გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1765-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - რ---–---- ჭ----–-–---–ი;
მოსარჩელე - რ--------- გ----–----ე;
მოსარჩელე - ი-----–- მ-------–--ე;
მოსარჩელე - ლ--–- ხ----------ე;
მოსარჩელე - დ------ შ-------;
წარმომადგენელი - ზ---- ხ-–--–--;
მოპასუხე - შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ ყოფილი პარტნიორი დ----- ხ-----–--ე;
მოპასუხე - შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორი ლ-----------–-ძე;
წარმომადგენელი - დ----- შ---–--ე;
დავის საგანი - საწარმოს დომინანტი პარტნიორის მიერ, დომინანტური მდგომარეობის საზოგადოების საზიანოდ გამოყენების დადგენა და დანარჩენი პარტნიორებისათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა 1.1. დადგენილ იქნეს შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორების დ----- და ლ-----------–-ძეების მიერ, თავიანთი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოებისათვის ზიანის მიმყენებელი გადაწყვეტილებების მიღების ფაქტი. 1.2. თავიანთი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოებისათვის ზიანის მიმყენებლი გადაწყვეტილებების მიღების გამო, გადახდეს მოპასუხეებს, სოლიდარულად, მოსარჩელეების სასარგებლოდ საკომპენსაციო თანხა: ი-----–- მ-------–--ის სასარგებლოდ - 19 200 ლარი, დ------ შ-------ს სასარგებლოდ - 15360 ლარი, რ---–---- ჭ----–-–---–ის სასარგებლოდ - 9600 ლარი, რ--------- გ----–----ის სასარგებლოდ - 9600 ლარი და ლ--–- ხ----------ის სასარგებლოდ - 3840 ლარი. მოსარჩელეები მოთხოვნას ამყარებენ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2014 წლის 16 იანვარს შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორთა კრებაზე, საწარმოს დომინანტი პარტნიორის, 51% წილის მფლობელი - დ----- ხ-----–--ის მიერ, თავისი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, მიღებულ იქნა საზოგადოების საზიანო გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და მათი წევრებისათვის, ყოველთვიურად, თანამდებობრივი სარგოს სახით 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის საზიანოა იმ მიმართებით, რომ არ არსებობდა ხსენებული ორგანოს შექმნის აუცილებლობა, რაც ამ ორგანოს მიერ გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებით დასტურდება და საბჭოს სამ წევრზე ხელფასის სახით გაცემულმა თანხამ ჯერ-ჯერობით შეადგინა 146000 (ას ორმოცდაექვსი ათასი) ლარი. 2016 წლის 20 ივლისის პარტნიორთა კრებაზე, მათ მიერ დაყენებული იქნა საკითხი, პარტნიორ ი-----–- მ-------–--ისათვის შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ წარმომადგენლობის მინიჭებისათვის იმ პროცესებში, რომელსაც იგი წარმართავდა პარტნიორ დ----- ხ-----–--ის მიერ საზოგადოების საზიანო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილებისათვის, მაგრამ პარტნიორმა ლ-----------–-ძემ თავისი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, მხარი არ დაუჭირა საკითხის დადებითად გადაწყვეტას. თავისი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოებისათვის 146000 ლარის ოდენობით ზიანის მიმყენებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის, პარტნიორებს დ----- და ლ-----------–-ძეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შესაბამისი კომპენსაცია, რაც შეადგენს (146000 ლარის 30%) 43800 ლარს. 2013 წლის 08 აპრილის პარტნიორთა კრებაზე, პარტნიორთა ხმების უმრავლესობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების დირექტორ დ----- ხ-----–--ისათვის ხელფასის სახით 8000 (რვა ათასი) ლარის დანიშვნის თაობაზე. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, დირექტორმა დ----- ხ-----–--ემ ხელფასად გამოიწერა 10000 ლარი, რაც ახსნა იმით, რომ თითქოსდა პარტნიორთა კრების მიერ დანიშნული 8000 ლარი იყო ხელზე ასაღები ხელფასი. აღნიშნული საკითხი არაერთხელ იქცა დავის საგნად სასამართლოსა თუ სამართალდამცავ ორგანოებში. 2015 წლის 06 მარტის პარტნიორთა კრებაზე, ისევ დ----- ხ-----–--ის მიერ თავისი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2013 წლის 08 აპრილის კრების გადაწყვეტილების დაზუსტების მიზნით, მისი განმარტებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ საზოგადოების დირექტორის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 8000 ლარს. 2016 წლის 04 აგვისტოს პარტნიორთა კრებაზე, ამჯერად პარტნიორ ლ-----------–-ძის დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც 2013 წლის მარტის თვიდან 2015 წლის მარტის თვემდე, დირექტორის ხელფასი განისაზღვრა 10000 ლარით. 2015 წლის 06 მარტის პარტნიორთა კრების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სასამართლოში, იგი განიხილა ორივე ინსტანციის სასამართლომ და მათი გადაწყვეტილებებით, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 08 აპრილის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილება. სააპელაციო სასამართლომ ცალსახად და ნათლად დაადგინა, რომ არანაირ განმარტებას და დაზუსტებას 2013 წლის 08 აპრილის კრებაზე დირექტორისათვის ხელფასის განსაზღვრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ საჭიროებდა. პარტნიორ დ----- ხ-----–--ის მიმართ, საზოგადოებისათვის ზიანის მიმყენებელი გადაწყვეტილებების მიღებაზე მოსარჩელის მარწმუნებლების პრეტენზიებისა და მათ მიერ ზიანის ასანაზღაურებელი მოთხოვნით მომავალში არაერთი სარჩელის აღძვრის დაანონსების გათვალისწინებით (წინამდებარე სარჩელიც მხოლოდ პირველია და მას აუცილებლად მოჰყვება, თუნდაც იგივე 2015 წლის 06 მარტის კრებაზე დირექტორისათვის 15000 ლარიანი ხელფასის დანიშვნით საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სარჩელიც), როგორც ჩანს, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად, 2016 წლის 25 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულებით, პარტნიორ დ----- ხ-----–--ეს, ისევ მამისათვის დაუბრუნებია კუთვნილი 51%-იანი წილი. საწარმოში დომინანტ პარტნიორად ლ-----------–-ძის დაბრუნებით, დ----- ხ-----–--ის მიერ ჩადენილი საზოგადოების საზიანო ქმედებების მიმართ, მისი დამოკიდებულება იგივე დარჩა და 2016 წლის 20 ივლისის პარტნიორთა კრებაზე, თავისი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პარტნიორ ი-----–- მ-------–--ის წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით იმ პროცესებში, რომელიც უნდა წარმართულიყო დ----- ხ-----–--ის, როგორც დირექტორისა და პარტნიორის მიმართ. უფრო მეტიც, 2016 წლის 04 აგვისტოს პარტნიორთა კრებაზე, დომინანტი პარტნიორის - ლ-----------–-ძის მიერ, თავისი დომინანტური მდგომარეობის საზოგადოების საზიანოდ გამოყენებით, პარტნიორთა კრებამ მიიღო 2015 წლის 06 მარტის ანალოგიური გადაწყვეტილება და საზოგადოების დირექტორის ხელფასი 2013 წლის მარტიდან 2015 წლის მარტამდე განისაზღვრა 10000 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. 2014 წლის 16 იანვარს შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორთა კრებაზე, საწარმოს დომინანტი პარტნიორის 51% წილის მფლობელი - დ----- ხ-----–--ის მიერ თავისი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, მიღებულ იქნა საზოგადოების საზიანო გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და მათი წევრებისთვის ყოველთვიურად, თანამდებობრივი სარგოს სახით 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლას და მის სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირებას მოსარჩელის მარწმუნებლები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ და არაერთხელ მიმართეს რეესტრს არ დაერეგისტრირებინა საზოგადოების საზიანო ცვლილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რამდენიმე გადაწყვეტილებით საზოგადოების მიერ მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციაზე დადგინდა ხარვეზები, ხოლო 2014 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით, საერთოდ შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, თუმცა საზოგადოებამ სარჩელი აღძრა სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და ისე, რომ არ იცოდნენ ქალაქ თბილისში პროცესის მიმდინარეობის შესახებ, 2014 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა 2014 წლის 16 იანვრის კრების გადაწყვეტილებით მიღებული ცვლილების დარეგისტრირება. შესაბამისად, მოსარჩელეთა ძალისხმევით მხოლოდ ის მოხერხდა, რომ სამეთვალყურეო საბჭო ვერ დარეგისტრირდა 2014 წლის 13 აგვისტომდე. სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ, დომინანტი პარტნიორის მიერ გამოყენებული ხმის უფლებით, პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის საზიანოა იმ მიმართებით, რომ არ არსებობდა ხსენებული ორგანოს შექმნის არანაირი აუცილებლობა, რაც ამ ორგანოს მიერ გასული ორი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებით დასტურდება და საბჭოს სამ წევრზე ხელფასის სახით გაცემულმა თანხამ ჯერ-ჯერობით შეადგინა 146000 (ას ორმოცდაექვსი ათასი) ლარი. სპეციალურ იურიდიულ ლიტერატურაშიც განმტკიცებულია მოსაზრება, რომ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა კანონით არასავალდებულო შემთხვევაში, დამატებითი ხარჯია, რის გამოც მის შექმნაზე პრაქტიკულად ყველა იკავებს თავს. მოსარჩელეთა განმარტებით, სამეთვალყურეო საბჭო დ----- ხ-----–--ემ შექმნა პირადი გამორჩენის მიზნით და საბჭოს წევრთათვის განკუთვნილი ხელფასები რეალურად მის ჯიბეში მიედინებოდა. ამ ვარაუდს საფუძვლიანს ხდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დ----- ხ-----–--ის ახლობლების დანიშვნა და საბჭოს თავმჯდომარის გია მონიავას განცხადება, თავმჯდომარეობის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. წარმოუდგენელია, ადამიანს უარი ეთქვა პრაქტიკულად არაფერში, ხელზე ასაღებ 3200 ლარიან ხელფასზე, ხოლო მის ნაცვლად, საბჭოს თავმჯდომარედ დ----- ხ-----–--ის მიერ თავისი შვილის, უმცროსი ლ-----------–-ძის დანიშვნით სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომ ხ-----–--ის ოჯახის შემოსავლების გაზრდას ისახავდა მიზნად, ნებისმიერი მიუკერძოებელი ადამიანისთვის ცხადი გახდება. რეალურად საბჭოს სხდომები არც იმართებოდა და დიდი ალბათობით მათ საჭიროებისამებრ ადგენდა საბჭოს წევრი დ----- შ---–--ე და ამის დამადასტურებელია პირველი სხდომის ოქმის 2014 წლის 11 იანვრით დათარიღების ფაქტი, მაშინ როცა საბჭო შეიქმნა 16 იანვარს. აღნიშნული გადაწყვეტილებებით პარტნიორებმა დ----- და ლ-----------–-ძეებმა საზოგადოება აზარალეს (23 თვეX2000 ლარზე) 46000 ლარით, რის გამოც მოსარჩელეების სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შესაბამისი კომპენსაცია, რაც შეადგენს (46000 ლარის 30%) 13800 ლარს. სულ მოპასუხეების მიერ მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადასახდელი საკომპენსაციო თანხა შეადგენს (43800+13800) 57600 ლარს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარე მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელს და განმარტავს, რომ მართალია პარტნიორებს შორის ურთიერთობა ნამდვილად დაიძაბა, მაგრამ ამის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ 2010 წლის 14 სექტემბერს, მოსარჩელეებმა შექმნეს კონკურენტი საზოგადოება შპს ,,იმედი“ და იქვე შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ ღობის მომიჯნავედ, ლ--------------ის ქუჩა N13-ში, 2010 წლის 13 ოქტომბერს შეიძინეს უძრავი ქონება და დაიწყეს ზუსტად იმავე პროფილის მქონე სამშობიარო სახლის მშენებლობა. უფრო მეტიც, მოსარჩელეებმა, რომლებიც იმ დროისათვის შპს ,,ლ-----------–-ძის კლინიკის“ (,,ქუთაისის ს----------------–-------------------------“) თანამშრომლები იყვნენ, კარგად იცოდნენ, რომ ამ დაწესებულებას ქალაქში იცნობდნენ როგორც მე-2 სამშობიარო სახლს და ახლად დაფუძნებულ საზოგადოებას, 2012 წლის 18 დეკემბერს შეუცვალეს სახელი და დაარქვეს შპს ,,ქუ------------–--------–--------------–ი“, ამასთან, კონკურენტი საზოგადოების შენობის მშენებლობას, რემონტსა და მატერიალურ ტექნიკური ბაზის აღჭურვას, მისი დამფუძნებლები, მოპასუხე საზოგადოებიდან მიღებული შემოსავლებით ახდენდნენ. ამდენად, ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი არაკეთილსინდისიერი პარტნიორული ურთიერთობა იყო და არა დირექტორად დ----- ხ-----–--ის დანიშვნა.
2013 წლის 2 აპრილის ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, რომელიც მართალია არ დამტკიცებულა, მაგრამ მასში ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად საუბარია ხელზე ასაღებ ხელფასის თაობაზე. მართალია ეს პროექტი დარჩა როგორც პროექტი და მას ხელშეკრულების ძალა არ შეუძენია, მაგრამ ის წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, სხვა მტკიცებულებათა შინაარსის ერთობლიობის გათვალისწინებით, საიდანაც უტყუარად დადასტურებულია, რომ 2013 წლის 08 აპრილის პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება დირექტორის ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ: მოსარჩელეების სასარჩელო განცხადებას თან ერთვის პარტნიორთა კრების ოქმი და ამ დანართში მოცემულია კრებისათვის პარტნიორის წარმომადგენელ ზ---- ხ-–--–--ს წერილობითი მოსაზრება, სადაც სიტყვასიტყვით წერია შემდეგი: ,,....რამდენიმე დღეში ბატონმა დ-----მა მოითხოვა გარკვეული პირობების შეცვლა...და რაც მთავარია, მოითხოვა ხელფასის გაზრდა 8000 ლარამდე, რითაც მისივე გათვლებით, პრაქტიკულად ნულს უტოლდება ყოველწლიურად გასასტუმრებელი თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება. ყველა აღნიშნული მოთხოვნა, წილის გამსხვისებელი პარტნიორების მიერ დაკმაყოფილებული იქნა. ერთადერთი მოთხოვნა, რაზეც ბატონ დ-----ს ეთქვა უარი, იყო საზოგადოების ქონების იპოთეკით არდატვირთვა“. სასამართლოსათვის მოსარჩელის წარდგენილი ამ მტკიცებულების შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელეებს ხელფასის გაზრდის შესახებ წინადადება შეთავაზა დ----- ხ-----–--ემ და ისინი მის ამ წინადადებას დაეთანხმნენ. დ----- ხ-----–--ის მიერ მათთვის შეთავაზებული წინადადება, რომელსაც ისინი დაეთანხმნენ დაფიქსირებულია ერთადერთ ადგილზე - 2013 წლის 02 აპრილის ხელშეკრულების პროექტის 3.10 პუნქტში და ის ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: ხელშეკრულების 3.10 პუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაზრდის შეზღუდვა არ ვრცელდება დირექტორის ხელფასზე რომლის ხელზე ასაღები ოდენობა განისაზღვრა 8000 ლარით“.
მოპასუხეთა განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარი არაა, რომ დირექტორისათვის 2013 წლის 08 აპრილის კრების მიერ დანიშნული ხელფასი ხელზე ასაღები არ იყო, გადაწყვეტილებაში შეფასებულია მტკიცებულებები, მათ შორის მოსარჩელეთა ერთ-ერთი სასარჩელო განცხადების შინაარსი და აღნიშნულია, რომ სარჩელში არსადაა მითითებული, რომ მოსარჩელეები აღიარებენ თავიანთ თანხმობას - დირექტორმა მიიღოს ხელფასი 8000 ლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის 2 აპრილით დათარიღებული ხელშეკრულების პროექტი დარჩენილია პროექტის დონეზე და მასზე მოსარჩელეთა ხელმოწერა არ არის“. ამდენად საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საზოგადოების დირექტორისათვის ხელფასად 8000 ლარის დანიშვნა განსაზღვრული არ ყოფილა, არასწორია. პირიქით, დღეისათვის ძალაშია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც დირექტორისათვის 8000 (რვა ათასი) ლარის ხელფასის სახით დანიშვნას შეეხება. ამასთან, ამ საკითხში სიცხადის შეტანისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი წერილობითი მტკიცებულებების შინაარსის ანალიზი: 2013 წლის 2 აპრილის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც არ დამტკიცებულა და რომელშიც საუბარია ხელზე ასაღები ხელფასის თაობაზე, წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, სხვა მტკიცებულებათა შინაარსის ერთობლიობის გათვალისწინებით, საიდანაც დადასტურებულია, რომ 2013 წლის 08 მაისის პარტნიორთა კრების ოქმი (დანართი 5) და ამ დანართში მოცემულია კრებისათვის პარტნიორის წარმომადგენელ ზ---- ხ-–--–--ს წერილობითი მოსაზრება, სადაც სიტყვა-სიტყვით წერია შემდეგი ,,...რამდენიმე დღეში ბატონმა დ-----მა მოითხოვა გარკვეული პირობების შეცვლა... და რაც მთავარია, მოითხოვა ხელფასის გაზრდა 8000 ლარამდე, რითაც მისივე გათვლებით პრაქტიკულად ნულს უტოლდებოდა ყოველწლიურად გასასტუმრებელი თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება. ყველა აღნიშნული მოთხოვნა, წილის გამსხვისებელი პარტნიორების მიერ დაკმაყოფილებული იქნა. ერთადერთი მოთხოვნა, რაზეც ბატონ დ-----ს ეთქვა უარი, იყო საზოგადოების ქონების იპოთეკით არდატვირთვა“. სასამართლოსათვის მოსარჩელის წარდგენილი ამ მტკიცებულების შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელეებს ხელფასის გაზრდის შესახებ წინადადება შეთავაზა დ----- ხ-----–--ემ და ისინი მის ამ წინადადებას დაეთანხმნენ. დ----- ხ-----–--ის მიერ მათთვის შეთავაზებული წინადადება, რომელსაც ისინი დაეთანხმნენ დაფიქსირებულია ერთადერთ ადგილზე - 2013 წლის 02 აპრილის ხელშეკრულების პროექტის 3.10 პუნქტში და ის ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: ხელშეკრულების 3.10 პუნქტით გათვალისწინებული ხელფასის გაზრდის შეზღუდვა არ ვრცელდება დირექტორის ხელფასზე რომლის ხელზე ასაღები ოდენობა განისაზღვრა 8000 ლარით“. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ იმ პირობებში, როდესაც წილების გასხვისების სურვილის მქონე პარტნიორები დ----- ხ-----–--ის ყველა მოთხოვნასა და წინადადებას დაეთანხმნენ და ერთადერთი წინადადება, რომელსაც ისინი არ დათანხმდნენ მხოლოდ საზოგადოების ქონების იპოთეკით არდატვირთვა იყო, ცხადია ისინი დათანხმდნენ დირექტორის ხელზე ასაღები ხელფასის 8000 ლარამდე გაზრდას. ამასთან, ელემენტარული მათემატიკაა საჭირო იმის გასაგებად თუ რა იგულისხმება ბატონ ზ---- ხ-–--–--ს ზემოხსენებულ შემდეგ სიტყვებში: ,,და რაც მთავარია, მოითხოვა ხელფასის გაზრდა 8000 ლარამდე, რითაც მისივე გათვლებით პრაქტიკულად ნულს უტოლდება ყოველწლიურად გასასტუმრებელი თანხის გადახდის ვალდებულებების შესრულება“. იმავე ხელშეკრულების პროექტის 1-ელ გვერდზე, იქ სადაც გადახდის გრაფიკია მოცემული, ხელით მიწერილი აქვს ,,ხუთ წელზე“ ანუ ბატონმა დ----- ხ-----–--ემ იმ შემთხვევაში თუ შეთანხმება შედგებოდა ითხოვა პირველი გადასახადის (300.000 ლარის) გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 540.000 ლარის ხუთ წელზე განწილვადება. სწორედ აქ მარტივი არითმეტიკის გამოყენებით დასკვნა არის ერთი: მოსარჩელეების ლოგიკით, დ----- ხ-----–--ემ ითხოვა დასაბეგრი ხელფასის გაზრდა 8.000 ლარამდე, ანუ ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა ასეთ შემთხვევაში იქნებოდა 6400 ლარი. თუ პირველი გადახდის შემდეგ გადასახდელად დარჩენილი 540.000 ლარი გაიყოფა ასეთ ხელფასზე (6400 ლარზე), მივიღებთ, რომ დარჩენილი ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო იქნებოდა 84 თვეზე მეტი დრო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დ----- ხ-----–--ის ხელზე ასაღები ხელფასი 8000 ლარი იქნებოდა, დარჩენილი ვალდებულების შესრულებას დასჭირდებოდა 5 წელზე (60 თვეზე) ოდნავ მეტი - 67,5 თვე. ესაა ის თანხა, რომელიც პრაქტიკულად ნულის ტოლს ხდიდა ვალდებულებით ყოველწლიურად გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულებას. ამ ელემენტარული არითმეტიკული გამოთვლით, ხელშეკრულების პროექტისა და კრების ოქმში დაფიქსირებული ზ---- ხ-–--–--ს გამოსვლის შინაარსით, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ კრებამ გადაწყვეტილებით დირექტორისათვის ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობა განსაზღვრა.
მოსარჩელეთა განცხადება ეხება პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების უსაფუძვლო კრიტიკას და იმის მცდელობას, რომ როგორმე წარმოჩინდეს, თითქოსდა პარტნიორის ქმედებები საზოგადოებისათვის ზიანის მომტანი იყო. ასეთი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირველესი ფაქტობრივი საფუძველია საზოგადოებისათვის ზიანის მიყენება. მოსარჩელეთა მხოლოდ მოსაზრება, რომ მოპასუხეები ზიანს აყენებენ საზოგადოებას საფუძველს მოკლებულია. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოებაც, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის გზები ინდივიდუალურია და შედეგის მიღწევისათვის დამოკიდებულია ადამიანის, ამ შემთხვევაში პარტნიორთა სუბიექტურ ხედვაზე ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ის რასაც დარღვევად და ზიანის მიმყენებელ მოქმედებად მიიჩნევენ მოსარჩელეები, არა მარტო მოპასუხეების, არამედ საზოგადოების გადაწყვეტილებების შესაბამისად, საზოგადოების განვითარების სტრატეგიადაა მიჩნეული. მოსარჩელეებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაადასტურონ საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და ამ ზიანთან მოპასუხეების კონკრეტული ქმედებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, არადა საქმეში მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათი მოსაზრებების საწინააღმდეგო ფაქტებია დადასტურებული.
მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ მარტო ერთ წერილობით მტკიცებულებაში - საზოგადოების 2015 წლის 06 მარტის პარტნიორთა კრების ოქმში დაფიქსირებული მხოლოდ ერთი აბზაციც კი აქარწყლებს მათ მოსაზრებას, რომ საზოგადოების მიადგა ზიანი. საზოგადოების შემოსავლები 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ყოველწლიურად იზრდებოდა. ამასთან, ეს მონაცემები ზედმიწევნით ზუსტადაა ასახული შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ საგადასახადო შემოწმების აქტში (შესაგებელს თან ერთვის) და ეს მონაცემები ნათელყოფს საზოგადოებისათვის რაიმე ზიანის არათუ მიყენების ფაქტს, არამედ პირიქით, თვალნათელს ხდის საზოგადოების წლიდან წლამდე პროგრესს.
რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნას, აღნიშნულ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სამეთვალყურეო საბჭოს რეგისტრაციაც სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. თავისთავად ცხადია, ის რაც კანონის საფუძველზე და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვითაა შექმნილი, ვერავისთვის და მათ შორის ვერც საზოგადოებისა და /ან მოსარჩელეებისათვისაც ვერ იქნება ზიანის მომტანი. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2014 წლის 11 იანვრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ გასაჩივრებული იყო მოსარჩელეების მიერ და სასამართლომ მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელეთა მხრიდან მსჯელობა იმის შესახებ, რომ პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის საზიანოა. ამ ფაქტობრივ გარემოებაში საუბარია მათ ვარაუდებზე და ამავე დროს, ისინი ცდილობენ ფაქტების მათებური კონსტატაციის გზით ფაქტების დამახინჯებას. ასე მაგალითად: სასარჩელო განცხადებაში მათ მიერ მითითებულია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ თითქოს დ----- ხ-----–--ის მიერ დანიშნული იქნა მისი შვილი ლ-----------–-ძე. საქმეში, მოსარჩელეების მიერ ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არაა და ვერც იქნება, რადგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს თვითონ სამეთვალყურეო საბჭო მისი წევრებისაგან და დ----- ხ-----–--ე სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც კი არასოდეს ყოფილა. დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელეები კონკურენტი საზოგადოების არა მარტო დამფუძნებლები, არამედ ამ საზოგადოებაში დასაქმებული პირები (მათ შორის დირექტორი) არიან და მათი სურვილია მოპასუხე ორგანიზაციისათვის ზიანის მიყენების გზით კონკურენტის ჩამოშორება. მოსარჩელეები ამისათვის ყოველნაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას, რისთვისაც დაირქვეს პაციენტების შეცდომაში შემყვანი, მოპასუხე ორგანიზაციის ის სახელი რაც ქუთაისისა და რეგიონის მოსახლეობისთვის საყოველთაოდ იყო ცნობილი, ცდილობენ და რიგ შემთხვევაში გამოსდით კიდეც, გადაიბირონ მოპასუხესთან დასაქმებული, კვალიფიკაცია ამაღლებული პროფესიონალი კადრები, ასაჩივრებენ პარტნიორთა კრებებისა თუ დირექტორის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ძალღონეს არ იშურებენ რათა არა მარტო ხელი შეუშალონ საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებას, არამედ, პიროვნული დაძაბულობების კერების შექმნით ცდილობენ საზოგადოების მენეჯმენტის წონასწორობიდან გამოყვანას, რასაც სწორედ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ხმათა უმრავლესობის მქონე პარტნიორებისა და დირექტორის გაწონასწორებული ქმედებების გამო ვერ ახერხებენ.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელეები წარმოადგენენ შ.პ.ს „ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის” 30% წილის მფლობელ პარტნიორებს, კერძოდ, ი-----–- მ-------–--ე - 10%, დ------ი შ------- - 8%, რ---–----ი ჭ----–-–---–ი - 5%, რ--------- გ----–----ე - 5%, ლ--–- ხ----------ე -2%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ტ.1. ს/ფ.19).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2009 წლამდე შპს ,,ქუთაისის ს----------------–-------------------------ს“ (ამ სახელით ფუნქციონირებდა 2013 წლამდე შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკა“) დირექტორი და იმავდროულად 31% წილის მფლობელი გახლდათ ლ-----------–-ძე. 2009 წელს თავისი კუთვნილი წილი ლ-----------–-ძემ გადასცა თავის შვილს დ----- ხ-----–--ეს, რომელიც იმავე წლის ნოემბრის თვეში დაინიშნა საზოგადოების დირექტორადაც. 2013 წლამდე საზოგადოებას ჰყავდა 12 პარტნიორი, რომლებიც დასაქმებული იყვნენ საავადმყოფოში.
საზოგადოების დირექტორად დ----- ხ-----–--ის დანიშვნის შემდეგ, პარტნიორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რასაც 2012 წლის აპრილის თვეში მოჰყვა, დირექტორის მიერ შვიდი პარტნიორის, როგორც თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების გამოცემა და პარტნიორებს შორის არაჯანსაღი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაღრმავდა. ამასთან, 2013 წლის აპრილის თვემდე საზოგადოებას ჰყავდა 12 პარტნიორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2009 წლის 12 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმის ასლი (ტ.1. ს.ფ. 20)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ტ.1. ს-ფ. 21).
3.2.2. პარტნიორებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა 2013 წლის 08 აპრილის პარტნიორთა კრების შემდეგ, როცა პარტნიორმა დ----- ხ-----–--ემ არ შეასრულა 42% წილის მფლობელ პარტნიორებისთვის მიცემული პირობა, რომ შეისყიდიდა მათ წილებს და ამის სანაცვლოდ თხოვა მათ ხელფასის გაზრდა 6250 ლარიდან 8000 ლარამდე. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დ----- ხ-----–--ეს მართლაც გაეზარდა ხელფასი 8000 ლარამდე, მაგრამ თავისი დანაპირები არ შეასრულა და უკვე საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, 2013 წლის 08 მაისს მოწვეულ პარტნიორთა კრებაზე, არც ხელფასის ისევ თავდაპირველ ოდენობამდე შემცირების გადაწყვეტილებას დათანხმდა.
პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დანიშნული 8000 ლარის ნაცვლად, დირექტორმა დ----- ხ-----–--ემ გამოსცა ბრძანება მისთვის 10000 ლარიანი ხელფასის დანიშვნის შესახებ, რაც იმით გაამართლა, რომ თითქოსდა პარტნიორთა კრებით დანიშნული 8000 ლარი იყო ხელზე ასაღები ხელფასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 08 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმის ასლი (ტ.1. ს. ფ.22-33).
- 2013 წლის 08 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ასლი (ტ.1. ს. ფ. 49-69).
- 2013 წლის 24 აპრილის ბრძანება N10/ო (ტ.1. ს. ფ. 70).
3.2.3. 2015 წლის 06 მარტს შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკამ“ მოიწვია პარტნიორთა კრება, რომლის ერთ-ერთ საკითხად განსაზღვრა, დირექტორის ხელფასის განსაზღვრის თაობაზე 2013 წლის 08 აპრილის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების დაზუსტების მიზნით, მისი განმარტებისა და მასში ცვლილების შეტანა. 51% წილის მფლობელმა პარტნიორმა დ----- ხ-----–--ემ, როგორც დომინანტმა პარტნიორმა ხმის გამოყენებით, პარტნიორთა კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი დირექტორისათვის ხელფასის განსაზღვრის შესახებ 2013 წლის 08 აპრილის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაში და იგი ჩამოყალიბდა იმგვარი რედაქციით, რომ დანიშნული 8000 ლარი წარმოადგენდა ხელზე ასაღებ ხელფასს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 06 მარტის პარტნიორთა კრების ოქმის ასლი (ტ.1. ს.ფ. 44-48).
3.2.4. 2016 წლის 25 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულებით, პარტნიორ დ----- ხ-----–--ემ მამას - ლ-----------–-ძეს დაუბრუნა კუთვნილი 51%-იანი წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 25 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების ასლი (ტ.1. ს.ფ. 84-85).
3.2.5. 2016 წლის 04 აგვისტოს პარტნიორთა კრებაზე, დომინანტი პარტნიორის - ლ-----------–-ძის მიერ, თავისი დომინანტური მდგომარეობის საზოგადოების საზიანოდ გამოყენებით, პარტნიორთა კრებამ მიიღო 2015 წლის 06 მარტის ანალოგიური გადაწყვეტილება და საზოგადოების დირექტორის ხელფასი 2013 წლის მარტიდან 2015 წლის მარტამდე განისაზღვრა 10000 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 20 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის ასლი (ტ.1. ს.ფ. 86-90).
- 2016 წლის 04 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმის ასლი (ტ.1. ს.ფ. 91-97).
3.2.6. 2014 წლის 16 იანვარს შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორთა კრებაზე, საწესდებო კაპიტალის 61%-ის მქონე პარტნიორთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და მათი წევრებისთვის ყოველთვიურად თანამდებობრივი სარგოს სახით 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრის შესახებ (თავმჯდომარე - 4000 ლარი, თავმჯდომარის მოადგილე - 2500 ლარი, წევრი - 1500 ლარი). აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლას და მის სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირებას მოსარჩელეები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ და არაერთხელ მიმართეს საჯარო რეესტრს არ დაერეგისტრირებინა საზოგადოების საზიანო ცვლილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რამდენიმე გადაწყვეტილებით საზოგადოების მიერ მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციაზე დადგინდა ხარვეზები, ხოლო 2014 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით, საერთოდ შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, თუმცა საზოგადოებამ სარჩელი აღძრა სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. 2014 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა 2014 წლის 16 იანვრის კრების გადაწყვეტილებით მიღებული ცვლილების დარეგისტრირება. სამეთვალყურეო საბჭო დარეგისტრირდა 2014 წლის 13 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 11, 16 იანვრის პარტნიორთა კრების ოქმის ასლი (ტ.1. ს.ფ. 98-101).
- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეტანილი წერილების ასლები (ტ.1. ს.ფ. 102-112).
- 2014 წლის 11 თებერვლის განცხადების ასლი (ტ.1. ს.ფ. 113).
- 2014 წლის 07 თებერვლის წერილის ასლი (ტ.1. ს.ფ. 114-115).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ასლები (ტ.1. ს.ფ. 116-122).
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილების ასლი (ტ.1. ს.ფ. 123-126).
- სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის ასლი (ტ.1. ს.ფ. 127-128).
3.2.7. 2017 წლის 23 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისში, ლ--------------ის ქუჩა N11-ში ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უძრავი ქონებიდან (ს.კ. N0-----------) შენობა-ნაგებობა N1-ის (მიწის ღირებულების გარეშე) საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 160 600 ლარს.
ქ.ქუთაისში, ლ--------------ის ქუჩა N11-ში ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა N1-ის დემონტაჟის ღირებულება მასალების შენარჩუნების გარეშე თანახმად N1 დანართისა შეადგენს 56 329 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 23 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა (ტ.2. ს.ფ. 1-16).
3.2.8. 2017 წლის 31 ოქტომბრის შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ მთავარი ბუღალტრის N885 ცნობის თანახმად შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებებით, ახალი კლინიკის მშენებლობისა და აღჭურვისათვის კლინიკის მოგება 2013-2016 წლის ჩათვლით რეინვესტირებულია თანით 1 848 348 ლარი, აქედან 51% წილის მფლობელის წილი შეადგენს 942 657 ლარს.
შენიშვნა: 2013 წლის მოგების ნაწილი 335 750 ლარი განაწილდა დივიდენდად პარტნიორებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 31 ოქტომბრის შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ N885 ცნობა (ტ.2. ს.ფ. 20).
3.2.9. 2018 წლის 04 იანვრის შეტყობინებით ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანიების ფონანსურ-ეკონომიკური რეიტინგის შედეგების მიხედვით დგინდება, რომ შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკა“ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ფულადი და სხვა სავალდებულო გადასახადების საფუძველზე ჩატარებული სტატისტიკური რანჟირების შედეგების თანახმად, საწარმო იმყოფება: ,,3“ ადგილზე, რეიტინგი ოქრო იმერეთის საწარმოთა შორის კრიტერიუმი ჯამური ადგილი და ,,34“ ადგილზე, რეიტინგი ოქრო საქართველოს საწარმოთა შორის კრიტერიუმი ჯამური ადგილი.
სამედიცინო მომსახურების ხარისხიანად გაწევაში საწარმომ მიაღწია მაღალ შედეგებს და დაიმსახურა საპატიო წოდება ,,მედიცინის სიამაყე“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 04 იანვრის შეტყობინება საწარმოს ეკონომიკური რეიტინგის შესახებ (ტ.2. ს.ფ. 41-45).
3.2.10. 2018 წლის 14 მარტის შპს ,,ხ-----–--ის კლინიკის“ გენერალური დირექტორის N493 ცნობის თანახმად, 14.03.2018 წლისთვის შპს ,,ხ-----–--ის კლინიკის“ ახალი შენობის 4684 კვ.მეტრის საბალანსო ღირებულება შეადგენს 3 036 550 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 3 584 823 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 14 მარტის შპს ,,ხ-----–--ის კლინიკა“ გენერალური დირექტორის N493 ცნობა (ტ.2. ს.ფ. 67).
3.2.11. 2018 წლის 26 მარტის შპს ,,ხ-----–--ის კლინიკის“ გენერალური დირექტორის N581 ცნობის თანახმად, შპს ,,ხ-----–--ის კლინიკის“ შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან შეადგენს: 2017 წელი: იანვარი - 173 984 ლარი; თებერვალი - 152681 ლარი; მარტი - 161 415 ლარი; აპრილი - 164 728 ლარი; მაისი - 180112 ლარი; ივნისი - 198 736 ლარი; ივლისი - 232 766 ლარი; აგვისტო - 228 703 ლარი; სექტემბერი - 260 352 ლარი; ოქტომბერი - 263 186 ლარი; ნოემბერი - 259 708 ლარი; დეკემბერი - 269 101 ლარი;
2018 წელი: იანვარი - 288 165 ლარი; თებერვალი - 260 015 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 26 მარტის შპს ,,ხ-----–--ის კლინიკა“ გენერალური დირექტორის N581 ცნობა (ტ.2. ს.ფ. 95).
3.2.12. სადავო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ თითოეული მხარის მიერ დასახელებული ფაქტების არსებობას. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.
3.2.13. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული არგუმენტები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრება ორივე მხარეს. შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკამ“ უნდა დაამტკიცოს, რომ დირექტორისათვის ხელფასის ოდენობის გაზრდა გამოწვეული იყო აუცილებლობით და მოსარჩელეებმა უნდა ამტკიცონ, რომ ლერი და დ----- ხ-----–--ეები თავისი დომინანტური მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკას აყენებენ ზიანს და წარმოადგინოს დასაბუთებული მტკიცებულებები.
მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.14. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა დაასაბუთეს რომ მოპასუხის მხრიდან ხელფასის ასეთი გაზრდით მათ მიადგათ ზიანი, ვინაიდან მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა და ვერც შესაბამისი მტკიცებულება წარმოადგინა იმისა, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა დირექტორის ხელფასის ასეთი ოდენობით გაზრდა, მაშინ როდესაც მოპასუხის მიერ მოყვანილი გარემოებები იყო უშუალოდ დირექტორის ფუნქცია-მოვალეობა, რომელიც მას კანონმდებლობით აქვს განსაზღვრული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და დადგენილ იქნეს, რომ შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორებმა დ----- და ლ-----------–-ძეებმა, თავიანთი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოებას მიაყენეს ზიანი - დირექტორისათვის ხელფასის გაზრდის ნაწილში. შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ ყოფილ პარტნიორს დ----- ხ-----–--ეს და შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორს ლ-----------–-ძეს სოლიდარულად მოსარჩელეების სასარგებლოდ გადახდეთ საკომპენსაციო თანხა: ი-----–- მ-------–--ის სასარგებლოდ 4600 ლარი; დ------ შ-------ს სასარგებლოდ 3680 ლარი; რ---–---- ჭ----–-–---–ის სასარგებლოდ 2300 ლარი; რ--------- გ----–----ის სასარგებლოდ 2300 ლარი და ლ--–- ხ----------ის სასარგებლოდ 920 ლარი, რაც შეეხება მოსარჩელეების მოთხოვნას 43800 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. წინამდებარე დავის ფარგლებში უპირველესად უნდა განიმარტოს იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მოიძებნოს ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და მათი ზოგადი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი, კერძოდ:
იურიდიული პირის ცნება და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში. იურიდიული პირი არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი. იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონი იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობების რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას - წესდებას უკავშირებს. თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც ხელმძღვანელობითი /წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა, რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს.
6.2. იურიდული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს. კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
6.3. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და საწარმოთა წესდებით რეულირდება ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი. დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს.
საწარმოს დირექტორის სტატუსისა და მისი უფლებამოსილების, აგრეთვე - მისთვის სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრების წესების დადგენისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შემდეგ ნორმებზე: ა) მე-9 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს, რაც გულისხმობს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას - კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილებები საწარმოს სახელით, გამოვიდეს მესამე პირებთან ურთიერთობაში საწარმოს სახელით;
ბ) იმავე მუხლის მე-6 პუნქტი: დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
6.4. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით“.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკას“ გააჩნია წესდება და მისი ნორმებითაა განსაზღვრული კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურული წესები.
6.4. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულ პარტნიორს აქვს ხმის თანაბარი უფლება, მაგრამ ყველა ხმა არ არის გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვა რთული პროცესია. პარტნიორები ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებსაც იღებენ, რომელიც საერთო შეხედულებებიდან არ გამომდინარეობს. ასეთ სიტუაციაში მთავარი და გადამწყვეტია გადაწყვეტილებას პარტნიორთა რამდენი პროცენტი უჭერს მხარს.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეები მინორიტარი პარტნიორები არიან. ისინი 30 % წილს ფლობენ. ყველა იმ შემთხვევაში, როცა მისი და მაჟორიტარი პარტნიორის მოსაზრებები ერთმანეთს შეეწინააღმდეგება, საწარმო ყოველთვის მიიღებს მინორიტარი პარტნიორის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. მიზეზი მარტივია - პარტნიორთა ხმების ნახევარზე მეტი ხმა, გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარისია. სამეწარმეო საქმიანობა არის სუბიექტის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობაში გადაწყვეტილებებს ღებულობენ პარტნიორები. როგორი ბიზნეს გადაწყვეტილებაა საწარმოსათვის უკეთესი, ეს საკითხი პარტნიორთა გადასაწყვეტია. ყველა გადაწყვეტილება უნიკალური და უნაკლო ვერ იქნება, მაგრამ გადაწყვეტილება ნაკლიანია თუ უნაკლო, ნებისმიერ შემთხვევაში პარტნიორთა გადაწყვეტილებაა და იმსახურებს პატივისცემას. ისინი ისეთ გადაწყვეტილებას ღებულობენ, როგორიც სურთ. გადაწყვეტილების მიღებაში პარტნიორები შეზღუდულები არ არიან. სასამართლოს არ აქვს უფლება ჩაერიოს საწარმოს პარტნიორთა გადაწყვეტილებაში, მაგრამ მას უფლება აქვს მინორიტარი პარტნიორის მოთხოვნისას შეამოწმოს გადაწყვეტილების გონივრულობა. მართალია მაჟორიტარ პარტნიორებს უფლება აქვთ გადალახონ მინორიტარის წინააღმდეგობა და მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაგრამ მათი ეს უფლება მინორიტარ პარტნიორს არ ართმევს უფლებას სადავო გახადოს გადაწყვეტილება და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების გონივრულობის შემოწმება. ამ დროს საწარმოს დანარჩენმა პარტნიორებმა უნდა დაასაბუთონ ბიზნეს გადაწყვეტილების მიზნის მართებულობა და აუცილებლობა. ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორები სარგებლობენ ავტონომიური დისკრეციის თავისუფალი არეალით. ბიზნეს გადაწყვეტილების თავისუფლება არის პარტნიორთა კრების უფლებამოსილება და მას კრება ღებულობს ბიზნესთან დაკავშირებული ამოცანების გადაწყვეტისას. შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ დომინანტ პარტნიორების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, პარტნიორებს მეწარმეთა შესახებ კანონით დადგენილი რომელიმე მოთხოვნა არ დაურღვევიათ. მათ უფლება ჰქონდათ შეექმნათ სამეთვალყურეო საბჭო. საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა მხოლოდ პარტნიორთა უფლებამოსილებაა და მის განხორციელებაში პარტნიორებს სასამართლო ან სხვა რომელიმე ორგანო ხელს ვერ შეუშლის. პარტნიორები თავიდანვე უნდა აცნობიერებდნენ, რომ საწარმოს შექმნა და პარტნიორთა წილების განაწილებაზე შეთანხმება, გულისხმობს მას, რომ პარტნიორებს შემდგომში მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება და ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად ნაკარნახები იქნება მაჟორიტარი პარტნიორის მიზნებიდან. მიუხედავად ამისა მინორიტარ პარტნიორს მაინც რჩება უფლება სადავო გახადოს გადაწყვეტილების მართებულობა და სასამართლოც ვალდებულია შეამოწმოს ამ გადაწყვეტილების გონივრულობა და აუცილებლობა.
შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ წესდების მიხედვით, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება მიიღება საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ხმის უფლების მქონე პარტნიორთა ხმების 51%-ით, ხოლო პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ.
დადგენილია, რომ კლინიკის პარტნიორთა კრებამ, 2014 წლის 16 იანვარს საწესდებო კაპიტალის 61%-ის მქონე პარტნიორთა გადაწყვეტილებით შექმნა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭო, აირჩია მისი წევრები და განსაზღვრა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელფასები (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით): თავმჯდომარე - 4000 ლარი, თავმჯდომარის მოადგილე - 2500 ლარი, წევრი - 1500 ლარი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საზოგადოების წესდების მოთხოვნათა დაცვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების მოთხოვნა 43800 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
6.7. რაც შეეხება დირექტორის შრომის ანაზღაურების 10 000 ლარით განსაზღვრის საკითხს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ ამგვარი ცვლილება დირექტორის წარმატებული მენეჯერული თვისებებით იყო განპირობებული.
მხარეთა შორის არსებულ ერთ-ერთ დავაზე უზენაესმა სასამართლომ განმარტა (სუსგ # ას-839-805-2016), რომ საზოგადოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მოვალეობათა საკანონმდებლო რეგულაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი გვთავაზობს, რაც ძირითადად ზრუნვაზე დაფუძნებული პრინციპით ხასიათდება (9.6. მუხლი), თუმცა, საკანონმდებლო რეგლამენტაცია არ არის ამომწურავი და ნორმის მე-7 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან) ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. საწარმოს დირექტორის ძირითადი მიზანი წარმატებული მართვის შედეგად საზოგადოების ქონების მაქსიმიზაციაა და დირექტორი მოვალეა, ამ მიზნის მისაღწევად მოქმედი კანონით ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს მოვალეობათა მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განსახორციელებლად. თეორიაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, საკორპორაციო სამართალი განარჩევს დირექტორის თანამდებობრივ, სასამსახურო ურთიერთობას და მის ორგანულ თანამდებობას, რომელთაგან პირველი წარმოადგენს საზოგადოებასა და დირექტორს შორის სახელშეკრულებო შეთანხმებას, ხოლო მეორე _ კორპორატიული აქტია და აქ იკვეთება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლით განსაზღვრული პრინციპები: დირექტორი საქმეებს საკუთარი პასუხისმგებლობითა და სამეწარმეო გადაწყვეტილებათა მიღების თავისუფლების პრინციპზე დაყრდნობით ახორციელებს. სასამსახურო (ვალდებულებით-სამართლებრივი) ხელშეკრულების პირობების შეცვლა (გაუმჯობესება) არ შეიძლება დაემყაროს მხოლოდ და მხოლოდ კორპორატიული აქტის ფარგლებში განხორციელებულ პოზიტიურ სვლას, რამდენადაც, თუკი ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში დავრჩებით, უნდა აღინიშნოს, რომ კორპორატიულ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება დირექტორის პასუხისმგებლობას გამოიწვევს საწარმოს წინაშე, ანუ მხოლოდ ის გარემოება, რომ პირი თავს ართმევს დაკისრებულ მოვალეობას, მისი მხრიდან რაიმე მოთხოვნის საფუძველი ვალდებულებითი ურთიერთობის ჭრილში არ შეიძლება გახდეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ დირექტორის მხრიდან საზოგადოების ხარჯების დაზოგვა, კლინიკისათვის ჯილდოს მოპოვება, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეძენა და სხვა შეიძლება გახდეს არა შრომის ანაზღაურების მატების პირდაპირპროპორციული საფუძველი, არამედ, დირექტორის, როგორც კეთილსინდისიერი მეწარმისათვის ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების ანაზღაურების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, არ არის დადგენილი საზოგადოების წლიური მოგების იმგვარი ზრდა და პარტნიორთა ქონებრივი მდგომარეობის იმგვარი გაუმჯობესება, რაც პირდაპირპროპორციული იქნებოდა დირექტორის ჰონორარის ზრდისა. ამ მხრივ, ხელფასის ამ ოდენობით ზრდა დივიდენდის ფარულად მიღებას ჰგავს (დირექტორი ამავდროულად საზოგადოების 51%-იანი წილის მფლობელი პარტნიორია).
6.8. განსახილველი დავის ფარგლებში უმნიშვნელოვანესია, შეფასდეს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხიც, რამდენადაც დავა შეეხება საწარმოს დომინანტ და მინორიტარ პარტნიორებს და მათ მიერ უფლება-მოვალეობათა რეალიზაციის კანონიერებას. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. საკორპორაციო სამართალში უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც კაპიტალური ტიპის საზოგადოებაში „წილი“ წარმოადგენს „მფლობელობას“ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში და მასზე ვრცელდება საკუთრების ინსტიტუტიდან ნაწარმოები აბსოლუტური უფლებები (იხ. ECHR: Bramelid and Malmstrom v. Sweden (N8588/79; N8589/79; 12/12/1983)). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს „დომინანტი პარტნიორის“ ცნებას და 3.8. მუხლის თანახმად, თუ საწარმოს დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე. ბოლო წინადადების თანახმად, დომინანტ პარტნიორად ან პარტნიორთა ჯგუფად მიიჩნევა პირი/ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე. მინორიტარი პარტნიორის ცნებას კანონი პირდაპირ არ გვთავაზობს, თუმცა, მის მაკვალიფიცირებელ ნიშნებს ზემოხსენებული ნორმა იძლევა - არ შეუძლია დამოუკიდებლად გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგებზე. მინორიტარი პარტნიორების უფლებების დაცვაზე მიუთითებს, მაგალითად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლებამოსილებანი, თუმცა, დაცვის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია პარტნიორის, როგორც ინდივიდის უფლება სარჩელზე და მისი უფლება - წარადგინოს დერივატიული სარჩელი (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.5 მუხლი). მოთხოვნის წარმატების შესაბამისად, კანონი იცავს ასევე მხარის მიერ საერთო მიზნის მისაღწევად გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურების საკითხს. სარჩელის უფლების განსაკუთრებულობა განაპირობებს სასამართლოს მხრიდან კრების გადაწყვეტილების შინაარსობრივი საფუძვლიანობის შემოწმების აუცილებლობას, რათა დადგინდეს სამეწარმეო ურთიერთობის სფეროს მიკუთვნებული სუბიექტების ქმედების მართლზომიერება, ანუ სახეზეა თუ არა მინორიტართა ინტერესების დარღვევის ფაქტი და მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო ურთიერთობის სუბიექტთა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწონის თუ არა უმცირესობაში მყოფ პარტნიორთა ინტერესებს.
დადგენილია, რომ 2015 წლის 06 მარტის პარტნიორთა კრებაზე, დ----- ხ-----–--ის მიერ თავისი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2013 წლის 08 აპრილის კრების გადაწყვეტილების დაზუსტების მიზნით, მისი განმარტებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ საზოგადოების დირექტორის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 8000 ლარს.
2016 წლის 04 აგვისტოს პარტნიორთა კრებაზე, ამჯერად პარტნიორ ლ-----------–-ძის დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც 2013 წლის მარტის თვიდან 2015 წლის მარტის თვემდე, დირექტორის ხელფასი განისაზღვრა 10000 ლარით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დირექტორის ხელფასის არცთუ მცირედად გაზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა. ამასთან, ხელფასის ამ პროპორციით ზრდა დაუსაბუთებელია. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ 2013 წლიდან დღემდე დივიდენდები არ განაწილებულა საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით. ვინაიდან მოგების სრული რეინვესტირება გამორიცხავს საზოგადოების პარტნიორებზე მოგების განაწილების და შესაბამისად, ამ უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების პირობებში დირექტორის (ამავდროულად საზოგადოების 51%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის) ხელფასის უარგუმენტო გაზრდა სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია. აღნიშნული გადაწყვეტილებით პარტნიორებმა დ----- და ლ-----------–-ძეებმა საზოგადოება აზარალეს (23 თვეX2000 ლარზე) 46000 ლარით, რის გამოც მოსარჩელეების სასარგებლოდ გადასახდელად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შესაბამისი კომპენსაცია, რაც შეადგენს (46000 ლარის 30%) 13800 ლარს.
აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორებმა დ----- და ლ-----------–-ძეებმა, თავიანთი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოებას მიაყენეს ზიანი - დირექტორისათვის ხელფასის გაზრდის ნაწილში, ვინაიდან მოპასუხე მხარეთა მიერ მოყვანილი არგუმენტები არ იძლევა ისეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ის სავალდებულო იყო, უფრო მეტიც დირექტორისათვის ხელფასის ამ პროპორციით ზრდა იმდენად დაუსაბუთებელია, რომ იგი ფარულად დივიდენდების მიღებას ჰგავს.
ამდენად, შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ ყოფილ პარტნიორს დ----- ხ-----–--ეს და შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორს ლ-----------–-ძეს სოლიდარულად მოსარჩელეების სასარგებლოდ გადახდეთ საკომპენსაციო თანხა: ი-----–- მ-------–--ის სასარგებლოდ 4600 ლარი, დ------ შ-------ს სასარგებლოდ 3680 ლარი, რ---–---- ჭ----–-–---–ის სასარგებლოდ 2300 ლარი, რ--------- გ----–----ის სასარგებლოდ 2300 ლარი და ლ--–- ხ----------ის სასარგებლოდ 920 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს სულ გადახდილი ჰქონდა ბაჟი 1728 ლარი, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 414 ლარი მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, ხოლო 1314 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფის 150 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რ---–---- ჭ----–-–---–ის, რ--------- გ----–----ის, ი-----–- მ-------–--ის, ლ--–- ხ----------ის და დ------ შ-------ს წარმომადგენლის ზ---- ხ-–--–--ს განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე დ----- ხ-----–--ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისში, ზ. ა-----------ის №11 (მიწის საკადასტრო კოდი №0-----------) გასხვისება, იპოთეკით და საჯარო რეესტრის შესახებ კანონით გათვალისწინებული სხვა სანივთო უფლებებით დატვირთვა;
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ლ-----------–-ძეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ კაპიტალში, მის საკუთრებაში არსებული 51% წილის გასხვისება, დაგირავება ან სხვა უფლებით დატვირთვა.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ---–---- ჭ----–-–---–ის, რ--------- გ----–----ის, ი-----–- მ-------–--ის, ლ--–- ხ----------ის და დ------ შ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დადგენილ იქნეს, რომ შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორებმა დ----- და ლ-----------–-ძეებმა, თავიანთი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოებას მიაყენეს ზიანი - დირექტორისათვის ხელფასის გაზრდის ნაწილში.
1.2. შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ ყოფილ პარტნიორს დ----- ხ-----–--ეს და შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორს ლ-----------–-ძეს სოლიდარულად მოსარჩელეების სასარგებლოდ გადახდეთ საკომპენსაციო თანხა: ი-----–- მ-------–--ის სასარგებლოდ - 4600 ლარი, დ------ შ-------ს სასარგებლოდ - 3680 ლარი, რ---–---- ჭ----–-–---–ის სასარგებლოდ - 2300 ლარი, რ--------- გ----–----ის სასარგებლოდ - 2300 ლარი და ლ--–- ხ----------ის სასარგებლოდ - 920 ლარი, ასევე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მათ მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის - 150 ლარის გადახდა.
1.3. მოსარჩელეების მოთხოვნა 43800 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
1.4. მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1314 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
1.5. მოპასუხე შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ ყოფილ პარტნიორს დ----- ხ-----–--ეს და შპს ,,ლ-----------–-ძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორს ლ-----------–-ძეს სოლიდარულად მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 414 ლარის გადახდა.
1.6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა