გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.07.2018
საქმის ნომერი
140310018002479708
კატეგორია
დავის ტიპი
დავები სოციალური დაცვის თაობაზე
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002479708

საქმე № 3/141-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ა-- კ----------–-

 

მოპასუხე: ნ-------- დ------–---–ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

პენსიის სახით გაცემული თანხის - 216 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ნ-------- დ------–---–ი (პირ. № 5----------) იღებდა ასაკის პენსიას 180 ლარის ოდენობით.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან მუშაობა დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში. მას პენსიის გაცემა შეუწყდა 2017 წლის აპრილიდან.

 

მოსარჩელე ითხოვს ზედმეტად გადახდილი 2 თვის პენსიის უკან დაბრუნებას, საიდანაც ნ-------- დ------–---–მა სარჩელის აღძვრამდე გადაიხადა 144 ლარი და დარჩა 216 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხეს დაენიშნა ასაკის პენსია ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით, რაც შეუწყდა 2017 წლის 1 აპრილიდან;

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემელის შეწყვეტის შესახებ.

 

3.2.2. ნ-------- დ------–---–მა მოსარჩელის წინაშე გააკეთა წერილობითი სახის განცხადება ფულადი დავალიანების - 360 ლარის არსებობის აღიარების შესახებ, და ივალდებულა ყოველთვიურად 36 ლარის გადახდა;

 

მტკიცებულება: 2017 წლის 1 ნოემბრის განცხადება ფულადი დავალიანების არსებობის აღიარების შესახებ.

 

3.2.3. ნ-------- დ------–---–ს 360 ლარიდან გადახდილი აქვს 144 ლარი.

 

მტკიცებულება: თანხის გადახდის ქვითრები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო პენსია ისე, რომ იგი იმავდროულად უკვე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და იღებდა ლეგალურ შემოსავალს, რის შესახებაც მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სააგენტოსათვის; ამავე დროს, მას გაკეთებული აქვს წერილობითი განცხადება დავალიანების არსებობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

დადგენილია და სადავო არაა, რომ ნ-------- დ------–---–ს დაენიშნა ასაკის პენსია ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით, რაც შეუწყდა 2017 წლის 1 აპრილიდან.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

ასევე სადავო არაა, რომ მოპასუხე მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში, და ახორციელებს საჯარო სამსახურს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსიის მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 360 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამსახურისათვის მისი საჯარო სამსახურში დასაქმების შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გარდა ამისა, ნ-------- დ------–---–მა მოსარჩელის წინაშე გააკეთა წერილობითი სახის განცხადება ფულადი დავალიანების - 360 ლარის არსებობის აღიარების შესახებ, და ივალდებულა ყოველთვიურად 36 ლარის გადახდა, საიდანაც მას გადახდილი აქვს 144 ლარი; შესაბამისად, დავალიანება შეადგენს 216 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ნ-------- დ------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ-------- დ------–---–ს დაეკისროს 2017 წელს ზედმეტად მიღებული პენსიის - 216 (ორასთექვსმეტი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი