გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.06.2018
საქმის ნომერი
270310018002247503
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3-18 (270310018002247503)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - თეა მოსიძე

 

მოსარჩელე - სს------–---–----------------------------------–--–-------------------–------------–--ა

წარმომადგენელი - ელ-----------–-ვა

 

მოპასუხე - ონ----–--–---ავა

 

დავის საგანი - ზედმეტად მიღებული თანხის დავრუნების დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ზედმეტად მიღებული თანხის - 60 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნება) დავალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ონ----–--–---ავას შესაგებელი არ წარმოუდგენია, ასევე სასამართლოს სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, იგი სხდომაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ონ----–--–---ავას ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებდა საარსებო შემწეობას. ოჯახის ერთადერთი წევრი იყო ონ----–--–---ავა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-13.12.2017 წელს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

-05.07.2017 წლის №586 მოხსენებითი ბარათი;

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2.2.ონ----–--–---ავამ საზღვარი გადაკვეთა 2016 წლის 14 სექტემბერს და სამ თვეზე მეტია იმყოფება საზღვარგარეთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-05.07.2017 წლის №586 მოხსენებითი ბარათი;

-2017 წლის 20 იანვრის №04/3250 წერილით.

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 19.07.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2.3.ონ----–--–---ავას ოჯახს 2016 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით აღებული აქვს ერთ წევრზე ზედმეტად 180 ლარი, აქედან 2 თვის თანხა ლეგალიზებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში დასაბრუნებელია მხოლოდ ერთი თვის დეკემბრის თანხა 60 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-10.01.2017 წლის N04/1155 წერილი;

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2.4.ონ----–--–---ავას მოსარჩელისაგან გაეგზავნა შეტყობინებები ნებაყოფილობით დარჩენილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, თუმცა მის მიერ ვალდებულება შეუსრულებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-შეტყობინებები;

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს------–---–----------------------------------–--–-------------------–------------–--ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე და 394-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო 2016 წლის ოქტომბრის თვიდან იმავე წლის დეკემბრის თვის ჩათვლით ოჯახის ერთ წევრზე საარსებო შემწეობის თანხა 180 ლარი, საიდანაც მას კანონით არ ეკუთვნოდა ერთი თვის თანხა, რადგან სამ თვეზე მეტი ვადით გასული იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა), ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რაც მოპასუხეს თავისი ოჯახის წევრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გამგზავრების შესახებ არ უცნობებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარმოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა - 60 ლარი, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა სოციალურ დახმარებად (საარსებო შემწეობად).

 

შესაბამისად, ცალსახაა, რომ ონ----–--–---ავას ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.

 

6.2.1.ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისას, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არა აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან კანონდარღვევით მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა - 60 ლარი, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირის არსებობა სახეზეა. განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილებების შესაბამისად, მოეხდინა სოციალური დახმარების ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მოპასუხის ოჯახის წევრის საქართველოს ფარგლებს სამ თვეზე მეტი ვადით გასვლამ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა. მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 60 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ონ----–--–---ავას უნდა დაეკისროს 60 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, ონ----–--–---ავა უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს------–---–----------------------------------–--–-------------------–------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე ონ----–--–---ავას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის – 60 ლარის ანაზღაურება;

 

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი - ქ. წალენჯიხა, თამარ მეფის ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა