გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170310018002435737
საქმე # 3/19-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან გურჩიანი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თეთრიწყაროს რაიონული განყოფილება
მოსარჩელის წარმომადგენელი - თ--------–-------
მოპასუხე - კ-------------------
დავის საგანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების 210 ლარის უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე კ-------------------ს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (გადამხდელის ანგარიში G-----------------------------, სახაზინო კოდი 3-----------, მიმღები - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური) დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 210 (ორასათი) ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძველი:
მოსარჩელის განმარტებით, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებას 2017 წლის 20 ნოემბრის #0------- კორესპოდენციის საფუძველზე წარმოებაში აქვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კო---–--------------------------–ი მცხოვრები კ-------------------- (პ/ნ 5----------) საქმე, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილილი ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის უკან დაბრუნებას.
კ-------------------- ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში (დახმარების დანიშვნის დრო 04.01.2016) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 48.840, რაზეც საქართველოს მთავრობის დადგენილების (#145, 28.07.2006 წელი) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი, ითვალისწინებს - სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილ, საარსებო შემწეობის მიღებას: ოჯახის ყველა წევრზე - 50 ლარის ოდენობით, ასევე ამავე პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად - ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე, რომელსაც იღებენ საარსებო შემწეობასთან - 50 ლართან ერთად.
სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას, ოჯახი გაეცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ უფლება/მოვალეობებს და მათი დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ შედეგებს. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის განცხადებაზე კ-------------------- ხელმოწერით.
სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის №0------- კორესპონდენციით და მასზე თანდართული სიით, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახის წევრებს - შ----------------- (პ/ნ 5----------) 2017 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, ხოლო ნ-------------------- (პ/ნ 5----------) 2017 წლის ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, შემოსავლების სამსახურის მიერ, დაუფიქსირდათ შემოსავალი, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის განუცხადებლობის გამო ცენტრალიზებულად შეუწყდათ საარსებო შემწეობის ჩარიცხვა და წარმოეშვათ პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აანაზღაურონ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი, კერძოდ უკან დააბრუნონ ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის (მხოლოდ 1 თვის) თანხა - 210 ლარი, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი, ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, რაც კ-------------------- ოჯახის მხრიდან არ მომხდარა.
ამასთან, აღნიშნული ოჯახი არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლებელია, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნება. ამავე დადგენილების მე-9 პრიმა მუხლის ,,ბ" პუნქტის თანახმად - ,,თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად".
აღნიშნულზე ოჯახს გაეგზავნა გაფრთხილება/შეტყობინებები, რასაც არავითარი შედეგი არ მოჰყოლია (წარმოდგენილია - გაფრთხილება/შეტყობინებები). აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ აღძრულ იქნა სარჩელი და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი და არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 4 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებას სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართა კ-------------------მ და ითხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი ოჯახისათვის სოციალური დახმარების დანიშვნა, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან ერთად განაცხადა, რომ იღებენ ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში ცვლილების და/ან იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კ-------------------- 2016 წლის 4 იანვრის განცხადება, ს.ფ.21.
3.2. კ-------------------- ოჯახს 2016 წლის 4 იანვრიდან დანიშნული ჰქონდა სოციალური დახმარება. მათი ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან: კ----------------–--------------------------–------------------
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, ს.ფ 22;
3.3. 2017 წლის 20 ნოემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს №0------- წერილით გაეგზავნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების მონაცემები, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და ამავე დროს:
3. რომელთა წევრ(ებ)საც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში;
და დაევალათ: [...] 2. მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წერილობით აცნობოთ ოჯახებს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (მიზეზის მითითებით) 2 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ, ოჯახი წარმოადგენს ცნობას შემოსავლების სამსახურიდან, რომ შემოსავალი არ მიუღია, რეგისტრაციის აღდგენის საკითხის განსახილველად წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
12. განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების მიზნით, “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-181 მუხლის შესაბამისად.
13. შესასრულებელ სამუშაოზე რეაგირებასთან დაკავშირებით კონტროლი ევალება სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსებს.
აღნიშნულ წერილს ერთვის შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია, რომ შ------------------- და ნ-------------------- დაუფიქსირდათ შემოსავალი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 20 ნოემბრის #0------- წერილი, ს.ფ. 17-20.
3.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2017 წლის 30 ნოემბრის 0------------ და 2018 წლის 4 იანვრის 0--------- წერილებით კ-------------------ს ეცნობა, რომ შეწყვეტილ იქნა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, რადგან შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათ ოჯახს დაფიქსირდა გარკვეული შემოსავალი, რომლის შესახებაც მათ არ აცნობეს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას დადგენილ ვადაში. თუ ოჯახის მიერ წარმოდგენილი იქნება ზემოთაღნიშნული გარემოების გამაბათილებელი დოკუმენტაცია, განიხილება ოჯახისათვის რეგისტრაციის აღდგენის საკითხი. სხვა შემთხვევაში ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მოთხოვნით შეუძლიათ ახალი განცხადებით მიმართონ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს. მათი ოჯახის მხრიდან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 210.00 ლარს. ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, ეთხოვა, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონულ განყოფილებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების 2017 წლის 30 ნოემბრის 0------------ და 2018 წლის 4 იანვრის 0--------- წერილები, ს.ფ. 23-24.
3.5. სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ზ---------------- 2018 წლის 2 მაისის #191 მოხსენებითი ბარათის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი 2017 წლის 20 ნოემბრის #0------- წერილით რიგ ოჯახებს ცენტრალიზებულად შეუწყდათ საარსებო შემწეობის ჩარიცხვა შემოსავლის დაფიქსირების გამო.
აღნიშნული ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო ოჯახებს წარმოეშვათ პასუხისმგებლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აანაზღაურონ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანი.
ოჯახებს გადაეგზავნათ გაფრთხილებისა და შეტყობინების წერილები და ვალდებულების შესასრულებლად მიეცათ ვადა, რომელიც ამოიწურა და დავალიანების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია განყოფილებაში წარმოდგენილი არ არის.
ეს ოჯახია: 1.0------------კ-------------------, პ/ნ 5----------, დასაბრუნებლია 210 ლარი. მოქალაქესთან გაიგზავნა გაფრთხილებები და შეტყობინებები. გაეგზავნა გაფრთხილება 2017 წლის 30 ნოემბერს, N0------------, რომელიც მიიღო და გაეგზავნა შეტყობინება 2018 წლის 4 იანვარს, 0---------, რომელიც მიიღო.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სოციალური მომსახურების სააგენტოს თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ზ---------------- მოხსენებითი ბარათი, ს.ფ. 25.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე, 991-ე მუხლები, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის” მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაც განსაზღვრულია ოჯახის უფლება-მოვალეობანი განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე, , ხოლო ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად კი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეასრულა მისი ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულება და არ აცნობა მოსარჩელეს, რომ შეიცვალა მათი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, კ-------------------- ოჯახის წევრები შ----------------- და ნ------------------- დასაქმდნენ და მათ მიიღეს შემოსავალი (შ-----------------მ ჯამში 2300 ლარი 3 თვეში, ხოლო ნ-------------------მ 2106,52 ლარი 4 თვეში), აღნიშნულით კი დაარღვია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნები. ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ შემოსავალი არ მიუღიათ მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობით კ-------------------- ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა სოციალური დახმარება 210 ლარი. ასევე, დადგენილია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია. იგი პროცესზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, ხოლო 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხემ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ზედმეტად მიიღო სოციალური დახმარება 210.00 ლარის ოდენობით, კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე შეძენილი კი, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, შემძენისაგან უკან დაბრუნებას ექვემდებარება.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, კ------------------- უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თეთრიწყაროს რაიონული განყოფილების სარჩელი კ-------------------- მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე კ-------------------ს (პ/ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (გადამხდელის ანგარიში G-----------------------------, სახაზინო კოდი 3-----------, მიმღები - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური) დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 210 (ორას ათი) ლარის გადახდა.
3. მხარეები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავს ქ. 11 ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ბადრი ნიპარიშვილი