გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.06.2018
საქმის ნომერი
110210018002379928
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002379928

2/----2018წელი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

7 ივნისი 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე

 

მოსარჩელე _ ზ----- ლ----ე;

წარმომადგენელი_ ნ--- ზ------ე;

მოპასუხე _ ზ---- რ------ე;

წარმომადგენელი- თ---------- ფ-----ე;

დავის საგანი სარჩელში _ ზიანის ანაზღაურება, ხელშეშლის აღკვეთა და დამხმარე ნაგებობის - სველი წერტილის გადატანა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხემ აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი 6100 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხე ზ---- რ------ეს დაევალოს მოსარჩელე ზ----- ლ----ის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და მხარეთა ეზოების საზღვარზე აშენებული დამხმარე ნაგებობის - სააბაზანოსა და საპირფარეშოს გადატანა.

 

სარჩელის გარემოებები:

 

1998 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა და 2002 წელს საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაირეგისტრირა ქ.ზესტაფონში, 9-------–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მის მეზობლად N---–- ცხოვრობს მოპასუხე ზ---- რ------ე. მოპასუხემ მათი ეზოების საზღვარზე ააშენა დამხმარე ნაგებობები - სააბაზანო და საპირფარეშო, რაც ხელს უშლის თავისი საკუთრების სარგებლობაში, ისინი მდებარეობს მის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან და უქმნის დისკომფორტს როგორც ეზოში ყოფნისას, ასევე ეზოში შესვლისა და გასვლის მომენტშიც. ზ. რ------ის საცხოვრებელი სახლის სახურავიდან და დამხმარე ნაგებობის (სველი წერტილის) სახურავიდან გადმოდის წყალი და აყენებს ზიანს. კერძოდ, ზიანდება მისი საცხოვრებელი სახლის ჭერი, კედლები, იატაკი, ფანჯრები და კიბე.

 

ამდენად,ზ---- რ------ე მას აყენებს ზიანს, მოპასუხის აშენებული დამხმარე ნაგებობა ხელს უშლის თავისი საკუთრებით სარგებლობაში, რაც უნდა გადაიტანოს სხვა ადგილზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უკვე წლებია ზ----- ლ----ის მოსაზღვრედ ცხოვრობს და ზ----- ლ----ე მას ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ედავა სასამართლო წესით, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ. არც მისი საცხოვრებელი სახლი და არც მის მიერ აშენებული დამხმარე ნაგებობა ზ----- ლ----ეს არ უშლის ხელს და არც არავითარ ზიანს აყენებს. მისი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა ისეა აშენებული, რომ სახურავებიდან ჩამონადენი წყალი თავად მის ეზოში ჩაედინება და არა ზ----- ლ----ის ეზოში. საცხოვრებელი ე.წ. ,,ფინური სახლი'' ააშენა 2007 წელს, მანამდე იქ არსებული ძველი ხის სახლის ფარგლებში, პროექტის საფუძველზე და კანონის სრული დაცვით. ხოლო საზიარო ბელეტაჟი სახლი ამჟამად არსებობს იმ სახით, როგორიც არსებობდა ზ----- ლ----ის მის მიერ შეძენამდეც, დამხმარე ნაგებობა- სველი წერტილი ააშენა 2007 წელს ძველი ნაგებოების ადგილას, კანონის სრული დაცვით და მასზე არსებობდა სათანადო პროექტი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერაა დამტკიცებული და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული.

 

რაც შეეხება ზიანს, მოსარჩელე უთითებს მხოლოდ მის ოდენობას და ვერ ადასტურებს, მოპასუხის მხრიდან მისი მიყენების ფაქტს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.ზ----- ლ----ისა და ზ---- რ------ის ეზოები და საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ქ.ზესტაფონში 9-------–-------------სა და N---–- ერთმანეთის მეზობლად და მომიჯნავედ.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, ადგილზე დათვალიერების ოქმს.

 

3.2. მხარეთა ეზოები ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული. ზ----- ლ----ის ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან მარცხნივ 70 სმ-ში არის ზ. რ------ის კუთვნილი დამხმარე ნაგებობა- სველი წერტილი, რომელიც მდებარეობს ქუჩის პირას და მისი კედელი წარმოადგენს ზ---- რ------ის ნაკვეთის საზღვარს. სველი წერტილის უკანა კედელი 1.80 მეტრის სიგრძეზე წარმოადგენს მხარეთა ეზოების ფაქტობრივ საზღვარს, მიჯნას. აღნიშნულის შემდეგ, ეზოებს ყოფს აგურის კედელი (ღობე), რომლის სიგანეა 25 სმ, სიმაღლე- 1, 30, სიგრძე-5.80 მეტრი. დამხმარე ნაგებობის -სველი წერტილის უკანა კედელი ემიჯნება აგურის ღობეს, ზ. რ------ის ეზოს მხარეს ღობის სიგანეზე 12სმ-ში. აგურის ღობის ბოლოს მდებარეობს ზ----- ლ----ის საცხოვრებელი სახლის კიბე. აგურის ღობის მიყოლებით, კიბის მოაჯირის ზემოთ, მხარეთა ეზოების გასამიჯნად მოაჯირს მიდგმული აქვს ლითონის ფურცელი, სიგრძე -2 მეტრი, ხოლო სიმაღლე - 1.20 მეტრი. აგურის ღობიდან მარცხნივ 50 სმ-ში მდებარეობს ზ---- რ------ის ე.წ. ფინურად დახურული სახლის უკანა კედელი.

 

ზ---- რ------ის ეზოში მდებარეობს ორი სახლი. ფინურ სტილზე დახურული სახლის უკანა კედელი მდებარეობს მხარეთა ეზოების გამყოფი აგურის კედლიდან 50 სმ-ში, ხოლო მეორე სახლი არის ბელეტაჟზე და საზიარო სახლია. სახლის ერთი ნაწილი, მარცხენა მხარე არის ზ---- რ------ის, ხოლო მარჯვენა მხარე- ზ----- ლ----ის. საზიარო სახლის ნაწილები გაყოფილია ყრუ კედლით, ხოლო სახლის წინა, მხარეთა კუთვნილი სივრცეები გამოყოფილია ზ. ლ----ის აივნის მოაჯირის ზემოთ დამაგრებული დაახლოებით 2,20 მეტრი სიმაღლისა და 1.50 სიგანის ლითონის ფურცლით ისეთნაირად, რომ ზ. რ------ის ეზოდან ზ. ლ----ის ეზოში ვერც გადავა და ვერც გადაიხედავს ვერავინ. ეზოების გამყოფი ლითონის ფურცლები არსებობდა ზ----- ლ----ის მიერ სახლის შეძენამდეც და იგი წინა მესაკუთრის გაკეთებულია.

 

_ სასამართლო დაეყრდნო ადგილზე დათვალიერების ოქმს.

 

3.3. ზ----- ლ----ის სახლის წინა მხარეს, მხარეთა კუთვნილი ნაკვეთების საზღვარში ეზოების გამყოფი აგურის კაპიტალური ღობე, რომლის სიგრძეა -5.80 მეტრი, სიმაღლე- 1, 30 და სიგანე 25 სმ, 2004 წელს ააშენა თავად მოსარჩელე ზ----- ლ----ემ.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.4. საზიარო სახლის ზ. ლ----ის კუთვნილი ნაწილი გადახურულია ძველი შიფრით, რომლის ქვემოთაც დამაგრებულია წყლის სადინარი ღარი. ზ. ლ----ის სახლის წინა შუშაბანდი, კედლები და ჭერი სიძველისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების გამო ძალზე დაზიანებულია. შუშაბანდს და ფანჯრებს ზოგ ადგილას არ აქვს მინები, სახლის ჭერზე და კედლებზე ალაგ-ალაგ შეინიშნებს წყლის ჩამოსვლის კვლები საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად თითქმის უვარგისია.

 

_ სასამართლო დაეყრდნო ადგილზე დათვალიერების ოქმს, აუდიტორულ დასკვნას.

 

3.5. მხარეთა კუთვნილი ეზოების საზღვართან ამჟამად არსებული კაპიტალური დამხმარე ნაგებობა-სველი წერტილი (სააბაზანო და საპირფარეშო) ზესტაფონის რაიონის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მიერ დამტკიცებული სათანადო პროექტის საფუძველზე 2007 წელს ააშენა ზ---- რ------ემ, მანამდე იქ არსებული და ზესტაფონის რაიონის გამგეობის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული ძველი დამხმარე ნაგებობის ადგილზე.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა- განმარტებას, პროექტს, საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტს.

 

3.6. ზ---- რ------ის ეზოში მდებარე მეორე ე.წ. ფინურ სტილზე აშენებული სახლი აშენდა 2007 წელს, მანამდე იქ არსებული ძველის ხის სახლის ფარგლებში. სახლი გადახურულია ე.წ. ,,ფინურ სტილზე’’ და სახურავი არ გადმოდის ზ. ლ----ის ეზოში. საცხოვრებელი სახლის სახურავის ფრთები ეშვება ზ. რ------ის ეზოში და დამხმარე ნაგებობის -სველი წერტილის სახურავზე. სველი წერტილის სახურავი არის ბეტონით მოპირკეთებული და ბეტონის სახურავს აქვს დაქანება გზის და ასევე ზ---- რ------ის ეზოს მხარეს. ზ---- რ------ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა განლაგებულია ისეთნაირად, რომ ნაწვიმარი წყალი ვერ გადავა ზ----- ლ----ის ეზოში და იგი საამისოდ გაკეთებული მილით გადავა ქუჩაში და ზ---- რ------ის ეზოში. ზ---- რ------ის სახლისა და დამხმარე ნაგებობის კედლებს, ასევე ეზოების გამყოფ აგურის ღობეს არ ეტყობათ წყლის ჩამოსვლის კვლები. საზიარო სახლის ზ---- რ------ის ნაწილი დახურულია შიფრით და დაქანება აქვს ისეთნაირად, რომ სახურავიდან გადმომდინარე წყალი ჩავა ისევ ზ. რ------ის ეზოში. სახურავს ზ---- რ------ის მხარეს არ აქვს წყლის საწვიმარი ღარი.

 

საზიარო ბელეტაჟი სახლის ზ---- რ------ის კუთვნილ ნაწილს ქვედა მხარეს აქვს საჰაერო, რომელიც ამოშენებული არ არის, საჰაეროს აფარებული აქვს ლითონის ბადე ისეთნაირად, რომ ხელს არ უშლის ჰაერის თავისუფლად მოძრაობას.

 

_ სასამართლო დაეყრდნო ადგილზე დათვალიერების ოქმს.

 

3.7. ზ---- რ------ის ეზოდან, საცხოვრებელი სახლიდან და დამხმარე ნაგებობიდან ზ----- ლ----ეს არ ადგება რაიმე სახის ზიანი. ზ---- რ------ის ეზო, საცხოვრებელი სახლები (საზიარო და ე.წ. ფინურ სტილზე დახურული), დამხმარე ნაგებობა (საპირფარეშო და სააბაზანო) არის მოწესრიგებული და სუფთა, შენობები წარმოადგენს კაპიტალურ ნაგებობებს. მათგან რაიმე არასასიამოვნო სუნი არ მომდინარეობს. ზ---- რ------ის საკუთრებიდან ნარეცხი ან ნაწვიმარი წყალი, ან რაიმე ანტისანიტარიული პირობები მეზობელ ზ----- ლ----ის ეზოსა და საცხოვრებელი სახლისაკენ არ მიემართება.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, ადგილზე დათვალიერების ოქმს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მხარეთა ახსნა-განმარტებების, ადგილზე დათვალიერების და მხარეთა მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებით,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 992-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

 

დადგენილია, რომ ზ----- ლ----ისა და ზ---- რ------ის ეზოები და საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ქ.ზესტაფონში 9-------–-------------სა და N---–- ერთმანეთის მეზობლად და მომიჯნავედ.

 

დადგენილია, რომ მხარეთა კუთვნილი ეზოების საზღვართან ამჟამად არსებული კაპიტალური დამხმარე ნაგებობა-სველი წერტილი (სააბაზანო და საპირფარეშო) ზესტაფონის რაიონის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მიერ დამტკიცებული სათანადო პროექტის საფუძველზე 2007 წელს ააშენა ზ---- რ------ემ, მანამდე იქ არსებული და ზესტაფონის რაიონის გამგეობის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული ძველი დამხმარე ნაგებობის ადგილზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ, რომელმაც მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა და მეზობელ ნაკვეთზე არსებული დამხმარე ნაგებობის გადატანა, ვერ წარმოადგინა დამადასტურებელი მტკიცებულებები იმის, რომ ამ ნაგებობის ფუნქციონირებით არსებობს მისდამი ხელშეშლა.

 

ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მოსარჩელის სარჩელსა და ახსნა- განმარტებაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება რეალობას. ზ---- რ------ის კუთვნილი საყოფაცხოვრებო არც ერთი ნაგებობიდან რაიმე სახის მავნე ზემოქმდება არ მიემართება მოსარჩელე ზ----- ლ----ის ეზოსაკენ, არ დადასტურდა შენობების სახურავებიდან ზ----- ლ----ის ეზოში წყლების გადადადინება, რაიმე ანტისანიტარიის არსებობა და ამ გზით ზ----- ლ----ისადმი ხელშეშლა.

 

6.2.. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის მიერ დელიქტური ვალდებულების შესრულებას - მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

პირს (მოცემულ შემთხვევაში - ზ---- რ------ეს ) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ: 1. არსებობს ზიანი; 2. ზიანი მიყენებულია მოცემული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; 3. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოცემულ პირს, როგორც ზიანის მიმყენებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეჯიბრებითობა ნიშნავს მოდავე მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დასამტკიცებად. სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნის თუ შესაგებლის ფარგლებით, რასაც პირდაპირ ადგენს საქართველოს სსკ-ის 248-ე მუხლი, არამედ მათი მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ადგილზე დათვალიერებამ ცხადყო, რომ ზ---- რ------ის ეზოდან, საცხოვრებელი სახლიდან და დამხმარე ნაგებობიდან ზ----- ლ----ეს არ ადგება რაიმე სახის ზიანი. ზ---- რ------ის ეზო, საცხოვრებელი სახლები (საზიარო და ე.წ. ფინურ სტილზე დახურული), დამხმარე ნაგებობა (საპირფარეშო და სააბაზანო) არის მოწესრიგებული და სუფთა, შენობები წარმოადგენს კაპიტალურ ნაგებობებს. მათგან რაიმე არასასიამოვნო სუნი არ მომდინარეობს. ზ---- რ------ის საკუთრებიდან ნარეცხი ან ნაწვიმარი წყალი, ან რაიმე ანტისანიტარიული პირობები მეზობელ ზ----- ლ----ის ეზოსა და საცხოვრებელი სახლისაკენ არ მიემართება.

 

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ზ----- ლ----ემ ვერ დაადასტურა მოპასუხე ზ---- რ------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ის ზემოქმედებანი, რაც მიწის ერთი ნაკვეთიდან მეორეზე ვრცელდება და გარკვეულ ზიანს აყენეს მას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ აუდიტორული დასკვნა, რომ სახლი დაზიანებულია, საცხოვრებლად თითქმის უვარგისია და მითითებულია აღდგენითი სამუშაოების ღირებულება, ანუ ზიანის ოდენობა, თუმცა მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

ამდენად, მოცემულ შემთხევაში, სახეზეა ზიანი, თუმცა არ დადგინდა კონკრეტულად მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის რომელიმე (მართლსაწინააღმდეგო) ქმედებასა და ზ----- ლ----ისათვის მიყენებულ ზიანს შორის, არ დადგინდა მოპასუხის ბრალი. მოპასუხემ დაამტკიცა, დამდგარ ზიანში მისი ბრალის არ არსებობა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა კუთვნილი ეზოების საზღვართან ამჟამად არსებული კაპიტალური დამხმარე ნაგებობა-სველი წერტილი (სააბაზანო და საპირფარეშო) ზესტაფონის რაიონის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მიერ დამტკიცებული სათანადო პროექტის საფუძველზე 2007 წელს ააშენა ზ---- რ------ემ, მანამდე იქ არსებული და ზესტაფონის რაიონის გამგეობის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული ძველი დამხმარე ნაგებობის ადგილზე.

 

აღნიშნული ნაგებობის კანონდარღვევით აგებისა და მისი გადატანის მოთხოვნით (ასეთი მოთხოვნით ადრე მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს) ზ----- ლ----ემ სარჩელი წარადგინა სასამართლოში 2018 წლის 2 აპრილს, შესაბამისად ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზ----- ლ----ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო ვინაიდან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხესაც არ დაეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ზ----- ლ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

4. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე