განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002453245
საქმე N1-438/18 წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27.06.2018 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გე-–-------ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: შო-----–---------ძე
მამის სახელი: რო--------ი
დაბადებული: 1--10.1979 წელი
პირადი ნომერი: 6---------2
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, ალ-----------------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075040318001
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 04 მარტს, დაახლოებით 18:45 საათზე, ქ. ბათუმში, პუ–------------- საცხოვრებელი სახლის წინ მოძრავი ,,B--’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ. NW------- რომელსაც მართავდა შო-----–---------ძე ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების 2.3-ის მოთხოვნები, რის გამოც შეეჯახა ,,N------------’’-ს მარკის ავტომანქანას სახ N S--------- რომელსაც მართავდა რო---------------------ი, რის შემდეგაც ორივე ავტომანქანა შეეჯახა ,,T-----------I’’-ს მარკის ავტომანქანას, ტრანზიტული სახ. N G------, რომელსაც მართავდა ემზარ ლომინაძე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ავტომანქანა ,,B--’’-ს მგზავრმა გო---------ემ.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა
ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა
იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
2.1 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.2 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №-5---, 21.03.2018 წ დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ შო-----–---------ძეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების 2.3-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლი რო---------------------ი მის განკარგულებაში არსებული დროის სიმცირის გამო ქვეითადმოსიარულე შეჯახების თავიდან აცილებას ვერ შესძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ემზარ ლომინაძეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, ვინაიდან მის სამოძრაო ზოლში გადასული ავტომობილები იმყოფებოდნენ მოძრაობაში და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
2.3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------; 16.04.2018 წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით გო---------ე 04.03.2018 წ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი: მარცხენა სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა ცდომით, თავის ზედაპირული ტრავმა. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით აღენიშნებოდა ექსკორიაციები სახეზე. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.4 სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N ს------, 22.03.2018 წ. დადგენილია, რომ წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია მათი რაიმე მკრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის.
წარმოდგენილი ავტომობილების B--’’’-ს და ,,N------------"-ს სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმები გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. ავტომობილ ,T-----------I’’-ს მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები გამართულ მდგომარეობაშია.
2.5 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის სქემა, ფოტოცხრილი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულ გო---------ის ჩვენება, მოწმეების რო---------------------ის, ემზარ ლომინაძის ჩვენება, შო-----–---------ძის ჩვენება და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შო-----–---------ძემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შო-----–---------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 04 მარტს, ქ. ბათუმში, პუ–--------------ის საცხოვრებელი სახლის წინ, ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რა დროსაც, გო---------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული შო-----–---------ძე აღიარებს, ინანიებს ჩადენილს და ითხოვს პატიებას. დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია; ბრალდებულის განმარტებით მან სრულად აუნაზღაურა ასევე ზიანი დაზიანებული ავტომანქანის მფლობელებს;
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შო-----–---------ძის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შო-----–---------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, შო-----–---------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა მინიმალური ოდენობით, უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნა ზ/მითითებული გარემოებების და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით, დამატებითი სასჯელის გარეშე - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს:
,,B--’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ N WV 107 VW, რომელიც ინახება შო-----–---------ძესთან, ,,N------------’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ. N S--------- რომელიც ინახება რო---------------------თან და ,,T-----------I’’-ის მარკის ავტომანქანა, ტრანზიტული სახ. N G------, რომელიც ინახება ემზარ ლომინაძესთან, ასევე CD დისკი 01 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მათი განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული შო-----–---------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთიერი მტკიცებულება - ,,B--’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ N WV 107 VW, რომელიც ინახება შო-----–---------ძესთან, ,,N------------’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ. N S--------- რომელიც ინახება რო---------------------თან და ,,T-----------I’’-ის მარკის ავტომანქანა, ტრანზიტული სახ. N G------, რომელიც ინახება ემზარ ლომინაძესთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ან მფლობელებს კანონით დადგენილი წესით;
ნივთიერი მტკიცებულება - CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე