გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2018
საქმის ნომერი
340210017002222209
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017002222209

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.06.2018 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლე--–--ლი

მოსარჩელე შპს "ემ----------ტი"

წარმომადგენელი ნ-------------–---–-

მოპასუხე ა---- ბე--–--ლი

წარმომადგენელი ლ---–--------–---–-

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა---- ბე--–--ლს შპს "ემ----------ტის" სასარგებლოდ დაეკისროს 1650.00 ლარის გადახდა, საიდანაც 550 ლარი ძირითადი თანხაა, 110 პროცენტი, 20 ლარი-ერთჯერადი ჯარიმა და 970 ლარი -პირგასამტეხლო .

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 01 ნოემბერს შპს „ემ----------ტს“ და ა---- ბე--–--ლს შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N467654, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო სესხი 550 ლარი 30 დღის ვადით-2016 წლის 1 დეკემბრამდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ელექტრონულად ხდება, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.

 

მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 550 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი-110 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, რაც არ შესრულდა, შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა, 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 970 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სარჩელს ეთანხმება ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო სარგებლის, ერთჯერადი ჯარიმის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელს არ ეთანხმება, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა იგივე პირგამტეხლოა, ხოლო პირგასამტეხლო და პროცენტი შეუსაბამოდ მაღალია .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 01 ნოემბერს შპს „ემ----------ტსა“ და ა---- ბე--–--ლს შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N467654, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო სესხი 550 ლარი 30 დღის ვადით-2016 წლის 1 დეკემბრამდე. სესხის სარგებელი შეადგენს 110 ლარს, სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო – ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 1.5%-ის ოდენობით.

 

3.1.2. მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 1 დეკემბერს. მოპასუხეს შპს "ემ----------ტისათვის" სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა არ დაუბრუნებია.

 

3.1.3. სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხის დავალიანება შპს ,,ემ----------ტის“ მიმართ

1650 ლარი, საიდანაც 550 ლარი ძირითადი თანხაა, 110 ლარი პროცენტი, 20 ლარი-ერთჯერადი ჯარიმა და 970 ლარი -პირგასამტეხლო . პირგასამტეხლო მოთხოვნილია მხოლოდ ვადის გადაცილების 117 დღისათვის და გაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ინტერნეტ ონლაინ სესხის ხელშეკრულება;

-მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განცხადების ფორმა;

-გამსესხებლის მიერ მსესხებლის წარმოდგენილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ შპს ,,ემ----------ტის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 623- 625-ე, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული სწორედ ეს პირები არიან. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 01 ნოემბერს შპს „ემ----------ტსა“ და ა---- ბე--–--ლს შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N467654, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო სესხი 550 ლარი 30 დღის ვადით-2016 წლის 1 დეკემბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ერთჯერადი ჯარიმა, 20 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული კრედიტის თანხა დაეფარა სესხის ხელშეკრულების შესაბამისად.

ამდენად, ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი. მოპასუხე ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა 30 დღის ვადაში- 2016 წლის 01 დეკემბრამდე .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 01 ნოემბერს გაფორმებული ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N467654 მოპასუხის მიერ დარღვეულია, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მ----------ტორის წინაშე სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1650 ლარს, საიდანაც 550 ლარი ძირითადი თანხაა, 110 პროცენტი, 20 ლარი-ერთჯერადი ჯარიმა და 970 ლარი -პირგასამტეხლო . პირგასამტეხლო მოთხოვნილია მხოლოდ ვადის გადაცილების 117 დღისათვის და გაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით .

 

მოპასუხე მხარეს არც წარმოდგენილი შესაგებელით და არც სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში სარჩელი ცნო .

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი, მათ შორის მთლიანად ან ნაწილობრივ.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ამდენად, ძირი თანხის 550 ლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სასყიდლიანია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის სარგებელი შეადგენს 110 ლარს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ემ----------ტი“ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მასზე დარიცხული სარგებლის 110 ლარის დაბრუნება.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ერთჯერადი ჯარიმის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინების სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ერთჯერადი ჯარიმით- 20 ლარის და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1.5%-ის ოდენობით.

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ვადაგადაცილების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლით. პირგასამტეხლო მოთხოვნილია ვადაგადაცილებული პერიოდიდან 117 დღისათვის და არა სრული ვადაგადაცილების დროისათვის.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს. ყოველდღიურად 1.5% პირგასამტეხლო გულისხმობს თვეში 45%-ის დარიცხვას. ამგვარი გაანგარიშებით ყოველდღიურად ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოა 8,25 ლარია, რაც თვეში 247,5 ლარს შეადგენს. ისეთ პირობებში როცა, სესხის თანხა 550 ლარია, ამ ოდენობით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რადგან მოთხოვნილი ვადის გადაცილების პერიოდის მანძილზეც კი, 117 დღეში წარმოშობს სესხის თანხაზე მეტი თანხის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 550 ლარი, სარგებელი 110 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 970 ლარი, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 8,25 ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის დავალიანების და სესხად გაცემული ძირითადი თანხის ოდენობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად მაღალია. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 90 ლარი .

 

ამდენად, მოპასუხის ვალდებულება შეადგენს სესხის ძირითად თანხას 550 ლარს, სარგებელს 110 ლარს, ერთჯერად ჯარიმას- 20 ლარს და პირგასამტეხლოს 90 ლარს, რაც ჯამში შეადგენს 770 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამიტომ მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განაწილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ.

 

რაც შეეხება სასამართლო გარეშე ხარჯებს, მოსარჩელე ითხოვს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯის-42 ლარის ანაზღაურებას. გამომდინარე აღნიშნულიდან მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის - 30 ლარის ანაზღაურება, რაც არ აღემატება დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს .

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „ემ----------ტის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ;

 

1.1. ა---- ბე--–--ლს შპს „ემ----------ტის“ სასარგებლოდ დაეკისროს 770 ლარის გადახდა .

 

2. ა---- ბე--–--ლს შპს „ემ----------ტის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 25 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯების- 30 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი