გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
010210017002140419
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017002140419

№2/3984-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.05.2018 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - ნ---- ბ-----ე

წარმომადგენელი - მ--- ქ-------ე

მოპასუხე - დ---თ ფ---------ე

წარმომადგენელი - მ------------–------ე

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით, (საქმე 2/763-13), არასრულწლოვან შ----- ფ---------ის სასარგებლოდ, მოპასუხე დ---თ ფ---------ისათვის დაკისრებული ალიმენტის - 70 ლარის გაზრდა და ალიმენტის განსაზღვრა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან შ----- ფ---------ის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით მოპასუხე დ---თ ფ---------ეს არასრუწლოვანი შვილის შ----- ფ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით, რაც აღარ არის საკმარისი არასრულწლოვანი ბავშვის განვითარებისათვის და მისთვის ნორმალური საარსებო პირობების შესაქმნელად. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მისი საჭიროებები და მისი რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი თანხის ოდენობაც. ალიმენტის დაკისრების შემდეგ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. აქვს სტაბილური და სოლიდური შემოსავალი. მოპასუხე მხარე ვალდებულია მონაწილეობდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში და სათანადოდ უწევდეს მას ფინანსურ დახმარებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ თავს არ არიდებს არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებას. გარდა ალიმენტისა, ის მონაწილეობას იღებს არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებაში სხვა სახით. ბავშვთან აქვს სტაბილური ურთიერთობა და ყიდულობს მისთვის საჭირო ნივთებს. მართალია, მოპასუხე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით, მაგრამ ამჟამად, მოპასუხე ქორწინებაშია სხვა პირთან და ელოდება შვილს. ამასთან, მას ერიცხება საკრედიტო დავალიანება საბანკო დაწესებულების წინაშე. არასრულწლოვანის ასაკის და მისი საჭიროებების გათვალისწინებით, მოპასუხე თანახმაა გაიზარდოს მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, 30 ლარით, მაგრამ არა მოთხოვნილი ოდენობით. მოპასუხე თავისი ოჯახური და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ---- ბ-----ე და დ---თ ფ---------ე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შ----- ფ---------ე ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე ნ---- ბ-----ესთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. ნ---- ბ-----ე სტაბილურად დასაქმებული არ არის და რეგულარული შემოსავალი არ გააჩნია. ის შვილებთან ერთდ ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და სხვადასხვა ადგილზე დღიურად დასაქმებით მიღებული შემოსავლით ფარავს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ხარჯებს და ზრუნავს არასრულწლოვანი შვილის შ----- ფ---------ის რჩენაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ნ---- ბ-----ე და მოპასუხე დ---თ ფ---------ეზე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ 3 შვილი, მათ შორის 25.02.2004 წელს დაბადებული შ----- ფ---------ე. 2009 წლის 28 ოქტომბერს მხარეები განქორწინდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- განქორწინების მოწმობა;

- შ----- ფ---------ის დაბადების მოწმობა;

 

3.2.2. მოპასუხე დ---თ ფ---------ეს არასრულწლოვანი შვილის შ----- ფ---------ის სასარგებლოდ, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით (საქმე #2/763-13), დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით. სასამართლოს განჩინებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროისათვის მოპასუხე დასაქმებული არ იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

 

3.2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის დაკისრების შემდეგ დ---თ ფ---------ე დასაქმდა ჰიპერმარკეტ "კ-----------" ბათუმის ფილიალში, დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და გააჩნია რეგულარული შემოსავალი ხელფასის სახით. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით გაცემული ინფორმაციის მიხედვით დ---თ ფ---------ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის დეკემბერში - 884 ლარს, 2018 წლის იანვარში - 884 ლარს, 2018 წლის თებერვალში 977.80 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია;

 

3.2.4. შ----- ფ---------ის გარდა დ---თ ფ---------ეს ყავს მეორე არასრულწლოვანი შვილი მ----- ფ---------ე, რომელსაც ყოველთვიურად, ფიქსირებული სახით სარჩოს არ უხდის, თუმცა ეწევა გარკვეულ ხარჯს მისი რჩენა-აღზრდისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მ----- ფ---------ის დაბადების მოწმობა;

- მოწმის ი---- ჩ------ის ჩვენება;

 

3.2.5. ნ---- ბ-----ესთან განქორწინების შემდეგ დ---თ ფ---------ემ, 2017 წლის 6 დეკემბერს იქორწინა ი---- ჩ-------სთან, რომელიც ამჟამად არის ფეხმძიმედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ქორწინების მოწმობა;

- ცნობა ი---- ჩ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

- მოწმის ი---- ჩ------ის ჩვენება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შ----- ფ---------ისათვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და განისაზღვროს იგი 170 ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე, 1221-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, არასრულწლოვან შ----- ფ---------ის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმაც მოიმატა. ამასთან, გაუმჯობესდა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა.

 

დადგენილია, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში, 2004 წლის 25 თებერვალს შეეძინათ შვილი შ----- ფ---------ე. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შ----- ფ---------ე ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით დამტკიცდა რა მხარეთა შორის მორიგება, დ---თ ფ---------ეს არასრულწლოვანი შვილის შ----- ფ---------ის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმა, მართალია, ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

 

საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე დ---თ ფ---------ე დასაქმებულია. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, მას უფიქსირდება ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლები.

 

არასრულწლოვანი შ----- ფ---------ე ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად. ის არის 14 წლის და კვების, ჩაცმის, სწავლისა თუ აქტივობებში მონაწილეობისათვის საჭიროებს გაცილებით მეტ მატერიალურ საშუალებებს, ვიდრე ამას ის საჭიროებდა 2013 წელს.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

დადგენილია, რომ შეიცვალა მოპასუხე მხარის ოჯახური მდგომარეობა. ის ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან და ელოდება შვილს. შესაბამისად, უდავოა რომ ახალი ოჯახის უზრუნველსაყოფად მოპასუხე იღებს გარკვეულ ხარჯს. ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს განჩინებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროისათვის მოპასუხე არ იყო დასაქმებული. ალიმენტის დაკისრების შემდეგ შეიცვალა/გაუმჯობესდა მისი მატერიალური მდგომარეობა. ის დასაქმდა და მისი თანამდებობრივი სარგო თვეში შეადგენს 977.80 ლარს დარიცხული სახით.

 

მოპასუხე მხარე აპელირებს სხვადასხვა ვალდებულებასა და თუ ხარჯზე (კომუნალური ხარჯები, საკრედიტო დავალიანება, მეორე არასრულწლოვანი შვილის, მოხუცი დედა და სხვა), რომლის გაღებაც მოპასუხეს უხდება ყოველთვიურად, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის სხვადასხვა ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მით უფრო, რომ მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. სასამართლო მხედველობაში იღებს რა, არასრულწლოვანი შ----- ფ---------ის ასაკს და ასევე იმ გარემოებას, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა. ამასთან, დ---თ ფ---------ის შემოსავლებისა და მის კმაყოფაზე მყოფი სარჩენი პირების რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 300 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება ალიმენტვალდებულ პირს ჩააყენებს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და სასამართლო მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის, ტრანპორტის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 04.05.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობის მაქსიმუმი შეადგენს აპრილის თვისათვის 176.90 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საარსებო მინიმუმის გადახდის ვალდებულება აქვს ორივე მშობელს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ორივე მშობელი შრომისუნარიანია ანუ შესწევთ უნარი იზრუნონ საერთო არასრულწლოვან შვილზე და შეუქმნან მას რჩენა-აღზრდისათვის ნორმალური პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, რომელთაც თანაბარი უფლებები და ვალდებულებები აკისრიათ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულია შესაძლებლობა ალიმენტის ცვლილებების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო მოპასუხე დ---თ ფ---------ის სტაბილური ყოველთვიური შემოსავლის ოდენობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს 170 ლარამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ეს ოდენობა მოპასუხის ხელზე მისაღები ხელფასის ოდენობის დაახლოებით 4.5-დი ნაწილია. შესაბამისად, ამ ოდენობით ალიმენტის გადახდის შემთხვევაში მოსარჩელე შესძლებს სხვა ვალდებულებების შესრულებასა თუ საყოფაცხოვრებო პირობების დონის შენარჩუნებას. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდგომ პერიოდში გაიზარდა ქვეყანაში საშუალო მომხმარებლისათის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც, რაც დაკისრებული სარჩოს ოდენობის გათვალისწინებით ასევე წარმოადგენს ალიმენტის გაზრდის საფუძველს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომაორებისა და ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სასამართლო განჩინებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 23 ოქტომბრიდან უნდა განისაზღვროს 170 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამასთან მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „“ ქვეპუნქტის მიხედვით თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით შეადგენს 3600 ლარს (300X12), რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 2040 ლარის ნაწილში (170X12). მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე სცნო სარჩელის მოთხოვნა 360 ლარის (30X12) ნაწილში. ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმებისა და სსკ-ის 49.2 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25.20 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ---- ბ-----ის სარჩელი დ---თ ფ---------ის მიმართ ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ.

 

1.1. გაიზარდოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით (საქმე2/763-13) არასრულწლოვან შ----- ფ---------ის სასარგებლოდ მოპასუხე დ---თ ფ---------ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 100 ლარით და მოპასუხე დ---თ ფ---------ეს არასრულწლოვანი შვილის შ----- ფ---------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიურად 170 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან 23.10.2017 წლიდან, შ----- ფ---------ის სრულწლოვანებამდე.

 

2. მოპასუხე დ---თ ფ---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 25.20 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი