გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/197-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.07.2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივნები - ბელა ოჩიაური, ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“ ;
წარმომადგენელი - ციცინო ბუჩუკური;
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი’’;
წარმომადგენელი - გიორგი ფანცულაია;
მესამე პირი - „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“;
წარმომადგენელი - (არ გამოცხადდა);
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება, ახალი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა და მოტივები:
სასარჩელო მოთხოვნა: 2017 წლის 02 აგვისტოს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა მოსარჩელე „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-მ მოპასუხე „საქპატენტის“ მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი 1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზანის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 დეკემბრის N2847/03 ბრძანების ბათილად ცნობა; 2. „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის N136 ბრძანებისა და „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის მიერ 2017 წლის 16 ივნისს მიღებული N38-03/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. მიენიჭოს დაცვა მოსარჩელის სასაქონლო ნიშანს „Ланнат“ (ლანატ) საიდენტიფიკაციო N87189/03 საქართველოში რეგისტრაცია კლასიფიკაციის მე-5 კლასის საქონლისთვის: „ინსექტიციდები“.
2018 წლის 27 თებერვალს მოსარჩელე „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-ს წარმომადგენელმა თამაზ შილაკაძემ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარმოუდგინა დაზუსტებული სარჩელი , რომლითაც მოითხოვა ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 დეკემბრის N2847/03 ბრძანება. 2. საქპატენტის სააპელაციო პალატის 2017 წლის 16 ივნისის N38-03/17 გადაწყვეტილება; 3. საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის N136 ბრძანება; 4. დარეგისტრირდეს მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი „Ланнат“-ს (ლანატ) (საიდენტიფიკაციო N 87189/03) საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის განცხადებული მე-5 კლასის საქონლისათვის : “ინსექტიციდები“.
1.2 სარჩელის მოტივები:
მოსარჩელემ სარჩელით განმარტა, 2016 წლის 05 მაისს „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-მ მოითხოვა „საქპატენტში“ მისი სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის „Ланнат“-ს (ლანატ) (საიდენტიფიკაციო N 87189/03) საქართველოში რეგისტრაცია საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-5 კლასის საქონლისთვის: „ინსექტიციდები“. „საქპატენტის“ მიერ ჩატარებული არსობრივი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განცხადებულ ნიშანს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე განცხადებული მე-5 კლასის საქონლისათვის „ინსექტიციდები“, რაზეც გამოიცა სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 დეკემბრის N2847/03 ბრძანება. ექსპერტმა დაცვაზე განცხადებულ ნიშანს დაუპირისპირა ეროვნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია N6874 „LANETTE”, რომელიც რეგისტრირებულია 1-ლი კლასის საქონლისათვის: „მრეწველობაში, მეცნიერებაში, ფოტოგრაფიაში, სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეტყევეობაში გამოსაყენებელი ქიმიური პროდუქტები; დაუმუშავებელი სინთეზური ფისები, დაუმუშავებელი პლასტმასები; სასუქები; ცეცხლსაქრობი ნივთიერებები; ქიმიური ნივთიერებები ლითონების რჩილვის დაწრთობისათვის; საკვები პროდუქტების დასაკონსერვებელი ქიმიური ნივთიერებები; სათრიმლავი ნივთიერებები; სამრეწველო დანიშნულების წებოვანი ნივთიერებები და სხვა ნივთიერებები, რომლებიც შედის ამ კლასში“, იმ მოტივით, რომ განცხადებული და დაპირისპირებული ნიშნები და მათი საქონელი აღრევამდე მსგავსია და რომ საქართველოს კანონის „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ მე-5 მუხლის „გ“ პუნქტით აღნიშნული გარემოება წარმოადგენს განცხადებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანება საქართველოს კანონით „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ დადგენილი წესით გაასაჩივრა „საქპატენტთან“ არსებულ სააპელაციო პალატაში და მოითხოვა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 დეკემბრის N2847/03 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც განცხადებულ სასაქონლო ნიშანს „Ланнат“-ს (ლანატ) (საიდენტიფიკაციო N 87189/03) უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მე-5 კლასის საქონლისთვის „ინსექტიციდები“.
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის N136 ბრძანებით დამტკიცებული 2017 წლის 16 ივნისს მიღებული N38-03/17 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 დეკემბრის N2847/03 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელის განცხადებულ ნიშანს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მე-5 კლასის საქონლისთვის.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის” წარმომადგენელი გიორგი ფანცულაია არ დაეთანხმა დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას (იხ. 2018 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის – „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“–ის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე. (იხ. 2018 წლის 14 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2016 წლის 05 მაისს მოსარჩელე „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-მ განაცხადით მიმართა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს ,,საქპატენტს’’ და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის „Ланнат“-ის (ლანატ) რეგისტრაცია მე–5 კლასის განცხადებული საქონლის ჩამონათვალის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
4.2. სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასაქონლო ნიშანი „Ланнат“-ის მსგავსია „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“-ის სახელზე 1-ლი კლასის მსგავსი საქონლის ჩამონათვალის მიმართ რეგისტრირებული ნიშნისა „LANETTE” (რეგ. N6874). მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული ნიშნები შესრულებულია სრულიად განსხვავებული დამწერლობით, მათ აქვთ აღრევამდე მსგავსი ჟღერადობა. ვინაიდან სარეგისტრაციოდ განცხადებული ნიშანი „Ланнат“ (საიდ. N87189/3) მომხმარებლის მიერ გამოითქმის როგორც „ლანატ“, ხოლო კომპანიის „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“ (მისამართი: ჰენკელშტრასე 67, 40589 დიუსელდორფი, გერმანია) სახელზე რეგისტრირებული ნიშანი „LANETTE” , როგორც „ლანეტ“. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციოდ განცხადებული ნიშნის რეგისტრაცია მოთხოვნილია მე-5 კლასის საქონლისათვის „ინსექტიციდები“, ხოლო რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „LANETTE” (რეგ. N6874) რეგისტრირებულია პირველ კლასში, დაპირისპირებული ნიშნების საქონლის ჩამონათვალს შორის იკვეთება მსგავსი საქონლის ჩამონათვალი. კონკრეტულად კი, სარეგისტრაციოდ განცხადებული ნიშნის მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი ინსექტიციდი, წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება მავნებელი მწერების მოსასპობად და შეიძლება გამოიყენებოდეს სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეტყევეობაში, ხოლო კომპანიის „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „LANETTE” , რეგისტრირებულია პირველი კლასის საქონლის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ „სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეტყევეობაში გამოსაყენებელი ქიმიური პროდუქტები“. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ქმნის ნიშნებს შორის აღრევისა და შესაბამისად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას, რაც ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ”გ” პუნქტის თანახმად, წარმოადგენს საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის „Ланнат“ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა;
4.3. მოსარჩელემ 2016 წლის 30 დეკემბრის #2847/03 ბრძანება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა „საქპატენტთან“ არსებულ სააპელაციო პალატაში და მოითხოვა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 დეკემბრის N2847/03 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც განცხადებულ სასაქონლო ნიშანს „Ланнат“-ს (ლანატ) (საიდენტიფიკაციო N 87189/03) უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მე-5 კლასის საქონლისთვის „ინსექტიციდები“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 15 მარტის „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-ს სააპელაციო საჩივარი.
4.4. სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის N136 ბრძანებით დამტკიცებული 2017 წლის 16 ივნისს მიღებული N38-03/17 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 დეკემბრის N2847/03 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელის განცხადებულ ნიშანს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე მე-5 კლასის საქონლისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქპატენტის სააპელაციო პალატის 2017 წლის 16 ივნისის №38-03/17 გადაწყვეტილება.
4.5. საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის №136 ბრძანებით დამტკიცდა საქპატენთან არსებული სააპელაციო პალატის მიერ 2017 წლის 16 ივნისის კომპანია „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-ს სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული №38-03/17 გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის N136 ბრძანება.
4.6. მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა რეგისტრაციის გაუქმება სასაქონლო ნიშნის “LANETTE” (ლანეტი) რეგ N6874 მიმართ საქართველოში აღნიშნული ნიშნის არგამოყენების გამო. საქმეში წარმოდგენილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კომპანია „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-ს მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშანი “LANETTE” (ლანეტი) რეგ N6874, რეგისტრირებული პირველი კლასის საქონლის ნაწილის „სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეტყევეობაში გამოსაყენებელი ქიმიური პროდუქტების მიმართ“ მისი არგამოყენების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.
7.2. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მისი მფლობელის უფლებები. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.
7.3. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი - იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
7.4. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ”საქპატენტის” სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასაქონლო ნიშანი „Ланнат“-ი მსგავსია „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“-ის სახელზე 1-ლი კლასის მსგავსი საქონლის ჩამონათვალის მიმართ რეგისტრირებული ნიშნისა „LANETTE” (რეგ. N6874). მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული ნიშნები შესრულებულია სრულიად განსხვავებული დამწერლობით, მათ აქვთ აღრევამდე მსგავსი ჟღერადობა. ვინაიდან სარეგისტრაციოდ განცხადებული ნიშანი „Ланнат“ (საიდ. N87189/3) მომხმარებლის მიერ გამოითქმის როგორც „ლანატ“, ხოლო კომპანიის „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“ (მისამართი: ჰენკელშტრასე 67, 40589 დიუსელდორფი, გერმანია) სახელზე რეგისტრირებული ნიშანი „LANETTE” , როგორც „ლანეტ“. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციოდ განცხადებული ნიშნის რეგისტრაცია მოთხოვნილია მე-5 კლასის საქონლისათვის „ინსექტიციდები“, ხოლო რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „LANETTE” (რეგ. N6874) რეგისტრირებულია პირველ კლასში, დაპირისპირებული ნიშნების საქონლის ჩამონათვალს შორის იკვეთება მსგავსი საქონლის ჩამონათვალი. კონკრეტულად კი, სარეგისტრაციოდ განცხადებული ნიშნის მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი ინსექტიციდი, წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება მავნებელი მწერების მოსასპობად და შეიძლება გამოიყენებოდეს სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეტყევეობაში, ხოლო კომპანიის „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „LANETTE” , რეგისტრირებულია პირველი კლასის საქონლის შემდეგი ჩამონათვალის მიმართ „სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეტყევეობაში გამოსაყენებელი ქიმიური პროდუქტები“.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი ქმნის ნიშნებს შორის აღრევისა და შესაბამისად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას, რაც ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ”გ” პუნქტის თანახმად, წარმოადგენს საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის „Ланнат“ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
7.5. აღნიშნული საფუძველი დღეისათვის აღმოფხვრილია, რადგან კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის (საქმე #2/28334-17) დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კომპანია „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-ს მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაუქმდა „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშანი “LANETTE” (ლანეტი) რეგ N6874, რეგისტრირებული პირველი კლასის საქონლის ნაწილის „სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეტყევეობაში გამოსაყენებელი ქიმიური პროდუქტების მიმართ“ მისი არგამოყენების გამო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხო „სასუქებს“ და ვინაიდანაც „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშნით „LANETTE” იწარმოება სასუქები, ხოლო „ე.ი. დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-ს კუთვნილი სასაქონლო ნიშნით „Ланнат“ იწარმოება ინსექტიციდები და ორივე მათგანი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, შესაძლოა მოხდეს მათი აღრევა. ვინაიდან, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის არსობრივი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად : „სარეგისტრაციოდ განცხადებული ნიშნის მე-5 კლასის საქონლის ჩამონათვალი ინსექტიციდი, წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება მავნებელი მწერების მოსასპობად და შეიძლება გამოიყენებოდეს სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეტყევეობაში, ხოლო კომპანიის „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“ (მისამართი: ჰენკელშტრასე 67, 40589 დიუსელდორფი, გერმანია) სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი „LANETTE” (რეგ. N6874), რეგისტრირებულია პირველი კლასის საქონლის შემდეგი ჩამონათვლის მიმართ „სოფლის მეურნეობაში, მებაღეობასა და მეტყევეობაში გამოსაყენებელი ქიმიური პროდუქტები..“, შესაბამისად მოპასუხე „ე.ი. დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-ს მიერ წარდგენილ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებულ იქნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტის’’ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და მის შესაბამისადვე მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი დაკმაყოფილება.
7.6. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, სასამართლოს აქტი სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.
7.7. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
7.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. ამ ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
7.9. მოცემულ შემთხვევაში არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა „კოგნის იპ მენეჯმენტ გმბჰ“-ის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი „LANETTE” (ლანეტი) რეგ N6874 მისი არგამოყენების გამო. ამდენად არსებობს გასაჩივრებული აქტების ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.
7.10. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 დეკემბრის N2847/03 ბრძანება. 2. საქპატენტის სააპელაციო პალატის 2017 წლის 16 ივნისის N38-03/17 გადაწყვეტილება; 3. საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის N136 ბრძანება; 4. დარეგისტრირდეს მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი „Ланнат“-ს (ლანატ) (საიდენტიფიკაციო N87189/03) საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის განცხადებული მე-5 კლასის საქონლისათვის : “ინსექტიციდები“
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. „ე.ი დიუ პონ დე ნემურ ენდ კომპანის; -ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 30 დეკემბრის N2847/03 ბრძანება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქპატენტის სააპელაციო პალატის 2017 წლის 16 ივნისის N38-03/17 გადაწყვეტილება;
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2017 წლის 16 ივნისის N136 ბრძანება;
5.დარეგისტრირდეს მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი „Ланнат“-ს (ლანატ) (საიდენტიფიკაციო N87189/03) საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის განცხადებული მე-5 კლასის საქონლისათვის : “ინსექტიციდები“
6. მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს ,,საქპატენტს” დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) 14 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე