გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.06.2018
საქმის ნომერი
110310017002158004
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110310017002158004

N3/141-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21.06.2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

 

მოსარჩელე შ----ა მე------–-ძე, გი-----ი მე------–-ძე, შო----ა მე------–-ძე, გ---ი მე------–-ძე,წარმომადგენელი: ეთ--- ტა-–---ძე;

მოპასუხე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

წარმომადგენელი: ფა----ა ხუ------ე, თეა ნი----ძე;

მესამე პირი და-----ან მე------–-ძე,წარმომადგენელი: კ--ა შა-----–-ძე;

დავის საგანი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის” 2017 წლის 03 ოქტომბრის N26 გადაწყვეტილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის” თავმჯდომარის 2017 წლის 03 ოტომბრის N297 განკარგულება;

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი 1970 წლიდან 2015 წლამდე ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------–- ამუშავებდა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს. მოპასუხე ორგანოს 2017 წლის 30 ივნისს მიმართა განცხადებით აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაკანონების მიზნით. განცხადებას დაურთო ყველა საჭირო დოკუმენტი. მოპასუხემ 2017 წლის 18 აგვისტოს გამოსცა N206 განკარგულება, რომლის საფუძველზეც საკუთრებაში გადასცა 996 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის საფუძველზე კი 2017 წლის 29 აგვისტოს გასცეს საკუთრების მოწმობა N188. 2017 წლის 26 სექტემბერს კომისიას განცხადებით მიმართა მესამე პირის - დ.მე------–-ძის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა შ--–-- მე------–-ძეზე გაცემული საკუთრების მოწმობასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები. განცხადების საფუძველზე მოპასუხე ორგანომ 2017 წლის 03 ოქტომბერს ჩაატარა სხდომა და N26 გადაწყვეტილებით ბათილად ცნო N188 საკუთრების მოწმობა. მოსარჩელის განმარტებით, კომისიის გადაწყვეტილება არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე თვითნებური ფლობის ფაქტი არ დგინდება.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირმა და-----ან მე------–-ძემ სარჩელი არ ცნო და მიუთა, რომ სასარცელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მოსარჩელეებმა 2017 წლის 30 ივნისს განცხადებით მიმართეს ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას” ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების შესახებ. განცხადებას დაურთო ყველა საჭირო დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელეების განცხადება;

-ახსნა-განმარტება;

 

4.2. ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ” 2017 წლის 18 აგვისტოს გამოსცა N206 განკარგულება, რომლის საფუძველზეც საკუთრებაში გადასცა 996 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 2017 წლის 29 აგვისტოს გასცა საკუთრების მოწმობა N188.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს N206 განკარგულება და N188 საკუთრების მოწმობა;

 

4.3. 2017 წლის 26 სექტემბერს კომისიას განცხადებით მიმართა მესამე პირის - დ.მე------–-ძის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა შ--–-- მე------–-ძეზე გაცემული საკუთრების მოწმობასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

4.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახმა სადაო მიწის ნაკვეთის ფლობა შეწყვიტა 2015 წელს და მას უწყვეტად არ ფლობდა კომისიაში მიმართვის დროისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოწმეების - ვ.მე------–-ძის, ს.ხო-----–-ილის, ლ.ს-------------, დ.კა-----ისა და ა.მე------–-ძის ახსნა-განმარტებები;

 

4.5. ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ” 2017 წლის 03 ოქტომბერს ჩაატარა სხდომა და N26 გადაწყვეტილებით ბათილად ცნო N188 საკუთრების მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის”, 2017 წლის 03 ოქტომბრის N26 გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

7.3. ხსენებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

7.4. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ კომისიამ გამოიყენა მისი დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნულ საკითხზე განხილვა მოახდინა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით. მოპასუხის განცხადებით კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე გადის ადგილზე და ახორციელებს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე თვითნებური ფლობის ფაქტის შესწავლას.

 

7.5. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თნახმად: თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში შედის განიხილოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადებები. განხილვა უნდა მოხდეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, რა დროსაც უნდა შეამოწმოს და დაადგინოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან, რის საფუძველზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების, ან უარის თქმის შესახებ. ანუ, განცხადების დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის გადაწყვეტილება უნდა იყოს საფუძვლიანად დასაბუთებული, რასაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ზაკ-ის 53.4 მუხლი. ადმინისტარციული ორგანო ვალდებულია საქართველოს ზაკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას საქმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მართლზომიერი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ამ ინფორმაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კრძალავს ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის ისეთ გარემოებაზე დაფუძნებას, რაც არ ყოფილა შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ და-----ან მე------–-ძის წარმომადგენლის ჯე---–ი ქა–----ძის 2017 წლის 26 სექტემბრის N1492/43 განცხადების განხილვის (ახლადარმოჩენილი გარემოების ფაქტის დადგენა) მიზნით მოწვეული იქნა კომისიის სხდომა, რომელიც ჩატარდა 2017 წლსი 03 ოქტომბერს. მოწვეული იქნენ მოსარჩელელეები, მათგან კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შო----ა მე------–-ძე და გი-----ი მე------–-ძე. კომისიამ გამოკითხა მოსარჩელეებს თუ რამდენი წლის მფლობელობა ჰქონდათ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის, ასევე ვინ ახდენდა წლების მანძილზე ამ მიწის ნაკვეთის დანიშნულების მიხედვით გამოყენებას. ოჯახმა აღნიშნა, რომ 40 წლის მანძილზე ახდენდენ ამ მიწის ნაკვეთის დამუშავებას და 2015 წელს შეწყვიტეს მიწის ნაკვეთის მფლობელოვბა, ვინაიდან მათზე ხდებოდა ზეწოლა ჯე---–ი ქა–----ძის მიერ. მხარის მიერ მითითებულ ზეწოლის ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართული არ ჰქონიათ. კომისიამ იხემძღვანელა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში რაც ითვალისწინებს 2007 წლამდე და მის შემდგომ უწყვეტად მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტის დადასტურებას ვინაიდან მოსარჩელეების მიერ ვერ დასტურდებოდა უწყვეტად მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ზოგადი ,,ადმინისტრაციული კოდექსი"-ს მე-XIII თავის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად გამოაცხადდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია"-ის გაცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი (საკუთრების მოწმობა N188).

 

7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

7.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

კომისია საქართველოს კანონის ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” მე-4 მუხლის შესაბამისად მსჯელობს მხოლოდ თვითნებური ფლობის ფაქტზე. ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს სადაო მიწის ნაკვეთზე 2017 წლამდე (აღიარების კომისიაში მიმართვამდე) და მის შემდგომ უწყვეტად ფლობის ფაქტი, კომისიამ 2017 წლის 03 ოქტომბრის N26 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ბათილად ცნო N188 საკუთრების მოწმობა.

 

7.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-? ?????? ??????? ??????? აგრეთვე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ სასამართლოსთვის დამატებითი მტკიცებულება, ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება ან შუამდგომლობა, რომლებიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთის უწყვეტად ფლობის ფაქტს.

 

7.10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

კონკრეტულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ----ა მე------–-ძის, გი-----ი მე------–-ძის, შო----ა მე------–-ძისა და გ---ი მე------–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეების მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი