გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №221210018002401708
№2-19/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი დ. ქედა
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს
ქედის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი გურამ ლამპარაძე
მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ი“
წარმომადგენელი - თა----- ხი-–--–---–ი
მოპასუხე - ინ---- არ-------ძე
წარმომადგენელი - ადვოკატი ნო-- დუ---ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 600 ლარი, საიდანაც 300 ლარი ძირითადი თანხაა, 50 ლარი სარგებელი, 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმა, 330 ლარი პირგასამტეხლო.
1.2 მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,ემ------------ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი და იურიდიული მომსახურების 42 ლარი.
სარჩელის თანახმად:
2015 წლის 19 ივნისს მოპასუხე ინ---- არ-------ძესა და შპს. „ემ------------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №151442, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაცემული იქნა თანხა 200 ლარის ოდენობით, 2015 წლის 14 ივლისამდე. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 200 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი - 50 ლარი დაებრუნებინა 25 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხისა და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა, რის გამოც მსესხებელს სესხის ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულების 7.5. პუნქტის საფუძველზე - პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5 %-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 330 ლარი. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა წარმოშობილი დავალიანების 600 ლარის (ძირი თანხა - 200 ლარი, სარგებელი - 50 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი და პირგასამტეხლო - 330 ლარი) გადახდა და მოითხოვა მოპასუხეზე აღნიშნული თანხის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ინ---- არ-------ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასსა და შპს ,,ემ------------ს“ შორის არანაირი ონლაინ სესხი არ გაფორმებულა, არანაირი ვალდებულება არ აუღია, არანაირი თანხა არ აქვს გადასახდელი და არანაირი ხელშეკრულება არ დაურღვევია. მისთვის უცნობი იყო სესხის არსებობის შესახებ სარჩელის მიღების დღემდე. სარჩელში წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, რომლის საფუძველზე გაცემულია სესხი მითითებული ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა მას არ ეკუთვნის, იგი ეკუთვნის მის ყოფილ მეუღლეს რამაზ სურმანიძეს, რომელსაც გაცილდა 2015 წლის ივლისის თვეში და არაა გამორიცხული, რომ სესხი მისი გაკეთებულია, რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი მისი პირადი მონაცემები და მას შეეძლო გამოეყენებინა იგი ონლაინ სესხის გამოსატანად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოება საქმეში არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ უშუალოდ მოპასუხე ინ---- არ-------ძესთან დადებული იქნა ონლაინ სესხის ხელშეკრულება და სესხის სახით მას გადასცა 200 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2015 წლის 19 ივნისს მოპასუხე ინ---- არ-------ძეს და შპს ,,ემ------------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული ონლაინ სესხის ხელშეკრულება, რომლის დასადასტურებლად წარმოადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენა მსესხებლის მიერ ხდება ელექტრონულად, ასევე წარმოდგენილი იქნა განაცხადი, სადაც მითითებულია ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხე განმარტავს, რომ ისინი მას არ ეკუთვნის და ეკუთვნის მის ყოფილ მეუღლეს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია მტკიცებულებებით დაადასტუროს, რომ სწორედ მოპასუხე ინ---- არ-------ძესთან დადო სესხის ხელშეკრულება, რადგან მოპასუხე შესაგებელში უარყოფს საერთოდ რაიმე ხელშეკრულების დადებას და მიუთითებს, რომ ხელშეკრულება შესაძლოა მისი პირადი მონაცემების გამოყენებით დადო მისმა ყოფილმა მეუღლემ, რაც მისთვის უცნობი იყო სარჩელის მიღებამდე.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. უფრო მეტიც მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ონლაინ სესხის გამცემი გარკვეულწილად უშვებს რისკის ელემენტს, რომ სესხზე განაცხადის გამკეთებელი და სესხის მიმღები პირი შეიძლება სხვადასხვა იყოს.
მხოლოდ ელექტრონული ხელშეკრულებით ვერ დასტურდება, რომ სწორედ მოპასუხე ინ---- არ-------ძემ წარადგინა განაცხადი სესხზე, ხოლო წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით არ დასტურდება, რომ თანხა 200 ლარი უშუალოდ მიიღო ინ---- არ-------ძემ.
შესაბამისად მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულება, რომ განაცხადი ნამდვილად მოპასუხის მიერ იქნა წარდგენილი და შემდგომში სესხის თანხა მიიღო სწორედ ინ---- არ-------ძემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-13
- შესაგებელი
- ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი)
- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-27)
- განაცხადი (ს.ფ. 28)
- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 35)
ამდენად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის დაკისრების ფარგლებში სესხის ხელშეკრულების უშუალოდ მოპასუხესთან დადების და სესხის თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურება. სასამართლოს მოსაზრებით, საპირისპიროს დადასტურებამდე, იქმნება ვარაუდი იმისა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ არსებობდა და მოსარჩელეს მოპასუხისთვის სესხის სახით თანხა არ გადაუცია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ინ---- არ-------ძეს და შპს ,,ემ------------ს“ შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, მოპასუხეს სესხის სახით გაცემული თანხა არ მიუღია, რის გამოც მოპასუხეს არ ეკისრება მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამ ნორმით დადგენილი სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპის საფუძველზე სამართლის სუბიექტი თავისუფალია გადაწყვიტოს, რა შინაარსის გარიგება დადოს და ვისთან დადოს შეთანხმება.
გარიგება არის კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის მნიშვნელოვანი საფუძველი. იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის განხორცილების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია. გარიგების დეფინიციის აუცილებელი ელემენტია ნების გამოვლენა (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი I, 286 -287 გვ).
ნების გამოვლენა არის სუბიექტის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოვლენა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს არა მარტო კანონით დადგენილი ფორმა, არამედ ნების გამომვლენის თავისუფალი ნება. სახელშეკრულებო თავისუფლებაში იგულისხმება ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა, ასევე თავად გარიგების მხარის მიერ გამოვლენილი ნების შესაბამისობა მის ნამდვილ ნებასთან.
სასამართლო განმარტავს, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეს ედავება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის გადახდის დაკისრებას.
მოპასუხე სარჩელის გამომრიცხავ შესაგებელში უარყოფს მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულების მის მიერ დადებას და თანხის მიღებას. განმარტავს, რომ ხელშეკრულება შესაძლოა მისი პირადი მონაცემების გამოყენებით დადო მისმა ყოფილმა მეუღლემ. განაცხადში მითითებული ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი მას არ ეკუთვნის და ეკუთვნის მის ყოფილ მეუღლეს.
6.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოპასუხე ინ---- არ-------ძეს არ გაუფორმებია მოსარჩელესთან ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელის განმარტების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება, რომ 2015 წლის 19 ივნისს მოპასუხე ინ---- არ-------ძეს და შპს ,,ემ------------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული ონლაინ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინ---- არ-------ძემ მიიღო სესხად 200 ლარი. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება, რომ ვინაიდან სესხზე განაცხადის შევსების დროს მითითებულია მოპასუხის პირადი ნომერი, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სხვა მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა ინ---- არ-------ძის მიერ განაცხადის წარდგენას და სესხის სახით ფულადი თანხის გატანის ფაქტს, მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ინ---- არ-------ძეს შპს ,,ემ------------ის“ მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულება არ გააჩნია, მოპასუხეს ხელშეკრულება არ დაურღვევია, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ვალდებულების წარმოშობის ფაქტი, რის გამოც მოთხოვნა მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ აუნაზღაურდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს. ”ემ------------ი”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ქედის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (დაბა ქედა, ჭავჭავაძის ქ. №5).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქედის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით გელაშვილი