განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№N0----------- )
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი
დაცვის მხარე: ბრალდებული: ა--------------ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: გ----------------------------–-----------–----------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-------------------–-------------.
ადვოკატი - არჩილ ცაგურია
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თარჯიმანი - სევილ ომაროვა,სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ა--------------ი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა დ----------------–--ესთან, რომელსაც 2017 წლის 2 ნოემბერს დაახლოებით 12:00 საათზე, მიაკითხა სამუშაო ადგილას, მდებარე ქ------------------------------------ში და აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, იმის გამო რომ დ----------------–--ემ მისი ნების საწინააღმდეგოდ დახარჯა ოჯახის ერთიანი შემოსავალი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მკლავზე უხეშად მოკიდა ხელი, ეძიძიგალავა და მანქანაში ძალით ჩასასმელად ქაჩავდა ტანსაცმელზე, რა დროსაც დარინეს დაეწიწკნა თმა. აღნიშნულიდან მალევე ამავე მისამართზე დ----------------–--ე ავიდა ა--------------ის კუთვნილი ავტომანქანის ძრავის სახურავზე, რა დროსაც ა-----მა მას უხეშად მოკიდა ხელი და წელის არით დააგდო ასლფალტზე, ძირს დაგდებულს კი მანქანით გადაუარა მარცხენა ფეხზე. ა--------------ის ქმედებებით დ----------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ----------------–--ემ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) ა--------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.2. მოწმე ი-----–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------------–--------------------------–--–ი პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. იგი არ იცნობს ბრალდებულს. დ----------------–--ესთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჰქონდა ერთხელ შეხება, როცა 2017 წლის 2 ნოემბერს 112-ის საფუძველზე დილის საათებში შევიდა შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, სხეულის დაზიანებით თოდრიას ქუჩაზე სალონ „კ-----ასთან“. შემთხვევის ადგილზე გამოცხადების დროს მას დახვდა დარინე, რომელმაც განაცხადა რომ მანქანამ გადაუარა მარცხენა ფეხზე და განიცდიდა ძლიერ ტკივილს და უჭირდა საუბარი. მან განაცხადა, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი ავტომობილში და ამის შემდეგ მან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და გადააგდო ავტომობილიდან. ბრალდებულმა გადაგდების შემდეგ გადაუარა ფეხზე და მიატოვა შემთხვევის ადგილი. მოქალაქეს დასჭირდა სამედიცინო დახმარება და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დარინე ფეხს ვერ ამოძრავებდა, კანკალებდა, ტიროდა და ითხოვდა დახმარებას რადგან ძლიერ ტკივილს განიცდიდა.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ--------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს სილამაზის სალონში. იგი არ იცნობს ბრალდებულს. დაზარალებული დ----------------–--ე იყო მისი კლიენტი და ხშირად დადიოდა მასთან სალონში. ბოლო პერიოდში დარინემ გადაწყვიტა სალონში მოსწავლედ მისულიყო. მისი მეუღლე ა--------------ი ხანდახან მიჰყვებოდა სალონში და სწორედ აქედან გამომდინარე იცოდა ვინც იყო. როგორც მისთვის ცნობილი იყო, მეუღლეებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რამდენიმე დღის წინ ბრალდებულმა მეუღლეს ყვავილებიც კი მოუტანა. შემთხვევის დღეს კი საკუთარ ოთახში იმყოფებოდა, რა დროსაც გაიგო ხმაური და სალონში ამბობდნენ რომ დარინეს დახმარება სჭირდებოდა, რადგან მეუღლე ეჩხუბებოდა. თავად როცა სალონიდან გავიდა დაინახა, რომ ერთ-ერთი სტილისტი მოდიოდა უკან და ბრალდებულიც მოჰყვებოდა. მან ჰკითხა ა--------------ს რა ხდებოდა, რა იყო კონფლიქტის მიზეზი, რაზეც მან უპასუხა, რომ დარინემ იგი გაქურდა, ა--------------ი შევიდა სალონში და დარინეს ჩანთას დაუწყო ძებნა. დარინემ მას ქვითარი აჩვენა და დაუდასტურა თუ სად წაიღო მისი ფული. ბრალდებულმა უცებ ჩანთა ჩამოიღო და გარეთ გავიდა. დარინე გაეკიდა მას და მანქანაში ჩაჯდა. მალევე გადმოვიდა და დაინახა, რომ უცბად ავტომანქანის სახურავზე შეხტა. სანამ თავად გარეთ გავიდოდა, დაინახა რომ დარინე უკვე ასფალტზე იჯდა, ხოლო ავტომანქანა წავიდა. მამაკაცები ეხმარებოდნენ დარინეს, სალონში შეიყვანეს. როგორც მან სხვების საუბრიდან იცის ბრალდებულმა ა--------------მა დაზარალებულ დ----------------–--ეს ფეხზე გადაუარა. თავად მას ეს ფაქტი არ დაუნახავს. მან სასწრაფო გამოიძახა და წაჰყვა დარინეს საავადმყოფოში. მოგვიანებით ბრალდებულმა მას დაურეკა და ჰკითხა დარინეს ამბავი თუ რა დაემართა, მან დარინეს დედასაც დაურეკა და შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. საავადმყოფოში დაზარალებულს რედგენი გადაუღეს და გაირკვა, რომ ფეხი მოტეხილი არ ჰქონდა. როგორც დარინემ განმარტა, მეუღლეს შეგნებულად არ გადაუვლია. იგი ფეხზე ხელს ვერ იდებდა ისე სტკიოდა წაყვანის მომენტში და მეორე დილით ჩვეულებრივ გაიარა. მოწმეს ზუსტად არ ახსოვს რომელი ფეხი იყო.
3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მ-------------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს სტილისტად სალონ „კ-----ა“-ში, რომელთან ახლოსაც მოხდა შემთხვევა. დაზარალებული დ----------------–--ე მისი მოსწავლე იყო და სწორედ აქედან იცნობს ბრალდებულ ა--------------საც, რადგან იგი დაზარალებულის მეუღლეა. იმ დღეს როცა შემთხვევა მოხდა, მოწმე სალონში სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდა. გარედან მოესმა ხმამაღალი საუბრის ხმა დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის. მოწმე გავიდა, დააწყნარა ორივე და გააგრძელა თავისი საქმე. კამათის მიზეზი არ იცის. დაზარალებული სალონში შემოიყვანა და იგი როდის გავიდა გარეთ აღარ დაუნახავს. ხმაური შემოესმა გარედან. არ დაუნახავს გარეთ რა მოხდა. მხოლოდ ის დაინახა, რომ 2 ბიჭმა შემოიყვანა დაზარალებული სალონში. მას ფეხი ჰქონდა ნატკენი და ტიროდა. დაზარალებულმა თქვა, რომ მანქანამ გადაუარა. მოწმის განმარტებით მას არ დაუნახავს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. მეორე დღეს დაზარალებული თავისი ფეხით მივიდა სალონში. იმ დღის შემდეგ მას არანაირი შეხება არ ჰქონია ბრალდებულთან, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი მეუღლესთან ერთად ისევ ჩვეულებრივ დადის სალონში და კარგი ურთიერთობა აქვთ. მას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დაუნახავს, უბრალოდ ნახა, რომ ხმამაღლა საუბრობდნენ.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა ექსპერტი ბ-------------–--ე, რომლებმაც დაადასტურეს ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- სისწორე (ტ. 1, ს.ფ 39-41).
3.6. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგინდა შემდეგი:
ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით მოქ. დ----------------–--ეს 02.11.17 წ. ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საექსპერტო დასკვნით კვლევით ნაწილში გადმოცემულია დ----------------–--ის სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები, რომლის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს ,,კლინიკა რუსთავის“ სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა #IV-100/ა მიხედვით დ----------------–--ემ მიმართა ექიმს 02.11.17წ. 12:45 საათზე ჩივილებით, ტკივილი, შეშუპება, მოძრაობის შეძღუდვა მარცხენა კოჭ-წვივის მიდამოში, ჩაუტარდა ტრავმატოლოგის კონსულტაცია: ობ. მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის მიდამო შეშუპებული, პალპაციით მტკივნეული, მოძრაობა სახსარში შეზღუდული ტკივილის გამო. მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის რენტგენოგრაფია: ძვლოვანი ქსოვილის ახალი ტრამვული დაზიანება არ აღინიშნება. თაბაშირით იმობილიზაცია. დიაგნოზი: მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობა-გადაძაბვა.
ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა ბ-------------–--ემ და განმარტა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში სამედიცინო ექსპერტად. არის განყოფილების უფროსი. იგი არ იცნობს ბრალდებულ ა--------------ს და დაზარალებულ დ----------------–--ეს. ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო გამომძიებლის დადგენილება და სამედიცინო დოკუმენტია, რომელზე დაყრდნობითაც მან ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა, გაიცა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტის განმარტებით დაზარალებულს ჰქონდა გარკვეული სახის შეშუპეპები. დაზიანება უნდა იყოს ობიექტური მეთოდებით აღმოჩენილი. შეშუპება შესაძლებელია ტრამვის გარდა ბევრ სხვა გარემოებამ გამოიწვიოს, ამიტომ იგი ობიექტურ ნიშნად არ მიიჩნევდა შეშუპებას.
3.7. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ს.ფ 1) დადგენილია, რომ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში 02.11.2017 წელს გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაულის დაწყებას საფუძველად დაედო ის ფაქტი, რომ მოქალაქე დ----------------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს ქ-----------–-------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ა--------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა ხელჩანთა და ა/მანქანის დაძვრის დროს გადაუარა ფეხზე.
3.7. სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულმა ა--------------მა რომელმაც განმარტა, რომ დაზარალებულ დ----------------–--ესთან ერთად ცხოვრობდა 2-3 წელი. დღეის მდგომარეობით ერთად აღარ არიან, მაგრამ ბავშვებს ნახულობს სკოლაში ან ბებიასთან. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში ბავშვთან ერთად, მეუღლე დ----------------–--ე სამსახურში. მან ნახა, რომ ის ფული, რომელიც მას ჰქონდა შენახული ოჯახის საერთო საჭიროებებისთვის, აღარ იყო იმ ადგილზე სადაც შეინახა. დაურეკა დ------ს, მაგრამ მან არ უპასუხა, ამიტომ სამსახურში მიაკითხა, არც სალონში არ იყო. ცოტა ხანში დ------მ დაურეკა თავად და უთხრა რომ სალონში იყო. სალონში რომ მივიდა დ------მ მანქანაში საუბარი შესთავაზა. უთხრა რომ ფული მან აიღო. ბრალდებული დაინტერესდა თუ რატომ აიღო ფული ჩუმად, რაზეც დ------მ უპასუხა, რომ ოქროს გამოტანა უნდოდა. მას თანხა სხვა რამეში სჭირდებოდა. ამ დროს ცოტა ხმამაღლა საუბრობდნენ. შემდეგ სალონში შევიდნენ, მან უთხრა მეუღლეს სახლში წასულიყვნენ, ჩანთა აიღო და გამოვიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ. დ------ უცბად გადმოვიდა მანქანიდან და ავიდა მანქანის ძა-----ე, თუ რატომ ავიდა მიზეზი არ იცის, შემდეგ ძარიდან მანქანის სახურავზე ავიდა. მას დაზარალებულისათვის ხელი არ დაურტყამს, არც თმაზე მოუქაჩავს და არც ხელი უკრავს. მანქანის სახურავზე როდესაც ავიდა უბრალოდ უნდოდა მისი ჩამოყვანა, რომ წასულიყო, მისი ცამოყვანა ვერ შეძლო, რადგან დ------ მძიმე იყო და ჩამოყვანისას ძირს დაეცა. ბრალდებულს არ სურდა, რომ იგი დაცემულიყო და ტკივილი განეცადა. მანქანით ფეხზე გადავლის შესახებ გაიგო წასვლის შემდეგ, როდესაც მეუღლეს დაურეკა ტელეფონზე და თანამშრომელმა ქალმა, რომელიც სალონში მუშაობს, მ-------მ უპასუხა. როდესაც დარინე მანქანის სახურავზე იყო ასული მის გადმოყვანას შეეცადა, მაგრამ მძიმე იყო, ვერ მოერია და ამიტომ დაეცა ძირს. ამასთან, როდესაც მან დატოვა ადგილი დაზარალებული მანქანის უკანა კარებთან იყო, შუშები აწეული ჰქონდა და არ გაუგია არანაირი ისეთი ხმა, რომელიც მიანიშნებდა რომ ფეხზე გადაუარა დაზარალებულს. იგი მივიდა საავადმყოფოში და პირადობის არ ქონის გამო არ შეუშვეს. გარკვეული რაოდენობის თანხა იყო გადასახდელი კლინიკაში, რაც თავად გადაიხადა. შემდეგ გაიგო, რომ დაზარალებული პოლიციაში იყო წასული, თავადაც იქ წავიდა და შიგნით არ შეუშვეს, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ შევიდა შიგნით. დაახლოებით 2 საათი ოთახში იყო. შემდეგ მივიდა გამომძიებელი და ცოტა ხანი ისაუბრეს. საღამოს საათებში დაზარალებული გაუშვეს პოლიციიდან, ხოლო ბრალდებულზე თქვეს, რომ დაკითხავდნენ და ამის შემდეგ გაუშვებდნენ. მოიყვანეს თარჯიმანი და 1 ზარის განხორციელების საშუალება მისცეს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მისი ქმედება არ მოიცავდა დ----------------–--ისადმი ძალადობას. ბრალდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არათანმიმდევრულია და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ. ის გარემოება, რომ დ----------------–--ეზე ა--------------მა იძალადა და მიაყენა დაზიანებები, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, რომელიც გამყარებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მიმოხილული დ----------------–--ის სამედიცინო დოკუმენტაციით, რომელიც შედგენილ იქნა მისი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა დ----------------–--ემ გამოიყენა მისი კანონიერი უფლება და ოჯახის წევრის წინააღმდეგ სასამართლოში არ მისცა მამხილებელი ჩვენება, სასამართლოს არ ზღუდავს, შეაფასოს სხვა დანარჩენი მტკიცებულებები. შესაბამისად დაუსაბუთებელია დაცვის პოზიცია, თითქოს დაზარალებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარი სასამართლოს მიერ უნდა განიმარტოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, გარდა იმისა, რომ ეს მისი კანონიერი უფლებაა, შეიძლება აიხსნას ასევე ისეთი მოვლენით, როგორიც არის ,,სტოკჰოლმის სინდრომი“, სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს. ამ მექანიზმს აგრესორთან იდენტიფიკაცია ეწოდება და ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ამ ირაციონალური პოზიციის გასამყარებლად მოძალადე აღიქმება, როგორც სიმპათიური და კარგი ადამიანი, რადგან სხვანაირად მასთან იდენტიფიცირება გაძნელდება.
ამ სინდრომს უფრო განზოგადებული სახელწოდებაც აქვს – “მძევლის სინდრომი” და მისი შემთხვევები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ ხშირია. მაგალითად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არჩევს განაგრძოს ცხოვრება მოძალადესთან, მას სიყვარულის ილუზია უჩნდება. აღნიშნულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალი ამბობს, ქმარმა პირობა დადო, რომ მას ფიზიკურად აღარ გაუსწორდება.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მოძალადისგან მომდინარე შურისძიების მოტივის შიში დაზარალებულში.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 43-ე მუხლის მიხედვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული დანაშაულისთვის დგება მსხვერპლსა და შესაბამისი ძალადობის აქტების ჩამდენ პირს შორის არსებული ურთიერთკავშირის ხასიათის მიუხედავად.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის ა--------------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,ე“ პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა--------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულ ა--------------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მოქმედი რედაქცია) - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ა--------------მა გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები, მან გააკეთა ყველაფერი დაზარალებულთან შესარიგებლად და სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ხანგრძლივობით, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „ პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ა--------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ხანგრძლივობით.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ა--------------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 85 (ოთხმოცდახუთი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ’.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ა--------------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 85 (ოთხმოცდახუთი) საათის ხანგრძლივობით, რომლის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ’.
2. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. მსჯავრდებულს განემარტოს, რომ სასჯელის აღსრულების ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
4. ა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი