განაჩენი

სისხლის სამართლის 14.07.2018
საქმის ნომერი
240100118002468010
დავის ტიპი
151
თარიღი
14.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100118002468010 №1/39

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14.06.2018 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ვ------------------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გ-------–--–--–---–ი

დაბადებული: 04.10.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 5----------

ნასამართლეობა: არ მქონე

საცხოვრებელი ადგილი: ხონის რაიონი, სოფელი დ---------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე -ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 22 აპრილს დაახლოებით 22:40 საათზე, ხონის რაიონის სოფელ დ---------ში მცხოვრები გ-------–--–--–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სენაკის რაიონის სოფელ ძ---–------–ი, სორტის უბანში მცხოვრებ მის შვილს ს--–---------–--–--–---–ს, სიძეს ზ-------–--–--ს, ამ უკანასკნელის დედას ლ-------------ს, ძმას თ---------–--–--ს და დას ს--–-----–--–--ს, რა დროსაც სანადირო თოფიდან საცხოვრებელი სახლის მიმართულებით აწარმოა ექვსჯერ გასროლა. აღნიშნული ქმედებით მათ გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც თავი შეაფარეს სახლის უკან მდებარე სამზარეულო ოთახს.

2. ბრალდებულმა გ-------–--–--–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

5. 2018 წლის 23 აპრილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა ორლულიანი სანადირო თოფი, ვაზნების ჩასაწყობი და შვიდი ცალი ვაზნა.

 

6. 2018 წლის 23 აპრილის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებული იქნა ავტომანქანა და მასრები.

 

7. 2018 წლის 23 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, სენაკის რაიონის სოფელ ძ---–------–ი, სორტას უბანში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფანჯრები არის ჩამსხვრეული, ფანჯრის ჩარჩოს აღენიშნება წერტილოვანი დაზიანებები, სახლის შიგნით, ასევე გარეთ ეყარა მოვერცხლისფრო პატარ-პატარა ლითონის საგნები, ხოლო ჭიშკართან ეყარა სამი ცალი პლასტმასის გასროლილი მასრა. ამოღებული იქნა სამი ცალი მასრა, მინის ნამსხვრევები, მოვერცხლისფრო პატარ-პატარა ლითონის საგნები.

 

სამართლებრივი შეფასება:

8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-------–--–--–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ-------–--–--–---–ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ-------–--–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

9. გ-------–--–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი.

 

10. გ-------–--–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

11. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

12. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

13. ბრალდებულ გ-------–--–--–---–ის მიერ სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

14. გ-------–--–--–---–ის მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.

 

15. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

16. სასჯელის დანიშვნისას გ-------–--–--–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს კანონის აღნიშნული დანაწესი და სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე, მუხლით, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული გ-------–--–--–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. გ-------–--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში გ-------–--–--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სამსახურის იმერეთის პრობაციის ბიუროს.

 

დაევალოს მსჯავრდებულ გ-------–--–--–---–ს იმერეთის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

4.1 ორლულიანი სანადირო თოფი, ვაზნების ჩასაწყობი და შვიდი ცალი ვაზნა გადაეგზავნოს შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შეიარაღების სამმართველოს, შემდგომი რეაგირების მიზნით.

 

4.2 მასრები, მინის ნამსხვრევები, მოვერცხლისფრო პატარა ლითონის საგნები განადგურდეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

4.3 ,,-----------’’-ის მარკის სახ. ნომერი AA-7---A- ავტომანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

4.4 ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე