გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.06.2018
საქმის ნომერი
160310016001454844
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310016001454844

N3/117-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი

მოსარჩელე შპს ,, ფირმა ლომთგორა’’;

მოსარჩელის წარმომადგენელი ირაკლი კიღურაძე, კახა ლაშხი;

მოპასუხეები 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - თეა აბუაშვილი; კახაბერ უგრეხელიძე;

2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი სალომე აბაშიძე;

 

მესამე პირები 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი კახაბერ ქველაძე;

 

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,წარმომადგნელი ნინო ხაჭაპურიძე;

 

3. შპს ,,საქართველოს მელიორაცია'',4 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,წარმომადგენელი მირანდა გვიშიანი, ზიტა იმანოვა;

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1. 1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 10 მაისის N882016201064-07 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის N882016201064-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.3. საჯაო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 ივნისის N147091 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.4. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 აპრილის N1/1-1027 ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა შპს ,,ფირმა ლომთაგორას“ 2017 წლის 25 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 1 აპრილს საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორამ“ და ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯაო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 6 აპრილს N882016201064-03 გადაწყვეტილებით შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარსადგენი იყო ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში დამატებით, წარდგენილი იქნა დოკუმენტები, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 5 მაისის წერილი N03/2933, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა წარდგენილი დოკუმენტები არასაკმარისად მიიჩნია და 2016 წლის 11 მაისს N882016201064-08 გადაწყვეტილებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წარდგენილი დოკუმენტები იძლეოდა ხაზობრივი ნაგებობის მის საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველს, რის გამო ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრში გაასაჩივრა N882016201064-08 გადაწყვეტილება, თუმცა მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ სადაო ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენს შ.პ.ს. ,, ფირმა ლომთაგორას“ საკუთრებას და ირიცხება მის ბალანზე 2001 წლის 17 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რის გამო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა უსაფუძვლოდ უთხრა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და განმარტა, რომ შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორას“ მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტებიდან არ დასტურდებოდა მისი საკუთრების უფლება იმ უძრავ ნივთზე, რომლის რეგისტრაციასაც ის მოითხოვდა, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,საქართველოს მელიორაცია''-ის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნებს და მოითხოვეს მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აპრილს საჯარო რეესტრის მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორამ და ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების ფულების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის მიხედვით ხაზობრივი ნაგებობის გრძივი მეტრი შეადგენს 12500 მეტრს, მდებარე მარნეული, იალღუჯა. ამასთან,განცხადებაზე თანდართული 2001 წლის 17 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ ალგეთის საკრებულომ თავისი ბალანსიდან გადასცა ,,ლომთაგორა-არხი“ არხი შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორა I-ს ბალანსზე.

 

გაცხადებაზე თანდართული 2002 წლის 3 ივლისის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარნეულის რაიონული განყოფილების წერილით ირკვევა, რომ შ.პ.ს. ,,ლომთაგორა - I“, რომელიც წარმოადგენდა სარწყავი არხი ,,ლომთაგორას“ ძირითად მომხმარებელს, წერილით ითხოვდა ამ არხის პრივატიზებას.

 

განცხადებაზე თანდართული მარნეულის რაიონის გამგეობის 2000 წლის 6 ნოემბრის N298 განკარგულების თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის შიდასამეურნეო მელიორაციული ქსელის, ჰიდროტექნიკური მოწყობილობების, წყლის საქაჩი სადგურებისა და ლოკალური სისტემების გადაცემის მიზნით, შეიქმნა კომისია, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში დაევალათ მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა.

 

განცხადებაზე დართული სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2002 წლის 3 სექტემბრის N72 ბრძანების თანახმად, მარნეულის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს ბალანსზე რიცხული ლოკალური ლომთაგორას სარწყავი არხი გადაეცა ბალანსზე ალგეთის სოფლის გამგეობას.

 

განცხადებაზე თანდართული 2001 წლის 5 იანვრის აქტით ირკვევა, რომ მარნეულის სარწყავი სისტემის სამმართველოს ბალანსიდან ,,ლომთაგორა არხი“ გადავიდა ალგეთის სოფლის გამგეობის ბალანსზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორას განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტები;

 

4.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 აპრილის N882016201064-03 გადაწყვეტილებით, 2016 წლის 7 აპრილის N882016201064-05 გადაწყვეტილებითა და 2016 წლის 10 მაისის N882016201064-07 გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო 2016 წლის 11 მაისის N882016201064-08 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორას მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტებით ვერ დადგინდა ხაზობრივ ნაგებობაზე მისი საკუთრების უფლება.

 

სასამართლოო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882016201064-03 გადაწყვეტილება;

- N882016201064-05 გადაწყვეტილება;

- N882016201064-07 გადაწყვეტილება;

- N882016201064-08 გადაწყვეტილება;

 

4.1.3. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 ივნისის N147091 გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N147091 გადაწყვეტილებ;

 

4.1.4. დადგენილია, რომ ,,ლომთაგორა-არხი“ მარნეულის სარწყავი სისტემის სამმართველოს ბალანსიდან 2001 წლის 5 იანვრიდან გადაეცა ალგეთის სოფლის გამგეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2000 წლის 6 ნოემბრის N298 განკარგულება;

- 2001 წლის 5 იანვრის აქტი;

 

4.1.5. დადგენილია, რომ 2001 წლის 11 იანვარს მარნეულის რაიონის ალგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორა I დირექტორმა და მან, როგორც ,,ლომთაგორა არხის’’ ძირითადმა მომხმარებელმა, მოითხოვა არხის უსასყიდლოდ გადაცემა, ხოლო 2001 წლის 17 იანვარს ალგეთის საკრებულომ ,,ლომთაგორა-არხი“ თავისი ბალანსიდან გადასცა შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორა I.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორა I დირექტორის წერილი;

- 2001 წლის 17 იანვრის აქტი;

 

4.1.6. დადგენილია, რომ მარნეულის რაიონული სასამარტლოს 2003 წლის 10 იანვრის დადგენილებით შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორა I სახელწოდებად განისაზღვრა შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორა“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

4.1.7. დადგენილია, რომ სარწყავ არხზე ს.კ. 83.00.308 სიგრძე 12601,27 მ. რეგისტრირებულია შ.პ.ს. ,,მარნეულის მელიორაციის’ საკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მხარეებს არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების განხილვის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ფირმა-ლომთაგორა"-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 22-ე, 23-ე მუხლები, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-8, 21-ე, 26-ე მუხლები; ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარი N 4 ბრძანება; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობები საჯარო რეესტრი შესახებ კანონით განისაზღვრება.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სააგენტო, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას რეგისტრაცია წარმოადგენს.

 

საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს საქმიანობა განმარტებულია როგორც სარეგისტრაციო წარმოება.

 

სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველს, საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია.

 

სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარმოადგენს რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტი, ხოლო თავად სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემოწმდეს ის გარემოება, შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთგორას“ მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უშუალოდ წარმოშობდა თუ არა ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 1 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორამ და ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხაზობრივ ნაგებობას წარმოადგენს ,,ლომთაგორა-არხი“, რომელიც 2001 წლის 5 იანვრის აქტით მარნეულის სარწყავი სისტემების სამმართველოს ბალანსიდან გადაცემული იქნა ალგეთის სოფლის გამგეობის ბალანსზე, ხოლო 2001 წლის 17 იანვრიდან ალგეთის სოფლის გამგეობის ბალანსიდან გადაეცა შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორა I“-ს და აღირიცხა მის ბალანსზე. დადგენილია ასევე, რომ შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორა I“ სახელის შეცლის შემდეგ დარეგისტრირდა როგორც შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორა“.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ 2001 წლის 17 იანვრიდან ,,ლომთაგორა-არხის“ შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორა I“-ს ბალანსზე გადაცემა არ წარმოადგენს შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორას“ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამართლებრივი, ეკონომიკური, ორგანიზაციული და სოციალური საფუძვლები, პრივატიზების განხორციელების ძირითადი პირობები, შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორა I“-ს ბალანსზე ,,ლომთაგორა-არხის“ გადაცემის პერიოდისათვის (17.01.2001წ.) განისაზღვრებოდა კანონით ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ". მითითებული კანონი ასევე უზრუნველყოფდა ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელწმიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესს.

 

მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება განიმარტებოდა როგორც ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგად სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მისი მართვის უფლებებს, ხოლო ,,სახელმწიფო ქონება“ - საწარმოები, ამ საწარმოთა ქვედანაყოფები, რომელთა გამოყოფა შეიძლება დამოუკიდებელ საწარმოებად; ლიკვიდირებას დაქვემდებარებული ან უკვე ლიკვიდირებული საწარმოების ან მათი ქვედანაყოფების შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სხვა მატერიალური და არამატერიალური აქტივები; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები, წილი;

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელ და მართვის ორგანოს აღნიშნულ პერიოდში წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო მე-6 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებისა - მისი ტერიტორიული ორგანო.

 

მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხაზობრივი ნაგებობა ,,ლომთაგორა-არხი“ არ წარმოადგენდა კანონით რეგულირებულ სახელმწიფო ქონების ისეთ ობიექტს, რომლის პრივატიზებაც იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, დადგენილია, რომ ,,ლომთაგორა-არხი“ შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორა I“-ს (შემდგომში შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორა“) ბალანსზე გადასცა ალგეთის სოფლის გამგეობამ, რომელიც ზემოაღნიშნული კანონიდან გამომდინარე ასევე არ წარმოადგენდა პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხაზობრივი ნაგებობა ,,ლომთაგორა-არხის“ შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორასათვის“ საკუთრებაში გადაცემა არ განხორციელებულა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ 2001 წლის 17 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ალგეთის საკრებულომ თავისი ბალანსიდან გადასცა ,,ლომთაგორა-არხი“ არხი შ.პ.ს. ფირმა ლომთაგორა I-ს ბალანსზე, თავისი შინაარსით ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილ ისეთ სხვა დოკუმენტად, რომელიც შესაძლებელია წარმოშობდეს საკუთრების უფლებას სხვა სამართლებრივი საფუძვლით რეგისტრაციას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2001 წლის 17 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი უშუალოდ არ წარმოშობდა საკუთრების რეგისტრაციის საფუძველს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს კანონიერების პრინციპს რაც გულისხმობს იმას, რომ უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს კანონის საფუძველზე. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 აპრილის N1/1-1027 ბრძანების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა შპს ,,ფირმა ლომთაგორას“ 2017 წლის 25 ოქტომბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, მოთხოვნის ამ ნაწილში ასევე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2016 წლის 1 აპრილის N1/1-1027 ბრძანების საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი. მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად ბუნებრივია შეადგენს იმ საფუძვლის მოსპობა, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ პირობას და რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლება.

 

საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, რაც არის უძრავ ქონებაზე საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის მიერ შ.პ.ს. ,,ფირმა ლომთაგორას“ განცხადების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ დარღვეულია სადავო აქტების მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია (გადამხდელი შპს ,,ფირმა ლომთაგორა" ) სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (იხ. ს.ფ. 32), რაც უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში, ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეზე მოსარჩელის მიერ საპროცესო ხარჯის სახით გაწეული თანხის დაკისრების საფუძველი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები არ გამოყენებულა;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე შპს ,,ფირმა ლომთაგორა"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე