გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2224-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 მაისი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს "ო--–------------ი"
წარმომადგენლები გვანცა ლაცაბიძე
მოპასუხე ჯ------- ა-----–---–ი
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ჯ------- ა-----–---–ისათვის 1725,52 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 7 დეკემბერს შპს „ო--–------------თან“ ჯ------- ა-----–---–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N83100968_9, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 1500 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით, სესხის დღიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 0,5%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის. ყოველდღიურად გადასახდელი პირგასმატეხლოა გადასახდელი სესხის დავალიანების 2%, ხოლო ერთჯერადი ჯარიმა ორ დღემდე ვადის გადაცილებისათვის 100 ლარი, ხოლო ოცდაათ დღემდე გადაცილებისათვის 200 ლარი.
მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. 2017 წლის 2 თებერვლის შემდეგ სესხის დასაფარად თანხა არ გადაუხდია. მოპასუხე იხდიდა გადავადების საკომისიოს. მოპასუხის მიერ გადასახდელია სესხის ძირითადი თანხა 1269,17 ლარი, პროცენტი 6,35 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 300 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო დარიცხულია 4970,54 ლარი. პირგასამტეხლო მოთხოვნა შემცირებულია და მოთხოვნილია 450 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს გადავადების საკომისიო და სესხის დასაბრუნებლად თანხა 100 ლარზე მეტი, რაც არ არის გათვალისწინებული დავალიანების დაანგარიშების დროს და სესხის ძირითად თანხას ეს თანხა არ მოკლებია. ასევე მაღალია პირგასამტეხლო.მოპასუხემ ასევე მოითხოვა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის განწილვადება 1 წლის ვადით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 7 დეკემბერს შპს „ო--–------------თან“ ჯ------- ა-----–---–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N83100968_9, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 1500 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით, სესხის დღიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 0,5%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის. ყოველდღიურად გადასახდელი პირგასმატეხლოა გადასახდელი სესხის დავალიანების 2%, ხოლო ერთჯერადი ჯარიმა ორ დღემდე ვადის გადაცილებისათვის 100 ლარი, ხოლო ოცდაათ დღემდე გადაცილებისათვის დამატებით 200 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
– სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-30. ტომი 1)
– სარჩელი და შესაგებელი (ს.ფ.2-6, 55-59. ტომი 1 )
3.1.2. ჯ------- ა-----–---–მა სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. 2017 წლის 2 თებერვლის შემდეგ სესხის დასაფარად თანხა არ გადაუხდია. მოპასუხეს გადახდილი აქვს სესხის ნაწილი 366 ლარი, იგი ასევე იხდიდა გადავადების საკომისიოს. მოპასუხის მიერ გადახდილია
2016 წლის 7 დეკემბერს 20 ლარი (სესხის დაფარვა).
2017 წლის 6 იანვარს 59,10 ლარი
2017 წლის 13 იანვარს 59,10 ლარი
2017 წლის 20 იანვარს 59,10 ლარი
2017 წლის 27 იანვარს 54,17 ლარი
2017 წლის 2 თებერვალს 197 ლარი (სესხის დაფარვა)
2017 წლის 2 თებერვალს 54,17 ლარი
2017 წლის 10 თებერვალს 98,50 ლარი
2017 წლის 16 თებერვალს 50 ლარი (სესხის დაფარვა)
2017 წლის 23 თებერვალს 49 ლარი
2017 წლის 2 მარტს 99 ლარი (სესხის დაფარვა)
2017 წლის 2 მარტს 49 ლარი
2017 წლის 9 მარტს 49,25 ლარი
2017 წლის 16 მარტს 90 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 27-28. ტომი 1 )
- სარჩელი და შესაგებელი (ს.ფ.3-6, 44-51. ტომი 1 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გადავადების და სესხის გადახდის დანიშნულებით გადახდილი თანხით უნდა შემცირდეს ძირითადი თანხის დავალიანება და უნდა შემცირდეს მოთხოვნილი არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 625-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 325-ე, 347-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლებით
– «მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სარგებელი დღეში 0,5%-ის ოდენობით. სესხად გაცემულია 1500 ლარი 30 დღის ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლის პროცენტის გათვალისწინებით სარგებელია 225 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, მსესხებელს არ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის დაცვით სესხად მიღებული თანხა და დარიცხული სარგებელი.
მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების დანიშნულებით თანხა გადახდილია ოთხჯერ, ჯამურად ამ მიზნით გადახდილია 366 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სესხის ძირითადი თანხის დავალიანება 1269,17 ლარი და პროცენტი 6,35 ლარი. ამდენად, სესხის დანიშნულებით გადახდილი თანხებით კრედიტორის მიერ შემცირებულია ჯ------- ა-----–---–ის დავალიანება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეებს შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება, მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უნდა დაებრუნებინა სესხად მიღებულ თანხასთან ერთად სარგებელი. სარგებელი შეადგენს 225 ლარს. სესხის გადახდის დანიშნულებით გადახდილი 366 ლარით უკვე შემცირებულია დავალიანება, ეს თანხა კრედიტორის მიერ მიმართულია სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანების დაფარვის დანიშნულებით. სესხის სარგებელს გამოაკლდა 218,65 ლარი, ხოლო ძირითად თანხას 230,83 ლარი, რაც საერთო ჯამში მოპასუხის მიერ სესხის გადახდის დანიშნულებით გადახდილი თანხაზე მეტია
სასამართლოს მიაჩნია, სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას უნდა გამოაკლდეს ასევე სესხის გადავადების დანიშნულებით გადახდილი საკომისიო შემდეგი საფუძვლების გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტის ე.წ არასაოპერაციო შემოსავლის ერთერთი სახეა მომსახურების საკომისიო, რომელსაც საფინანსო ორგანიზაციის სასარგებლოდ მომხმარებელი იხდის გაწეული მომსახურებისათვის. თავისი არსით საკომისიო არის გამსესხებლის მიერ სესხის დამტკიცებისა და გაცემისთვის, ასევე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული სხვა მომსახურებისათვის გამოყენებული რესურსის საფასური.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის N2/04 ბრძანების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში ფინანსური ხარჯი განმარტებულია, როგორც ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნებისა და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს. ფინანსური ხარჯის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ წესის მე-3 მუხლში.
ამ ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით, 1. ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, ამ ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ასეთი ხარჯია მომსახურებაზე გამსესხებლის მიერ დაწესებული გადასახდელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს ბრძანება მიღებულია სადაო სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ, თუმცა მას სასამართლო მოიხმობს საკომისიოს ეკონომიკური არსის განმარტებისათვის.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.
ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, 1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. 3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში არსებობს ამ ნორმის გამოყენების საფუძველი. დასახელებული ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ, რომელმაც პირობები უნდა განსაზღვროს სამართლიანობის პრინციპის დაცვით.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ამდენად, სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მომხმარებლებს სთავაზობს სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების სახით. შესაბამისად, მიკროსესხის სამართლებრივ ურთიერთობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის მხარე, რომელიც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების წარდგენით მხარეებს სთავაზობს სასესხო ურთიერთობის პირობებს, ხოლო მეორე მხარეს ამ პირობების შემუშავების ან შეცვლის შესაძლებლობა არა აქვს.
სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, რადგან ხელშეკრულების დადებით მხარეებს სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში აქვთ უფლება-მოვალეობები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ გამონაკლის და იშვიათ შემთხვევაში ითვალისწინებს სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას. ასეთი შემთხვევები გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 325-ე და 420-ე (პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა) მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით, ისევე როგორც 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017)
მოპასუხეს გადახდილი აქვს 670,64 ლარი სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებისათვის. ამ დანიშნულებით მსესხებელი თანხას იხდიდა 2016 წლის 7 დეკემბერიდან 2017 წლის 16 მარტის ჩათვლით პერიოდში – 4 თვის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე მოპასუხე საკომისიოს იხდიდა თვეში რამდენჯერმე, ყოველ კვირაში. გადავადების საკომისიოს სახით გადახდილი თანხა არის სესხის ძირითადი თანხის თითქმის ნახევარი. სესხის ხელშეკრულება სარგებლიანი ხელშეკრულებაა, იგი დადებულია 30 დღით, სესხის სარგებელია ყოველდღიურად 0,5%, ხელშეკრულების ვადის განმავლობაში გადასახდელი სარგებელია ჯამურად 225 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 347-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს ხელშეკრულების მეორე მხარეს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება (გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება).
სასამართლოს აღნიშნავს, რომ სესხის დროულად დაუბრუნებლობა თავისთავად გამსესხებლისათვის ზიანის მომტანი გარემოებაა, გამსესხებელს ფინანსური დანაკარგის წინაშე აყენებს. მაგრამ გამსესხებლის ამ ინტერესის დაცვას ემსახურება პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და რომელიც ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციასაც მოიცავს. მსესხებელს პირგასამტეხლოსთან ერთად აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც (სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებისათვის ჯამურად სესხის 50%-ის ოდენობით მომსახურების საფასურის გადახდევინება სასამართლოს არასამართლიანად მიაჩნია, რადგან ხელშეკრულებიდან არ ირკვევა რა სახის ფინანსურ რესურსი დახარჯა სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისათვის მოსარჩელემ, რაც უნდა ანაზღაურდეს ასეთი ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
სასესხო ურთიერთობაში საკომისიო არის თანხა, რომლის მიზანია ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების საფასურის ანაზღაურება, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 347-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე ასეთი ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრულობის პრინციპის საფუძველზე იმ ფიზიკურ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლებიც სესხის იღებენ არასამეწარმეო მიზნებისათვის. ამ ნორმის საფუძველზე სადაო შემთხვევაში გადახდილი გადავადების საკომისიოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რადგან დაუსაბუთებელია სესხის თანხის ნახევარი რა მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის იყო საჭირო.
აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სესხის გადავადებისათვის გადახდილი 670,64 ლარით უნდა შემცირდეს სესხის ძირითადი თანხის დავალიანება (1269,17 ლარი )და იგი უნდა განისაზღვროს 598,53 ლარით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
მოპასუხის მიერ სესხის გადავადების მიზნით თანხის გადახდის შემდეგ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა, საბოლოოდ სესხის გადავადებაზე შეთანხმება შედგა 2017 წლის 16 მარტს, რის შედეგად სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა 14 დღით, ამდენად, სესხის დაბრუნების ვადა დასრულდა 2017 წლის 30 მარტს. ვინაიდან მოპასუხეს 2017 წლის 30 მარტის შემდეგ თანხა მსესხებლისატვის არ გადაუხდია, სესხის დაბრუნების ვადა გადაცილებულად ითვლება 2017 წლის 31 მარტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ ნორმით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის უფლება, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვას ემსახურება და მისი მიზანია სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის პრინციპის უზრუნველყოფა.
სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს, თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლება ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმების საგანი, მათ მიერ შეთანხმებული ოდენობით განისაზღვრება, მაგრამ ამავდროულად 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო გონივრული ოდენობის უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პირგასმატეხლოს ოდენობა სასამართლო შეფასების საგანი გახდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხელო უნდა შემცირდეს, რადგან არაგონივრულად მაღალია.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობისათვის.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ საქმეში სესხად მიღებული ძირითადი თანხა 1 500 ლარი, სარგებელი 225 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 450 ლარი. სასამართლომ უკვე იმსჯელა, რომ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 598,653 +6.35 ლარი 604,88 ლარი, ხოლო მოთხოვნილი პირგასმატეხლო არის დავალიანების თითქმის 2/3. მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას, 2017 წლის მარტის თვის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
სესხის დაბრუნების ვალდებულება მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის 30 მარტიდან. პირგასამტეხლო დარიცხულია 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში, რაც მოიცავს ვადის გადაცილების 184 დღეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. ვალდებულების დარღვევის შემდეგ იგი ასევე იძენს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციასაც. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანია არ არის კრედიტორისათვის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლის მიღება. პირგასამტეხლო არ უნდა იყოს იმ ოდენობის, რომ დაამძიმოს და გაართულოს ვალდებულების შესრულება.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსესხებელმა სესხის ხელშეკრულების შესრულების საკითხში გამოავლინა გულისხმიერება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გასწია მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯი სესხის გადავადებისათვის, საერთო ჯამში გადაიხადა სესხის ძირითადი თანხის თითქმის ნახევარი და დარიცხული სარგებელი თითქმის მთლიანად, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 0,1%-ის ოდენობით (დღეში 0,58 ლარი), რაც ჯამურად შეადგენს 108,47 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია ჯ------- ა-----–---–ს მოსთხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 598,53 ლარის, სარგებლის 6,35 ლარის და პირგასამტეხლოს 108,47 ლარის გადახდა, საერთო ჯამში 713,35 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის შესახებ და უარი უნდა ეთქას დაკისრებული თანხის განაწილვადებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.
მოპასუხემ მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს, რომ ქონებრივი მდგომარეობის გამო ერთდრიულად დაკისრებული თანხის გადახდევინება შეუძლებელია და განწილვადებით თანხის გადახდის ქონებრივი შესაძლებლობა აქვს. მოპასუხის განმარტებით, მას აქვს სხვა სასესხო ვალდებულებები, რომლის გამოც დაკისრბეული თანხის ერთდროულად გადახდის შესაძლებლობა არა აქვს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება მისი შემოსავლის ოდენობა, ქონებრივი მდგომარეობა, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების შუამდგომლობა დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. მოსარჩელის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა იყო 3330 ლარის დაკისრება, ხოლო სახელმწიფო ბაჟი 2017 წლის 28 სექტემბერს გადახდილია 100 ლარი. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის 1725,52 ლარის დაკისრება. ამდენად, მოსარჩელის საბოლოო სასარჩელო მოთხოვნით სადაო ტანხის მოცულობის გამო დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რის გამოც სსსკ 39-ე მუხლსი 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის 100 ლარი ნახევრდება და შეადგენს 50 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი, ხოლო მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ვალდებულება უნდა განისაზღვროს 50 ლარიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა მოთხოვნის 42%, სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 42% შეადგენს 16,8 ლარს, რომელიც მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 251-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ ო--–------------ის“ სარჩელი;
1.1. ჯ------- ა-----–---–ს დაეკისროს შპს "ო--–------------ისათვის" 713,35 ლარის გადახდა.
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 1012,17 ლარის ნაწილში;
2. ჯ------- ა-----–---–ს დაეკისროს შპს "ო--–------------ისათვის" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 16,8 ლარის გადახდა;
3. შპს „ ო--–------------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 28 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი, რომელიც გადახდილი შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150 (საგასახადო დავალება N4);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი