გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 340210017002019028
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.07.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე გუ-------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა,მოსარჩელის წარმომადგენელი მ-----–-------–---–- ,მოპასუხე შპს ლე-------------–ია 231,მოპასუხის წარმომადგენელი ლ----------------
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე შპს „ლე-------------–ია 231“-ს მოსარჩელე გუ-------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, 11 236,8 ლარის ოდენობით.
გუ-------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა ამჟამად წარმოადგენს გუ-------ის მუნიციპალიტეტის მერიას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობა გამოწვეული იყო უამინდობით, კერძოდ კი ხშირი ნალექით, რა დროსაც სამუშაოების წარმოება შეუძლებელი იყო. აღნიშნულის გამო მიმართა მოსარჩელეს და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელება ითხოვა, რაზეც ეთქვა უარი. მოსარჩელე არ ეთანხმება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას და აცხადებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, რის გამოც ითხოვს მის შემცირებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გუ-------ის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში მოსარჩელე, შემსყიდველი, გამგეობა) და შპს „ლე-------------–ია 231“-ს (შემდგომში მოპასუხე, მიმწოდებელი) შორის 2016 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N131 ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება), შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა გუ-------ის მუნიციპალიტეტის სოფელ კა------ში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები (შესყიდვის ობიექტი).
3.1.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 92 628,82 ლარს. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 25 ოქტომბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2016 წლის 01 დეკემბრამდე.
3.1.3. 2016 წლის 01 დეკემბერს შემსყიდველმა მიმწოდებელს ავანსის სახით ჩაურიცხა 27 788 ლარი
3.1.4. 2016 წლის 5 სექტემბერს გამგეობამ შპს „ლე-------------–ია 231“-ს გაუგზავნა გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სამუშაოები არ იყო დაწყებული და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების დაუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო.
3.1.5 ხელშეკრულების თანახმად, ანგარიშწორება ხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანებს 20 საბანკო დღისა.
3.1.6 ხელშეკრულების 11 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი გადააცილებს სამუშაოს მიწოდების ვადას (2016 წლის 25 ოქტომბერი), მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
3.1.7. ხელშეკრულების 12.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხოლო 12.4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
3.1.8. 2016 წლის 4 ოქტომბერს მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილზე შესრულებული სამუშაოების N1 აქტის და ადგილზე დათვალიერების აქტის საფუძველზე გაფორმდა შუალედური მიღება - ჩაბარების აქტი 11 463,34 ლარის სამუშაოების შესრულებაზე
3.1.9. 2016 წლის 21 ოქტომბერს მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს და სამუშაოების წარმოების ვადის გადაწევა ითხოვა 20 დღით, იმ საფუძვლით, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, რეგიონში ადგილი ჰქონდა ხშირ ნალექს , რამაც სამუშაოს დროულად დასრულებას შეუშალა ხელი. შემსყიდველმა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელებაზე უარი განაცხადა .
3.1.10. 2016 წლის 3 ნოემბერს შემსყიდველმა მიმწოდებელს წერილობით აცნობა, რომ 2016 წლის 25 ოქტომბერს ამოიწურა სამუშაოს მიწოდების ვადა, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 65 213.3 ლარს და შესაბამისად ეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 1%-ის ოდენობით, რაც დღეში შეადგენდა 652.1 ლარს.
3.1.11. 2016 წლის 4 ნოემბერს შპს „ლე-------------–ია 231“-ის წარმომადგენელმა მოსარჩელეს აცნობა, რომ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლებდნენ სამუშაოების დასრულებას და მოითხოვეს ხელშეკრულების შეწყვეტა. ამასთან, მოითხოვეს ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით დაკისრებული ჯარიმის ოდენობის, გადახდის ვადების და რეკვიზიტების შეტყობინება.
3.1.12. 2016 წლის 7 ნოემბერს გამგეობის შესაბამისმა კომისიამ შეამოწმა შესრულებული სამუშაოები და დაადგინა, რომ შესრულებული იყო 17 716.70 ლარის სამუშაოები, შესაბამისად, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 74912,12 ლარს.
3.1.13. მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა ცალმხრივად, ვადაზე ადრე - 2016 წლის 9 ნოემბერს
3.1.14. ავანსის სახით გამგეობის მიერ შპს „ლე-------------–ია 231“-სთვის ჩარიცხული 27788 ლარიდან შესრულებული სამუშაოს თანაფარდობით დაიქვითა მხოლოდ 17 716.70 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა, როგორც მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანი, საავანსო გარანტიის ფარგლებში გამგეობას სადაზღვევო კომპანიამ - „ჯი პი აი ჰოლდინგ“მა აუნაზღაურა
3.1.15. მოპასუხეს ვადაგადაცილების 15 დღეზე- 2016 წლის 25 ოქტომბრიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე , N131 ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2 პუნქტის თანახმად, დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 749, 12 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 11236,8 ლარს , რის ანაზღაურებას ითხოვს სარჩელით მოსარჩელე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
-საგადახდო მოთხოვნა
- დათვალიერების აქტი/დასკვნა
-გუ-------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება
-გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა
- წერილობითი მიმართვები/მოხსენებითი ბარათები/წერილები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 417-ე, 418-ე მუხლები;
5. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N131 ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის საგანს გუ-------ის მუნიციპალიტეტის სოფელ კა------ში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები (შესყიდვის ობიექტი) წარმოადგენდა .
დადგენილია, რომ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოს მიწოდების ვადა 2016 წლის 25 ოქტომბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2016 წლის 01 დეკემბრამდე განისაზღვრა. ასევე სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს მიწოდების ვადაში მიმწოდებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო არის ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, რაც ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მხოლოდ ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას ასევე გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს მიწოდების ვადაში მიმწოდებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 74912,12 ლარს, ხოლო ვადაგადაცილების პერიოდი- 15 დღე. ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 1%-ის ოდენობით, ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2 პუნქტის თანახმად მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 749, 12 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 11236,8 ლარს , რის ანაზღაურებას ითხოვს სარჩელით მოსარჩელე, ხოლო მოპასუხეს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს- ხელშეკრულება არ შესრულდა დადგენილ ვადაში, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს ზიანი არ განუცდია. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს სამუშაოს შესრულების შემაფერხებელ გარემოებას, კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში რეგიონში ადგილი ჰქონდა ხშირ ნალექს , რამაც ხელი შეუშალა სამუშაოს დროულად დასრულებას. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 21 ოქტომბერს გაცემული ცნობით, სადაც მითითებულია, რომ საგარეჯოს მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 24 სექტემბრის და 11 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით 22 დღე ნალექიანი იყო. ასევე მოპასუხის განმარტებით, რომელმაც სასამართლოში განაცხადა, რომ არა მხოლოდ წვიმიან დღეს, არამედ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სანიაღვრე არხებში სამუშაოების წარმოება შეუძლებელი იყო, რადგან იქ წყალი იდგა, რაც სასამართლოს დამაჯერებელ არგუმენტად მიაჩნია, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტს, რომ ცნობა საგარეჯოს მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით არის გაცემული , იმას, რომ სამუშაოს შესრულების ადგილზე, სოფელ კა------ში 60 დღიდან 22 დღე იყო ნალექიანი, რამაც შეაფერხა სამუშაოების წარმოება, ვერ აბათილებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ვალდებულების შეუსრულებლობა და ამ საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრება, მოპასუხემ ვალდებულების შეუსრულებლობის ხელშემშლელ გარემოებებზე მიუთითა და ამ საფუძვლით პირგასამტეხლოს შემცირება ითხოვა. მან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ სამუშაოს მიწოდებისთვის გათვალისწინებული 60 დღიდან 22 დღე ნალექიანი იყო, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა ვალდებულების შესრულება, რამაც საბოლოოდ გამოიწვია სამუშაოს მიწოდების ვადის დარღვევა და ხელშეკრულების შეწყვეტა, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირგასამტეხლოს შემცირება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და ხელშეკრულებით შეთანხმებული 1%-ის ნაცვლად პირგასამტეხლოს გონივრულ, სამართლიან ოდენობად მიჩნეული იქნეს 0,1%-ის გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 1123 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გუ-------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ლე-------------–ია 231" -ს მოსარჩელე გუ-------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს 1123 ,68 ლარის გადახდა
3. შპს „ლე-------------–ია 231"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის- 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გუ-------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გუ-------ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი