გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.09.2018
საქმის ნომერი
110310018002387647
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110310018002387647

№ 3/41-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 სექტემბერი 2018 წელი ქ. ზესტაფონი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

განმცხადებელი - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

წარმომადგენელი - სა-----ო ვა–----ძე;

დაინტერესებული პირები (მესაკუთრე): - შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ა";

წარმომადგენელი - ანნა მუ--–-ძე;

მესამე პირი - შპს ,,ლე---– ქო----–---ნგი’’ სსიპ შემოსავლების სამსახური.

მოთხოვნის არსი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.

აღწერილობითი ნაწილი:

1.განმცხადებლის მოთხოვნა

1.1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთ (E-60) მაგისტრალის განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით - მოპასუხე შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ას" (ს.კ 2--------) საკუთრებაში არსებულ თე-------–ის რაიონის სოფელ ნა-–-------–ეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მთლიან 12227 კვ.მ (ს.კ 3----------- , ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) მიწის ნაკვეთზე;

 

განმცხადებლის მითითებით: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ზესტაფონი-ქუთასი-სამტრედიის საავტომობილო გზის ქუთაისის ახალი შემოსავლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას. „საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება (საქართველო-აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი)“ (რატიფიცირებულია საქრთველოს პარლამენტის 2016 წლის 27 აპრილის N5026-IIის დადგენილებით). აღნიშნული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პროექტის განხორცილებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციოს თანხების ანაზღაურების საკითხი. მოლაპარაკების წარმოების მიუხედაავდ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტების ქვეშ მოქცეულ შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ა’’-ს (ს/ნ 2--------) (შემდგომში - კომპანია) საკუთრებაში არსებულ თე-------–ის რაიონის, სოფელ ნა-–-------–ეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანშნულების მთლიან 12227 კვ.მ (ს/კ 3-----------, (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) მიწის ფართობის (შემდგომში- საექსპროპრიაციო ქონება) გამოსყიდვაზე, რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის გზის მშენებლობის პროექტი ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას. დეპარტამენტმა არაერთი მოლაპარაკება აწარმოა კომპნიის წარმოომადგენლებთან, საექსპროპრიაციოს ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით. დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კომპანიის წარმოომადგენელმა გამოთქვეს სურვილი მიწის ნაკვეთების მონაცვლეობასთან დაკავშირებით, რაზედაც დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო), რომელმაც თავის მხრივ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და კომპანიას შორის მიმდინარეობდა მიწის ნაკვეთების ურთიერთგაცვლის პროცედურები. მრავალჯერადი მოლპარაკების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა.

 

აღნიშნულის შემდგომ, დეპარტამენტმა კომპანიიას წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქამედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება, რაზეც მესაკუთრის მხრიდან თანხმობა ვერ მიიღო. საკუთრების იგივე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ, საკუთრების უფელბის ჩამორთმევის შესაძლებლობას- აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. ექსპროპრიაციის პირობები და წესი დადგენილია ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახე’’ საქართველოს კანონით (შემდგომში-კანონი). კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ექსპროპიაციის გზისა და მაგისტრალის გაყვანა მშენებლობას.

კანონით დაწესებულია კონკრეტული პროცედურები, რაც უნდა განხორციელდეს ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით. კერძოდ. ექსპროპრიაციის აუცილებლობის შემთხვევაში, კანონი მე-3 უხლისპირველი პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტი სამინისტროს შუამდგომლობის გზით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. შესაბამისად, საკითხი განსსახილველად გადაეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აიცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 19 მარტის N1-1/119 ბრძანების (შემდგომში-მინისტრის ბრძანება) საფუძველზე, დეპარტამენტს მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, ასევე, განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე. ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, მინისტრის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექპროპროაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებულმა პირმა მესაკუთრეს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში.

 

2.დაინტერესებული პირის პოზიცია:

 

2.1. დაინტერესებული პირი - შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ა’’ შესაგებლით არ დაეთანხმა განცხადებას და მიუთითა, რომ მიწას, რომელიც ექსპროპრიაციაც არის მოთხოვნილი, კომპანია იყენებდა სასაწყობე მეურნეობისათვის, სადაც ხორციელდებოდა წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის და პროდუქციის დასაწყობება. სასაწყობე მეურნეობის გარეშე კომპანიის ფუნქციონირება შეუძლებელია, ამიტომაც ექსპროპრიაციაც მიწათა მონაცვლეობის და სათანადო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, შეთავაზებული თანხა ვერ უზრუნველყოფს იმ ზიანის კომპენსაციას, რასაც გამოიწვევს სასაწყობე ტერიტორიის დაკარგვა.

 

3. მესამე პირიების პოზცია:

 

3.1. მესამე პირი - სსიპ შმოსავლების სამსახური წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა განცხადებას.

 

3.2. მესამე პირს - შპს ,,ლე---– ქო----–---ნგის’’ წარმომადგენელს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 19 მარტის N1-1/119 ბრძანებით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს E-60 ავტომაგისტრალის განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მე-4 კმ-ზე, პროექტით გათვალისწინებული ადგილობრივი დანიშნულების საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ა’’ (ს.კ 2--------) კერძო საკუთრებაში არსებულ ს/კ N3----------- სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 12227 კვ.მ ნაწილზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 19 მარტის N1-1/119 ბრძანება.

 

4.2. თე-------–ის რაიონის სოფელ ნა-–-------–ეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 12227 კვ.მ ) მიწის ნაკვეთი - ს.კ 3----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) წარმოადგენს შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ას’’ (ს.კ 2--------) საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;.

 

4.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 06 იანვარს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა №2-12/127 წერილით მიმართა შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ას" დირექტორს რომლითაც ეცნობა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს E-60 მაგისტრალის განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტით ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა შპს ჭი---------------მ ჯო-----ას საკუთრებაში არსებული 12227 კვ.მ (საკადასტრო კოდი N3-----------) მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 12227 კვ.მ ფართობი. 1. მიწის ღირებულება-61135 ლარი; 2.საჯარო რეესტრის ხარჯები -150 ლარი; საკომპენსაციო ღირებულების თანხა ჯამში შეადგენს 61285 ლარს. შპს ,,ჭიათურ მანგანუმ ჯო-----ას" ეთხოვა 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით ეცნობებია გზების დეპარტამენტისათვის მისი პოზიცია შეთავაზებული თანხის მიღების მიზნით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ამასთან განემარტა, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დეპარტამენტი მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის 06 იანვრის №2-12/127 წერილი.

 

4.4. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად განმცხადებელის მიერ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, 2018 წლის 29 მარტის გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა’’ გამოქვეყნდა განცხადება ექსპროპრიაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონარიდები გაზეთებიდან ,,საქართველოს რესპუბლიკა’’ (№64, 29.03.2018წ);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი.

- საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.

 

საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.

 

საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სათანადო ანაზღაურებით; 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის.

 

მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე. საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.

 

6.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.

 

ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.

 

6.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.

 

დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.

 

ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

 

6.5. `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.

 

აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - საზოგადოებრივ საჭიროებისათვის გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

 

6.6. დადგენილია და უდავო, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს E 60 ავტომაგისტრალის განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მე-4 კმ-ზე, N1 სატრანსპოტსო კვანძის თერჯოლისკენ მიმავალი წრიული მოძრაობიდან სოფ. ღვანკითისკენ, პროექტით გათვალისწინებულია 664 გრძივი მეტრის ადგილობრივი დანიშნულების საავტომობილო გზის მშენებლობა. ეს გზა დააკავშირებს სოფ. ღვანკითს და მიმდებარე დასახლებებს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან.

 

ქუთაისის ახალი შემოსავლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობისათვის აუცილებელი გახდა შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ასა’’ და სხვათა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, ქონებაზე შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ასთან’’, ვინაიდან ქონების მესაკუთრემ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნია.

 

სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ ავტომაგისტრალი წარმოადგენს მგზავრთა გადაადგილებისა და ტვირთების ტრანსპორტირების ძირითად და არსებით სოციალურ ინფრასტრუქტურას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ას’’ საკუთრებაში არსებულ № 3-----------, მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართობი - 12227 კვ.მ (მდებარე თე-------–ის რაიონი სოფელი ნა-–-------–ეში), პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ნაწილის - 12227 კვ.მ მიწის ფართობის ფარგლებში.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.

 

`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

`აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირები, ქონების მესაკუთრეები გათავისუფლებული არიან სასამართლო ხარჯებისაგან.

 

`სახელმწიფო ბაჟის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის `უ~ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 242-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

 

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთ (E-60) მაგისტრალის განახლებისა და რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საკუთრების ჩამორთმევისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში ამ საკუთრების სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირების მიზნით - მოპასუხე შპს ,,ჭი---------------მ ჯო-----ას" (ს.კ 2--------) საკუთრებაში არსებულ თე-------–ის რაიონის სოფელ ნა-–-------–ეში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მთლიან 12227 კვ.მ (ს.კ 3----------- , ნაკვეთის წინა ნომერი 3-----------) მიწის ნაკვეთზე;

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7).

 

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი