაიდან ვ------- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ხ-------მ მისი სახლიდან პოლიციას დაურეკა მისი დედის ტელეფონით. ხ-------ს და ვ-------ს შვილებიც იქვე იმყოფებოდნენ შემთხვევის დროს(სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულმა ხ------- ხ----–--მ და არასრულწლოვანმა მოწმემ გ------- ც-----–-–---–მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის და მამის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
მოწმე დ----- ჩ----–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფ---–----------------–-–--------------–---- დ-----------------–--–---------------–-- თანამდებობაზე. ამ ფაქტამდე ვ------- ც-----–-–---–ის ოჯახს იცნობდა შორიდან მისალმებით, ვინაიდან მოშორებით ცხოვრობს მათგან. განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ: ვ------- ც-----–-–---–ის მეუღლე ხ------- ხ----–--მ დარეკა დ----- პ----ის ოჯახიდან და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ვ------- ც-----–-–---–ი სახლში მივიდა მთვრალი და იძალადა მასზე. ის გამოცხადდა სოფელ მ----–--ში და დ----- პ----ის სახლში შეხვდა ხ------- ხ----–--ს. იგი მოყვა, რომ მთვრალი ვ------- გაუწყრა ბავშვს, რაზედაც იგი გამოესარჩლა შვილს და ამის გამო მას დაუწყო გინება და ასევე სცემა მუშტებით. მან ასევე განმარტა, რომ ამ ცემის მოგერიების მიზნით ქვა ესროლა თავის არეში მეუღლეს. შემდეგ ისინი გაუშველებიათ მეზობლებს -ხ------- ჭ---–--ეს და დ----- პ----ეს. ეს ყველაფერი ხდებოდა ბაშვების თანდასწრებით. ხ------- ხ----–--ს გარეგნულადაც აღენიშნებოდა ჩალურჯებები ხელზე და სახეზე. ამ კონფლიქტის შემდეგ ხ------- წასული იყო თავის სახლში და მოგვიანებით ისინი შერიგდნენ(სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2017 წლის 23 სექტემბერს ტელეფონის ნომრიდან 571125612, 7:08:53 საათზე წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფარცხანაყანების პოლიციის განყოფილების ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა მოქალაქე ხ----–--, მცხოვრები წყალტუბოს რაიონის სოფელი მ----–--ში, რომელმაც განაცხადა, რომ მის მეუღლესთან აქვს ოჯახური კონფლიქტი და დროულად სჭირდება მიშველება. (ს.ფ. 2)
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №005632417 დასკვნით დადგენილია, რომ 24.09.2017წ. 10:51-11:05 სთ-ზე საათზე, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ხ------- ხ----–-- უჩივის ტკივილებს დაზიანებების მიდამოში. სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით: თხემის მიდამოში მარჯვნივ, ნიკაპის წინა ზედაპირზე მარცხნივ და კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის არასწორი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო-მოიისფრო ფერის თითო სისხლნაჟღენთი, შესაბამისად ზომებით 2.3-1.8სმ; 2.8-1.5სმ; 3.8-0.9სმ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 36-38).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №005633117 დასკვნით დადგენილია, რომ 24.09.2017წ. 11:04-11:20 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ვ------- ც-----–-–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, მაკაწრების, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები ნაკაწრის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მახვილის საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 39-41).
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–--–მა(სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N011848 შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, რომელიც შედგენილია უბნის ი-----------------------–ის თ----- ჯ----ს მიერ, 2017 წლის 23 სექტემბერს 18:40 საათზე მოძალადე (ვ------- ც-----–-–---–მა) მსხვერპლს (მეუღლეს - ხ------- ხ----–--ს) მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა თავში რამოდენიმეჯერ ხელის ჩარტყმით. აღნიშნულ ფაქტი მოხდა მათი მცირეწლოვანი შვილების - გ------- და ს--- ც-----–-–---–ების თანდასწრებით. მოძალადემ აღიარა ძალადობის ფაქტი, თუმცა აღნიშნულის გამომწვევ მიზეზში ადანაშაულებდა მსხვერპლს. ორდერი ხელმოწერილია ვ------- ც-----–-–---–ის, ხ------- ხ----–--ს და უბნის ი-----------------------–ის თ----- ჯ----ს მიერ (ს.ფ. 19-20).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2017 წლის 24 სექტემბრის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს წყალტუბოს რაიონი სოფელი მ----–--ში ხ------- ხ----–--ს სახლში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ხ------- ხ----–--მ მიუთითა ადგილზე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც მისივე განმარტებით მისმა მეუღლემ ვ------- ც-----–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ოქმი ხელმოწერილია ხ------- ხ----–--ს და გ-----------– ო----- ბ------–---–ის მიერ. (ს.ფ. 21-29).
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღწერილი გარემოებები ასევე დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–მა ო----- ბ------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ ის მუშაობს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ფ---–----------------–-–--------------–---- დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ხ------- ხ----–--მ მიუთითა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში იმ ადგილზე, სადაც მისივე განმარტებით, მეუღლემ ვ------- ც-----–-–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი; ასევე გამოკითხა არასრულწლოვანი მოწმე გ------- ც-----–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ დედიკო და მამიკო იმ დღეს ეჩხუბნენ ერთმანეთს და რომ მოცემული მომენტისათვის ისინი იყვნენ შერიგებული და ცხოვრობდნენ ერთად. ის არავის უცემია, მხოლოდ ჯოხი მოხვდა სილაში თამაშის გამო, რაც არ ტკენია და არც კი უგრძვნია(სასამართლო სხდომის ოქმი).
ბრალდებულ ვ------- ც-----–-–---–ის ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ცნობით დადგენილია, რომ ალკოტესტით ფიტ-240-ით შემოწმებისას 24 სექტემბერს 01:46 საათზე ვ------- ც-----–-–---–ს დაუდგინდა სიმთვრალე 0,236 პრომილე(ს.ფ.15-16).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა, რომ ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წარმოადგენს მაკვალიფიცრებელ გარემოებას.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება და შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ობიექტური ანალიზით სასამართლომ დაადგინა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ვ------- ც-----–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - შემდეგ გარემოებათა გამო:
ოჯახური ძალადობის ფაქტებს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორ წესი, გარეშე თვითმხილველ პირები თითქმის არ ჰყავს. ისინიც არცთუ იშვიათად სარგებლობენ ახლო ნათესავის სტატუსით და რიგ შემთხვევებში ოჯახის ბრალდებული წევრის მიმართ სიბრალულის გამო, ხოლო რიგ შემთხვევებში ნათესავების ან ახლობლებების ზეგავლენით უარს ამბობენ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. ასეთ ვითარებაში, მართლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება ბრალდებულის ოჯახის წევრთა ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული. შესაბამისად, მოცემული კატეგორიის საქმეებზე დეტალურად უნდა შემოწმდეს და გაანალიზდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი ერთობლიობაში შეფასებით უნდა გაკეთდეს ობიექტური დასკვნა შერაცხულ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობი შესახებ.
მართალია, შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა ორმა პირმა დაზარალებულმა ხ------- ხ----–--მ და არასრულწლოვანმა მოწმემ გ------- ც-----–-–---–მა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ახლო ნათესავის(შესაბამისად, მეუღლის და მამის) საწინააღმდეგო ჩვენება, მაგრამ სასამართლომ გამოიკვლია კონფლიქტისა და დანაშაულის თვითმხილველი სხვა პირების ხ------- ჭ---–--ის და დ----- პ----ის ჩვენებები, რომლებიც ხ------- ხ----–--ს ყვირილისა და საშველად მოხმობის შედეგად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. ისინი უშუალოდ შეესწრნენ ძალადობისა და ოჯახური კონფლიქტის ფაქტს, რაც დაადასტურეს თავიანთ ჩვენებებში. მათივე ჩვენებებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ დაზარალებულზე ძალადობა განხორციელდა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით. დასახელებული მოწმეები არ შესწრებიან დანაშაულის დაწყების ფაქტს, მაგრამ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზით ირკვევა, რომ კონფლიქტის და ძალადობის ინიციატორი იყო სწორედ ბრალდებული. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით და სიმთვრალეზე შემოწმების მასალებით ირკვევა, რომ შემთხვევიდან მრავალი საათის გასვლის შემდეგაც ვ------- ც-----–-–---–ი იყო მთვრალ მდგომარეობაში. ამასთან, დაზარალებულმა საშველად მოუხმო მეზობლებს და ძალადობის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რაც ასევე დასტურდება წერილობითი მტკიცებულებებით(სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტის ჩვენებით, შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერის მასალებით და მოწმეთა ირიბი ჩვენებებით). ის გარემოება, რომ ბრალდებულს კონფლიქტის შედეგად ასევე მიადგა დაზიანებები, არათუ გამორიცხავს, არამედ წარმოადგენს ოჯახური ძალადობის დამადასტურებელ კიდევ ერთ მამხილებელ მტკიცებულებას. სასამართლოს არ აქვს არავითარი საფუძველი დაასკვნას, რომ ვ------- ც-----–-–---–ის ქმედება იყო თავდაცვითი ხასიათის და შესაბამისად, არ იყო მართლსაწინააღმდეგო, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დადგენილია, რომ კონფლიქტისა და ძალადობის წამომწყები იყო თავად ბრალდებული და სწორედ მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის აღკვეთის მიზნით დაზარალებულმა გამოიყენა პროპორციული ძალა მოძალადის წინააღმდეგ. თუკი ძალადობის წამომწყებ პირზე მიყენებული დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე გავამართლებთ მის მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას, ამით ოჯახური ძალადობის პოტენციურ მსხვერპლთ წავართმევთ თავდაცვის ანუ აუცილებელი მოგერიების კანონით მინიჭებულ უფლებას.
რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს - ძალადობით გამოწვეული ფიზიკურ ტკივილის განცდას, ეს ფაქტი დაზარალებულის ჩვენების გარეშეც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით. კერძოდ, ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით. მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერვე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ხ------- ხ----–-- უჩიოდა ტკივილებს დაზიანებების მიდამოში. მას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით: თხემის მიდამოში მარჯვნივ, ნიკაპის წინა ზედაპირზე მარცხნივ და კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის არასწორი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო-მოიისფრო თითო სისხლნაჟღენთი, შესაბამისად ზომებით 2.3-1.8სმ; 2.8-1.5სმ; 3.8-0.9სმ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. სასამართლოს დაზიანებების ხასიათი, ზომები და სიმრავლე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებთან ერთობლიობაში, აძლევს იმის საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დაასკვნას დაზიანებების მიყენების შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა.
საქმეზე ასევე არ არსებობს მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი რაიმე გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ------- ც-----–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ვ------- ც-----–-–---–ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის. სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ბრალდებული ნასამართლობის არ მქონე პირია და მის კმაყოფაზეა ორი მცირეწლოვანი შვილი.
დანაშაულების ჩადენის გარემოებების, და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან ხანმოკლე იზოლაციის გარეშე. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით მინიმალური ზომით და მისი რეალური მოხდით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ------- ც-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
ვ------- ც-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 07 ივნისიდან.
ვ------- ც-----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე