განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2018
საქმის ნომერი
080100118002438106
დავის ტიპი
265 1
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/398-18;

№088160418001

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

შესავალი ნაწილი

 

12 ივნისი 2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვა------ ჭუ---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: კა-- ახ--–---

მამის სახელი: ხუ---

დაბადების თარიღი: 1--- წლის 1-----------

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქ. გალი, სოფელი პი-----–-----–ი;

ფაქტობრივად მცხოვრები:ქ. ზესტაფონი,უზ----- N1------

 

ადვოკატი - ეს-- ნო------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება;

 

სხდომის სახე ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზესტაფონში, დ. უზ----- ქუჩა N1------ში მცხოვრებმა კა-- ახ--–---მ, 2018 წლის გაზაფხულის პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ქოთნებში და სათლში უკანონოდ დათესა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, რასაც პერიოდულად უვლიდა. აღნიშნულის შედეგად, კა-- ახ--–---მ უკანონოდ მოიყვანა 2 ძირი, წონით-18,08 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე-კანაფი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შემცველი 2 ძირი კანაფი ამოღებულ იქნა 2018 წლის 16 აპრილს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ, კა-- ახ--–---ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

კა-- ახ--–---ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგ მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების კა-- ა---–--ს, ვა-–------- გო-----ს, ნი-- კუ----–---–-ს, გო-- ფა--–---–---–-ს, თე---- ახ--–---ს, მა------ ჭე-–---ს გამოკითხვის ოქმები, ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვანა, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე-კანაფი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ კა-- ახ--–---ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კა-- ახ--–---მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კა-- ახ--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე N1/9/701, 722, 725) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

 

საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘, II-84).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კა-- ახ--–---ს მიმართ, სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა, ხოლო ჯარიმის ოდენობა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამასთან, კა-- ახ--–---ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ორი ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, რაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება კანაფს, საერთო წონით 18,08 გრამი და ორი ძირი მომწვანო-მოყავისფრო ნედლი მცენარიდან გამოცალკევებული ნედლი ფოთლები, რაც წარმოადგენს ნედლ მარიხუანას წონით 2,35 გრამი, რაც ინახება იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

კა-- ახ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

კა-- ახ--–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

კა-- ახ--–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:

 

ორი ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე, რაც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება კანაფს, საერთო წონით 18,08 გრამი და ორი ძირი მომწვანო-მოყავისფრო ნედლი მცენარიდან გამოცალკევებული ნედლი ფოთლები, რაც წარმოადგენს ნედლ მარიხუანას წონით 2,35 გრამი, რაც ინახება იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური