განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002440524
საქმე N1-419/18 წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.06.2018 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოლ-----------–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: ფრ-------------ძე
მამის სახელი: ბე–---
დაბადებული: 1--07.1991 წელი
პირადი ნომერი: 0---------5
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არ-------–---------–--ი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი:ადიგენის რაიონი, სოფელი კი-----
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, დი--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075270318001
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 27 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ბათუმში, ფი-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,ტ--------ს’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო N W------, რომელსაც მართავდა გი------ძე, შეეჯახა ,,მ-–----–ის’’ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო N B------, რომელსაც მართავდა ფრ-------------ძე და რომელმაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საგზაო ამკრძალავი ნიშნების 3.1-ის მოთხოვნები. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ,,მ-–----–ის’’ მარკის ავტომანქანის მგზავრმა თი-----------------–-ძემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
2.1 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.2 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №-8---, 23.04.2018 წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლის ფრ-------------ძის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საგზაო ამკრძალავი ნიშნების, 3.1 მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ გი------ძეს საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის სამოძრაო ზოლში გადასული ავტომობილი იმყოფებოდა მოძრაობაში და მის მოქმედებაში ,, საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
2.3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------; 20.04.2018 წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით თი-----------------–-ძე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს უნიმედი აჭარა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 2018 წლის 27 მარტიდან. დაესვა დიაგნოზი: მარცხენა მხარის ძვლის დიაფიზის ქვედა მესამედის დახურული ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.4 სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N ს------, 20.04.2018 წ. დადგენილია, რომ წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული მექანიკური სახის დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის.
წარმოდგენილი ავტომობილების სამუხრუჭე სისტემები გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმები გამოსულია მწყობრიდან მათზე მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
2.5 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულ თი-----------------–-ძის ჩვენება, მოწმე გი------ძის ჩვენება და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფრ-------------ძემ, ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ფრ-------------ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 27 მარტს, ქ. ბათუმში, ფი-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რა დროსაც, თი-----------------–-ძემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული ფრ-------------ძე აღიარებს, ინანიებს ჩადენილს და ითხოვს პატიებას. მისის შემოსავლის წყაროს წარმოგდენდა კერძო ტაქსით მგზავრების გადაყვანა, კმაყოფაზე ყავს მეუღლე - სტუდენტი, თვითონ ფინანსური მდგომარეობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს; ბათუში ცხოვრობს ქირით; დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, მას აუნაზღაურა ზიანი;
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ფრ-------------ძის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ფრ-------------ძეს, უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ფრ-------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა მინიმალური ოდენობით, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით, დამატებითი სასჯელის გარეშე - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:
ავტომანქანა ,,მ-–----–ი’’ სახელმწიფო №B------, რომლიც განთავსებულია შპს „ბ-------------“-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ფრ-------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,მ-–----–ი’’ სახელმწიფო №B------, რომლიც განთავსებულია შპს „ბ-------------“-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს და შპს ,,ბ------------- ის’’ ადმინისტრაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე