გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140210017002085127
საქმე #2/1414-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2018 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - თ------------–---–ი
წარმომადგენელი - ა-–------------–---–ი
მოპასუხე - ს-----------------–----–----------------–---–---------------------–ა
წარმომადგენელი - დირექტორი რ------------------ი
თ----------------–---–ი
დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. თ------------–---–ი ცნობილი იქნეს ს-----------------–----–----------------–---–---------------------–ის ტერიტორიაზე განთავსებული მილების მესაკუთრედ, სკოლის უკანონო მფლობლობიდან გამოთხოვილი იქნეს აღნიშნული მილები და გადაეცეს მის მესაკუთრეს, თ------------–---–ს. მოსარჩელი ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებებს: თ------------–---–ის განმარტებით, მან 1999 წელს საკუთარი ხარჯებით განახორციელა ქ-–---------------------–ის გაზიფიცირება, თავისი ხარჯებით შეიძინა საჭირო 0,7-0,5მმ დიამეტრის რკინის მილები (800 მეტრი). მას შემდეგ, რაც სკოლაში ალტერნატიული პლასტმასის მილებით შეიყვანეს გაზი, მის მიერ გაკეთებულმა გაყვანილობამ დაკარგა ფუნქციური მნიშვნელობა, ხდება მისი დატაცება, 800 მეტრის სიგრძის გაზსადენიდან დარჩენლია 300-500 მეტი სიგრძის რკინის მილები, რომლებიც იმყოფება ქ-–---ის სკოლის ტერიტორიაზე და სკოლის დირექტორი არ აძლევს საშუალებას წამოიღოს აღნიშნული მილები და გამოიყენოს როგორც საკუთარი. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული მილები სკოლისთვის არ მიუყიდია, არ უჩუქებია და არ დაუდიათ საკუთრების განმკარგავი ხელშეკრულება, შესაბამისად, ეს მილები ისევ თ------------–---–ის საკუთრებაშია მითუმეტეს, რომ სკოლას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მილები მის საკუთრებას წარმოადგენს ან მის ბალანსზეა აღრიცხული (იხ. სარჩელი და 30.04.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხის განმარტებით, რ------------------ი ქ-–---------------------–ის დირექტორად დაინიშნა 2007 წელს და ამ დროისათვის სკოლაში გაზის მილები გაყვანილი იყო. ის ტერიტორია, რომელზედაც განთავსებულია სკოლის შენობა, წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და 2006 წლის 5 აპრილის ხელშეკრულებით სკოლას გადაეცა დროებით სარგებლობაში იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც დღეს არსებობს და შესაბამისად, იმ მილებთან ერთად, რომელზედაც დავობს მოსარჩელე მხარე. რაც შეეხება ამ მილების სკოლის ბალანსზე აყვანას, მსგავსი პროცედურა არ არსებობს და მოსარჩელე მხარე ვერ წარმოადგენს ვერცერთ მტკიცებულებას, რომ რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს აყვანილი აქვს მილები ბალანსზე. ეს მილები წარმოადგენს შენობის საკუთვნებელს და ძირითადი ნივთის სამსახურისათვისაა განკუთვნილი და მისი დროებით უფუნქციობა არ ნიშნავს, რომ არ არის შენობის საკუთვნებელი და მისი შემადგენელი ნაწილი, ვინაიდან ეს მილები შენობიდან განცალკევებული არ არის. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მილები უფუნქციოა, ვინაიდან სკოლას დღეის მდგომარეობით შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია და ამიტომ არ მუშაობს გათბობის სისტემა. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს თუ რა სახის გარიგება დაიდო მხარეებს შორის, არც ჩუქების, არც თხოვების, არც ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის არ არსებობდა შეთანხმება (იხ. შესაგებელი და 30.04.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის მიერ მოთხოვილი გაზის მილები მოპასუხის მფლობელობაშია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. სადავო რკინის მილები შეძენილია მოსარჩელის მიერ 1999 წელს და მის ნებითვე გადაეცა სსიპ ქ-–---------------------–ას გაზიფიცირებისათვის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - - მხარეთა ახსნა-განმარტება; - - მოწმეთა ჩვენებები
მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებით, იგი 1995 წლიდან 2003 წლამდე იყო სოფელ ძევერის საკრებულოს გამგებელი, თ------------–---–ი კი საკრებულოს დეპუტატი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევალებოდა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. 1999 წელს ქ-–---ის სკოლას პრობლემა ჰქონდა და მისი გაზით მომარაგება ვერ ხდებოდა. თ------------–---–მა საკუთარი რკინის მილები მიიტანა, ხელოსნებიც თვითონ მიიყვანა და საკუთარი ხარჯით სკოლას გაზგაყვანილობა გაუკეთა და მიაწოდა გაზი. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მილები სკოლის ფანჯრებზეა აყვანილი გარედან, თუმცა აღნიშნული მილები უფუნქციოა, ვინაიდან ახალი გაზგაყვანილობაა გაკეთებული. მოწმის განმარტებით, თ------------–---–ის ქმედება იყო ქველმოქმედება ბავშვების გასათბობად გაკეთებული.
მოწმე ა------------–---–ის ჩვენებით, 2000 წლამდე მუშაობდა სოფლის მეურნეობის დირექტორად. თამაზ ნაჭაშვილი ამ პერიოდში პასუხისმგებელი პირი იყო სოფლის გაზიფიცირებასა და მოსახლეობის გაზით მომარაგებაში. 1999 წლისათვის სკოლას გაზი არ მიეწოდებოდა. თამაზს შესაძლებლობა ჰქონდა და თავისი ხარჯებით სკოლაში გაიყვანა გაზი. მისი განმარტებით, გაზგაყვანილობა თ------------–---–მა საკუთარი სახსრებით გააკეთა, ზოგი მასალა სახლში ჰქონდა, ზოგიც შეიძინა, ხელოსნებსაც მან გადაუხადა ფული. რაც შეეხება თავად ა------------–---–ს, იგი თამაზს მხარში დაუდგა ტრაქტორის მიყვანა უზრუნველყო, ზოგიერთმა ტრაქტორისტმა უფასოდაც იმუშავა. მოწმის განმარტებით, თ------------–---–მა სკოლას ეს მილები თითქოს არც აჩუქა არც ათხოვა, დღეის მდგომარეობით ეს გაზის მილები შენობის კედლებზეა ჩამოკიდებული, აღარ არის ხმარებაში და არაფერი დაშავდება რომ თ------------–---–მა წაიღოს.
მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებით, იგი იყო სკოლის დირექტორი, თ------------–---–მა შესთავაზა გაზის გაყვანა საკუთარი ხარჯებით და აიღო თავის თავზე, მიიყვანა მუშები, მიიტანა მილები და დაამონტაჟა თავისი ხარჯით. მოწმის განმარტებით მილების გაყვანის დროს თვითონაც მუშაობდა. რაც შეეხება ბუღალტერიას, ბუღალტერია სკოლას არ უწარმოებია. აღნიშნული მილები ეკუთვნის თამაზის, რადგან მან თავისი კეთილი ნებით გააკეთა ყველაფერი.
მოწმე ი-----–--------–-----–---–ის ჩვენებით, იგი მუშაობდა ქ-–--------------------------ის კადრების დირექტორად. ქ-–---ის სკოლაში გაზიფიცირება განხორციელდა 1995-1996 წლებში. იგი უშუალოდ ესწრებოდა საკრებულოს გამგებლის, მეურნეობის დირექტორის და ქ-–---ის გაზგაყვანილობის ტექნიკური ზედამხედველის, თ------------–---–ის საუბარს, როდესაც მსჯელობდნენ როგორ მოეძიებინათ თანხა სკოლის გაზიფიცირებისათვის და თამაზმა შესთავაზა რომ მას ჰქონდა რკინის მილები, რითაც შეიძლებოდა გაზი გაეყვანათ და ამ საუბრიდან სულ მალე სკოლის გაზიფიცირება დასრულდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მის მიერ მითითებული ნივთების კუთვნილების ფაქტი, შესაბამისად, ვერ დაასაბუთა ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში უკანონოდ ყოფნის ფაქტი.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 147-ე, 155-ე, 156-ე, 158-ე, 170-ე, 172-ე, 186-ე, 317-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 ,102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თ------------–---–ი მიუთითებს, რომ 1999 წელს სოფელ ქ-–---------------------–ას საკუთარი ხარჯებით შეუძინა და დაუმონტაჟა რკინის მილები გაზიფიცირებისათვის, რომელიც დღეის მდგომარეობით უფუნქციობის გამო მის საკუთრებას წარმოადგენს და სკოლის უკანონო მფლობელობაშია.
სასამართლო აღნისნავს, რომ მოპასუხეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან და მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა შეფასდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ეკუთვნის თუ არა სადავო რკინის მილები მოსარჩელეს, შემდეგ კი ამ ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებობის ფაქტი.
6.3. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად, ქონება, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის შესაბამისად; 1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, 2. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი, 3. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად, 4. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად.
6.5. ამავე კდექსის 156-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, ხოლო 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს თავისი ნებით გადასცა რკინის მილები, აღნიშნილი მილები დღეის მდგომარეობითაც მოპასუხე მხარის მფლობელობაშია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ სადავო მილები, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ნებით გადასცა მოპასუხეს და დღესაც მის მის საკუთრებას წარმოადგენს და მოპასუხეს მან დროებით სარგებლობაში გადასცა.
6.6. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად და მის მიერ მითითებული არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება, მტკიცებულების სახით კი მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სადავო მილები თ------------–---–მა მართლაც გადასცა ქ-–---ის სკოლას, მაგრამ მათ ასევე მიუთითეს, რომ აღნიშნული მილების სკოლისათვის გადაცემას ქველმოქმედების სახე ჰქონდა და მხარეებს შორის რაიმე სახის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მილები სკოლას თ------------–---–ისათვის თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ უკან უნდა დაებრუნებინა ვერ დაასახელეს. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ სკოლის გაზიფიცირებისას, გარდა იმისა, რომ თ------------–---–მა შეიძინა გარკვეული ნივთები, უშუალოდ სამუშაოების შესრულებაში სხვებიც იღებდნენ მონაწილეობას ანაზღაურების გარეშე.
6.8. გარდა მითითებული გარემოებებისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად მოსარჩელე ცალსახად მიუთითებს, რომ მან სკოლას გადასცა მილები და მიუხედავად იმისა, რომ ამ ნივთებს თავის საკუთრებად მიიჩნევს, ვერ ასაბუთებს, რომ აღნიშნული მილები მან სკოლას დროებით სარგებლობაში გადასცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად კი; 1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი; 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელემ ყოველგვარი სასყიდლის გარეშე გადასცა მოპასუხე მხარეს სადავო ნივთები, თუმცა მოსარჩელეს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის შეთანხმება არსებობდა მხარეებს შორის და რის საფუძველზე ითხოვს ნივთების უკან დაბრუნებას, მტკიცებულებების გამოკვლევისას კი დადგინდა, რომ თ------------–---–მა, როგორც მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა სკოლას ნივთები, ანუ შემძენს ნივთი ჩააბარა პირდაპირ მფლობელობაში და მას ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება, კერძოდ ხელშეკრულება იმის დასადასტურებლად, რომ მან სკოლას ნივთები გადასცა არაპირდაპირ მფლობელობაში, თვითონ კი დარჩა პირდაპირ მფლობელად, რაც მისცემდა შესაძლებლობას, მოეთხოვა მის მიერ არაპირდაპირ მფლობელობაში გადაცემული ნივთების მის მფლობელობაში დაბრუნება.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ სადავო ნივთების მესაკუთრეა, შესაბამისად, ვერ დასაბუთა მოპასუხის მხრიდან სადავო ნივთების დაბრუნების ვალდებულების არსებობა. ამდენად, სადავო ნივთების მფლობელად და მესაკუთრედ სკოლა მიიჩნევა და ამ ნივთების თ------------–---–ისათვის გადაცემა მის უფლებას წარმოადგენს და არა ვალდებულებას, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, მოსარჩელემ კი ვერ წარმოადგინა ვერც ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ და ასევე ვერ მიუთითა მოპასუხის მხრიდან ნივთების დაბრუნების სხვა საფუძველი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთებზე მისი საკუთრება.
6.9. რაც შეეხება ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება, შესაბამისად, ვერ იქნა დადასტურებული ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში უკანონო ყოფნის ფაქტი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდეობით, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე თ------------–---–ის სარჩელი მოპასუხე ს-----------------–----–----------------–---–---------------------–ის მიმართ, მოძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი