გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2018
საქმის ნომერი
110210117002036949
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210117002036949

N2/606-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.07.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე შპს ,,ბ---------------",წარმომადგენელი გ------- გ-----, ნ----- ყ--------–---–ი;

მოპასუხე შპს ,,ე-–---------–-----",მოპასუხის წარმომადგენელი: ჯ--- ფ-----------;

დავის საგანი: თანხის დაკისრება

შეგებებული სარჩელით მოსარჩელე: შპს ,,ე-–---------–-----",შეგებებული სარჩელით მოპასუხე: შპს ,,ბ---------------",შეგებებული სარჩელით დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1 შპს „ე-–---------–-----ს“ დაეკისროს წინასწარ მიღებული თანხის 4750 ლარის გადახდა შპს „ბ---------------ს“ სასარგებლოდ.

1.2 შპს „ე-–---------–-----ს“ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის 16800 ლარის გადახდა შპს „ბ---------------ს“ სასარგებლოდ.

მოსარჩელე მიუთითებს: შპს „ბ---------------ა“ და შპს „ე-–---------–-----ს“ შორის 2016 წლის 25 ივნისს დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვით მოპასუხეს წყალტუბოს რაიონიდან თ--------–-- რაიონში უნდა გადაეზიდა შპს „ბ---------------ს“ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, ჰიტაჩის ფირმის 70 ტონიანი მუხლუხა ექსკავატორი. შპს „ბ---------------ა“ წინასწარ შეატყობინა შპს „ე-–---------–-----ს“ გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მოდელი, წონა და სხვა დეტალები. მოსარჩელემ წინასწარ გადაიხადა მომსახურების ღირებულება 4750 ლარი.

მოპასუხემ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ვერ უზრუნველყო ექსკავატორის გადაზიდვა დანიშნულების ადგილზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი 16800 ლარის ოდენობით, რაც გამოიხატება იმაში, რომ შპს „ბ---------------“ იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული მესამე პირთან, ვინაიდან ექსკავატორის გადაზიდვა ვერ განხორციელდა დროულად მოსარჩელემ ვერ მიიღო გარანტირებული შემოსავალი 16800 ლარის ოდენობით, რაც მთლიანად მოპასუხის ბრალით არის გამოწვეული და ამასთნ მოპასუხე დღემდე არ აბრუნებს ავანსის სახით გადარიცხულ თანხას.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „ე-–---------–-----ის“ წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გადაზიდვის მომსახურებაზე მოსარჩელის წარმომადგენლისაგან მოთხოვნა მიიღო ტელეფონის მეშვეობით. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული იქნა ინფორმაცია ექსკავატორის მოდელისა და წონის შესახებ. მათი მხრიდან გადასაზიდად შეთავაზებული იქნა 3 მეტრი სიგანის დაბალძარიანი ნახევრადმისაბმელის გამოყენება, რაზეც მოსარჩელის წარმომადგენლისაგან მიღებული იქნა სიტყვიერი თანხმობა. მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას შესწავლილი ჰქონდა მარშუტის გამტარიანობა და იგი თავად უზრუნველყოფდა ექსკავატორის დატვირთვას, ელექტრო გადამცემი ხაზების აწევას და ტვირთის გატარებას მარშუტზე. შესაბამისად მოპასუხის მოვალეობაში შედიოდა მხოლოდ ტრანსპორტის დანიშნულების ადგილზე მიწოდება და გადაზიდვის ფიზიკურად შესრულება, იმ პირობით, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელი იქნებოდა და მარშუტზე დაბრკოლება არ შეხვდებოდათ. გადაზიდვა შეუძლებელი გახდა, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ექსკავატორის მისაბმელზე დატვირთვა.

 

მოპასუხემ დამატებით წარმოადგინა შეგებებული სარჩელი.

 

სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:

 

შპს „ბ---------------“ დაეკისროს 7245 ლარის გადახდა შპს „ე-–---------–-----ი“-ს სასარგებლოდ.

 

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, შპს „ბ---------------ა“ და შპს „ე-–---------–-----“-ს შორის 2016 წლის 25 ივნისს დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ე-–---------–-----“-ს გელათიდან ს--------–- უნდა გადაეზიდა შპს „ბ---------------ს“ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, ჰიტაჩის ფირმის 70 ტონიანი მუხლუხა ექსკავატორი. შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ მოპასუხის წარმომადგენლის შა-–-ა ყ--------–---–ის განმარტებით მას შესწავლილი ჰქონდა მარშუტის გამტარიანობა და იგი თავად უზრუნველყოფდა ექსკავატორის დატვირთვას, ელექტრო გადამცემი ხაზების აწევას და ტვირთის გატარებას მარშუტზე. შესაბამისად მოპასუხის მოვალეობაში შედიოდა მხოლოდ ტრანსპორტის დანიშნულების ადგილზე მიწოდება და გადაზიდვის ფიზიკურად შესრულება, იმ პირობით, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელი იქნებოდა და მარშუტზე დაბრკოლება არ იქნებოდა.

 

შეთანხმების შესაბამისად შპს „ე-–---------–-----მა“ უზრუნველეყო გადასაზიდად შეთავაზებული 3 მეტრი სიგანის დაბალძარიანი ნახევრადმისაბმელის მობილიზება გელათში. გადასაზიდი ტექნიკის მისაბმელზე დატვირთვას ახორციელებდა მოპასუხის ოპერატორი, დატვირთვისას არ იქნა დაცული ტექნიკის მისაბმელზე უსაფრთხოდ დატვირთვის წესები, რის გამოც დატვირთვისას ექსკავატორი ჩამოვარდა მისაბმელიდან, რამაც გამოიწვია მისაბმელის დაზიანება, ზიანის ოდენობამ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგინა 7245 ლარი.

 

შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს „ე-–---------–-----ი“ შეგებებული სარჩელის აღძვრით ცდილობს პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამება და არ არის გამყარებული მტკიცებულებებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 25 ივნისს შპს „ბ---------------ა“ და შპს „ე-–---------–-----“-ს შორის დაიდო ზეპირი შეთნხმება, რომლის თანახმად შპს „ე-–---------–-----“-ს გელათიდან ს--------–- უნდა გადაეზიდა შპს „ბ---------------ს“ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, ჰიტაჩის ფირმის 70 ტონიანი მუხლუხა ექსკავატორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შპს „ბ---------------ს“ 2016 წლის 29 ივნისის წერილი და შპს „ე-–---------–-----ის“ 2016 წლის 04 ივლისის საპასუხო წარილი;

3.2. შპს „ბ---------------ა“ წინასწარ შეატყობინა შპს „ე-–---------–-----“-ს გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მოდელი, წონა და სხვა დეტალები, აქვე შეთნხმდა მხარეებს შორის გადაზიდვის პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მხარეთ შორის წარმოებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები;

3.3. შპს „ბ---------------ა“ წინასწარ გადაიხადა მომსახურების ღირებულება 4750 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.4. ექსკავატორის ნახევარმისაბმელზე („ლაფეტზე“) დატვირთვას ახორციელებდა შპს „ბ---------------ს“ ოპერატორი, დატვირთვის პროცესში ექსკავატორი დაცურდა ნახევარმისაბმელიდან და ჩამოვარდა, რამაც გამოიწვია ნახევარმისაბმელის დაზიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა შა-–-ა ყ--------–---–ის და ოლ-- ა----------- ჩვენება;

3.5. ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 08 აგვისტოს N5004286216 დასკვნის თანახმად ნახევარმისაბმელის („M------------“ სახელმწიფო ნომრით A-------) აღდგენითი ღირებულება დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 7245 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 08 აგვისტოს N5004286216 დასკვნა;

3.6. საქმის მასალებით არ დადასტურდა, რომ ექსკავატორის დატვირთვაზე პასუხისმგებელი იყო შპს „ე-–---------–-----ი“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს „ბ---------------“ მიუთითებს, რომ ექსკავატორის დატვირთვა ნახევარმისაბმელზე („ლაფეტზე“) ხორციელდებოდა შპს „ე-–---------–-----ის“ წარმომადგენლების მითითებების საფუძველზე, რამაც გამოიწვია ექსკავატორის გადმოვარდნა. მოპასუხე არ დაეთანხმა მითითებულ გარემოებას და მიუთითა, რომ გადასაზიდი ტექნიკის მისაბმელზე დატვირთვას, შეთანხმების შესაბამისად ახორციელებდა მოპასუხის ოპერატორი, რომლის მიერ არ იქნა დაცული ტექნიკის მისაბმელზე უსაფრთხოდ დატვირთვის წესები, რის გამოც ექსკავატორი ჩამოვარდა მისაბმელიდან, რამაც გამოიწვია მისაბმელის დაზიანება.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები და მტკიცების ტვირთის გონივრული განაწილების და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოპასუხე მხარის მიერ ნახევარმისაბმელზე ექსკავატორის შპს „ე-–---------–-----ის“ წარმომადგენლების მითითებების საფუძველზე დატვირთვის ფაქტი. საქმის მასალებში წარმოდგენილია მხარეებს შორის ნაწარმოები მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელითაც მხარეები თანხმდებოდნენ გადაზიდვის პირობებზე, სადაც შპს „ე-–---------–-----ის“ წარმომადგენლი მიუთითებს, რომ მეორე მხარის პასუხისმგებლობაა დატვირთვა, გაცილება და ღერძებზე გადაწონვა. მოწმის სახით დაკითხულმა შპს „ბ---------------ს“ თანამშრომელმა შა-–-ა ყ--------–---–მა (რომელიც უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებას) მოპასუხის კითხვაზე განმარტა, რომ ექსკავატორის დატვირთვაზე მათი მხარე იყო პასუხისმგებელი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ექსკავატორის ნახევარმისაბმელიდან ჩამოვარდნის დროს მოხდა რკინის რკინაზე დაცურება და ნახევარმისაბმელი უმნიშვნელოდ დაზიანდა. შპს „ე-–---------–-----ის“ მძღოლმა ოლ-- ა----------- განმარტა, რომ თავიდან მან რამდენიმე რჩევა მისცა ოპერატორს, რაც არ იქნა გაზიარებული და მას მისი ხელმძღვანელის მიერ მიეთითა, რომ არ ჩარეულიყო დატვირთვის პროცესში და მათი მხრიდან რაიმე მითითებები დატვირთვაზე არ განხორციელებულა, ექსკავატორის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა მისაბმელი.

აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ---------------ს“ წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა მისი მტკიცების ფარგლებში შემავალი სადავო გარემოება, მოპასუხე მხარის ნახევარმისაბმელზე ექსკავატორის დატვირთვაზე პასუხისმგებლობის ფაქტი, რაც არსებული სასარჩელო მოთხოვნის მთავარ ფაქტობრივ საფუძველს წარმაოდგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა შა-–-ა ყ--------–---–ის და ოლ-- ა----------- ჩვენება;

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ძირითადი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 394-ე, 407-ე, 668-ე, 992-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

განსახილველი დავა გამომდინარეობს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ბ---------------ა“ და შპს „ე-–---------–-----ს“ შორის 2016 წლის 25 ივნისს დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვით მოპასუხეს წყალტუბოს რაიონიდან თ--------–-- რაიონში უნდა გადაეზიდა შპს „ბ---------------ს“ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, ჰიტაჩის ფირმის 70 ტონიანი მუხლუხა ექსკავატორი. მხარეთა შორის წაემოებული მოლაპარაკების საფუძველზე შპს „ე-–---------–-----მა“ უზრუნველეყო გადასაზიდად შეთავაზებული 3 მეტრი სიგანის დაბალძარიანი ნახევრადმისაბმელის მობილიზება გელათში. გადასაზიდი ტექნიკის მისაბმელზე დატვირთვას ახორციელებდა მოპასუხის ოპერატორი, დატვირთვისას ექსკავატორი ჩამოვარდა მისაბმელიდან, რამაც გამოიწვია მისაბმელის დაზიანება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ წინასწარ გადაიხადა მომსახურების ღირებულება 4750 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი მხარეთა შორის ნაწარმოები მოკლე ტექსტური შეტყობინებების შინაარსიდან, მოწმეთა შა-–-ა ყ--------–---–ის და ოლ-- ა----------- ჩვენებებიდან და მხარეთ ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ ექსკავატორის ნახევრადმისაბმელზე დატვირთვის ვალდებულება ჰქონდა შპს „ბ---------------“ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია ნახევრადმისაბმელის დაზიანებამ, რაც გამოწვეული იყო შპს „ბ---------------ს“ ოპერატორის მოქმედების შედეგად, შესაბამისად სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა შედეგად მოჰყვა მოსარჩელის ოპერატორის მოქმედებას და კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ვალდებულების დარღვევის პასუხისმგებლობის შპს „ე-–---------–-----ისათვის“ დაკისრების საფუძველი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძვლები.

6.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით

მოსარჩელე შეგებებული სარჩელით მოითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

ასევე, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული შემდეგი პირობები: უნდა დადასტურდეს ზიანის მიყენების ფაქტი; მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით; მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ექსკავატორის ნახევრადმისაბმელზე დატვირთვის ვალდებულება ჰქონდა შპს „ბ---------------“, მისაბმელზე დატვირთვას ახორციელებდა მოპასუხის ოპერატორი, დატვირთვისას ექსკავატორი ჩამოვარდა მისაბმელიდან, რამაც გამოიწვია ნახევრადმისაბმელის დაზიანება. ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 08 აგვისტოს N5004286216 დასკვნის თანახმად ნახევარმისაბმელის („M------------“ სახელმწიფო ნომრით A-------) აღდგენითი ღირებულება დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 7245 ლარს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ბ---------------“ შპს „ე-–---------–-----ისათვის“ წინასწარ ჩარიცხული აქვს გადაზიდვის ღირებულება 4750 ლარის ოდენობით და თანხა უკან არ დაუბრუნებია, დამდგარ ზიანს 7245 ლარს უნდა გამოაკლდეს 4750 ლარი და შპს „ბ---------------“ შპს „ე-–---------–-----ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2495 ლარის გაადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან მოსარჩელეს წინასწარ აქვს გდახდილი სახელმწიფო ბაჟი, ის უნდა დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში. რაც შეეხება შეგებებული სარჩელს, ვინაიდან იგი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ბ---------------" შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,ე-–---------–-----ის" (ს.კ 4--------) სასარგებლოდ უნდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 75.50 ლარის გადახდა;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინება შპს ,,ბ---------------ს" სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე - შპს ,,ბ---------------ს" (ს.კ 2--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;

 

3. შპს ,,ე-–---------–-----ის" (ს.კ 4--------) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ბ---------------" (ს.კ2--------) შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,ე-–---------–-----ის" (ს.კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 2495 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 75.50 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი