განაჩენი

სისხლის სამართლის 09.07.2018
საქმის ნომერი
010100118002467580
დავის ტიპი
126
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002467580

საქმე #1-474/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა-–-------------------ის

ბრალდებულის - გ------- გ-------ის

ადვოკატის _ ბ-------------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171300418003 საქმე :

 

ბრალდებული: გ------- გ-------ის

მამის სახელი: დ------

დაბადებული: 18.08.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, თ---------------–-----------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტები - ოოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2018 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბათუმში, თ---------------–------------------ში ყოფნისას, გ------- გ-------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან ლ-----------ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ნ------------ს, რომელთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში (ოჯახის წევრს), სახის არეში ხელების დარტყმებით და მარჯვენა ხელზე ხელების მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ :

 

2. დაზარალებულმა ნ------------მა სასამართლო განხილვისას უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და სასამართლოს განუმარტა, რომ 2018 წლის 29 აპრილს მეუღლესთან მხოლოდ სიტყვიერი კამათი ჰქონდა. ფიზიკური შეურაცხყოფა გ------- გ-------ეს მისთვის არ მიუყენებია. რაც შეეხება მერჯვენა ხელის თითზე არსებულ დაზიანებას, ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო თითის კარებში მოყოლის შედეგად. ითხოვს გათავისუფლდეს მისი მეუღლე პატიმრობიდან და მიეცეს შესაძლებლობა დაუბრუნდეს ოჯახს.

 

3. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად დაზარალებული ჩიქვანის ამ განმარტებისა, მის მიმართ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების, მათ შორის დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

 

4. დაცვის მხარეს სადავოდ არ მიუჩნევია შეტყობინება N992817 და გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რომელთა მიხედვით, პოლიციის მე-5 განყოფილებაში თავად ნ------------ი გამოცხადდა, მიაწოდა სამართალდამცავებს ინფორმაცია მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და სწორედ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო საქმეზე გამოძიება ოჯახური ძლადობის ფაქტზე.

 

5. დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია არც 2018 წლის 30 აპრილს შედგენილი №009804 შემაკავებელი ორდერი, მისი ოქმი და შესაბამისად, ამ დოკუმენტებში გადმოცემული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ორდერი გაიცა მოძალადე გ------- გ-------ის მიმართ, რომელმაც მსხვერპლს - ნ------------ს თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. ბათუმში, თ---------------–------------------ში ყოფნისას, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო კომუნიკაცია. ორდერს ხელს აწერენ გ------- გ-------ე, ნ------------ი და ამ უკანასკნელის კანონიერი წარმომადგენელი, გივი ჩიქვანი. შემაკავებელი ორდერის N009804 ოქმის თანახმად, შემაკავებელი ორდერის ოქმს გაეცნენ და მის შინაარსს დაეთანხმნენ ნ------------ი და მისი კანონიერი წარმომადგენელი.

 

6. დაცვის მხარის მიერ ასევე არ გამხდარა სადავოდ საქმეში წარმოდგენილი, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 24 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №003474618 დასკვნა, რომლის თანახმად, 2018 წლის 30 აპრილის პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ნ------------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა მტევნის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

7. არასრულწლოვანი მოწმე ლ-----------ის მიერ, თავისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც მოწმის საზღვარგარეთ ყოფნის გამო, საჯაროს გამოქვეყნდა სასამართლო განხილვისას, ირკვევა, რომ ნ------------ი მისი დაა, რომლის ოჯახთან ერთადაც მოუწია ცხოვრება დედის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ. სწორედ ლუკასთვის მაღაზიაში სახაზავის და რვეულის ნისიად შეძენის გამო წამოიშვა უთანხმოება ნათიასა და მის მეუღლეს შორის, რაც გ-------ს მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, ხელი ძლიერად გაარტყა ნათიას სახეში ორჯერ, რის გამოც ამ უკანასკნელმა ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი მარჯვენა ხელზე. მიუხედავად ნათიას თხოვნისა, რომ ხელი ტკიოდა და გაეშვა, გ------- არ უშვებდა, რის გამოც ლუკა შეშინდა, ტელეფონი აიღო და ცდილობდა დედასთან დარეკვას, თუმცა გ-------მ უყვირა ტელეფონი გაეთიშა. ამასობაში ნათიამ შეძლო მისგან გასხლტომა და ამის შემდეგ გ-------ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ ყვირილს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აგრძელებდა.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

9. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული გ------- გ-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება არასრულწლოვან ნ------------თან,ხოლო არასრულწლოვანი ს----------ი არის ნ------------ის ძმა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ოჯახის წევრებად. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ორივე მათგანი არასრულწლოვანი იყო. ამდენად, სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- გ-------ემ თავისი ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, არასრულწლოვანი ნ------------ის მიმართ, ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მისივე არასრულწლოვანი ძმის - ლ-----------ის თანდასწრებით.

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

12. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ------------ი წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის ობიექტს. არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი მისი მხრიდან პოლიციაში განხორციელებული შეტყობინების შინაარსში, როდესაც მან დახმარება და დაცვა თხოვა სახელმწიფოს მოძალადე მეუღლისგან, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგში, რომლის თანახმად 2018 წლის 30 აპრილს ნ------------ს ნამდვილად აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რაც ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ძალადობის მომენტში დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა. ასევე არ არსებობს უნდობლობის საფუძველი არასრუწლოვანი მოწმე ლ-----------ის ჩვენებისადმი, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით დაიკითხა და რომელმაც აღწერა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტი, განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის დროს ნათია ტიროდა ტკივილის გამო და სთხოვდა შეეწყვიტა მეუღლეს ძალადობა.

 

13. ფაქტი იმისა, რომ დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს, მიუთითებს მის ლოიალურ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ, რომლითაც სურდა ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.

 

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წელი 20 თებერვლის №527აპ-17 გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ " ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს". შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს პალატამ ოჯახური დანაშაულის საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის შედეგად, არ გაიზიარა დაზარალებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენება, რაც ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში და გამამტყუნებელი განაჩენით შეცვალა ის.

 

15. ამდენად, დაზარალებულის მიერ სასამართლო განხილვისას გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ჩვენების მიცემა, ოჯახური დანაშაულების საქმეებზე, თუ სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი, არ იძლევა ასეთ განსხვავებულ ჩვენებაში დარწმუნების შესაძლებლობას, ვერ გახდება ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის პირობა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ზემოთ უკვე განხილული, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- გ-------ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.

 

16. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

17. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

18. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

18. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

19. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

20. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

22. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

23. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------- გ-------ის მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და „ბ“ ქ/პუნქტებით წარდგენილი ბრალდების დადასტურება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

24. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- გ-------ემ თავისი ოჯახის წევრის - მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი არასრულწლოვანი ნ------------ის მიმართ, მისივე არასრულწლოვანი ძმის - ს----------ის თანდასწრებით ჩაიდინა ძალადობა - მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

25. გ------- გ-------ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, სსკ-ის 531 მეორე ნაწილის თანახმად, თავად წარდგენილი ბრალდების არსში მდგომარეობს.

 

26. გ------- გ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება დაზარალებულთან შერიგებაა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

28. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

29. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

30. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

31. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

32. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

33. სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით, გათვალისწინებით იმისა, რომ ბრალდებული შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მაქსიმალური - 400 (ოთხასი) საათის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული გ-------ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ამ განაჩენით გ------- გ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვისა და 9 (ცხრა) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- გ-------ეს სასჯელად უნდა განესაზღვროს 02 (ორი) თვისა და 9 (ცხრა) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

35. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: გ------- დ------ს ძე გ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის განაჩენით, გ------- გ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111-140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) თვისა და 9 (ცხრა) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- გ-------ეს სასჯელად განესაზღვროს 02 (ორი) თვისა და 9 (ცხრა) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 აპრილიდან.

 

მსჯავრდებულ გ------- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

კონტროლი მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი