გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002429012
2-514-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2018 წელი, ქ. ხაშური
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე აკაკი წერეთელი
წარმომადგენელი გიორგი ჩიტაძე
მოპასუხე გოგია გოჩაშვილი
წარმომადგენელი მაია ქვრივიშვილი
დავის საგანი თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 9 800 ლარი.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: 2005 წელს, მოპასუხისაგან 3 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარად იყიდა მიკროავტობუსი, 4 000 დოლარად - სამარშრუტო ხაზი, რომელზეც ამ მიკროავტობუსით უნდა ემუშავა მგზავრების გადასაყვანად, რამდენიმე წლის შემდეგ დარწმუნდა, რომ სამარშრუტო ხაზი არ უყიდია და ითხოვს, ამ მიზნით გადახდილი 4 000 დოლარის ეკვივალენტი 9 800 ლარი დაუბრუნოს მოპასუხემ;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსი 7 000 აშშ დოლარად მიჰყიდა მისი და მოსარჩელის საერთო ნათესავ ბადრი ლურსმანაშვილს, სამარშრუტო ხაზი არ გაუყიდია - ამის უფლება არ ჰქონდა;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები ადასტურებენ, რომ სატრანსპორტო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულებით, ქარელი-აგარას სამარშრუტო ხაზზე, საკუთარი მიკროავტობუსით, მგზავრები გადაჰყავდა გოგია გოჩაშვილს, შემდეგ, - იმავე ავტობუსით, - ბადრი ლურსმანაშვილს;
3.1.2. მხარეებს შორის გარიგების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, მან, გოგია გოჩაშვილისაგან, მიკროავტობუსთან ერთად, იყიდა სამარშრუტო ხაზიც, რაშიც 4 000 აშშ დოლარი გადაუხადა. მოპასუხე უარყოფს ამ გარემოებას და განმარტავს, რომ გაყიდა მხოლოდ ავტობუსი 7 000 დოლარად და მიჰყიდა ბადრი ლურსმანაშვილს, რომელიც მხარეთა ნათესავია;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ დადგინდა გოგია გოჩაშვილის მიერ გარდა გაყიდული მანქანის ფასისა, სხვა თანხის მიღება;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 317-ე მუხლი, 976-991-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის: 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას.
მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოსარჩელემ, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ 2005 წელს, მოპასუხისაგან, მიკროავტობუსთან ერთად, სამარშრუტო ხაზის ყიდვის მიზნით ფული გადაიხადა, ახსნა-განმარტების გარდა, წარმოადგინა მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, მოსარჩელის პოლიციაში გამოკითხვის ოქმი (იხ. 2018 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი:14:30:38-14:31:13);
მოწმე ბადრი ლურსმანაშვილმა დაადასტურა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ აკაკი წერეთელმა, გოგია გოჩაშვილისაგან, მანქანასთან ერთად, სამარშრუტო ხაზიც იყიდა - 4 000 დოლარად, რის შემდეგაც, ამ ავტობუსზე მუშაობდა მძღოლად და აკაკი წერეთელს ქირას უხდიდა (იხ. 2018 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი:14:55:20-14:55:40) თვითონაც და ის მძღოლიც, რომელიც მის შემდეგ მუშაობდა;
ბადრი ლურსმანაშვილის ჩვენებისაგან განსხვავებით, მხარეთა შორის სამარშრუტო ხაზის ნასყიდობაზე შეთანხმება უარყოფილია მოწმეების: ნოდარ თურმანიძის, გიორგი ვახტანგიშვილის, ბესიკ გოჩაშვილის ჩვენებებით: - ნოდარ თურმანიძე არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი, რომელიც ქარელში მგზავრთა ტრანსპორტით გადაყვანას ემსახურება სახელმწიფოსაგან მიღებული ნებართვით. მისი ჩვენების შინაარსის მიხედვით, მის საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქარელი-აგარას სამარშრუტო ხაზზე, თავისი მიკროავტობუსით, მგზავრები გადაჰყავდა გოგია გოჩაშვილს, რომელმაც, 2005 წელს, უთხრა, რომ მაინც სამუშაოსათვის თავის დანებება უნდოდა და მანქანა თავის ნათესავ ბადრი ლურსმანაშვილს მიჰყიდა (იხ.2018 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი:15:21:00-15:21:20);
ნოდარ თურმანიძემ უჩვენა, ისევე როგორც სხვა მძღოლებს აფრთხილებდა, ბადრი ლურსმანაშვილსაც უთხრა, რომ მიკროავტობუსის ყიდვა სამარშრუტო ხაზის ყიდვას არ ნიშნავდა, - ხაზი არ იყიდებოდა, ის სახელმწიფოსი იყო (იხ.2018 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი: 15:18:00-15:18:30; 15:19:20-15:19:30);
თუმცა, ყოყმანის შემდეგ ხელშეკრულება სამარშრუტო ხაზის მომსახურებაზე მაინც დაუდო, მაგრამ არასათანადო მოქცევის შემთხვევაში მისი შეწყვეტის შესაძლებლობაზეც გააფრთხილა;
მისივე ჩვენების მიხედვით, აკაკი წერეთელს არ იცნობდა ვიდრე, დაახლოებით 2 წლის წინ, მასთან არ მივიდა და უთხრა, რომ სამარშრუტო ხაზი მას ეკუთვნოდა;
მოწმე გიორგი ვახტანგიშვილის ჩვენების თანახმად, ბადრი ლურსმანაშვილმა, მისი თანდასწრებით, გოგია გოჩაშვილს დაუდასტურა, რომ მისგან მხოლოდ მიკროავტობუსი იყიდა და ამისათვის ფული ბიძას გამოართვა;
მოწმე ბესიკ გოჩაშვილმაც დაადასტურა, რომ ბიძამისმა გოგია გოჩაშვილმა ავტობუსი ბადრი ლურსმანაშვილს მიჰყიდა თუმცა, ფული, ბადრისთან ერთად, მისმა ბიძამ მიიტანა;
ნოდარ თურმანიძის, გიორგი ვახტანგიშვილის, ბესიკ გოჩაშვილის ჩვენებები სარწმუნოს ხდიან გოგია გოჩაშვილის ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ ბადრი ლურსმანაშვილს მიჰყიდა მხოლოდ მიკროავტობუსი 7 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარად, რომელმაც უთხრა, რომ ამ მიზნით, ფული, ბიძამისისგან - აკაკი წერეთლისაგან ისესხა;
გოგია გოჩაშვილისათვის მანქანის ფასის გარდა, სხვა თანხის გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ გამოდგება მოსარჩელისა და ბადრი ლურსმანაშვილის არაფრით დადასტურებული მითითება ურთიერთობაზე მათ შორის და შემდეგ - აკაკი წერეთლისა - სხვა მძღოლთან - თითქოს მოსარჩელეს ქირას აძლევდნენ, რაც, მოსარჩელის მითითებით, ადასტურებს სამარშრუტო ხაზის მოსარჩელის მიერ ყიდვას;
ასეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც სამარშრუტო ხაზის გასხვისების შესაძლებლობა არ არსებობს, რის შესახებაც ცნობილი იყო ბადრი ლურსამანაშვილისათვის, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა გოგია გოჩაშვილთან, არ არსებობს ასევე წერილობითი მტკიცებულება ფულის გადახდის და დანიშნულების შესახებ, მოსარჩელის ახსნა-განმარტება და ბადრი ლურსამანაშვილის ჩვენება წინააღმდეგობაშია სხვა მოწმეების ჩვენებებთან, მოპასუხის ახსნა-განმარტებასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გოგია გოჩაშვილმა (რომლის აღიარების გარდა, ფულის გადაცემის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება არ არსებობს) მიიღო 7 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი - მხოლოდ გაყიდული მანქანის ფასი;
ამდენად, არ არსებობს ვალდებულების წარმოშობის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი;
მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება - რომ 4 000 დოლარი გადაუხადა მოპასუხეს მანქანის ყიდვის გარდა, სხვა დანიშნულებით;
არაფრით დადასტურებული მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც არ ეთანხმება მეორე მხარე, არ არის საკმარისი სადავო გარემოების დასადასტურებლად;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც
სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ
კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ:
ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად, მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე;
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას;
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო სარჩელით მოთხოვნილი თანხა - 4 000 აშშ დოლარი, რის შედეგადაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხისაგან 4 000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
ამ სარჩელთან დაკავშირებით, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში გათვალისწინებული წესით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი