განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ანი ხუბეჯაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ა------------------ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, ნასამართლევი, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–--------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქ/პუნქტებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის.
ადვოკატი - იამზე ჯღარკავა
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 08-09 ოქტომბრის ღამის საათებში გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებმა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა ა------------------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ---------–-–---–ის მიმართ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხელის და ფეხის გამოყენებით განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ნ---------–-–---–ს სახის, მარჯვენა მხრის, მარჯვენა იდაყვის სახსრის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მუხლის სახსრის და გულმკერდის უკანა ზედაპირის მიდამოებში ნაჭდევებისა და ორივე მხარის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად და განაცდევინა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა ნ---------–-–---–მა განაცხადა, რომ იგი არის ა------------------ის მეუღლე, იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრობენ შვიდი წელია. ა. გ----------ი არის ეჭვიანი და ,,ტვინით ავადმყოფი“. პირველ ქმართან ჰყავს 2 შვილი, რომლებიც ბებიასთან და მამასთან ცხოვრობენ. კონფლიქტი მეუღლეებს შორის დაიწყო2017 წლის 8 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 6 საათიდან, ზუსტი დრო არ ახსოვს. ა. გ----------ი დედას ეუბნებოდა ბავშვი დაეტოვებინა, ამ დროს დაზარალებული მანქანაში იჯდა, კარი გააღო, უნდა გადამხტარიყო და ამ დროს ხელი სტაცა ა------------------მა. ნ---------–-–---–მა დედამთილს უთხრა, რომ მეზობლებისთვის დაეძახა, რადგან კლავდა. დედამთილი მიდიოდა, მაგრამ ა. გ----------მა ხელი მოკიდა და მოატრიალა. ხელი გაარტყა სახეში, წაუკითხა „ლექციები“. შემდეგ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აიყვანა, ამ დროს დედამისს დაუფიცა, რომ ხელს არ დაადებდა. იქაც გააგრძელა, ორ საათიანი ,,ლექცია წაუკითხა“, ამ დროს ბავშვს ჩაეძინა. შემდეგ ა. გ----------მა შეიყვანა ოთახში, მოაძებნ--ა ფურცლები და სთხოვდა დაეწერა ხელწერილი, რომ თავი უნდა მოეკლა. მან არ იცოდა თავის მოკვლა, რაზეც ა. გ----------მა უთხრა, რომ ასწავლიდა, გამოიღო დანები. სთხოვა რომ დანა არ დაერტყა. დაიკივლა შვილის ა----ის სახელი, რადგან იფიქრა, ბავშვთან ერთად არაფერს უზამდა. ა. გ----------მა აიღო „შლანგი“ და გადაარტყა, ერთხელ რომ გადაარტყა, ჩაუსისხლიანდა თავი, მეორედ რომ გადაარტყა, ხელი ვეღარ იგრძნო. ბავშვმა გამოიღვიძა და ეს რომ ნახა, დაიწყო ტირილი, იკივლა. ამაზე ხელი მოჰკიდა და გაიყვანა სხვა ოთახში, თან ეუბნებოდა, რომ გაეხადა. მეორედ რომ დაარტყა ამ დროს მოიფიქრა გაქცევა, ეგონა რომ მოკლავდა, მივარდა ფანჯარასთან, გადახტა და გაიქცა ფეხშიშველი, სად მიდიოდა არ იცოდა. ა------------------ი დაედევნა, იქვე მეზობელთან მინდია პაპასთან უნდოდა თავის შეფარება, მაგრამ მიხვდა, რომ იქ ადვილად მოძებნიდა ა------ი და ისევ გაიქცა. მისთვის უცხო სახლს მიადგა, არ იცნობდა იქ არავის, დააკაკუნა კარებზე, ქალმა გამოხედა, ასეთ მდგომარეობაში, რომ დაინახა, შეეცოდა, თავადაც სთხოვა, რომ დახმარებოდა და პოლიციასთან დაერეკა. ქალს ნ---- ერქვა, შეიყვანა სახლში, იქ მისი ქმარიც იყო, ქალს ნ---- ჰქვია. მათ მიცეს ტელეფონი და დარეკა პოლიციაში. ნ----ს სახლში დაახლოებით ერთი საათი იყო. ნ----მ ჩააცვა ჟაკეტი და ფეხსაცმელი. ნ----ს და მის ქმარს ეცქარებოდათ სამსახურში, ამიტომ ის ცენტრამდე აიყვანეს, სადაც უკვე პოლიცია ელოდებოდა. წაიყვანეს განყოფილებაში, სახლში არ მიუყვანიათ. მთელი ტანი ჰქონდა დალურჯებული, ჩაუტარდა ექსპერტიზა. განყოფილებაში დიდხანს გააჩერეს. ა------ი სახლში მიბრუნებულა, ეს დედამთილმა უთხრა, როდესაც მივიდა სახლში. ა. გ----------ის სახლში იმიტომ დაბრუნდა, რომ წასასვლელი არსად აქვს, ახლაც იმ სახლში ცხოვრობს. ბავშვი სახლში არის დედამთილთან. ზოგადად სულ სახლშია, დიასახლისია, ალაგებს, არ მუშაობს. 24 საათის განმავლობაში სახლშია. ეს ფაქტი რომ მოხდა დედამთილი სახლში იყო, მაგრამ ხმას ვერ გაიგებდა, რადგან სახლთან პატარა მოშენებულში მოშორებით ცხოვრობს. დედამთილმა უთხრა, რომ შუქი დაინახა გვიან, მაგრამ ვერ ავიდოდა. დედამთილმა ნახა ის, რომ ა------------------ი შეურაცხყოფას აყენებდა და ხელს ურტყამდა სახეში და თავში. რამდენჯერ დაარტყა არ ახსოვს.
ძირითადი მოთხოვნა ა------------------ს ჰქონდა ის, რომ ელაპარაკა რა ცხოვრებით ცხოვრობდა 6 თვის მანძილზე რა დროსაც თავად ციხეში იყო. ა. გ----------ი ეუბნებოდა ცოლს, რომ მას საქმე რამდენიმე კაცთან ჰქონდა და ეს უნა ეღიარებინა, თან ურტყამდა. ა. გ----------ი დაკავებული იყო ადრე ოჯახურ დანაშაულზე. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფებით დაიწყო, აიძულებდა თავი მოეკლა, შემდეგ ხელით შეეხო. გამოიყენა ხელი, ფეხი, მუშტი, „შლანგი“. ამ ყველაფერს შეესწრო მათი 4 წლის შვილი, ა----ი. დაზარალებული ყვიროდა არ დაერტყა, რადგან ბავშვი იყო იქვე, ა. გ----------ი აჩუმებდა და მაინც ურტყამდა. ნ. კ---–-–---–მა იგრძნო ტკივილი, ეშინოდა, ყვიროდა, სტკიოდა. დაუზიანდა ხელი და ფეხი. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა სამ საათიანი „სასამართლო“ თუ ვისთან იყო ხოლმე, პასუხეზე კი რომ არავისთან ყოფილა - სადისტური ცემა. ამ ყველაფერს კი უყურებდა ბავშვი, რომელიც წიოდა, კიოდა და დაბლა გორავდა. ა------------------ი ბავშვს ეუბნებოდა, რომ ხუმრობდნენ და იქით დამჯდარიყო.
მეუღლის ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ეს ფაქტი, რომ მოხდა სამი დღის შერიგებული იყო მეუღლესთან, 2 კვირის გამოსული იყო იმ დროისთვის. ყოველ დღე ცოლს უტარებდა „სასამართლოს“, რომ ერჩივნა თავად ეთქვა, ვიდრე სხვისგან გაეგო. მეუღლეს ეჭვი ჰქონდა, რომ სქესობრივი კავშირი ჰქონდა თაზოსთან, რომელიც ნ---------–-–---–ის ძმასთან მიდიოდა ხშირად. თაზოს გარდა ბევრს ასახელებდა. გ----------ის და კ---–-–---–ის შვილი - ა----ი იცნობდა თაზოს. კახეთში იყო ოჯახთან ჩასული ზაფხულში და იქ ცხოვრობს თაზოც, ხშირად უწევდათ შეხვედრა. გ----------მა ბავშვი თავის დასთან ატარა სამი დღე, რომ აელაპარაკებინა. ბავშვს ზეწოლის ქვეშ ალაპარაკებდა, ტყუილს და მართალს ბავშვი ერთმანეთში ურევს, რამდენსაც მართალს ამბობს იმდენს ტყუილს ურევს.
3.2. სასამართლო პროცესზე მოწმე ნ---- ქ---------მა განაცხადა, რომ ა------------------ი არის მისი თანასოფლელი. მას იცნობს შორიდან, ურთიერთობა არ ჰქონია. იცის რომ მეზობელია. ფაქტამდე არ იცნობდა ნ---------–-–---–ს. მუშაობს ,,ჩირინაში“, მუშაობას იწყებს დილით, 07:00 საათზე. ოქტომბრის თვეში დილით ემზადებოდა სამსახურში წასასვლელად, რა დროსაც გაიგო გარეთ კარების ხმა. დაინახა ქალი, რომელიც იყო აფორიაქებული და შეშინებული. ბნელოდა, იმ ოთახში შუქი ჰქონდა ჩამქრალი. ქალმა ითხოვა დაემალა, რადგან მისმა მეუღლემ ა------მა სცემა და გამოექცა. მან საძინებელში შეიყვანა ნ--ო, თავისი ქმარი - გ------------–იც გააღვიძა და უთხრა, რომ უცხო იყო სახლში შესული და თავად დაბნეული იყო. ქალმა წყალი სთხოვა, დაალევინა და გამოკითხა ვინ იყო, საიდან იყო. ამ დროს გაიგო მისი სახელიც, რომ იყო ა------------------ის მეუღლე რომელმაც სცემა. ამის გამო და ფანჯრიდან გადმოხტა და გამოექცა. ღობეებზე გადმოხტა და რომ დაინახა ნ---- ქ---------თან სინათლე ენთო ამის გამო შევიდა მის სახლში. ნ----მ აუხსნა, რომ ის და თავისი მეუღლე მიდიოდნენ სამსახურში, იმის დრო არ ჰქონდათ, რომ მასთან დარჩენილიყვნენ, ვერც ბავშვებთან ვერ დატოვებდნენ მარტოს. მეუღლემ მისცა ნ--ოს ტელეფონი, ნ--ომ დარეკა 112-ში და გამოიძახა პატრული. ნ--ოს ეტყობოდა, რომ ხელი ჰქონდა დასიებული, დაბეჟილი, სახეზეც ეტყობოდა დაზიანება, მაგრამ სისხლი არ ჰქონია. მან ნ--ოს ჟაკეტი და ფეხსაცმელი მისცა და ისე გაუშვა სახლიდან. ეს ხდებოდა, დაახლოებით, დილის 6 საათზე. ნ--ო მასთან დაახლოებით 20 წუთი იყო. ნ--ო გავიდა მისი სახლიდან გაგასთან ერთად და ცენტრთან შეხვდა საპატრულო პოლიციის მანქანა.
3.3. სასამართლო პროცესზე მოწმე გ------------–მა განაცხადა, რომ იცნობს ა------------------ს, შეხვედრილები არიან როგორც ხევსურები, თანასოფლელები არიან. ნ---------–-–---–ს არ იცნობდა, მომხდარი ფაქტის შემდეგ გაიცნო. ოქტომბერში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, მეუღლემ გააღვიძა, რომ კარში ვიღაც უცხო ქალბატონი იყო შემოსული. მისი მეუღლე სამსახურისთვის ემზადებოდა და გ------------–იც აპირებდა მომზადებას სამსახურისთვის. ბავშვების ოთახში იყო უცხო ქალბატონი, თითქმის ნახევრად შიშველი, ფეხებზე არ ეცვა, ნაკაწრები ჰქონდა, ხელი ჰქონდა ნატკენი, ოთახში ასევე იყო თავისი მეუღლე. გაუწიეს დახმარება, წყალი დაალევინეს. ფეხზე ჩააცვეს, კურტკა ჩააცვეს. ეს ტანსაცმელი არ დაბრუნებიათ. ჰკითხა თუ ვინ იყო და რა მოხდა. გ------------–მა აუხსნა რომ მეუღლე და თვითონ მიდიოდნენ სამსახურში და ბავშვებს მარტოებს ტოვებდნენ. ათხოვა მობილური ტელეფონი ქალბატონს და მან დარეკა პოლიციაში. გ------------–მა ქალბატონი გააცილა ცენტრთან და წავიდა იქიდან სამსახურში, იქნებოდა დაახლოებით დილის 6-ის, 7-ის ნახევარი. ქალბატონი ნ--ო გ------------–ის სახლში იყო დაახლოებით ნახევარი საათი ან ცოტა მეტი. ქალბატონს არავინ არ მისდევდა, თვითონ აღნიშნა, რომ შეიძლებოდა უკან გაყოლოდა ა. გ----------ი. გ------------–ი გარეთ გავიდა, შეამოწმა, არავინ უნახავს. ა. გ----------ს და მის სახლს შორის არის 200-300 მეტრი. მისი სახლიდან არ ჩანს ა. გ----------ის სახლი. გამოძიებას ჩვენება მისცა ერთხელ, იმ დღესვე - 9 ოქტომბერს. ახსოვს თავისი ჩვენება და ეთანხმება.
3.4. სასამართლო პროცესზე მოწმე მ---------------–მა განაცხადა, რომ ა------------------ი არის მისი მეზობელი. ერთ ღამეს ა------------------ის მეუღლე ნ--ო მივიდა მასთან, რომელიც იყო გამოქცეული სახლიდან და სთხოვა დაემალა. მას აქვს სმენის პრობლემა. ეზო დიდი აქვს, ოცდაექვსი მეასედი უკავია. ნ--ო ეზოს გარეთ იყო, ჭიშკართან. ნ--ოს ძახილი გაიგო. ღამე იყო, რა ეცვა ნ--ოს არ იცის. ძაღლის ყეფაზე გარეთ გამოვიდა და ნ--ო სად წავიდა არ იცის. ძახილი მოესმა, ა------ი იყო. ჰკითხა თუ სად წავიდა ნ--ო. უპასუხა, რომ არ იცოდა. ა------------------მა უთხრა, ნ--ო თუ გამოჩნდებოდა არსად წასულიყო, სახლში მისულიყო და დაბრუნდა სახლში. პოლიციაში მეორე, მესამე დღეს იყო. იგივე ჩვენება მისცა რაც პროცესზე, რასაც ადასტურებს სრულად.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა ექსპერტი მ--------–----------ე, რომლებმაც დაადასტურეს ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის №005904617 სისწორე (ტ. 1, ს.ფ 98-100).
სამედიცინო ექსპერტიზის №005904617 დასკვნით დადგინდა შემდეგი: გარეგანი დათვალიერებით ნ---------–-–---–ს 09.10.17 წ. აღენიშნება ნაჭდევები სახის, მარჯვენა მხრის, მარჯვენა იდაყვის სახსრის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მუხლის სახსრის და გულმკერდის უკანა ზედაპირის მიდამოებში, სისხლნაჟღენთები ორივე მხრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა მ--------–----------ემ და განმარტა, რომ მუშაობს რუსთავის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების სამედიცინო ექსპერტად. არ იცნობს ა------------------ს. ნ---------–-–---–ს იცნობს საქმიდან გამომდინარე.
2017 წლის 09 ოქტომბერს მის მიერ პირადი გასინჯვით მოხდა ნ---------–-–---–ის შემოწმება, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი სახის ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, კერძოდ, აღენიშნებოიდა ნაჭდევები სახის, მარჯვენა მხრის, მარჯვენა იდაყვის სახსრის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მუხლის სახსრის და გულმკერდის უკანა ზედაპირის მიდამოებში, სისხლნაჟღენთები ორივე მხრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. პიროვნება ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო 2017 წლის 09 ოქტომბერს, ფაქტიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში. იმისათვის, რომ მაქსიმალური სიზუსტით იქნას დასკვნა გაცემული რამდენ ხანში წარმოადგენენ შესამოწმებელს მნიშვნელობა არ აქვს, დასკვნის სიზუსტისთვის მნიშვნელობა აქვს ექსპერტის კვალიფიკაციას, ექსპერტიზით დგინდება დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობის ვადები.
3.6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017წლის 05 ივლისის განაჩენით ა------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
ა------------------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 22 სექტემბერს სასჯელის მოხდით.
3.7. ფორმა N1 (ს.ფ 1) დადგენილია, რომ გ---------------------–--------------–----------ის განყოფილებაში 09.10.2017 წელს გამოძიება დაიწყო სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით. დანაშაულის დაწყებას საფუძველად დაედო ის ფაქტი, რომ 2017 წლის 09 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებმა ა------------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს-ნ---------–-–---–ს.
3.8. N2426227 შეტყობინების მიხედვით (ს.ფ 2), 2017 წლის 09 ოქტომბერს 05:53 საათზე გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მოხდა ოჯახური ძალადობა. პოლიციას დახვდა შეტყობინების განმახორციელებელი ნ---------–-–---–ი, რომლის მიმართ განხორციელდა ძალადობა მეუღლის მიერ.
3.9. 2017 წლის 09 ოქტომბერს ნ---------–-–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (ს.ფ 35) 2017 წლის 09 ოქტომბერს გ---------------------–--------------–----------ის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ი-----–------------ემ ნ. კ---–-–---–ის კარნახით და თანდასწრებით, გარეშე პირის - ნ-----------–---–ის მონაწილეობით გამოკითხა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებმა ნ--ო ნ--------ის ასული კ---–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისი მეუღლე არის გ--------------------------–------------აში მცხოვრები ა------------------ი, რომელთანაც 6 წელია იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ 1 მცირეწლოვანი ქალიშვილი. ა------------------ი რამდენიმე დღეა რაც გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდნ, სადაც ის იხდიდა სასჯელს მის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. 2017 წელის 08 ოქტომბერს ა------მა ეჭვიანობის ნიადაგზე მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სცემა მცირეწლოვანი ქალიშვილის თანდასწრებით თავის სახლში. ა------მა ცემის შედეგად მას დაუზიანა მარჯვენა ხელის სახსარი და ასევე სხეულის სხვა მიდამოები. ნ. კ---–-–---–მა განმარტა, რომ ხელის დაზიანების გამო ვერ ახერხებდა ოქმზე ხელის მოწერას და თანახმა იყო მის მაგივრად ოქმზე ხელი მოეწერა გარეშე პირს - ნ-----------–---–ს.
3.10. ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით (ს.ფ-9-14), 2017 წლის 09 ოქტომბერს 09:50-10:10 საათების შუალედში დაკავებული იქნა ა------ ალექსის ძე გ----------ი გ---------------------–--------------–----------ის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ გიორგი ფეიქრიშვილის მიერ. დაკავება მოხდა დაკავებულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ დროს, როდესაც დაკავებული ა------------------ი გავიდა სახლიდან და აპირებდა აღნიშნული ადგილიდან წასვლა.
3.11. 2017 წლის 09 ოქტომბრის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმის მიხედვით (ს.ფ 20-32), შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ--------------------------–------------აში. შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ნ---------–-–---–ის საცხოვრებელ სახლს, მეორე სართული. აღნიშნული სახლის ეზოში შედის რკინის ჟანგისფერი სამფრთიანი კარი. კარიდან მარცხნივ არის პატარა რკინა ბეტონის ერთსართულიანი სახლი და დამხარე ნაგებობები. აღნიშნული დამხმარე ნაგებობების წინ დგას ცისფერი ფერის გაზ 2111-ის მარკის ა/მაქანა. შესასვლელი ჭიშკრიდან ხელმარჯვნივ მივდივართ რკინა ბეტონისგან აშენებულ ორსართულიან სახლთან. პირველ სართულზე არის ორფრთიანი რკინის კარი. ხელმარჯვნივ არის ხის ფანჯარა რომელზეც მიდგმულია რკინის გისოსები, ხოლო ფანჯრის ქვევით აწყვია სხვადასხვა ნივთები. სახლის მეორე სართულზე გარშემო შემორტყმული აქვს აივანი, რომელიც რკინის ღია გისოსებითაა ნახევრად შემოღობილი და ზემოდან გაშენებული არის ვენახის ე. წ „ტალავერი“. სახლის მეორე სართულზე ავდივართ ბეტონის ორ ნაწილად მოხვეული კიბით. კიბის ბოლოს მარჯვენა მხარეს არის ორფრთიანი ხის ფანჯარა შემდეგ ხის კარები და სახლის შუა ნაწილის შემდეგ ასევე ფანჯარა და ხის კარები. პირველი კარებიდან შევდივართ სახლის სამზარეულო ოთახში სადაც დევს სამზარეულოს გაზის ღუმელი ხის მაგიდა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯი, ოთახის შიგნით მარჯვენა მხარეს, მარცხენა მხარეს და პირდაპირ არის ხის ორფრთიანი კარები რომელიც შედის სახლის სხვადასხვა ოთახში. მარცხენა კარი შედის ერთ-ერთ ოთახში რომელიც არის მისაღები ოთახის სტილის. აღნიშნულ ოთახს აქვს 5 ფანჯარა და ერთი ხის კარი. აღნიშნულ ოთახში განლაგებულია ხის კარადა, ბავშვის საწოლი შიგ არსებული ზეწრებით და არის დიდი საწოლი, ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. ოთახის ერთ ფანჯარასთან სადაც დგას საწოლი ზედ გადაფარებული არის ხის რაფასთან. ფანჯრის მინა დაახლოებით სამოცდაათი პროცენტი ჩამსხვრეულია და ნამსხვრევები გარეთა მხრიდან აივნის იატაკზე არის მიმოფანტული. აღნიშნული ფანჯარა გადის სახლის აივნის უკანა მხარეს.
3.12. სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულმა ა------------------მა, რომელმაც განმარტა, რომ 2010 წლის ზაფხულიდან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ნ---------–-–---–თან. წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს თავს დამნაშავედ. 2017 წლის 22 სექტემბერს გათავისუფლდა პატიმრობიდან და იმ დღესვე დაურეკა ნ---------–-–---–ს, მაგრამ ის ნომერი აღარ ჰქონდა. მეორე დღეს დაურეკა ნ--ოს დედას და მეუღლის ნომერი გამოართვა. ბავშვი ძალიან ენატრებოდა, ნახვა უნდოდა. მეუღლემ უთხრა, რომ არ ჰქონდა პრობლემა, ჩასულიყო და ენახა. მესამე დღეს დაურეკა დაახლოებით 11 საათზე, მეუღლემ უთხრა, რომ ბინას ეძებდა უნდა დაექირავებინა, რადგან დედამისმა - მ------------–---–მა გადმოუყარა ტანსაცმელი და აგდებდა სახლიდან. მან უთხრა რომ ბინის მოძებნას ტაქსი ენახა, მასთან მისულიყო, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა და ეცხოვრათ ერთად. ასეც მოიქცა, ჩამოვიდა ტაქსით და ამის შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ. სულ რამდენიმე დღეში მას ახლობლებმა უთხრეს, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხმები დადიოდა, დაინტერესდა რა ხდებოდა. თბილისში გაარკვია, რომ მის მეუღლეზე ხელიც კი აწიეს. ა. გ----------ს მეუღლისთვის აკრძალული ჰქონდა ქ---------------–---–თან ურთიერთობა, რომელთანაც ნ--ო მეგობრობდა, რადგან ის არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდა. ქ---------------–---–ის მეგობარი იყო კ----, გვარი არ ახსოვს. მან სცემა ნ--ო. ეს ხდებოდა ა. გ----------ის გამოსვლამდე. ასევე გაიგო, რომ თბილისში მისი მეუღლე ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა. ასევე კახეთში გაარკვია, რომ მის მეუღლეს საქობოელ თამაზისთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ 2017 წლის 8 ოქტომბერს, საღამოს საათებში სახლში რომ მივიდა საძინებელი ოთახიდან გამოიყვანა მეუღლე და სთხოვა მისთვის მოეყოლა ყველაფერი რაც ამ 6 თვის განმავლობაში ხდებოდა, არაფერი დაემალა. ბავშვს ეძინა ამ დროს. უთხრა, რომ ნახეს ის ნაცემი ნავთლუღში, რაზეც „თავი გაიგიჟა“ ნ---------–-–---–მა. შემდეგ კახეთზე და თამაზიზე უთხრა რაზეც უკვე „აიჭრა“. არავინ არ ესწრებოდა ამ საუბარს, ა------ის დედა ცალკე იყო თავის საძინებელ ოთახში. თან მას სმენის პრობლემები აქვს და ძალიან ხმამაღლა და ახლოდან თუ არ უთხარი ისე არაფერი ესმის. ამ საუბრის მიზანი იყო ის, რომ ნ--ოს გაუშვებდა სახლიდან და ბავშვი მასთან დარჩებოდა. არც მაშინ უნდოდა და არც დღეს არ უნდა მისი შვილი უდედოდ გაიზარდოს. ამიტომ ჩამოიყვანა და შეიფარა, რომ ბავშვს ოჯახი ჰქონოდა. ამ საუბარში უცებ მოხდა ყველაფერი, ფანჯარა გატყდა და მეუღლე ფანჯრიდან გადახტა. ფანჯრის შემდეგ არის აივანი, ფანჯარა აივნიდან 80 სმ-ით არის დაშორებით. აივნიდან ეზოში ჩადიხარ კიბეების ჩავლით. ეზოში განათება იმ ღამეს არ იყო. საჭიროების შემთხვევაში რთავენ ხოლმე. ა------------------ი გავიდა და დაუწყო ძებნა. ეზოს ბოლოში იყო ჩასული, ძაღლის ყეფა გაიგო და მ---------------–ის ხმა. გ----------ის ეზოდან მ---------------–ის სახლამდე შედის ჩიხი, დაახლოებით 30-40 მეტრია. მან დაუძახა მ---------------–ს და ჰკითხა ნ--ო მასთან ხომ არ იყო, რაზეც უპასუხა რომ იქ არ იყო. ა. გ----------მა უთხრა, რომ თუ გამოჩნდებოდა ეთქვა, რომ სახლში მისულიყო. სახლში რომ მივიდა ა------------------ი განაგრძო ძებნა და ძახილი. თან ბავშვთან ადიოდა, რომ არ გაეღვიძა. შემოათენდა ბავშვთან ჩაძინებულს. მისი სახლიდან კარგად ჩანს ცენტრი. მან დაინახა პოლიციის მანქანა და მიხვდა, რომ მასთან მიდიოდა იქიდან გამომდინარე, რომ ნ--ო რომ სახლიდან დაიკარგა და არ გამოჩნდა, ამასთან წინა პატიმრობის გამოცდილებიდანაც მიხვდა. ის შევიდა, შვილს ჩაეხუტა, იმ დროს პოლიციელებიც შევიდნენ და საძინებელ ოთახში დააკავეს, ბავშვს არ გაუღვიძია იმ დროს. გ----------მა სთხოვა პოლიციას, რომ დედას დაუძახებდა, რათა ბავშვთან დარჩენილიყო. ერთი პოლიციელი წავიდა გ----------ის დედის დასაძახებლად. დედამაც იმ დილას გაიგო, რომ ა. გ----------ს ნ--ოს გამო აკავებდნენ. პოლიციაში უკანა კარიდან შეიყვანეს, ნ--ოს ხმა ძალიან კარგად ესმოდა. ნ--ო ითხოვდა ბარგი გაეტანა სახლიდან და ბავშვი გამოეყვანა. როგორც გაარკვია, ნ--ომ დაზიანებები მიიღო მისგან გაქცევის შემდეგ. თავად მას ხელი არ დაურტყამს. დაზიანებები ნ---------–-–---–მა გადახტომის შემდეგ მიიღო.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მისი ქმედება არ მოიცავდა ნ---------–-–---–ისადმი ძალადობასარასრულწლოვანის თანდასწრებით. ბრალდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არათანმიმდევრულია და მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისკენ. ის გარემოება, რომ ნ---------–-–---–ზე ა------------------მა იძალადა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დასტურდება თავად დაზარალებულის ჩვენებით, რომელიც გამყარებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ--ო ქ---------ის და გ------------–ის ჩვენებებით. შემთვევეის ადგილის დათვალიერების ოქმით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ნ---------–-–---–მა არსებული დაზიანებები მიიღო ფანჯრიდან გადახტომისას, შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოსურათებიდან და თავად ბრალდებულის განმარტებიდან დადგენილია, რომ ის ფანჯარა, რომელიც გატეხა ნ---------–-–---–მა და გადახტა გადის არა აივანზე, ხოლო აივნის იატაკსა და ფანჯრის რაფას შორის მანძილი არ აღემატება 60-80 სანტიმეტრს, აივნიდან კი კიბეებია, რომელიც გადის ეზოში, ნ---------–-–---–ი ფანჯრიდან გადმოხტომის შემდეგ სწორედ ამ კიბეებით ცავიდა ეზოში და ისე გაიქცა. ამდენად ეს ფანჯარა არ მდებარეობს ისეთ სიმაღლეზე, რომ გადმოხტომის შედეგად ადამიანი დავარდეს და ისეთი ხარისხის დაზიანებები მიიღოს რაც ნ---------–-–---–ს აღენიშნებოდა. ნ---------–-–---–ს კი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღენიშნებოიდა ნაჭდევები სახის, მარჯვენა მხრის, მარჯვენა იდაყვის სახსრის, მარცხენა მხრის, მარჯვენა მუხლის სახსრის და გულმკერდის უკანა ზედაპირის მიდამოებში, სისხლნაჟღენთები ორივე მხრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის ა------------------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ,,ე“ პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა------------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე“ ქ/პუნქტები პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხყოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობას და ოჯახში ძალადობას განმარტავს შემდეგი სახით: „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.
„ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის ა------------------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე“ პუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის - სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ა------------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.
პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.
სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.
საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის მიხედვით არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, ა------------------ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთგზის. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ქმედების ჩადენის მოტივს და მიზანს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიიჩნევს, რომ ა------------------ის მიმართ სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ა------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით
2. ა------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. ა------------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 ოქტომბრიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი