გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.05.2018
საქმის ნომერი
190210018002323384
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/593-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 მაისი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "ე-------------ი"

წარმომადგენელი ნინო დათუკიშვილი

მოპასუხე მ----- ი--–---–ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მ----- ი--–---–ისათვის შპს "ე-------------ის" სასარგებლოდ 1050 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 27 აპრილს შპს „ე-------------სა“ და მ----- ი--–---–ს შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N342078, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო სესხი 350 ლარი 33 დღის ვადით. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.

 

მსესხებელი ვალდებული იყო სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი 103,95 ლარი დაებრუნებინა 33 დღის ვადაში, რაც არ შესრულდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა, 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 576,05 ლარი. პირგასამტეხლო მოთხოვნილია მხოლოდ ვადის გადაცილების 110 დღისათვის და გაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.

(CD დისკი, 23.05.2018წ სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს ძირითადი თანხა და პროცენტი, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ ცნო და მოითხოვა მისი შემცირება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 27 აპრილს შპს „ე-------------სა“ და მ----- ი--–---–ს შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N342078, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო სესხი 350 ლარი 33 დღის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 103.05 ლარს, სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო – ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 1.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-31.33 ტომი 1)

- თანხის გადარიცხვის საგადახდო დავალების ასლი (ს.ფ. 34. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-5)

- შესაგებელი (ს.ფ. 41-46. ტომი 1)

 

3.1.2. მ----- ი--–---–ს შპს "ე-------------ისათვის" სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-5)

- შესაგებელი (ს.ფ. 41-46. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო მისი დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არა აქვს. სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია, იგი გაცემულია 33 დღის ვადით და სესხის სარეგებელი შეადგენს 103.05 ლარს.

 

ამდენად, მოპასუხეს შესასრულებელი აქვს სესხის ძირითადი თანხის 350 ლარის და სარგებლის 103.05 ლარის გადახდის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, სარგებელს, ასევე პირგასამტეხლოს, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინების სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ერთჯერადი ჯარიმით 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1.5%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ვადაგადაცილების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლით. პირგასამტეხლო მოთხოვნილია ვადაგადაცილებული პერიოდიდან 110 დღისათვის და არა სრული ვადაგადაცილების დროისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

ყოველდღიურად 1.5% პირგასამტეხლო გულისხმობს თვეში 45%-ის დარიცხვას. ამგვარად გაანგარიშებით ყოველდღიურად ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოა 5.25 ლარი, რაც თვეში 157.5 ლარია. ისეთ პირობებში როცა, სესხის ძირითადი თანხაა 350 ლარი, ასეთი ოდენობით პირგასამტეხლო აშკარად მაღალია, რადგან მოთხოვნილი ვადის გადაცილების პერიოდის მანძილზეც კი, 110 დღეში წარმოშობს სესხის თანხაზე მნიშვნელოვნად მეტი თანხის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 350 ლარი, სარგებელი 103,05 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო 576 ლარი, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 5.23 ლარს. ასევე მოთხოვნილი ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, საერთო ჯამში 596 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის დავალიანების და სესხად გაცემული ძირითადი თანხის ოდენობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს თანხა დღეში 5.23 ლარი არაგონივრულად მაღალია.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.25%-ის ოდენობით, რაც ერთი ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 0.87 ლარს, ხოლო მოთხოვნილი ვადაგადაცილების დროისათვის 96,25 ლარს.

 

ამდენად, მოპასუხის ვალდებულება შეადგენს სესხის ძირითად თანხას 350 ლარს, სარგებელს 103.05 ლარს, პირგასამტეხლოს 96,25 ლარს, ასევე ერთჯერა ჯარიმას 20 ლარს. საერთო ჯამში 570.2 ლარს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამ ნორმების საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ ვალდებულების შესრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი უნდა აუნაზღაურდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა მოთხოვნის 54%-ის ნაწილში, რის გამოც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 50 ლარიდან, 27 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებას ამ საქმეზე უწევს შპს ჯიელსი, რომლისთვისაც 2018 წლის 17 იანვარს გადახდილია 42 ლარი. იმის გამო რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა განისაზღვროს დაკისრებული თანხის ღირებულებიდან, რაც შეადგენს 570,2 ლარს, რომლის 4%-ია 22,80 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ე-------------ის“ სარჩელი;

 

1.1. მ----- ი--–---–ს დაეკისროს შპს „ე-------------ისათვის“ 570.2 ლარის გადახდა;

 

2. მ----- ი--–---–ს დაეკისროს შპს „ე-------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 27 ლარის, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 22,80 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი