გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამე N010210018002362428
№2/1206-2018წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - შპს „პრ----–-------------------------ო“
წარმომადგენელი- ქრ------ა ქო----–--ე
მოპასუხე - ირ---–ი ბე–----ე
დავის საგანი -სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ირ---–ი ბე–----ეს შპს „პრ----–-------------------------ოს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1522,9 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა- 700 ლარი, სარგებელი - 151,90 ლარი და პირგასამტეხლო -671 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია.
ირ---–ი ბე–----ემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „პრ----–-------------------------ოს“ და ირ---–ი ბე–----ეს შორის, 2014 წლის 22 ნოემბერს, გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხის სახელზე გაცემული იქნა სესხი 700 ლარის ოდენობით, 31 დღის ვადით.
3.1.2. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის ძირითადი თანხა დაებრუნებინა 31 დღის ვადაში.
3.1.3. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა დაფარვის თარიღის შემდგომი დღიდან (23/12/2014), ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმდინარე ძირითადი თანხის 2%, ერთჯერადი ჯარიმა ორ ვადაგადაცილებულ დღემდე 50 ლარი, ოცდაათ დღემდე 100 ლარი.
3.1.4. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2014 წლის 23 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხის ხელშეკრულება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, სარჩელის აღძრული იქნა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. კერძოდ, მოსარჩელეს, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის 23 დეკემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2018 წლის 21 მარტს, სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- შესაგებელი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 23 დეკემბრამდე, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში წარმოადგინა 2018 წლის 21 მარტს. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
6.2. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2014 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 22 ნოემბერს მოპასუხემ, 2014 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდით, ისესხა 700 ლარი და სარგებელი - 151,90 ლარი. მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 22 ნოემბერს, ხოლო სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდი, ანუ 31 დღე. შესაბამისად, დადგენილია, რომ შპს „სოლვას“ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ამავე პერიოდიდან. სასამართლოში სარჩელის შემოტანის მომენტისათვის კი მოსარჩელის მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო.
6.7. ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „პრ----–-------------------------ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
2.. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე