გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2018
საქმის ნომერი
110210018002364963
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110210018002364963

N2/309-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.07.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე კ-------------–---,წარმომადგენელი ნ-------------,მოპასუხე მ------------------,წარმომადგენელი ი---------------,დავის საგანი: უსაფუძვლო გამდიდრებით მითვისებული უძრავი ქონების დაბრუნება, მატერიალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხის მიერ უსაფუძვლო გამდიდრების მიზნით მითვისებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ. ზესტაფონში, ჩ---–---- ქუჩა N4 /6-ში მდებარე N3------------------ საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების დაბრუნება.

 

სარჩელის გარემოებები: კ-------------–---მ 2002 წლის 19 სექტემბერს 3 წლის ვადით მოპასუხე მ------------------სთან გააფორმა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ ნასესხები 550 აშშ დოლარის გასტუმრებამდე მოპასუხეს უნდა ესარგებლა მოსარჩელის ბინით. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს მიეცა უფლება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ეცხოვრათ კ---- ა-------–--ის კუთვნილ ბინაში. ხლშეკრულების ვადის გასვლისა და მისი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე დღემდე აგრძელებს ბინაში ცხოვრებას. მოსარჩელემ ახლობლის დახმარებით გაუგზავნა მოპასუხეს ნასესხები თანხა, თუმცა მან არ აიღო. შესაბამისად, ვინიდან უკვე გასულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მოსარჩელეს სურს თავისი საკუთრების დაბრუნება, მოპასუხემ უნდა დაუბრუნოს მოსარჩელის ქონება .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ------------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2002 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელე კ-------------–---მ მოპასუხე მ------------------სთან დადო სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს მიეცა უფლება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ეცხოვრა კ---- ა-------–--ის კუთვნილ ბინაში. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელეს გადასცა 550 აშშ დოლარი. სესხის მოქმედების ვადა დასრულდა 2005 წლის 19 სექტემბერს, მაგრამ მოსარჩელემ სესხის თანხა არ დააბრუნა. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მასთან მივიდა პიროვნება, რომელიც გაეცნო, როგრც კ. ა-------–--ის ბიძაშვილი და მიუტანა თანხა, თუმცა მას არ აუღია ფული, ვინაიდან უცნობი პირისაგან არ უნდოდა თანხის აღება, რომ შემდეგ რაიმე გაურკვევლობა არ მომხდარიყო, ამიტომ პირადად კ. ა-------–--ესთან სურდა ურთიერთობა და მოლაპარაკება. მოსარჩელეს დღემდე არ გადაუხდია ნასესხები თანხა, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2002 წლის 19 სექტემბერს კ-------------–---სა და მ------------------ს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მ------------------მ კ-------------–---ს ასესხა 550 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2005 წლის 19 სექტემბერი. სესხი სარგებლიანი იყო და სარგებელი შეადგენდა - მესაკუთრის მიერ ქ. ზესტაფონში, ჩ---–---- ქუჩა N4 (6) -ში მდებარე N3------------------ საკადასტო კოდის მქონე საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლების იპოთეკარისათვის დათმობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2002 წლის 19 სექტემბრის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება.

 

3.2. მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილია იპოთეკით. იპოთეკით დაიტვირთა იგივე ბინა, რომელიც სარგებლობაში გადაეცა იპოთეკარს, კერძოდ - ზესტაფონში, ჩ---–---- ქუჩა N4 (6) -ში მდებარე N3------------------ საკადასტო კოდის მქონე ქონება. იპოთეკით უზრუნველყოფილია სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2002 წლის 19 სექტემბრის სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება.

 

3.3. კ-------------–---ს მ------------------თვის სესხის სახით აღებული თანხა 550 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია და კრედიტორისადმი ვალდებულება მოვალის მიერ დღემდე შესრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.4. მ------------------ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის სარგებელს დღემდე იღებს და ცხოვრობს კ---- ა-------–--ის კუთვნილ ბინაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

-მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-625-ე, 286-ე, 289-ე, 170-ე, 172-ე, 155-ე, 361-ე, 162-ე, 168-ე, 369-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111-ე მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. 11-ლი ნაწილის თანახმად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.

 

დადგენილია, რომ 2002 წლის 19 სექტემბრის სესხის იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების 1-ლი და მე- 2 პუნქტების თანახმად, მ------------------მ ქ. ზესტაფონში, ჩ---–---- ქუჩა N4-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე კ-------------–---ს ასესხა და გადასცა 550 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, კ-------------–---ს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა 2005 წლის 19 სექტემბრამდე. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი სარგებლიანი იყო და სარგებელი შეადგენდა მესაკუთრის მიერ ბინით სარგებლობის უფლების იპოთეკარისათვის დათმობას.

 

ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილია იპოთეკით, კერძოდ, ,, იპოთეკით დატვირთულია მესაკუთრის უძრავი ქონება, რომელიც შემდგომში მოხსენიებულია როგორც ,,იპოთეკის საგანი’’ და რომლითაც იპოთეკარს უფლება აქვს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მესაკუთრის მიმართ, იპოთეკის საგანი წარმოადგენს იმავე ბინას, რომელსაც მესაკუთრე სარგებლობის უფლებით გადასცემს იპოთეკარს, კერძოდ ქ. ზესტაფონში, ჩ---–---- ქუჩა N4/6-ში მდებარე ბინა, რომელიც შედგება ორი ოთახისგან , 52 კვ.მ სასარგებლო ფართი, აქედან 29 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 23 კვ.მ დამხმარე ფართი, ბინა არის საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი, რომელიც მდებარეობს მიწის ნაკვეთზე, რომლის მახასიათებლებია : სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი 32, სექტორი შუალედური ზონა კ-10, კვარტალი N9, ნაკვეთის N048, შესაბამისი პროპორციული წილი 52/900 კვ.მ, მდებარე ქ. ზესტაფონი, ჩ---–---- ქუჩა 4, ბინა 3 , პირველი სადარბაზო, პირველი სართული.

 

ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, იპოთეკით უზრუნვეყოფილია სესხი და სარგებელი მთლიანი მოცულობით.

 

ამავე ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, ,,წინამდებარე ხელშეკრულება წყდება ა)მხარეთა მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულებით; ბ) აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად; გ) მხარეთა შეთანხმებით/ ვალის პატიება, იპოთეკარის მიერ იპოთეკაზე უარის თქმაზე; დ) ამ ხელშეკრულებით დადგენილ სხვა შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა, როგორც სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. ამდენად იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153.1 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, იგი არც შეიძლება არსებობდეს იმ უფლების გარეშე, რომელთანაც დაკავშირებულია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ იპოთეკის ლეგიტიმურობა განისაზღვრება საჯარო რეესტრში ამ უფლების რეგისტრაციით. ამასთან, მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, გარიგებაში აღინიშნება თუ არა უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა. ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ ამ მოცულობის ფარგლებში უნდა მოხდეს სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2002 წლის 19 სექტემბერს კ-------------–---სა და მ------------------ს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მ------------------მ კ-------------–---ს ასესხა 550 აშშ დოლარი. სესხის ვადა განისაზღვრა 3 წლით, 2015 წლის 19 სექტემბრამდე. სესხი სარგებლიანი იყო და სარგებელი შეადგენდა მესაკუთრის მიერ ბინით სარგებლობის უფლების იპოთეკარისათვის დათმობას. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იგივე ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაეცა იპოთეკარს, ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით და იპოთეკაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

ვინაიდან კ-------------–---ს მ------------------თვის სესხის სახით აღებული თანხა 550 აშშ დოლარი დღემდე არ დაუბრუნებია, ამასთან მ------------------ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სარგებელს დღემდე იღებს - ცხოვრობს კ---- ა-------–--ის კუთვნილ ბინაში, შესაბამისად სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდგომ, გაგრძელდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა და იგი დღემდე გრძელდება, გრძელდება სარგებლის მიღების უფლებაც და ქონებაზე იპოთეკა არ არის გაუქმებული, რომლითაც უზრუნვეყოფილია როგორც სესხი, ისე სარგებელიც. რაც შეეხება ვალის დაბრუნების ვადას, მხარეთა მიერ სასესხო ურთიერთობის გაგრძელების შემდეგ, იგი განსაზღვრული არ არის.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება, მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: 1.მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი ; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანმახმად, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე და მისი საკუთრების უფლება შებოჭილია მხარეთა შორის დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებით, ხოლო მოპასუხე არის ამ ნივთის მართლზომიერი მფლობელი და მოსარგებლე.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ მფლობელთან.

 

სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას სარჩელის სამართლებრივ დასაბუთებესთან დაკავშირებით (უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების დაბრუნება) , სასამართლო მოსარცელის ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდება შემდგომში. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის დღემდე გრძელდება სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედება. მოსარჩელე კ-------------–---ს ჯერ თავად არ შეუსრულებია ვალდებულება, კერძოდ მ------------------თვის სესხის სახით აღებული თანხა 550 აშშ დოლარი დღემდე არ დაუბრუნებია, შესაბამისად სესხის თანხის დაბრუნებამდე მ. ხ----------- არის მართლზომიერი მფლობელი და მოპასუხეს უფლება აქვს იცხოვროს მოსარჩელე კ---- ა-------–--ის კუთვნილ ბინაში. ამდენად, მოპასუხე პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) და დღემდე ფლობს შესაბამისი იურიდიული საფუძვლი, შესაბამისად, სახეზე არ არის მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კ-------------–--- გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები პირი, შესაბამისად, საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ ყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

კონკრეტულ შემთვევაში საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ---- ა-------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი