გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2018
საქმის ნომერი
140310017002172000
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310017002172000

საქმე № 3/321-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ა-- კ----------–ი

 

მოპასუხე: ნ--–- დ---–-–---–ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 100 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ნ--–- დ---–-–---–ი (პირ. №5----------) დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იღებდა სახელმწიფო ფულად დახმარებას, 100 ლარის ოდენობით.

 

ნ--–- დ---–-–---–ს 2016 წლის 0- იანვარს შეეძინა შვილი ნ-----–---- კ-------–---–ი და მას 2016 წლის აპრილის თვიდან დაენიშნა შესაბამისი ფულადი დახმარება, ვინაიდან აღნიშნული ფულადი დახმარება წყდება თუ ბენეფიციარი პირველი ან მეორე შვილია, 1 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან, ნ--–- დ---–-–---–ის დახმარების შეწყვეტა დაექვემდებარა 2017 წლის თებერვლიდან.

 

მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის თებერვლის თვის, 100 (ასი) ლარის სახელმწიფო ფულადი დახმარების უკან დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოპასუხეს, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შვილის ნ-----–---- კ-------–---–ის (დაბადებული: 0-.0-.2---წ, პ/ნ 5-----------) დაბადების გამო, დაენიშნა სახელმწიფო ფულად დახმარება, 100 ლარის ოდენობით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2 2016 წლის 05 აპრილის მონაცემებით, აღნიშნულ თარიღამდე ბოლო 9 თვის განმავლობაში მოპასუხე ნ--–- დ---–-–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობდა სოფელ ერგნეთში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.3. ნ--–- დ---–-–---–ის შვილი ნ-----–---- კ-------–---–ი 2017 წლის 05 იანვარს გახდა ერთი წლის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სარჩელზე თანდართული დაბადების მოწმის ასლი;

 

3.4. მოპასუხეს 2017 წლის თებერვალში მიღებული აქვს სახელმწიფო ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო სახელმწიფო ფულადი დახმარება ისე, რომ მისი შვილი - ბენეფიციარი გახდა ერთი წლის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტი №262 დადგენილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის 01-31/ნ ბრძანება ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხეშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ”; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტი №262 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 მაისის 01-31/ნ ბრძანება ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხეშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვპუნქტის თანახმად, ფულადი დახმარების მიღების უფლება აქვს 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვს, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას, რომელიც იმავდროულად არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი; ამავე ბრძანების მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, ფულადი დახმარება შეწყდება თუ ბენეფიციარი პირველი ან მეორე შვილია, 1 წლის ასაკის (12 თვე) შესრულების თვის მომდევნო თვიდან. დადგენილია, რომ ნ--–- დ---–-–---–ი ფაქტობრივად ცხოვრობს სოფელ ერგნეთში და მას ,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხეშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დაენიშნა სახელმწიფო ფულადი დახმარება, 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, აღნიშნული ფულადი დახმარება წყდება, თუ ბენეფიციარი პირველი ან მეორე შვილია, 1 წლის ასაკის (12) თვის შესრულების მომდევნო თვიდან.

 

დადგენილია, რომ ნ--–- დ---–-–---–ის შვილი ნ-----–---- კ-------–---–ი, რომელიც დაიბადა 2--- წლის 0- იანვარს, 12 თვე შეუსრულდა 2017 წლის 0- იანვარს, ამდენად ნ--–- დ---–-–---–ის სახელზე გაცემული 2017 წლის თებერვლის თვის სახელმწიფო ფულადი დაახმარების გაცემა მოხდა ტექნიკური ხარვეზის გამო, რაც ექვემდებარება სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე დაბრუნებას.

 

მოპასუხის ოჯახისათვის გამოყოფილი სახელმწიფო ფულადი დახმარება შეადგენდა თვეში 100 ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდა იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფულადი დახმარების სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 100 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას;

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ნ--–- დ---–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ--–- დ---–-–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2017 წლის თებერვალში ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული