განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2018
საქმის ნომერი
010100116001446111
დავის ტიპი
157 , 115
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001446111

საქმე N1-761/16წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14.06.2018 წელი ქ . ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ლე-------------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გუ-----------–-ძე

მამის სახელი: მი----–ი

დაბადებული: 2-.08.1957 წელი

პირადი ნომერი: 6---------8

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ზე-----------–-----------

 

ადვოკატი - რა--------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, ჩადენილი მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით; პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ შენეხვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია )

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171150416002

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების თანახმად :

 

1.1. 2016 წლის 09 მარტს, გუ-----------–-ძემ სა-–---- დი-------ს პირადი ცხოვრების ამსახველი, ინტიმური შინაარსის, სახელგამტეხი და რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის მატარებელი აუდიოჩანაწერი, სუ-–----------–--ის მეშვეობით გადასცა სა-–---- დი-------ს მშობლებს, რითაც სასტიკად მოეპყრო დაზარალებულს. სა-–---- დი-------ს მშობლებმა ამ უკანსაკნელთან ერთად მოუსმინეს დისკზე განთავსებულ ჩანაწერს, რომელიც სა-–---- დი------ეს მნიშვნელოვნად უტეხდა სახელს და ლახავდა მის რეპუტაციას.

აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს შეექმნა მძიმე ფსიქოტრავმული სიტუაცია, რის გამოც სა-–---- დი------ემ სცადა ზღვაში შესვლა და თავის მოკვლა.

 

1.2 გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გუ-–-----------ემ გუ-----------–-ძეს გადასცა თავისი კუთვნილი ASUS-ის ფირმის მობილური ტელეფონი, სადაც ჩაწერილი იყო სა-–---- დი-------ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერი.

 

2016 წლის მარტის დასაწყისში, გუ-----------–-ძემ მოახდინა აღნიშნული მობილური ტელეფონიდან სა-–---- დი-------ს პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიოჩანაწერის ე.წ ,,CD’’ დისკებზე განთავსება, რომელიც უკანონოდ შეინახა და ამავე წლის 09 მარტს გადასცა მოქალაქე სუ-–----------–--ეს ჩანაწერის მოსმენისა და სა-–---- დი-------ს მშობლებისათვის გადაცემის მიზნით, რითაც მოახდინა სა-–---- დი-------ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელება, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი, ასევე შეულახა ღირსება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.3 2016 წლის მარტის დასაწყისში, გუ-----------–-ძემ მოახდინა მობილური ტელეფონიდან სა-–---- დი-------ს პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიოჩანაწერის ე.წ ,,CD’’ დისკებზე განთავსება, რომელიც უკანონოდ შეინახა და ამავე წლის 09 მარტს გადასცა მოქალაქე სუ-–----------–--ეს ჩანაწერის მოსმენისა და სა-–---- დი-------ს მშობლებისათვის გადაცემის მიზნით, რითაც მოახდინა სა-–---- დი-------ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელება, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი, ასევე შეულახა ღირსება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში, კერძოდ გუ-----------–-ძის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, იმავე მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა გუ-----------–-ძემ საქმის განხილვისას თავი არ ცნო დამნაშავედ;

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათების თანახმად გამოძიება დაიწყო 2016 წლის 15 აპრილს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, ხოლო შემდეგ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

თავდაპირველად 2016 წლის 12 თებერვალს მიმართა განცხადებით სა-–---- დი------ემ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას მის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, რის გამოც 2016 წლის 15 აპრილს გამოძიება დაიწყო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით;

 

სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიდან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები;

 

დაზარალებულმა სა-–---- დი------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მასთან მეზობლად მცხოვრები მა---ა ცეცხლაძე (მი----- მა----–--ის და) პირდებოდა მისი ბიძაშვილის გაცნობას; ერთ დღესაც როცა დაუძახა მასთან გააცნო მისი ძმა მი-----ი, მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია, მა---ამ ფრჩხილების გასაკეთებლად მიიყვანა და დაიწყო კეთება; ადრე, რომ ეუბნებოდა ბიძაშვილზე, აღმოჩნდა მისი ძმა, გაუბრაზდა, რომ მოატყუა, - ეუბნებოდა ის მისი ბიძაშვილი იყო ახლა კი უთხრა რომ თურმე ძმა ყოფილა მისი, თავიდანაც შეიძლებოდა ეთქვა; შემდეგ ჰქონდა ურთიერთობა, მასთანაც მიდიოდა ოჯახში, თვითონაც ჩადიოდა. ყოველ დილით უკავშირდებოდა, კითხულობდა ამბავს, თუ სადმე წავიდოდა, ეკითხებოდა, თუ რა პერიოდი იქნებოდა წასული და ხომ არ დააგვიანებდა; მა---ა მა----–--ემ კარგად იცოდა მისი ოჯახის შესახებ; გარკვეული პერიოდი წერდა და ეკონტაქტებოდა მი----- მა----–--ეს, შემდეგ გამოუტყდა სიყვარულში და უთხრა, რომ სურვილი ჰქონდა მისი ცოლად შერთვის; დათანხმდა, რადგან მისი პირველი სიყვარული იყო; არ ეგონა, თუ ასე მოექცეოდა და ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებდა, რასაც არ იმსახურებდა. აღნიშნულს არ იმსახურებდნენ მისი მშობლებიც; ბოლო პერიოდში აფთიაქში მუშაობდა და იქ აკითხავდა, ელოდებოდა. გადაწყვიტა, რომ შეთანხმებით გაყოლოდა, მან ღამით როცა დაასრულა მუშაობა, წავიდნენ მისივე მანქანით, საჭესთან მი-----ი დაჯდა; მისთვის უცნობს დაურეკა, რომ ცოლი მანქანასთან ერთად მოყავდა; სასტუმრო „მარინაში“ მივიდნენ და იმ დროს დაუკავშირდა მი-----ი მაყვალას და უთხრა, რომ მასზე არ ენერვიულათ, იყვნენ ერთად; თუმცა მაყვალასთან დაკავშირების საშუალება თვითონ მას არ მისცა; ერთად დაწვნენ, იყო აღელვებული და ცუდად გახდა, მი-----მა გაუწია მზრუნველობა, სასტუმროს ნომრიდან გამოვიდნენ და წავიდნენ, რომ რაღაც ეჭამათ; როცა გავიდნენ მანქანით მათთან მივიდა ვიღაც პიროვნება და ესაუბრა მი-----ს, მი-----ს არ უთქვამს მისთვის რაიმე, დაამშვიდა პირიქით, რომ არ ენერვიულა და არაფერი არ ხდებოდა; ისევ დაბრუნდნენ ნომერში და ისევ დაწვნენ ერთად; შემდეგ მოვიდნენ მისი ახლობლები, მი----- მა----–--ე ეუბნებოდა, რომ არ წაყოლოდა მათ და გული არ ეტკინა მისთვის, ემუდარებოდა და ეხვეწებოდა; მან, რადგანაც პირველი სიყვარული იყო იფიქრა, რომ გულს არ ატკენდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მიაყენეს შეურაცხყოფა. დედამისს არ გაყვა, იმიტომ რომ უკვე დაწვა მი-----თან და აზრი აღარ ჰქონდა; ახლა ნანობს, რომ არ დაუჯერა დედას და დარჩა; მისი ახლობლები რომ წავიდნენ უთხრა, რომ ქალიშვილი არ იყო, რ ათქმა უნდა არ დაეთანხმა, მაგრამ ის მაინც თავისას ამბობდა; შეკამათების დროს მი----- მა----–--ემ დაურეკა მის ბიცოლას, რომ ქალიშვილი არ არისო; როცა სასტუმროს ნომერში მივიდნენ და დაადგნენ თავზე, სა-–----მ სცადა ადგომა და ხელი უბიძგა, ეუბნებოდნენ ფაქტზე უნდა დაეკავებინათ, რომ ქალიშვილი არ იყო და მისი ოჯახის წევრებისთვის ეთქვათ. სურდა ოთახიდან გამოქცევა, რადგან არ უნდოდა იმ ადამიანთან ყოფნა, რომელიც ელემენტარულად ქალის ღირსი არ იყო; სასტუმროში მივიდა მა---ა ცეცხლაძე, მი-----ის და, გუ-–-----------ე, მი----- მა----–--ის დედა, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს; ეუბნებოდნენ რომ რაღაცა ეთქვა და დატოვებდნენ მი-----თან, სხვა შემთხვევაში გაუშვებდნენ; სა-–---- განადგურებული იყო და არ იცოდა რა ექნა და გადაწყვიტა მათივე ნათქვამი მას ეთქვა, მი-----ის ბიცოლა გუ-–-----------ძე თმებში წვდა და მეორე ხელებით იწევდა, მესამე ეუბნებოდა თქვიო, მასაც მეტი გზა აღარ ჰქონდა, რადგან არ იცოდა რა ექნა იმიტომ, რომ ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში იყო ეგონა ცხოვრება დამთავრდა. ეს ჩანაწერი არ იცის როდის გააკეთეს, რადგან ბევრჯერ იმეორებდა, იმათ უთხრეს რომ ბევრჯერ გაემეორებინა და მათივე მითითებით ეთქვა; 4 საათი იყო სასტუმროდან რომ წავიდნენ და ჩააცვეს და წაიყვანეს; წავიდნენ ბიცოლასთან, გუ-–-----------ესთან, მან უთხრა, რომ, როგორც სასტუმროში, ისე დაეწერა სიტყვა-სიტყვით; გულისხმობდა პირველ წერილს, რომელიც მი-----ის დაჟინებული თხოვნით დაწერა, რომ ნებით მიყვებოდა; მი----- მა----–--ეს ამ დროს დაურეკეს ტელეფონზე, რომ დააწერინეო, ისიც უკარნახეს, როგორ უნდა დაეწერა. ცალკე ოთახში მი----- მა----–--ე ეუბნებოდა, რომ თანხა ჰქონდა და ცალკე ეცხოვრათ და სხვადასხვა დაპირებებს იძლეოდა;

 

გუ-–-----------ემ, მა---ა ცეცხლაძემ, ნანული და მი----- მა----–--ემ მასზე ზეწოლა მოახდინეს, რომ ეთქვა, რომ ნამდვილად ასე იყო და მოხდა; ტიროდა და თხოვდა, რომ თავი დაენებებინათ, იმ ჩანაწერში ჩანს, რომ ამბობს - იყო ქალიშვილი; მი----- მა----–--ე ეუბნებოდა, რომ ეთქვა ირ---–- დი------ესთან ჰქონდა რომანი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია; უნდოდათ, რომ ზეწოლა მოეხდინათ. ასევე ეუბნებოდნენ, რომ მის მამას საცხოვრებელი ბინები ჰქონდა და ერთი ბინა მი----- მა----–--ეზე გადაეფორმებინა და მეორე მისთვის მიეცა; შემდეგ დაურეკეს დედამისს რომ თითქოს ქალიშვილი არ იყო და ამის მტკიცებულება თან ჰქონდათ. მისი დედა, რომ მოვიდა, თავაზობდნენ მოლაპარაკებას, რაც დედის გაკვირვებას იწვევდა, - რადგან არაფერი ჰქონდა მოსალაპარაკებელი; უთხრეს, რომ თითქოცა მან განაცხადა, რომ ქორწილში იყო და იქ საპირფარეშოში მასთან ვიღაცა მივიდა და გააუპატიურა და მისი სახელი გვარი არ იცოდა. არადა ასეთი შემთხვევას არასდროს ადგილი არ ჰქონია, ის ქორწილში თუ მიდიოდა დედამისი მის გვერდით იყო სულ და არ ტოვებდა მარტო, ისიც არ რჩებოდა დედამისის გარეშე, თუ მისი მეგობრები ეტყოდნენ, რომ გადასულიყო ის არ გადადიოდა, რადგან ძალიან მიჯაჭვული იყო დედაზე. საპირფარეშოშიც დედის გარეშე არც ჩავიდოდა; როცა მათგან წამოვიდა, გუ-–-----------ძემ მიაძახა, რომ ჩანაწერი ჰქონდა. ის იმ დროს ძალიან ცუდად იყო, განადგურებული იყო; იქედან წამოსული დედამისმა ექსპერტიზაზე წაიყვანა, მათაც თხოვეს, რომელიმე მათგანი გამოყოლოდა და გაეგოთ სიმართლე; მან უთხრა მი----- მა----–--ეს, რომ მუცელი სტკიოდა და გამონადენიც ჰქონდა, მაგრამ მი-----მა არ მიაქცია ყურადღება. სახლში, რომ მივიდნენ დააინტერესა რა ჩანაწერი იყო, დედამისს სთხოვდა, რომ მოესმინა, მაგრამ ის არ ასმენინებდა, რადგან არ უნდოდა რომ სა-–----ს მოესმინა. ჩანაწერს, რომ მოუსმინა დედამისს თავს აჩვენებდა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად იყო და ხალისი ჰქონდა, მაგრამ დედამისი რომ გადიოდა ოთახიდან უნდოდა, რომ თავი მოეკლა, მაგრამ დედა არ აძლევდა საშუალებას რომ ცუდად ყოფილიყო, ოთხი დღე ფიზიკურად ოთახში იყო, ტიროდა და ფიქრობდა რატომ დაემართა ასე, ამას არ იმსახურებდა, დედა ეხვეწებოდა ტელეფონს შეუტანდა, ნოუთბუქს შეუტანდა, შევიდოდა დაელაპარაკებოდა, რომ იმაზე არ ეფიქრა და კარგად ყოფილიყო. ისინი კი - მი-----ის ახლობლები პირიქით ემუქრებოდნენ, თავად კი არაფერს ეუბნებოდნენ; ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის ქალიშვილი იყო. იქ ამჟამად დაოჯახებულია, თუმცა მაინც არ ისვენებდნენ და დაოჯახების შემდეგაც ემუქრებოდნენ, არ იცის რა განზრახვა აქვთ; სურვილი აქვს, რომ კანონით დაისაჯონ ის ადამიანები ვინც შეურაცხყოფა და ზიანი მიაყენა მის ოჯახს. ის გაიზარდა პატიოსან და წესიერ ოჯახში ჰყავს, არც თვითონ იყო ცუდი იყოს. ის უბრალოდ არსად არ გადიოდა, დედამისზე იყო მიჯაჭვული. სახლში რომ არ ყოფილიყო ბოლო პერიოდში სამსახური დაიწყო სააფთიაქო ქსელში ,,იმპექსი’’, - სტაჟიორად მუშაობდა;

მას და მი----- მა----–--ეს სქესობრივი კავშირი ჰქონდათ სამჯერ. როდესაც მი-----მა უთხრა ქალიშვილი არ ხარო, რაზეც შეეკამათა, იმ დროს მივიდნენ მი-----ის ნათესავები, თვითონ ძალიან ცუდად იყო, მათ უთხრეს, რომ ეთქვა თითქოს ქალიშვილი არ იყო და მოეფიქრებინა რაღაცა, მათ მოიფიქრეს და თავად კარნახობდნენ, მაგრამ ამას თუ იწერდნენ არ იცოდა; მათი ნათქვამი გაიმეორა, რადგან გუ-–-----------ე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, მეორე კი მისკენ იწევდა ხელებით; ზეწოლას ახდენდნენ. ათქმევინეს, რომ თითქოს ქორწილში იყო მთვრალი, სადღაც საპირფარეშოში ჩავიდა, იქ ვიღაცა მივიდა და უკან გააუპატიურა, მაგრამ მისი სახელი და გვარი არ ახსოვს. მათ ასევე უთხრეს, რომ მასე ერთი მათი ახლობელიც არ იყო ქალიშვილი, მაგრამ არ დააშორეს; რამდენიმეჯერ გაამეორებინეს, ერთი და იგივე სასტუმროშიც და შემდეგ გუ-–-----------ესთან. დისკის ჩანაწერს რაც შეეხება, იქ მი----- მა----–--ე, გუ-–-----------ე და მა---ა ცეცხლაძე ისხდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეთქვა ირ---–- დი------ესთან კავშირზე და ურთიერთობაზე; ბოლოს ტიროდა რომ თავი დაენებებინათ და ის ქალიშვილი იყო, მაგრამ მაინც ზეწოლას აგრძელებდნენ. ეს ამბავი მოყვა იმიტომ, რომ იძულებული გახადეს, უყვიროდნენ რომ ეთქვა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და თქვა, არ იცოდა რა ექნა. ეს ზეწოლა ემსახურებოდა იმას, რომ ალბათ მათ იფიქრეს გაუშვებდნენ და ამის დამადასტურებელი უნდა ჰქონოდათ რაიმე;

 

თავის მოკვლა უნდოდა იმიტომ, რომ იგი მართალი იყო და ის ჩანაწერი, რომელიც გააკეთეს იძულებით ალაპარაკეს, განადგურებული იყო, რომ ასეთი რაღაცა რატომ გაუკეთეს და მან წერილიც დატოვა სახლში, მაგრამ დედამისი არ აძლევდა ცუდად ყოფნის საშუალებას, ის აჩვენებდა დედამისს რომ კარგად იყო, რამოდენიმეჯერ დაწერა წერილი, მაგრამ დედამისის ხმას, რომ გაიგონებდა, წერილს ინახავდა საწოლის ქვეშ, რომ არ მიმხვდარიყვნენ მის განზრახვას; როცა ისეთი დრო ნახა, რომ დედა იყო სახლიდან გასული, წავიდა თავის მოსაკლავად. იყო ძალიან ცუდად, წყალში შედიოდა და ჯუმბერიმ და მამუკა ნიჟარაძემ გადაარჩინეს, წყლიდან ამოიყვანეს, მას აღარ უნდოდა სიცოცხლე, საკუთარ თავს ვერ აპატია, ადამიანი უყვარდა, ენდო და ასე მოექცა. არა მარტო მას, - მის ოჯახსაც დიდი ზიანი მიაყენეს, არ იმსახურებდნენ ამას.

 

9 მარტი იყო, როდესაც თავის მოკვლა სცადა, მაგრამ საათი არ იცის. დედა სულ სახლში, რომ იყო ამიტომ ვერ მოახერხა იმ დრომდე; შეეძლო თავიც ჩამოეხრჩო. არ უნდოდა, რომ მიმხვდარიყო დედამისი მის სურვილს; დრო, რომ იხელთა და დედა სახლში არ იყო, მაშინ გადაწყვიტა თავის მოკვლა. მამამისი სულ ამშვიდებდა, რომ ეს არაფერი არ იყო და მთავარი მის კარგად ყოფნა იყო და სულ ამშვიდებდა. როცა გუ-–-----------ე ამბობდა კიბეზე, რომ ჩანაწერი ჰქონდა ის დაინტერესდა რა ჩანაწერი იყო ეს, დედამისი არ ასმენინებდა ამ ჩანაწერს, რომ ინერვიულებდა და ცუდად გახდებოდა, მაგრამ დაპირდა რომ არ ინერვიულებდა და მან მოუსმინა ჩანაწერს ოჯახის წევრებთან ერთად. როცა მოუსმინა დისკს ამის შემდეგ გადაწყვიტა თავის მოკვლა, უნდოდა რომ მარტო დარჩენილიყო და მოეკლა თავი. წაყვანიდან იმ დღემდე - 9 მარტამდე მას მი----- მა----–--ესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. როცა დაოჯახდა მი----- მა----–--ე მივიდა ეზოში დედამისს მიაყენა შეურაცხყოფა, ემუქრებოდა მოკვლით, თავად მასთანაც მიდიოდა მუქარის შემცველი შეტყობინებები, ზარიც შედიოდა, მაგრამ არ პასუხობდა. მან წასვლის წინ წერილი დაწერა იმ შინაარსით, რომ მი----- მა----–--ისგან მიიღო დიდი ზიანი, შეურაცხყოფა, ის მართალი იყო და ამის გამო გადაწყვიტა თავის მოკვლა.

 

ჩანაწერში არის ცრუ ინფორმაცია, იმ ჩანაწერს კავშირი არ აქვს მის პირად ცხოვრებასთან, რადგან ასეთი რამე არ მომხდარა. ის ჩანაწერი, რომელიც მისი სიტყვებით არის სიცრუეა; იმ საღამოდან, როდესაც მი----- მა----–--ესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა და მოხდა ეს ინციდენტი, - ცდილობდა თავის მოკვლას, მაგრამ ამის საშუალებას დედა არ აძლევდა. იმ საღამოს შემდგომ მას ერთხელ ჰქონდა კიდე თავის მოკვლის მცდელობა. ის იმ დღიდან მოყოლებული იყო დეპრესიაში. პოლიციაში პირველ განყოფილებაში, როცა მივიდა ცუდად იყო, მაგრამ მივიდა, რომ დაემტკიცებინა სიმართლე. როცა სასტუმროდან წამოვიდნენ 10 თებერვალს გუ-–-----------ემ იმ დროს მიაძახა, რომ ჰქონდა ჩანაწერი, არ იცოდა, რომ მის საუბარს იწერდნენ. ირ---–- დი------ე არის მისი ბიძაშვილი, ის იმ მომენტში იყო დაბნეული და არ იცოდა რას აკეთებდა და რას ამბობდა; მი-----მა სასტუმროში უთხრა ერთი ბინა მისთვის გადაეფორმებინა;. ბინას ის მის შემდეგ თხოვდა, როცა სქესობრივი კავშირი დაამყარა სა-–----სთან და უთხრა რომ არ იყო ქალიშვილი. პოლიციაში მან ყველაფერი თქვა, აჩვენა, რომ მი----- მა----–--ე, მა---ა ცეცხლაძე და გუ-–-----------ე მას ემუქრებოდნენ. არ იცის დისკი ჩანაწერით საიდან მიიტანეს მის სახლში (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 19.06.2017 წ 13:49 სთ - 14:53 სთ).

 

ქე----------–------იამ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ბრალდებულის შვილი მი----- მა----–--ე ცხოვრობდა მათ სადარბაზოში რამოდენიმე წელი, ზუსტად არ ახსოვს და აქედან იცნობს. დაზარალებული არის მისი შვილი. მეზობლების საშუალებით მისმა შვილმა გაიცნო ბრალდებულის შვილი, უკავშირდებოდა ხშირად, ეპატიჟებოდა ყავაზე. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა. ერთხელ მისმა ქალიშვილმა მოიტანა ვერცხლის ნივთები და უთხრა, რომ უყვარდა მი-----ი და ჰქონდათ ურთიერთობა. არ უსაყვედურა, თუმცა დაუშალა ურთიერთობა, მაინც აგრძელებდა ალბათ 4-5 თვე. ეს შემთხვევა მოხდა 10 თებერვალს; მა---ა, მი-----ის და, ხშირად უკავშირდებოდა და მასაც აფრთხილებდა დაენებებინა თავი მისი შვილისთვის; იმ დღეს არ იყო სახლში თვითონ, სა-–---- კი მუშაობდა აფთიაქში და იქ უნდა გასულიყო ოთხიდან ხუთ საათამდე. სახლში, რომ მივიდა სა-–---- არ დახვდა, იგი მანქანით დადიოდა, ღამის 2-:00 საათის შემდეგ ელოდებოდა როგორც ყოველთვის; მეზობლისგან შეიტყო, ეცადა და ვერ დაუკავშირდა სა-–----ს, ტელეფონი გათიშული იყო; გულშიც კი არ გავლია, რომ ეს ამბავი მოხდებოდა. მეზობელმა უთხრა, რომ მგონი მა---ას ძმას ჰყავდა წაყვანილი სა-–----. ის მათ დახმარებას სთხოვდა ბავშვის მოძებნაში. მეუღლე ამ დროს სახლში არ ყავდა, დაურეკა ახლობლებს და მათაც სთხოვა დახმარება მოძებნაში. გამოვიდნენ მეზობლები, ნათესავებიც მივიდნენ, მა---აც გვერდით ეზოში ცხოვრობდა ჯავახიშვილზე და ისიც იქ იყო, მასაც თხოვდა რომ ენახა, მაგრამ ის ირონიულად დაცინოდა და პირიქით შეურაცხყოფას აყენებდა; იქნებოდა სადღაც 03 საათი. სასტუმრო ,,მ-------თან’’ რომ მივიდნენ მანქანაც იქ იყო და ირონიული სიცილი დაუწყეს, რომ აი შენი შვილი მანქანით თვითონ არის მოსული აქო. შევიდნენ შიგნით, სა-–----ს სულ სხვა რაღაც ეცვა კურტკა ჰქონდა მოხვეული ზემოდან, სურვილი ჰქონდა უკან წამოეყვანა, მაგრამ მისი შვილი პასუხი იყო, რომ ვერ წაყვებოდა, რადგან აზრი არ ჰქონდა, ბიჭიც გადაეფარა, რომ ეს უკვე მისი ცოლი იყო და ვერ გაატანდა. მეუღლეც იგივეს თხოვდა უკავშირდებოდა მისი ბიჭიც, რომელიც თბილისიდან მოდიოდა; მის ოჯახის წევრების სურვილიც სა-–----ს წაყვანა იყო; თავად მა---ა ყვიროდა, რომ ასეთი გოგო უკვე სახლში რაღად უნდოდათ; მი-----მა მოკიდა ხელი სა-–----ს, შეიყვანა ოთახში და გადაკეტა კარები. რახან ვერ მოახერხა წამოყვანა და სა-–----ც თანახმა არ იყო, წამოვიდა დილით დაუკავშირდა უცხო ნომრით მი-----ის ბიცოლა აღმოჩნდა და იწვევდა მასთან, რომ სა-–----მ აღიარა ყველაფერი და მოელაპარაკათ; მივიდა ბიჭთან და ახლობლებთან ერთად; მითითებულ მისამართზე დილით, კერძო სახლის მეორე სართულზე დახვდათ დაახლოებით 12-15 ადამიანი, მათ უთხრეს რომ დამსხდარიყვნენ და მოელაპარაკათ. მათ გაუკვირდათ, რა ჰქონდათ მოსალაპარაკებელი და შვილი ეჩვენებინათ. როცა ოთახში შევიდა იქ სა-–---- და ბიცოლა იყო; ბიცოლამ უთხრა, რომ თითქოს სა-–----მ აღიარა ყველაფერი, ის ქალიშვილი არ ყოფილა და მი-----თან ურთიერთობამდე, სხვასთან ჰქონდა ურთიერთობა. სა-–----მ უთხრა, რომ მეტი გზა არ ჰქონდა და ასე უნდა ეთქვა, ამის შემდეგ სა-–---- გამოიყვანა გარეთ; სა-–----ს კიდე არ უნდოდა წასვლა და არ მიყვებოდა, ეუბნებოდა რომ ტყუილი იყო და უკვე რადგან მი-----თან ურთიერთობა ჰქონდა არ ღირდა უკან წასვლა; სა-–---- მაინც წამოიყვანა და იქედან წამოსულმა პირდაპირ სამხარაულის ექსპერტიზაზე მიიყვანა სა-–----. ექსპერტმა სიმართლე დაადასტურა; დადგინდა, რომ სა-–----ს ტყუილა დააბრალეს; ბავშვი იქედან რომ წამოიყვანა შოკირებული იყო, სულ ეძინა და არ საუბრობდა. ამის შემდეგ ჩავარდა ბავშვი დეპრესიაში, არ ლაპარაკობდა, იწვა სულ, ტიროდა, ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა ამ ყველაფერს. როცა ბიჭის ბიცოლას სახლიდან გამოდიოდნენ მაშინ ბიცოლამ უთხრა მათ, რომ ჩანაწერი ჰქონდათ ტელეფონზე მათ და ირ---–- დი-------სთვის ეკითხათ, მან ყველაფერი იცოდა. რამოდენიმე ხნის გასვლის შემდეგ სა-–---- თითქოს დამშვიდდა, ეზოშიც გაყავდა და ასეირნებდა, ეუბნებოდა რომ დამშვიდებულიყო და ცხოვრება გრძელდებოდა. ის დღეები იყო მათთვის საშინელება. ბავშვი ამბობდა იმ დისკის შესახებ, რომ რაღაც ჰქონდა ნალაპარაკევი, აძალებდნენ რომ ეთქვა. ფიქრობს, რომ მი-----ს საერთოდ არ უყვარდა მისი შვილი, ქონება უფრო უნდოდა მათი, თორემ ექსპერტიზაზეც წაყვებოდა. მოგვიანებით გაიგეს ამ დისკის შესახებ, მისმა მეუღლემ მიიტანა სახლში, მასაც აინტერესებდა დაზუსტებით რა ჰქონდა ნათქვამი, ბავშვი ამბობდა, რომ აღარ ინერვიულებდა, ამიტომ მოუსმინეს ერთად. იმ საღამოს მისი მეუღლე მიდიოდა თურქეთში, მანქანა ჰყავდა დატოვებული საბაჟოზე, ამიტომ მან წაიყვანა იგი მანქანით, სა-–----ს არ ტოვებდა სახლში მარტოს, ხან მეზობლებს უტოვებდა. მაგრამ უკვე კარგად რომ იყო, იფიქრა არაფერი არ უჭირს და წასვლისას მეზობელს უთხრა, რომ მიდიოდა თვითონ და შეეხედათ სა-–----სთვის. დატოვეს და თვითონ და თავისი მეუღლე გავიდნენ სახლიდან, საბაჟოზე მიიყვანა და მოტრიალდა უკან, ბავშვისთვის ფული ჰქონდა გადასარიცხი თბილისში ბიჭისთვის, 5 საათი სრულდებოდა იფიქრა გადარიცხვას მოასწრებდა და შევიდა ,,ვითიბი’’ ბანკში, საიდანაც გადარიცხა ფული. შემდეგ წამოვიდა სახლში, გზაზე შეხვდა თავისი ძმაც, სახლში მისვლის დროს მანქანა გააჩერა სადარბაზოსთან, ბინის კარები ღია დახვდა, შესასვლელში ენთო შუქი და დაუძახა სა-–----ს, ხმა რომ არავინ არ გასცა გვერდით, შესასვლელში მაგიდაზე დაინახა თეთრი ქაღალდი. ეს იყო წერილი იწყებოდა სიტყვებით, „დედი მიყვარხარ..., შემდეგ არ იცის ბოლომდე არ ჩაუკითხია ეს ფურცელი, ეს იყო საშინელი წამები, არ იცის რა გააკეთა. გამოვიდა გარეთ და მეზობლებთან დაიწყო თავდაპირველად ძებნა, ეზოშიც ვერ დაინახა; ყვიროდა, ეგონა, რომ ცოცხალს ვეღარ ნახავდა. ადრე სა-–----ს ჰქონდა ნათქვამი, რომ წყალში წავიდოდა, გორგილაძის ქუჩაზე ბინა აქვთ და იქედან დადიოდნენ ზღვაზე; დაუწყეს ძებნა; დაახლოებით 1 საათის თუ საათნახევრის შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ სა-–---- ნახეს, სა-–---- ამ დროს თურმე ზღვაში ყოფილა შესული, უაზროდ წასულა და ის წყლიდან გამოუყვანიათ; მეზობელს - ჯუმბერ დი------ეს დაუნახავს ზღვისკენ მიმავალი და იმ მხარეს ეძებდნენ; წყლიდან მამუკა ნიჟარაძემ და ჯუმბერი დი------ემ ამოიყვანეს, იქ სხვებიც ყოფილან. ჩანაწერს მოუსმინეს თვითონ, ტა-----–მა და სა-–----მ სახლში. როცა ამ დისკს მოუსმინა პირველად შოკში ჩავარდა, დაწყნარების შემდეგ მეორედ, მესამედ, მეოთხედ მოუსმინა. ამ დისკში იყო საუბარი თითქოს მისი ქალიშვილი იყო ქორწილში, ჩავიდა საპირფარეშოში, სადაც შევიდა უცნობი პიროვნება და მათ ჰქონდათ კავშირი, ისე რომ არ დაუნახავს, არც მისი სახელი იცის და არც გვარი. წერილში ეწერა სა-–----ს, რომ თავს გრძნობდა დამცირებულად, შემთხვევამდე რრამოდენიმე დღის წინ კიდევ მისი მეუღლე მეზობელთან იყო ჩასული, ისინი გამოვიდნენ სადარბაზოში, და დაუწყეს ტა-----–ს ლანძღვა, რომ თითქოს მისი შვილი იყო „ნათრევი“, ეს სა-–----მაც გაიგონა და შეურაცხყოფილი იყო ამ ყველაფრიდან; ალბათ ამიტომ გამოუტანა მის თავს ეს გადაწყვეტილება; აქაურობას გაარიდა და ცოტა ხნით თბილისში წაიყვანა, რომ დაემშვიდებინა; დღეს მის შვილს ჰყავს საუკეთესო მეუღლე, თუმცა კვლავ აგრძელებენ მუქარას და თავს არ ანებებენ ;

მის მეუღლეს ზემოთხსენებული დისკი მისცა სუ-–----------–--ემ, სუ-–----------–--ეს კი გუ-----------–-ძემ მისცა. რამოდენიმე თვე ყოფილა ჩანაწერი ტელეფონზე და შემდეგ ის გადაიტანა დისკზე და გავრცელა ალბათ. კიბეებზე რომ ჩამოდიოდნენ მეორე დღესვე ის ქალი, მი----- მა----–--ის ბიცოლა, ყვიროდა, რომ ჩანაწერი ჰქონდა ტელეფონში, მისი შვილის აღიარება და ვინ არის ირ---–-, ჰკითხეთ ირ---–-ს მან იცის ყველაფერიო. სა-–---- ამბობდა, რომ არ იყო დამნაშავე, არ გაუკეთებია ეს და აბრალებდნენ, მაგრამ ვერანაირად ვერ იმართლებდა თავს, რადგან ეს ჩანაწერიც იყო უკვე გავრცელებული.

ირ---–- დი------ე, რომელსაც სა-–---- ამბობდა მისი ბიძაშვილია, მეორე ირ---–- დი------ე მეზობელია და მესამე ირ---–- დი------ე კი ნათესავია. როცა სასტუმროში მივიდნენ სა-–----მ მას უთხრა, რომ უკვე იწვნენ ერთად. ტელეფონში ჩანაწერის შესახებ ბიჭის ბიცოლამ უთხრა, იმ ქალს გულნაზი ჰქვია, ის ჩანაწერის შესახებ ხმამაღლა ყვიროდა და ყველას ესმოდა. მათ არ უთხოვიათ ამ ჩანაწერის მოსმენა, რადგან არ დაინტერესებულან და სჯეროდათ მათი შვილის. პირველად პრეტენზია ქალიშვილობასთან დაკავშირებით ბიჭმა წაუყენა, მან სა-–----ს უთხრა რომ დაურეკავდა ექსპერტს და მოიყვანდა, სა-–----საც თანხმობა გამოუთქვამს; იქ კი მივიდნენ ვითომ ექსპერტები ბიცოლა და მისი და მივიდა; ჩანაწერში კარგად ისმის, რომ ბოლოს მისი ქალიშვილი ტირის, მაგრამ ჩაწერა აღარ გააგრძელეს, თავი დამანებეთო ეუბნება, რაც აწყობდათ ის ჩაწერეს. ბიცოლას სიტყვები ჩანაწერში კარგად ისმის, ის ამბობს, რომ ხმას აუწიე ყურში არ მესმის, ყრუ ვარო, რამოდენიმეჯერ იმეორებს ამას. მა---ას საუბარი ზუსტად არ ახსოვს, ისიც ეუბნებოდა რომ ხმა აეწია. ბიჭი კარნახობს სიტყვებს, ასე თქვიო, ის ირ---–- ვინ იყოო. ირ---–- დი------ეს მი----- მა----–--ე, მა---ა და ბიცოლა არ იცნობდნენ. ირ---–- დი------ე ახსენა მისმა შვილმა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბავშვი მანამდე ქალიშვილი იყო. სა-–---- ამბობდა, რომ აიძულებდნენ ის ყველაფერი ეთქვა, გასაქანს არ აძლევდნენ, აშინებდნენ მიგაბრუნებთ უკანო, მამაშენი მოგკლავსო. მი-----ს ჰქონდა ქონების ინტერესი, რომ ჰყვარებოდა ასე არ მოექცეოდა. მის სადარბაზოში გაარემონტა ორი ბინა ერთდროულად, აქვს კიდევ ორი ბინა და მა---ას უნდოდა გირაოთი შესვლა, მაგრამ არ ჰქონდა თანხა და არ შეუშვა.

პოლიციის განყოფილება იმიტომ მიმართეს რომ დაესაჯათ ეს პირები; მი----- მა----–--ემ, ცილი დასწამა სა-–----ს და ასე მოექცა; პოლიციის პირველ განყოფილებაში მისვლის დროს მას ჰქონდა ინფორმაცია როგორც ტელეფონის ჩანაწერზე, ასევე დისკზეც (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 08.06.2017 წ 11:22 სთ - 12:18სთ).

 

მე--------–------იამ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ სა-–---- დი------ე არის მისი დისშვილი. 2016 წლის 11 თებერვალს მას ტელეფონზე დაურეკა მისმა დისშვილმა, სა-–----ს ძმამ - ო----- დი------ემ და უთხრა, რომ სა-–---- გაიპარა, ვიღაცას გაყვა. ო-----მა მას სთხოვა, რომ გაყოლოდა ბათუმში, რადგან მაშინ მამამისიც თურქეთში იყო წასული და არ იმყოფებოდა სახლში. ისინი თბილისიდან წამოვიდნენ, დაახლოებით ღამის 04:00 საათი იქნებოდა ბათუმში, რომ ჩამოვიდნენ. ჩამოსვლის შემდეგ მივიდნენ სახლში, სადაც დახვდა შეუძლოდ მისი და, ის მისული ყოფილა უკვე სასტუმრო ,,მარინაში’’ , სადაც იმყოფებოდნენ მი----- მა----–--ე და მისი დისშვილი - სა-–----. სა-–----ს უთქვამს დედისთვის, რომ ის და მი-----ი იწვნენ უკვე ერთად და არ წაყვებოდა სახლში. მეორე დღეს მის დას დაურეკეს ტელეფონზე დილით და მი-----ის ბიცოლამ უთხრა, რომ თქვენი შვილი არ არის ქალიშვილი და მისულიყვნენ მოსალაპარაკებლად; წავიდნენ მი-----ის ბიცოლას გუ-–-----------ძის სახლში, ავიდნენ მეორე სართულზე, სადაც დაახლოებით 8-10 ადამიანი იქნებოდა, მათ სთხოვეს, რომ დამჯდარიყვნენ და მოელაპარაკათ, თუმცა დასალაპარაკებელი იქ რა იყო არ იცის. შემდეგ მისმა დამ - ქე----ომ მოინდომა ბავშვის ნახვა, სა-–---- მეორე ოთახში იყო და იქ გავიდა, რა ისაუბრეს მათ არ იცის. 10 წუთის შემდეგ გამოვიდნენ ოთახიდან და წავიდნენ. შემდეგ სა-–---- მიიყვანეს ექსპერტიზაზე. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბავშვი ქალიშვილი იყო. მი-----ის ბიცოლასთან ყოფნის დროს სა-–----ს დედამისისთვის უთქვამს, რომ სხვასთან სექსუალური კავშირი არ ჰქონია და მეტი გზა არ ჰქონდა, ასე უნდა ეთქვაო. 2016 წლის 09 მარტს ის მივიდა თავის დასთან, სადაც დახვდნენ 3-4 მეზობელი, რადგან მისი და იყო შეუძლოდ. როცა იკითხა თუ რა ხდებოდა, აღმოჩნდა, რომ მის დისშვილს გადაუწყვეტია თვითმკვლელობა, წერილი დაუტოვებია სახლში და წასულა ზღვაზე თავის დასახრჩობად. თურმე ყოფილა რაღაც ჩანაწერი დისკი, რომელსაც უყურეს იმ დღეს, რაზეც განერვიულებულა ბავშვი და წასულა თავის მოსაკლავად. მეზობლის ბიჭები გაქცეულან და უნახავთ უკვე წყალში იყო შესული სა-–----, იგი გადაარჩინეს და მოიყვანეს სახლში სველი. ზემოთაღნიშნულ დისკში იყო ჩანაწერი, სადაც სა-–---- საუბრობდა, რომ ჰქონდა ვიღაცასთან სექსუალური კავშირი მანამდე, თუმცა სა-–---- მას არ ცნობდა. ამ დისკის ერთ-ერთი ჩანაწერი გადაუცია გუ-----------–-ძეს სუ-–----------–--ისთვის და სულიკომ გადასცა იგი ოჯახს. დისკს მოუსმინეს ტა-----– დი------ემ, ქე----ო მალაზონიამ და სა-–---- დი------ემ, ამის შედეგად განერვიულებული ბავშვი გაიქცა თავის დასახრჩობად. ამ თემასთან დაკავშირებით მას სა-–----სთან პირდაპირ არ უსაუბრია, რადგან ერიდებოდა და თუ რამე ჰქონდა საკითხავი მის დას ეკითხებოდა.

ის უკვე 7 წელია ცხოვრობს თბილისში და არის სატვირთო მანქანის მძღოლი. ის თავის სამუშაოს ასრულებს შეკვეთით, მუშაობა ყოველდღიურად არ უწევს. 2016 წლის თებერვლის თვეში, როცა მას დაუკავშირდა თავისი დისშვილი იგი ამ დროს იმყოფებოდა სახლში - თბილისში. მისი დისშვილი, სა-–----ს ძმა, იყო თბილისში, იგი იქ სწავლობს და იქედან წამოვიდნენ ერთად, ავტომანქანით. იმ საღამოს ისინი სასტუმროში არ მისულან. დილით მი-----ის ბიცოლასთან წავიდნენ თვითონ, მისი და - ქე----ო, რძალი - ელზა დი------ე. იგი სულიკოს პირადად არ იცნობს, თუმცა ჰყავდა ნანახი, პირველად რამოდენიმე წლის წინ ნახა. მისი სიძე - ტა-----–ი უფრო ახლოს იცნობს სულიკოს. დილით მისვლის დროს მათ სულიკო არ ახლდათ და არც უნახავთ იმ დღეს. მარტის თვეში იგი ჩამოვიდა თბილისიდან, რადგან აპირებდა წასვლას თურქეთში დაკვეთით.

მი-----ის ბიცოლასთან ყოფნის დროს გუ-----------–-ძემ მათ უთხრა, რომ მოელაპარაკათ, თუმცა ისინი განერვიულებულები იყვნენ და არ დარჩენილან დიდხანს. მან იკითხა რატომ არ უნდოდათ სა-–----, რაზეც უპასუხეს, რომ იგი არ იყო ქალიშვილი. ბიჭიც იმავეს ამბობდა. ყველა ამბობდა სა-–----მაც აღიარა, რომ ქალიშვილი არ იყოო. გურამმა მათ უთხრა, რომ ჰქონდა ჩანაწერი, თუმცა იგი არ უჩვენებია, იმ დღეს ბიჭის ბიცოლა ამბობდა, რომ სა-–----ს აღიარება ჰქონდა ჩაწერილი თავის ტელეფონში. ამ ჩანაწერით იგი არ დაინტერესებულა. მას არც ჩანაწერის და არც ამ ისტორიის ჯერა. ამ ამბის მე-2 თუ მე-3 დღეს, როცა სა-–---- პოლიციაში მიიყვანეს ტაბიძეზე, მას გადასხმებიც კი ედგა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა, იყო სტრესში, ასეთ მდგომარეობაში იყო რამოდენიმე დღეს. მან თვითმკვლელობა დისკის მოსმენის შემდეგ სცადა. 9 მარტს, როცა ის ბათუმში ჩამოვიდა ეს ამბავი უკვე მომხდარი იყო, სახლში ოჯახის წევრების გარდა მეზობლებიც იყვნენ. მას დისკისთვის არ მოუსმენია. ამ დროს მისი სიძე სახლში იყო. ექსპერტიზით დადგინდა, რომ სა-–---- ქალიშვილი იყო (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 16.01.2018 წ 13:07 სთ - 13:39 სთ).

 

საქმის განხილვისას იგივე გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას ო----- დი------ემ, მა----–---------------------------------------------------–--------------------------მ; (იხ სასამართლოს ხდომის ოქმი 24.10.2017წ, 09.03.2017წ,13.07.2017წ

 

ნათ--–-------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ის იცნობს გუ-----------–-ძეს, ერთი სოფლიდან არიან. სა-–---- დი------ეს იცნობს ის არის მისი ახლო ნათესავი და მის ოჯახთანაც აქვს კარგი ურთიერთობა. 2016 წლის თებერვლის თვეში მივიდა მისი ძმა სახლში და თქვა, რომ მისი ახლობლის ტა-----– დი-------ს შვილი გაიპარა და ღამით დაურეკეს და წავიდა. მის ძმას სუ-–----------–--ე ჰქვია. ისინი ცხოვრობენ ერთ კორპუსში მეზობლად და როცა იქ ჩავიდა უთხრეს, რომ გათხოვდაო. ღამის სამ საათზე დაურეკა მის ძმას ქე----ო მალაზონიამ და უთხრა, რომ ტა-----–ი სახლში არ იყო და დახმარებოდა მოძებნაში. მისი ძმა მივიდა გურამის ქალიშვილთან, რამოდენიმე ხნის გასვლის შემდეგ დაადგინეს, რომ იყვნენ სასტუმრო ,,მარინაში’’, მისი ძმა მანქანით იყო და წაიყვანა ქე----ოც, ისინი ცალკე მანქანით წავიდნენ. როცა ფოიეში შევიდნენ, ნახეს, რომ სა-–---- და ის ბიჭი ერთად იყვნენ, სა-–----მ მათ უთხრა, რომ უკვე იყო მი-----ის ცოლი, აღარ გაყვებოდა მათ და დარჩა. ამიტომ ისინიც წამოვიდნენ იქედან სახლში. როგორც გაიგო დილით ქე----ო მალაზონია დაუკავშირდა მის ძმას და უთქვამს, რომ უნდა წასულიყვნენ მათთან სახლში; ქე----ო მისულა და წამოუყვანია ბავშვი. რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ გუ-----------–-ძემ უთხრა მის ძმას, რომ ეს ყველაფერი ჰქონდა ჩაწერილი დისკზე, როგორც იცის ჩაიწერეს მალულად ბიცოლამ, დამ და უკვე ქმარმა, სადაც აღიარებდა ყველაფერს და თუ უნდოდა მიუტანდა მას და მოასმენინებდა. ზუსტად რომელი რიცხვი იყო არ ახსოვს, როცა გურამმა დაურეკა მის ძმას და მოუტანა ის დისკი, იქ ასევე იყო თვითონაც და ტა-----– დი------ეც და მოუსმინეს დისკს. როცა ტა-----–ი წავიდა და წაიღო დისკი, საღამოს საათებში დარეკეს, რომ გოგონამ გაიქცა ზღვაზე და სცადა თავის დახრჩობაო, მაგრამ მეზობლის ბიჭებს შეუმჩნევიათ, გაყოლიათ უკან და შემთხვევით გადაარჩინეს. ისინის მივიდნენ იქ, მაგრამ ბავშვი ისეთი გაუბედურებული იყო, რომ ახლოსაც არ მიიკარა არავინ, დედამისიც ძალიან ცუდად იყო. ეს ბავშვი ტყუილად გაუბედურდა. ჩანაწერს როცა მოუსმინა ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ თითქოს ეს გოგო მთვრალი იყო, ის ამბობდა, რომ სარიტუალო დარბაზში იყო, სადაც ვიღაცასთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა, მაგრამ პიროვნება არ ახსოვს. მას ჩანაწერში ესმოდა ქალის ხმები, რომელიც ეკითხებოდა ,,როგორ იყო, როგორ იყო’’, ჩანაწერში იყო რამოდენიმე ადამიანის ხმა, თითქოს ეს ბავშვი თავის აზრზე არ იყო. ეს დისკი გურამმა მის ძმას მოუტანა დასამტკიცებლად და უთხრა, რომ კიდევ ჰქონდა რამოდენიმე ასეთი ეგზემპლარი, ტელეფონიდან გადაიტანა დისკზე და თუ გინდა მოგიტან და მოგასმენინებ რა ხდებოდა ზუსტადო. მისი ძმა უშუალოდ იყო ჩარეული ამ საკითხებში, რადგან ტა-----–ი არ იმყოფებოდა საქართველოში. როცა სა-–----მ თავის მოკვლა სცადა დაუტოვებია წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ,,თავი მოგჭერით, შეგარცხვინეთ, მე არ ვარ თქვენი ღირსი და მივდივარ სამუდამოდო’’, ამის შემდეგ მას საუბარი არ ჰქონია სა-–----სთან, თვითონ სა-–---- არავის არ იკარებდა. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 04.10.2017 წ 14:44 სთ - 15:22 სთ).

 

ირ---–- დი------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ როდესაც ეს ამბავი მოხდა გაიგო მისი მშობლებიდან, რომ სა-–---- დი------ე გაიპარა, სა-–---- არის მისი ბიძაშვილი. მეორე დღეს კი ისევ მისი მშობლებიდან გაიგო, რომ წამოიყვანეს. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩამოვიდა ბათუმში, მივიდა ტა-----– დი-------ს ოჯახში და ნახა ნათესავები. შემდეგ გაიგო, რომ როდესაც ხალხი ლაპარაკობდა ჩანაწერზე იქ ხსენებული იყო ირ---–- დი------ე ანუ თვითონ. ეს დისკი მას არ მოუსმენია, უბრალოდ გაიგო ახლობლებიდან. ამ დისკში რა ჩანაწერიც იყო არის სიცრუე, ვინაიდან იყო მუქარით და შანტაჟით ჩაწერილი იმიტომ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. მისი ბიძაშვილი სა-–---- დი------ე არასდროს არაფერს არ მალავდა, არც არაფერს არ აკეთებდა, თუ რამე დაჭირდებოდა ყოველთვის ოთიკო დი------ეს ანუ მის მეორე ბიძაშვილს - სა-–----ს ძმას ან მას უმხელდა ყველაფერს. საიდუმლო ნამდვილად არ ჰქონია სა-–---- დი------ეს. დისკში რატომ ახსენეს არ იცის, შეიძლება ეს იყო დამუქრების მიზეზით, რადგან მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრა სა-–---- დი------ემ. დისკში რომ ნახსენები იყო თვითონ, ქეთევანმა უთხრა. უნდოდა ჩანაწერში გაეგო რა არის ნალაპარაკები, მაგრამ ვერ გაიგო. მან არ იცის სა-–---- დი------ეს ჰყავდა თუ არა შეყვარებული, მისთვის ცნობილი იქნებოდა რომ ჰყოლოდა. სა-–----ს კონფლიქტი არ ჰქონია არავისთან, იმიტომ რომ ყველა სა-–----ს გვერდით იყო ყოველთვის და ეხმარებოდნენ. სა-–----ს გათხოვებასთან დაკავშირებით არ იცის არაფერი, ეს გაიგო ოჯახის წევრებისგან, იმ დროს არ იმყოფებოდა. როდესაც სა-–---- ნახა ის დიდ სტრესში იყო, შეშინებული იყო, გამოლაპარაკებით არ გამოლაპარაკებია. სა-–---- ზღვაშიც შესულა, თავის მოკვლასაც აპირებდა, დაუტოვებია წერილი, რომ გემშვიდობებითო, ხოდა შემდეგ ისევ ბიჭებს გადაურჩენიათ, რატომ იხრჩობდა თავს დეტალები არ იცის. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 04.10.2017 წ 15:2- სთ - 15:48 სთ).

 

მოწმე სუ-–----------–--ემ დაადასტურა რომ მას ჩანაწერის დისკის სახით სა-–---- დი-------ს ოჯახის წევრებისათვის გადასაცემად გადასცა გუ-----------–-ძემ, ის არ დაინტერესებულა ჩანაწერის შინაარსით; (იხ ოქმი)

 

მი----- მა----–--ემ, გუ-–-----------ემ და მა---ა ცეცხლაძემ გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული საპროცესო უფლება და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 13.07.2017წ 04.04.2018წ)

 

საქმის განხილვისას და-------------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა. 2016 წლის 18 აპრილს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც წარმოდგენილი ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გუ---------–---------–-ანის მიერ. გამოსაკვლევად წარდგენილი იყო დადგენილება ორ ფურცლად, საკვლევი ობიექტი ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტით დალუქულ მდგომარეობაში. ექსპერტიზაზე გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი საკითხები: წარდგენილ მობილურ ტელეფონში 2016 წლის 11 თებერვლის 08:49 საათით დათარიღებული შეიცავს თუ არა მონტაჟის ნიშნებს, დადებით შემთხვევაში რა სახის ? წარდგენილ მობილურ ტელეფონში შენახული ჩანაწერი ვარგისია თუ არა საიდენტიფიკაციოდ და ჩანაწერში საუბრობდა თუ არა სა-–---- დი------ე? შემდეგ მათ დაიწყეს საექსპერტო მასალის აღწერა, პაკეტების გახსნისას ერთ პაკეტში აღმოჩნდა ,,ასუსის’’ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით, მეორე პაკეტში კი იყო ერთი ცალი ლაზერული დისკი. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი მობილური ტელეფონის გამოკვლევით, მასში ჩაწერილი აღმოჩნდა ერთი ცალი 3gpp ფორმატის აუდიოჩანაწერი საერთო მოცულობით 4,63 MG სახელწოდებაც არის მითითებული. აუდიოგრამის აუდიტორული გამოკვლევის დროს დადგინდა, რომ ჩანაწერში ძირითადად საუბრობს ორი დიქტორი ქალი და ერთი დიქტორი მამაკაცი. აუდიოჩანაწერი მიმდინარეობს ქართულ ენაზე და ატარებს დიალოგის ხასიათს. ჩანაწერის ხანგრძლივობაა 06 წუთი და 11 წამი. ხოლო მეორე პაკეტში მოთავსებული ლაზერული დისკის გამოკვლევით დადგინდა, რომ მასში ჩაწერილი აღმოჩნდა ერთი ცალი wav ფორმატის აუდიოჩანაწერი, საერთო მოცულობით 28,3 MG. აღნიშნული აუდიოგრამის გამოკვლევით დადგინდა, რომ ეს აუდიოგრამა წარმოადგენს სა-–---- დი-------სგან აღებული ხმის ნიმუშის ჩანაწერს. საუბარი მიმდინარეობდა ქართულ ენაზე, ჩანაწერის ხანგრძლივობაა 07 წუთი და 45 წამი. მონტაჟის არსებობა არარსებობის შესახებ დაიწყეს გამოკვლევა და გადაიტანეს ჩანაწერების ასლები მათ კომპიუტერში. ამასთან დაკავშირებით პირველად ტარდება ტრასოლოგიური გამოკვლევა, ტრასოლოგიური გამოკვლევით დგინდება, რომ წარდგენილ მობილურ ტელეფონს და ლაზერულ დისკს მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნება და ვარგისი იყო საექსპერტო გამოკვლევისათვის, შემდეგ ჩატარდა აუდიტორული გამოკვლევა, რაც ნიშნავს, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიოჩანაწერები ხმოვანი იყოს, სმენადი იყოს და შესაძლებელი იყოს გამოკვლევის გაგრძელება. შემდეგ გადავიდნენ მესამე ეტაპზე, რომელსაც ჰქვია ინსტრუმენტალურ-პროგრამული ანალიზი, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფებით დგინდება ჩანაწერში აღინიშნება თუ არა მონტაჟის კვალი, პროგრამულად დადგინდა, რომ ჩანაწერებში არ აღინიშნებოდა მონტაჟს ნიშნები, შესაბამისად შემდეგ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია საიდენტიფიკაციო გამოკვლევა. მათ წინაშე იყო დასმული კითხვა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ჩანაწერებში ფიქსირდებოდა თუ არა სა-–---- დი-------ს ხმა. შესაბამისად პროგრამულად ჯერ დაადგინეს, რომ ხმის ნიმუში და სადავო ფონოგრამა ერთმანეთისთვის თავსებადი იყო, ტექნიკური თვალსაზრისით ფიქსირდებოდა სა-–---- დი-------ს ხმა. აღნიშნული კვლევები ჩაატარა თვითონ ხოლო ლინგვისტური გამოკვლევა ჩაატარა ან----------ამ. აღნიშნული საკვლევი ობიექტები კვლევის დასრულების შემდეგ დაილუქა და დასკვნასთან ერთად გადაგზავნილი იქნა გამომძიებელთან. ინსტრუმენტალურ-პროგრამული ანალიზის დროს დაადგინეს, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ის ხმის ნიმუშები, რომლებიც მათ მიერ იქნა აღებული თავსებადი იყო იმ სადავო ჩანაწერთან, რომელიც იყო მობილურ ტელეფონში, შესაბამისად სა-–---- დი-------ს ხმის ნიმუში შეადარეს არსებულ ხმებთან და დადგინდა, რომ სადავო ჩანაწერში ფიქსირდებოდა სა-–---- დი-------ს ხმა. ეს შედარება მოხდა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით და მან მისცა საფუძველი დასკვნისათვის, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ჩანაწერში ფიქსირდება სა-–---- დი-------ს ხმა. როდესაც ტარდება კონკრეტული პიროვნების იდენტიფიკაცია, ნამდვილად ფიქსირდება თუ არა სადავო ჩანაწერში ამ პიროვნების ხმა, მათ მიერ სა-–---- დი-------სგან აღებული იქნა ხმის ნიმუში.

 

ხმის ნიმუში მან პირადად აიღო საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, თავისუფალი თხრობის რეჟიმში, ხმის ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით, პიროვნებამ ისაუბრა მისთვის სასურველ თემაზე თავისუფლად, შემდეგ მოხდა აღნიშნული ხმის ჩაწერა დისკზე, დაილუქა ერთ პაკეტად, აღინიშნა შესაბამისი თარიღი და ხელმოწერები. გამოძიების მიერ გადაგზავნილი ჩანაწერები სა-–---- დი-------სათის არ მოუსმენინებია. სა-–----სგან მოხდა მხოლოდ ხმის ნიმუშის აღება. ტელეფონი იყო წარდგენილი დალუქული სახით, შესაბამისად ვისი იყო იგი, მისთვის ცნობილი არ არის. ნებისმიერ პიროვნებას აქვს თავისთვის დამახასიათებელი ის მეტყველება და ხმა, რომელიც სხვა პიროვნებას ვერ შედარდება, შესაბამისად სხვადასხვა პიროვნებების ხმები არ იქნება თავსებადი. შესაძლებელია რომ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით მოხდეს მსგავსი ხმის ჩაწერაც მაგრამ ის არ იქნება იდენტური (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 26.10.2017 წ 12:01 სთ - 12:17 სთ).

 

ექსპერტმა ან----------ამ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარებას საფუძვლად დაედო, წარდგენილი ნივთმტკიცება, ექსპერტიზა დანიშნა აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გუ---------–---------–-ანმა სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილება, წარმოადგინა საკვლევ ობიექტად ტელეფონი, წარდგენილი იყო, აგრეთვე ხმის ნიმუში სა-–---- დი-------ს და კითხვა იყო დასმული ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,ასუსის’’ ფირმის მობილურ ტელეფონში შენახული ხმის აუდიო ჩანაწერი, 2016 წლის 11 თებერვალი 08:49 საათი დათარიღებული შეიცავს თუ არა მონტაჟის კვალს, დადებით შემთხვევაში რა სახის? ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,ასუსის’’ ფირმის მობილურ ტელეფონში შენახული ხმის აუდიო ჩანაწერი, 2016 წლის 11 თებერვალი 08:49 საათით დათარიღებული ვარგისია თუ არა პიროვნების იდენტიფიკაციისთვის? ხმის აუდიო ჩანაწერი არსებულ ჩანაწერში ნამდვილად საუბრობს თუ არა სა-–---- დი------ე და დადებით შემთხვევაში გთხოვთ ამოიღოთ კრებსითი ამონაწერი. წარდგენილ აუდიო ჩანაწერზე და კრებსითი ამონაწერი ანუ ტექსტობრივად გაშიფრული არის და წარმოდგენილია დანართის სახით. ხოლო ლინგვისტური ანალიზის ჩატარება მის მიერ ვერ მოხერხდა, რადგან ჩანაწერი არ იყო რეპრეზენტატული ანუ არ გააჩნდა დამაკმაყოფილებელი ხარისხი და არც დამაკმაყოფილებელი ხანგრძლივობა. ჩანაწერი უნდა იყოს თავსებადი, ხარისხი უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი, რადგან აუცილებელი არის თითოეული ბგერის აღწერა იმისთვის რომ ჩატარდეს კვლევა და შედარდეს ერთი და იგივე ადამიანი საუბრობს თუ არა ორივე ჩანაწერში. ამ შემთხვევაში ჩანაწერის ხარისხი იყო ძალიან დაბალი, შესაბამისად მან ვერ მოახერხა ყველა იმ ნიუანსის ამოღება, რომელიც საჭირო იქნებოდა კვლევის ჩასატარებლად. მისი ძირითადი საქმიანობა კვლევის ჩატარებაში იყო ის, რომ დაიწყო ტექსტის ტექსტობრივი აღწერა, გაშიფრვა და იმ მომენტების ძებნა, რომელიც შეიძლება გამოეყენებინა საიდენტიფიკაციოდ, მაგრამ საიდენტიფიკაციოდ დადგენისთვის იყო უვარგისი, ამიტომ მოხდა მხოლოდ გაშიფვრა. უშუალოდ მისი კვლევა იყო კრებსითი ამონაწერის გაკეთება. ის მხოლოდ ლინგვისტური კვლევისთვის და ტექსტობრივი შინაარსის დასადგენად იყო ჩართული. გადმოტანილია სიტყვა-სიტყვით ყველაფერი, რასაც ისინი საუბრობდნენ. ეს ჩანაწერი იყო ჩაწერილი ტელეფონში, კითხვებში იყო მითითებული თარიღი და საათი, როდესაც იყო ჩანაწერი გაკეთებული. ეს ჩანაწერი იყო ამოღებული ტელეფონიდან, გადატანილი კომპიუტერში და შემდეგ მოხდა მისი გაშიფვრა პროგრამის საშუალებით, ყურსასმენებით.

 

ლინგვისტური ანალიზის ჩასატარებლად ჩანაწერი არ იყო ხარისხიანი, ის ტექსტობრივად გაშიფრულია და წარმოდგენილია დანართის სახით. იდენტიფიკაციისთვის აუცილებელია იყოს ბევრად უკეთესი ჩანაწერი, უნდა ჰქონდეს მას ხანგრძლივობა შესაფერისი, არანაკლებ სამი წუთი და თავისუფალი მეტყველება, ამ შემთხვევაში ჩანაწერის ხანგრძლივობაა 6 წუთი და 11 წამი, სადაც საუბრობდა ძირითადად სამი დიქტორი, იქ იყვნენ თანადიქტორებიც, ხარისხი იყო ძალიან ცუდი. აღნიშნული ჩანაწერი უვარგისი იყო ლინგვისტური კვლევის ჩასატარებლად, მაგრამ ვარგისი იყო გაშიფვრისათვის და გადატანილია ტექსტობრივად დანართის სახით. დანართში დანომრილი არის თითოეული დიქტორი ვინ რას საუბრობს და ტექსტობრივად არის მინიშნებული თითოეული ადამიანის სიტყვა, მაგრამ იმისათვის, რომ ჩატარდეს ლინგვისტური ანალიზი აუცილებელია ხარისხი იყოს კარგი, ჩანაწერი შეიძლება იყოს ცუდი, მაგრამ შეიძლება იგი ტექსტობრივად იყოს გაშიფრული, როგორც მოხდა ამ შემთხვევაში. ლინგვისტური ანალიზის დროს თითოეული ბგერის გარჩევა უნდა იყოს შესაძლებელი. ხმის იდენტიფიკაცია გააკეთა სხვა ექსპერტმა; ხმის იდენტიფიკაციის დროს ჩანაწერი უნდა იყოს ხარისხით და ხანგრძლივობით საკმარისი იმისათვის, რომ მან მოახდინოს ხმისა და მეტყველების დაფიქსირება, ამ შემთხვევაში დაწყებული თითოეული ბგერის ანალიზიდან დასრულებული ნებისმიერი ნიშნით, რომელიც ახასიათებს მეტყველების დროს, პაუზა იქნება ეს, მახვილი, ინტონაცია თუ ნებისმიერი ბგერა. აუცილებელია რა თქმაუნდა, რომ ხმები გავდეს ერთმანეთს, ამის დადგენა ხდება ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ყურის აპარატითაც. რადგანაც ნებისმიერ ადამიანს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალურობა ამიტომ ყველაფერი არის ინდივიდუალური, ამას ემატება ის თითოეული ნიშანი, რომელიც ახასიათებს თითოეულ ადამიანს მეტყველების პროცესში. ამას იკვლევენ, ადარებენ ერთმანეთს და შესაბამისად, ხდება უკვე დასკვნის გაკეთება. ტექნიკური მხარე ტექნიკური საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფით აკეთებს ამას, ისინი აკეთებენ ლინგვისტური თვალსაზრისით ანუ აუდიტორულად და აგრეთვე, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. რადგანაც თითოეული ადამიანი არის ინდივიდუალური და განსხვავებული, თითოეულ ადამიანს აქვს თავისი მანერა მეტყველებისა, ხმის ტემბრისა, წინადადების წყობისა, ინტონაციისა და ყველა ის ნიშანი, რომელიც ახასიათებს, შესაბამისად თუ მცდელობა იქნება იმისა, რომ ვიღაცამ ვიღაცის იმიტაციურად მიემსგავსოს ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მოკლე პერიოდში, ეს ძირითადად ეხება ჟესტიკულაციას ხოლმე და როგორც წესი არ არის გამოხატული მეტყველების პროცესში და არის ძალიან მარტივად აღმოსაჩენი. მას არ დაუდგენია სა-–---- დი------ე რამდენ ხანს საუბრობდა ტელეფონში (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 26.10.2017 წ 12:18 სთ - 12:40 სთ).

 

2016 წლის 27 მაისის ხმის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად - ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ბესიკ მგელაძის მიერ, ქ. თბლისში, გულიას ქN8-ში, ყოველგვარი იძულების და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ექსპერტის მიერ, სა-–---- დი-------ს თანხმობით, ექსპერტიზის კვლევის ჩატარების მიზნით აღებული იქნა სა-–---- დი-------ს ხმის ნიმუში, რომელიც გადატანილი იქნა ,,hp-ის ფირმის ლეპტოპში და ჩაიწერა ერთ ცალ CD დისკზე. აღნიშნული დისკი დაილუქა და გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. (იხტ-1; ს.ფ.176-177)

 

2016 წლის 12 თებერვალს სა-–---- დი------ემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას მის მიმართ განხორციელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, რის გამოც 2016 წლის 15 აპრილს გამოძიება დაიწყო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

 

გი-----------–---ძემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ მორიგის ფუნქცია-მოვალეობებს. განყოფილებაში შემოვიდა ქალბატონი ქე----------–------ია, რომელმაც მოიტანა თავისი შვილის სახელზე დაწერილი განცხადება. ეს განცხადება შეიტანა ხელმძღვანელთან და მოახსენა აღნიშნული ფაქტის შესახებ ელექტრონულად და გადააგზავნა პასუხისმგებელ პირთან, ამის შემდეგ ეს საქმე მას დაეწერა შესასრულებლად. ამ პროცედურების განხორციელების დროს, რასაც დაახლოებით 10-15 წუთი დასჭირდა განყოფილებაში შემოვიდა ქალბატონის შვილი - სა-–---- დი------ე. როცა დაარეგისტრირა საქმე, დაიწყო გამოკითხვები, გამოკითხა ქალბატონი სა-–---- და ქეთევანი, შემდეგ ეტაპობრივად, მაგრამ არა იმ დღესვე, გამოკითხა დაახლოებით 7-8 პიროვნება.

განცხადება იყო წერილობითი ფორმით ფურცელზე, განცხადებას ხელს აწერდა სა-–----. განცხადებაში მითითებული იყო, რომ მი-----მა სქესობრივი კავშირი დაამყარა მის შვილთან ცოლად შერთვის მიზნით, მაგრამ ამის შემდეგ ის ცოლად არ შეირთო. და მოითხოვდა, რომ მის მიმართ გატარებული კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

განცხადებაში რაც ეწერა იმას გაეცნო, თუმცა ის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა. ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ სა-–----ს ნათქვამი შესაძლებელია იყოს სწორიო. იყო კონკრეტული შემთხვევა, როცა თითონ იბარებდა ქეთევანს გამოსაკითხად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევებში თვითონ ქეთევანი მიდიოდა განყოფილებაში, გამოკითხული 2-ჯერ ან 3-ჯერ იქნება, ამ შემთხვევების დროს ქეთევანი და სა-–---- ითხოვდნენ მი-----ის დასჯას, თუმცა ის პასუხობდა, რომ ჯერ გამოსაკვლევი იყო საქმე. სა-–----ს მისთვის არ უთქვამს, რომ მისი საუბარი ჩაწერილი იყო და აქედან გამომდინარე ის დისკის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და არ ფლობს; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 21.11.2017 წ 14:13 სთ - 14:43 სთ).

 

გუ---------–---------–-ანმა მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ 2016 წლის 15 აპრილს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, სა-–---- დი-------ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. იმავე დღესვე, მის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა ქე----------–------ია, ასევე ამოღებული იქნა დისკი, რომელიც წარმოადგინა ქე----------–------იამ. დათვალიერების დაწყებამდე ჩამოართვა თანხმობის ხელწერილი, შემდეგ ამოიღეს, დათვალიერების შემდეგ კი ექსპერტების მიერ იქნა დალუქული. 2016 წლის 16 აპრილს მოწმის სახით დაკითხული იქნა გუ-–-----------ე, დაკითხვის დასრულების შემდეგ მან წარუდგინა მისი კუთვნილი - ,,ასუსის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის დათვალიერების დაწყებამდე ჩამოართვეს ნებართვის ხელწერილი, შემდეგ დაიწყეს დათვალიერება მისივე მონაწილეობით, დათვალიერების დასრულების შემდეგ ექსპერტებმა დალუქეს აღნიშნული მობილური ტელეფონი. შემდეგ გამოიკითხა გუ-----------–-ძე, მი----- მა----–--ე და მა---ა ცეცხლაძე-მა----–--ე. 2016 წლის 18 აპრილს დანიშნა ფონოსკოპიურ-ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა მობილურ ტელეფონზე, შემდეგ კვლავ 2016 წლის 19 აპრილს დაიკითხა სა-–---- დი------ე. 2016 წლის 21 აპრილს დაიკითხა სულიკო დი------ე, მამუკა ნიჟარაძე, ჯუმბერ დი------ე და ნათ--–-------–--ე. ამის შემდეგ დაიკითხა ტა-----– დი------ე, რომელმაც წარუდგინა სა-–---- დი-------ს ექსპერტიზის დასკვნა და წერილი, რომელიც მან დატოვა სახლიდან წასვლის დროს, რომელიც დაათვალიერა და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს. ამის შემდეგ გამოკითხა ირ---–- დი------ე, ო----- დი------ე, დამატებით დაიკითხა მი----- მა----–--ეც. 2016 წლის 28 აპრილს დამატებით დაკითხა გუ-----------–-ძე, რომელმაც წარუდგინა ,,DVD,, დისკი, რომელიც დაათვალიერა და დაილუქა ექსპერტების მიერ. დათვალიერების დასრულების შემდეგ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც გუ-----------–-ძემ მიუთითა ის მისამართი, სადაც წაიღო ,,ასუსის’’ ფირმის მობილური ტელეფონი და სადაც მოახდინა სა-–---- დი-------ს ხმის გადატანა ,,DVD,, დისკებზე. გადავიდნენ მითითებულ მისამართზე და იქ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ჩამოართვეს ხელწერილი ნებართვაზე, რის შემდეგაც დაიკითხა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე შა-–-----------ე. ამის შემდეგ დაკითხა შა-–-----------ე. 2016 წლის 29 აპრილს გააცნო გუ-----------–-ძეს გააცნო დადგენილება ბრალდების წარდგენის შესახებ 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2016 წლის 25 მაისს დამატებითი ბრალი გააცნეს გუ-----------–-ძეს 115-ე მუხლით. გამოძიების მიმდინარეობისას სა-–---- დი-------ს მიერ წარმოდგენილი იქნა სამედიცინო ცნობა, რომელიც დათვალიერებული იქნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა საგამოძიებო ჯგუფი.

გამოძიება დაიწყო იმიტომ, რომ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები წინასწარ გამოძიებაში, სადაც გამოკითხული იყვნენ პიროვნებები. გამოძიება დაიწყო 2016 წლის 15 აპრილს. წინა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა სოსო გოგიტიძემ. მათ მიმართა პირველმა განყოფილებამ, რადგანაც გამოძიება იყო დაწყებული და ის განცხადებაც გადაუგზავნა. დაკითხვაში ქალბატონ ქეთევანს და სა-–----დ დაფიქსირებული აქვთ, რომ პირველ განყოფილებაში ჰქონდათ შეტანილი განცხადება. (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 21.11.2017 წ 14:44 სთ - 14:54 სთ).

 

ნარკოლოგიური ექსპერტიზის N901372 დასკვნით დადგენილია, რომ სა-–---- დი------ე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: ოპიუმის ჯგუფი, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მეტადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, (MDMA), ექსტაზი, ტრამადოლი, მეტადონის მეტაბოლიტი, აგრეთვე ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მიღებულია უარყოფითი შედეგი (იხ ტ.9).

 

სა-–---- დი-------ს ხელწერილებით დადგენილია, რომ სა-–---- სურმანიძემ თავისი ნებით ცოლად გაყვა მი----- მა----–--ეს, რასაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით. (იხ ტ.10-11).

 

2016 წლის 16 აპრილის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ტაბიძის ქუჩა N8-ში, როლანდ გობაძის (ექსპერტი) და გუ-–-----------ის (მოწმე) მონაწილეობით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გუ---------–---------–-ანის მიერ ჩატარებული იქნა მოქალაქე გუ-–-----------ძის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის დათვალიერება.

დათვალიერებით დადგენილია, რომ მოქალაქე გუ-–-----------ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ერთი ცალი მობილური ტელეფონის დათვალიერება მიმდინარეობდა პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ოთახის ბუნებრივი განათების პირობებში, რა დროსაც დადგინდა შემდეგი: წარმოდგენილი მობილური ტელეფონი ,,ასუსის’’ ფირმის იმეი კოდი 357867063949326, 357867063949334 წინა ეკრანის პანელი არის შავი ფერის, ხოლო უკანა კი თეთრი ფერის, ეკრანი არის სენსორის, ასევე აქვს გვერდითი შლეიფი, მობილურ ტელეფონს წინა მხარეს ეკრანზე ბოლოში აქვს სამი ცალი სენსორის ღილაკი, რომლის მეშვეობით ხდება ეკრანის გახსნა, რაზეც არის სენსორული ბლოკი, რომელიც გახსნილი იქნა თავად გუ-–-----------ძის მიერ, სადაც ეკრანის გახსნის შემდეგ შედის ტელეფონის მენიუში, საიდანაც შევიდნენ ერთ ერთ ფაილში, სადაც არის წარწერა ,,დიქტოფონი’’ რუსული წარწერით, გახსნის შემდეგ შევიდნენ დიქტოფონის მენიუში, სადაც არის ერთი ცალი ხმის ჩამწერი, დათარიღებული 2016 წლის 11 თებერვალი 08:49 საათი, ფაილის ჩანაწერებზე ასევე მითითებულია ჩაწერის რაოდენობა 6 წუთი და 12 წამი. ექსპერტის მიერ დასურათებული იქნა ფოტო აპარატი ნიკონით, რომელიც მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCD675051. (ტ.1, გვ.19-20).

 

საქმის განხილვისას მობილური ტელეფონის დათვალიერება ვერ მოხდა, მის ტექნიკური გაუმართაობის გამო; (იხ ოქმი)

 

2016 წლის 20 აპრილის დივიდი დისკის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N11-ში, ემზარ ჯაფარიძის (ექსპერტი) და ქე----------–------იას (მოწმე) მონაწილეობით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გუ---------–---------–-ანის მიერ ჩატარებული იქნა მოქალაქე ქე----------–------იას მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი დივიდი დისკის დათვალიერება და

და 2016 წლის 28 აპრილის დივიდი დისკის დათვალიერების ოქმით კახაბერ დამენიას (ექსპერტი) და გუ-----------–-ძის (მოწმე) მონაწილეობითბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გუ---------–---------–-ანის მიერ ჩატარებული იქნა მოქალაქე გუ-----------–-ძის მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი დივიდი დისკის დათვალიერება.

 

დათვალიერებით დადგენილია, რომ მოქალაქე ქე----------–------იას მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ერთი ცალი დივიდი დისკის დათვალიერება მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ოთახის ბუნებრივი განათების პირობებში, რა დროსაც დადგინდა შემდეგი: წარმოდგენილი დივიდი დისკი მოთავსებული იქნა პროცესორში, დათვალიერების შემდეგ დივიდი დისკის ერთი ცალი ჩანაწერი გაიხსნა, სადაც არის ჩაწერილი ქე----------–------იას განმარტებით მისი ქალიშვილის სა-–---- დი-------ს საუბარი, რომ ,, რამოდენიმე წლით ადრე სქესობრივი კავშირი დამყარებული მქონდა ვიღაცა პიროვნებასთან ქ. ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სარიტუალო დარბაზის საპირფარეშოში და თუ ვინ იყო ის პიროვნება მას არ ახსოვდა და მისი სახელი გვარი ჩემთვის უცნობი იყო’’. ასევე ჩანაწერში ისმის სა-–---- დი-------ს გარდა სხვა პირების ხმებიც, აქედან ერთი ხმა არის მამაკაცის, რომელიც არის მი----- მა----–--ე, ხოლო ორი ხმა ქალბატონის. მი----- მა----–--ის, მა---ა ცეცხლაძე მა----–--ის და მი-----ის ბიცოლა გუ-–-----------ის. ქე----------–------იამ ისინი იცნო ხმის ტონალობით, რადგან მათთან ჰქონდა საუბარი. დივიდი დისკი ექსპერტის მიერ დასურათებული იქნა ფოტო აპარატი ნიკონით, რომელიც მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა FCD675053. (ტ.1, გვ.53-54, გვ.98-99).

 

საქმის განხილვისას დისკი გამოკვლეული იქნა მხარეთა მონაწილეობით, რის შედეგადაც დადასტურდა იგივე გარემოებები;

 

2016 წლის 28 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, გამსახურდიას ქუჩაN50, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გუ---------–---------–-ანის მიერ, დღის საათებში, წვიმიან ამინდში, ბუნებრივი განათების პირობებში, კახაბერ დამენიას და შა-–-----------ის, რ. გობაძის მონაწილეობით, ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოწმე გუ-----------–-ძემ მიუთითა კონკრეტულად ის ადგილი, სადაც მიიტანა გუ-–-----------ის ,,ასუსის’’ ფირმის მობილური ტელეფონი. კერძოდ, ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქუჩის N50-ში მდებარე შა-–-----------ის მაღაზიაში, რომელიც ახდენს ფოტო, ვიდეო გადაღებას, სურათების მონტაჟს, ასევე ჩანაწერის გადაწერას. გუ-----------–-ძის მიერ მიტანილი მობილური ტელეფონიდან გადაწერა ოთხ ცალ დისკზე. აღნიშნული აპარატები, საიდანაც მოხდა დისკზე გადაწერა დასურათდა ექსპერტების მიერ ფოტოაპარატი ნიკონით. საგამოძიებო ექსპერიმენტს ერთვის ფოტოცხრილი (იხ. ტ.1, გვ.102-109).

 

საქმის განხილვისას მოწმე შა-–-----------ემ დაადასტურა, რომ 2016 წლის მარტის დასაწყისში მასთან მივიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, თხოვა, რომ მობილური ტელეფონიდან ჩანაწერი გადაეტანა დისკზე, რაც მოახდინა, მას ჩანაწერისთვის არ მოუსმენია, არ იცის რა სახის ჩანაწერი არსებობდა მოცემულ ტელეფონში; მობილურიდან გადაწერა დისკზე მის კომპიუტერში და მაშინვე წაშალა მისი კომპიუტერიდან, როგორც წესი, ჩანაწერებს არ ინახავს, არ აინტერესებს; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 13.07.2017წ)

 

2016 წლის 28 აპრილის სასტუმრო ,,მ-------’’ ინვოისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N18-ში მდებარე სასტუმრო მარინაში 2016 წლის 10 თებერვალს 05.09:00 საათზე, ნომერი 222 აღებული იქნა მი----- მა----–--ის მიერ. მის მიერ გადახდილი იქნა 70 ლარი. სასტუმროდან გასვლის დრო ფიქსირდება 11.02.2016 წ. 11:47:00 საათი. ინვოისი დამოწმებულია მრგვალი ბეჭდით. (ტ.1, გვ.114-117).

 

მაია მა----–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით გასული იყო ქ.ბათუმი, შ.ხიმშიაშვილის ქუჩა N18-ში მდებარე სასტუმრო ,,მარინაში’’, სადაც დაკითხა საქმესთან დაკავშირებით სასტუმროს ადმინისტრაციის უფროსი. დაკითხვის შემდეგ მისი თანხმობითა და ხელწერილით მოხდა ინვოისის ამოღება დათვალიერება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა, შემდეგ კი გამოკითხა მრეცხავი - გულსუნდა კაკაბაძე (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 21.11.2017 წ 14:09 სთ - 14:12 სთ).

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0--------, 12.02.2016 წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით (11.02.16) სა-–---- დი-------ს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია-მთელი არ არის და დარღვევის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს (11.02.16). (იხ. ტ.1, გვ.80-82).

 

2016 წლის 20 ივნისის სამედიცინო ცნობების დათვალიერების ოქმით დადგენილია, დადგენილია, რომ ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა N55-ში, სა-–---- დი-------ს (დაზარებულის) მონაწილეობით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გუ---------–---------–-ანის მიერ ჩატარებული იქნა სა-–---- დი-------ს მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობების დათვალიერება.

 

დათვალიერებით დადგენილია, რომ სა-–---- დი-------ს მიერ წარმოდგენილი შპს რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონერვოლოგიური საავადმყოფოდან 2016 წლის 03 ივნისს გაცემული ცნობით - სა-–---- დი------ე რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონერვოლოგიური საავადმყოფოს ამბოლატორიულ მკურნალობაზე და სტაციონალურ მკურნალობაზე არ ფიქსირდება. ასევე, ფორმა N100, რომელიც გაცემულია 2016 წლის 03 ივნისს, სა-–---- დი------ე მიმართვის დრო 2016 წლის 15 თებერვალი მოკლე ანამნეზი. ავადმყოფი კონსულტირებული იყო 2016 წლის 15 თებერვალს ახლობლების გადმოცემით მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა, რომლის შედეგადაც გარინდებულია, თუმცა ჩაკითხვის შემდეგ იწყებს ტირილს, მოუსვენრობს, აღენიშნება შფოთვა, ცუდი აზრები სიკვდილზე, დედის გადმოცემით პაციენტს არ ეძინება, უჭირს დაძინება. დიაგნოზი: მძიმე რეაქცია სტრესზე F43. (ტ.1, გვ.198-199).

 

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N63/ფ, 11.07.2016 წ დადგენილია, რომ

1.ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ აუდიოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება.

2.ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ჩანაწერი გაშიფრულია ტექსტობრივად და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით (იხ. დაბართი1)

3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სადავო აუდიოჩანაწერი ვარგისია ხმისა და მეტყველების მიხედვით საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით.

ჩანაწერების გამოკვლევისას სპექტრული მაქსიმუმების თანხვედრა აშკარაა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ სადავო ფონოგრამა (Голосовои 2.3gpp)და ეტალონური ფონოგრამა (G-000328 WAV)ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისათვის - სა-–---- დი------ე.

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ფონოგრამა არა არის ვარგისი ლინგვისტური გამოკვლევისათვის, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა. (იხ. ტ.1, გვ.22--246).

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულ გუ-----------–-ძის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გუ-----------–-ძე აღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

გუ-----------–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებული მხარის მოსაზრებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგოა, ისინი საუბრობენ ზოგად მოსაზრებებზე, ისე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ვერსიის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება. ამასთან, თავად ფაქტი ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ გამყარებული და სათანადო სტანდარტით დადასტურებული ვერ იქნა ვერც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია კონკრეტული ფაქტების და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, მით უფრო იმ პირობებში, რომ საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა უშუალოდ რაში და რა ფორმით გამოიხატა გუ-----------–-ძის შესაძლო ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ:

 

სასამართლო ბუნებრივია, სადავოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მი----- მა----–--ემ და სა-–---- დი------ემ გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა და სა-–---- დი------ე თავისი ნებით გაყვა მი-----ს, უდავოა, რომ მიზანს წარმოადგენდა მისი ცოლად შერთვა; მიუხედავად იმისა, რომ მი----- მა----–--ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ამ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ მოწმეები და ასევე დაზარალებული სა-–---- დი------ე;

 

მაგრამ გარდა ამისა მთელი რიგი ფაქტები, რასაც ყვებიან ერთის მხრივ დაზარალებული და მეორეს მხრივ მოწმეები, მათი პოზიციებიდან გამომდინარე მეტნაკლებად ლოგიკურია, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს და ასეთ შემთხვევაში სწორედ ბრალდების მხარე არის ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც ერთის მხრივ გაანეიტრალებს და მეორეს მხრივ დაამტკიცებს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ამ კუთხით კი სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებულ მთელ გარემოებებზე, რომლებიც არ არის შესაბამისობაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ არცერთ მტკიცებულებასთან თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდების ნაწილში მათ შორის დაზარალებულის ჩვენებასთან;

 

საქმის განხილვისას დაზარალებულის ჩვენება არათანმიმდევრულია და არცერთი სახით არ მიუთითებს იმის დადასტურებაზე, რომ ბრალდებულის ქმედება პირის თვითმკვლელობამდე მიყვანაა; სა-–---- დი------ე გარდა იმისა, რომ აღნიშნავს მის ნერვიულ ფონზე და გარკვეულ სტრესზე, რამაც მიიყვანა საბოლოოდ თვითმკვლელობის მცდელობაზე, წარმოადგენდა მი----- მა----–--ის მოქმედება იმ კუთხით, რომ ის თითქოს ქალიშვილი არ იყო; თავად დაზარალებული აჩვენებს რომ ის პირველი დღეებიდანვე ცდილობდა იმის მიღწევას, რაც მოახერხა თებერვლის თვეში, თუმცა ამაში ხელი ეშლებოდა დედის ყურადღებით და ცდილობდა მოეძებნა ისეთი დრო, როცა მისი დედა არ იქნებოდა სახლში, მისივე ჩვენებაა, რომ მას თავის მოკვლა სურდა ყოველდღე, რადგან ის შეურაცხყოფილი იყო მის მიმართ არა მარტო მი-----ის , არამედ მი-----ის ახლობლების დამოკიდებულებით და მის მიმართ მათი მხრიდან განხორციელებული ქმედებებით; მისივე თქმით ის ენდობოდა მი-----ს და ის ასე მოექცა;

 

ანალოგიურად მიუთითებენ სა-–---- დი-------ს ახლობლებიც ; დედის ქე----------–------იას განმარტებით, ის ჩაიკეტა ოთახში და არ სურდა საუბარი და ცდილობდა ამ მდგომარეობიდან გამოეყვანა; სა-–---- დი-------ს ასეთი მდგომარეობა უდავოა, რომ გამოწვეულია 2016 წლის 11 თებერვალს მომხდარით, სადაც გუ-----------–-ძეზე და მის მოქმედებაზე არცერთი მათგანი არ მიუთითებს;

 

კერძოდ: სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, რომ გურამ მა----–--ემ სა-–---- დი------ე მიიყვანა თვითმკვლელობამდე; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობა იმის დასადგენად, რომ სა-–---- დი-------ს თვითმკვლელობის ცდა განპირობებული იყო ნამდვილად გუ-----------–-ძის მოქმედებით, რომ მან გააგზავნა ჩანაწერი დისკით;

 

სასამართლო დადასტურებულად მიაჩნია, რომ სა-–---- დი------ე გარკვეულ სტრესში იყო ბევრად ადრე, ვიდეო ამ ჩანაწერს გაეცნობოდა, იქედან გამომდინარეც, რომ როგორც სა-–---- დისამიძე, ისე მოწმეები ცალსახად მიუთითებენ რომ მათ იცოდნენ ჩანაწერის თაობაზე და მითუმეტეს სა-–----მ იცოდა რა ჩაიწერეს და ვინ ჩაიწერა; ის დედას უმტკიცებდა, რომ ეს იძულებით ათქმევინეს და მართალი იყო; ჩაწერისას გუ-----------–-ძის მონაწილეობა არ დასტურდება; ამდენად, დაზარალებულისთვის ეს ჩანაწერი არც უნდა ყოფილიყო უცხო და თავიდანვე სტრესის და დეპრესიის მიზეზიც ეს იყო სხვა გარემოებებთან ერთად; ასევე თავად დაზარალებულმა და მისმა ოჯახის წევრებმა ახ განმარტეს, რომ სა-–---- დი------ე იმ დღიდან (მი-----ზე გაყოლის) იყო უკვე ცუდად და ცდილობდნენ მარტო არ დაეტოვებინათ;

 

სასამართლო განმარტავს, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თვითმკვლელობამდე მიყვანა უნდა გამოიხატებოდეს მსხვერპლის მიმართ დამნაშავის მიერ რიგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენაში. თვითმკვლელობამდე მიყვანა შეიძლება განხორციელდეს სასტიკი მოპყრობით, პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. იმისათვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება აუცილებელია, რომ აღნიშნული მუხლის დისპოზიციაში ჩამოყალიბებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს, ან შედეგის საფრთხეს შორის არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით აღნიშნული არ დადასტურდა,სასამართლოსათვის არასაკმარისია მხოლოდ სა-–---- დი-------ს, თან არაერთმნიშვნელოვანი და მისი ოჯახის წევრების - ინციდენტის ერთი მხარის განმარტებები, რომ სა-–---- დი------ემ გუ-----------–-ძის მიერ გაგზავნილი ჩანაწერის გამო გადაწყვიტა თვითმკვლელობა; აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ისევე როგორც დაზარალებულის მიერ მოყოლილი მთელი რიგი გარემოებები, გარდა მისი ჩვენებისა, არ დასტურდება სხვა არცერთი მტკიცებულებებით. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო კი გამოძიებისათვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს და პირდაპირ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე ობიექტურად და სრულყოფილად აწარმოოს გამოძიება, მათ შორის საქმის შედეგით დაუინტერესებელი, ნეიტრალურ მოწმეთა დაკითხვის კუთხით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულებების მნიშვნელოვან წყაროს. სასამართლოს მხედველობაში აქვს ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით და აძლევენ იმ ჩვენებას, რაც მათ რეალურად ნახეს და აღიქვეს, ნეიტრალური მოწმეების (მეზობლების) განმარტებით მათ მხოლოდ გადმოცემით იციან, და ვერცერთი მათგანი ვერ ადასტურებს უშუალოდ მათი აღქმით, რა გახდა სა-–----ს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის მიზეზი;

 

ამდენად სხდომაზე ვერ იქნა გამოკვლეული გუ-----------–-ძის ბრალეულობის დამადასტურებელი და აღნიშნულის მამტკიცებელი ვერცერთი მტკიცებულება.

სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოვლენების იმგვარ განვითარებას რასაც უთითებს დაზარალებული და რასაც შეეძლო გამოეწვია მის მიერ თვითმკვლელობის ცდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

ამასთან, შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარი მტკიცებულებები, უპირველეს ყოვლისა, ადგენს, რომ განაჩენი მხოლოდ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს, მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისთვის უალტერნატივო საშუალებას. სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით. მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარმოდგენისა და საწინააღმდეგო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ეჭვქვეშ დაყენებით, მხარეები ცდილობენ დაადასტურონ ან უარყონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმებით დაცულია ბრალდებულთა უმთავრესი უფლება იმასთან დაკავშირებით, რომ პირის მსჯავრდება არ მოხდეს ვარაუდის საფუძველზე.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, წარმოადგენს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება, არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, პირიქით, იგი მხოლოდ დაზარალებულის ეჭვსა და მოსაზრებებზეა დაფუძნებული, რაც გაბათილებული ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამდენად, მოცემულ ვითარებაში შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ბრალდებულმა - გუ-----------–-ძემ ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედება ჩაიდინა.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის მარტის დასაწყისში გუ-----------–-ძემ მოახდინა მობილური ტელეფონიდან სა-–---- დი-------ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის ე.წ. CD დისკზე განთავსება, რომელიც უკანონოდ შეინახა და ამავე წლის 09 მარტს გადასცა მოქალაქე სუ-–----------–--ეს ჩანაწერის სა-–---- დი-------ს მშობლებისათვის გადაცემის მიზნით, რითაც მოახდინა სა-–---- დი-------ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელება, რამაც მიაყენა დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი;

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია არის ისეთი შინაარსის, რომელიც შესაძლოა არც პირადი საიდუმლო იყოს და არც ოჯახური, თუმცა ასახავს პირადი ცხოვრების დეტალებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ადამიანი უფლებამოსილია თავად აირჩიოს და გადაწყვიტოს, თუ რა ვითარებაში და რა ფარგლებში სურს მას საკუთარი სახის, საკუთარი პიროვნებისა და ხასიათის გახსნა საზოგადოებისათვის. ამ უფლებაზე დაყრდნობით ადამიანს შეუძლია წინ აღუდგეს მისი პიროვნების დამამცირებელ, ყალბ და არასასურველ საჯარო გამოსახვას. მან თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ წარსდგეს სხვა პირის ან საზოგადოების წინაშე. შესაბამისად ყოველი ინდივიდი უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს რამდენად ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია სხვებისთვის ან საზოგადოებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა დასჯადად აცხადებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვას ან/და გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, ინტერნეტით, მათ შორის სოციალური ქსელის მასობრივი მაუწყებლობით ან სხვა საჯარო გამოსვლისას. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება არა ერთ-ერთი ქმედების ჩადენის მომენტიდან, არამედ მაშინ თუ მან გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია მოქალაქე სუ-–----------–--ის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის ოჯახის წევრებს, რის გამოც მას შეელახა რეპუტაცია (მნიშვნელოვანი ზიანი).

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ქე----------–------იას, მე--------–------იას, ო----- დი-------ს, სუ-–----------–--ის, ნათ--–-------–--ის, ირ---–- დი-------ს შა-–-----------ის, დაზარალებულის სა-–---- დი-------ს ჩვენებებით, დისკის დათვალიერების ოქმებით, ჩანაწერის საქმის განხილვისას გამოკვლევით, ექსპერტების ჩვენებებით, ხმის ნიმუშის ჩაწერის ოქმით ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გუ-----------–-ძემ ჩაიდინა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვა და გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, გამოკვლეული მტკიცებულებებით კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 115-ე მუხლით ემყარება მხოლოდ ვარაუდს.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გუ-----------–-ძის ამ ნაწილში ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზი საფუძველს არ იძლევა უტყუარად და დასაბუთებულად იქნეს მიჩნეული დასკვნა, რომ გუ-----------–-ძე სასტიკად მოეპყრო დაზარალებულს, გაუგზავნა, რა სახელგამტეხი და რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის მატარებელი აუდიოჩანაწერი;

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გუ-----------–-ძე ამ ნაწილში უნდა გამართლდეს და ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

3.2. სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების ნაწილში განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გუ-----------–-ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გუ-----------–-ძის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.

 

3.3. ამდენად, სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა გუ-----------–-ძის მიერ საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, თუმცა დადასტურდა საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

გუ-----------–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედებით მიყენებული ზიანის, მძიმე შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გუ-----------–-ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, გუ-----------–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, რაც საქმის განხილვისას გამორკვეული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთების განკარგვა უნდა მოხდეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 158-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გუ-----------–-ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

ბრალდებული გუ-----------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბრალდებულ გუ-----------–-ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გუ-–-----------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქული სახით ინახება, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საქმეზე ამოღებული ქე----------–------იას მიერ წარმოდგენილი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საქმეზე ამოღებული გუ-----------–-ძის მიერ წარმოდგენილი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე