გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
130210015001198984
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-484-18

(130210015001198984)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე - ქ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობა,წარმომადგენელი - ი--------–-ძე, ნ---------------------–--ლი

მოპასუხე - შპს ,,ი----------------სი”

მოპასუხის წარმომადგენელი - კ--------------–-----–-ძე, გ----------–----ია

დავის საგანი: მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ქ-----–ის მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზაციისათვის ჩარიცხული თანხის 11 700 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის ეკვივალენტის ლარებში 23 568 ლარის დაბრუნება.

ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ქ-----–ის მუნიციპალიტეტისათვის შპს "ი----------------სის" მიერ მიყენებული ზარალის ანაზრაურება, რაც შეადგენს დაზუსტებული სარჩელით 28500 ლარს;

ქ-----–ის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ შპს "ი----------------სს" დაეკისროს პირგასამტეხლო 23 568 ლარის30%, რაც შეადგენს 7 070 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტება:

ქ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს "ი----------------სს" შორის 2015 წლის 21 იანვარს გაფორმდა N9 ხელშეკრულება. მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გრეიდერის GR-135-ის შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 11 700 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის ეკვივალენტს ლარში - 23 568 ლარს. ვადა განისაზღვრა 2015 წლის 28 იანვრიდან 2015 წლის 8 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად, "მიმწოდებელი იძლეოდა გარანტიას 6 თვის განმავლობაში გამოვლენილი დეფექტი აღმოეფხვრა საკუთარი სახსრებით და შესყიდვის ობიექტის ხარისხი უპასუხებდა ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებდა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს".

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად თანხა - 11 700 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის ეკვივალენტი ლარში ჩაერიცხა ავანსად შპს "ი----------------სს", რათა სამუშაოები დროულად შესრულებულიყო, თუმცა ვალდებულება განხორციელდა 69 დღის დაგვიანებით. გაფორმდა საბოლოოდ მიღება-ჩაბარების აქტი. გრეიდერს არ უმუშავია და ერთ კვირაში გამოვიდა მწყობრიდან. ადგილზე შემოწმებული იქნა გრეიდერი, დაიშალა და მოხდა ახლად შეცვლილი გადაცემათა კოლოფის მოხსნა და წაღება შესაკეთებლად, რომელიც რამოდენიმე თვის განმავლობაში არ დაუბრუნებიათ და მოსარჩელის არაერთი მიმართვის შემდეგ მხოლოდ 2015 წლის ნოემბრის თვეში მოხდა მექანიკოსების მიერ გადაცემათა კოლოფის ჩამოტანა და დაყენება ტრაქტორზე. მოხდა გრეიდერის შემოწმება, რომელიც კვლავ იგივე მდგომარეობაში იყო და არ მუშაობდა. 2015 წლის 21 იანვრის N9 ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტის წინაშე აღებული ვალდებულება არ არის შესრულებული, მითითებულის გამო მოსარჩელე ითხოვს მათ მიერ გადახდილი თანხის დაბრუნებას და ზიანის სრულად ანაზღაურებას, რაც მუნიციპალიტეტს მიადგა შემსრულებლის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულებების გამო. მთელი წლის განმავლობაში ის სამუშაოები, რაც საკუთარ გრეიდერს უნდა გაეკეთებინა მუნიციპალიტეტში შიდა გზების მოწესრიგების მხრივ, რომელიც არაერთ სოფელს და დასახლებას მოიცავდა - მუნიციპალიტეტი იძულებული იყო თანხა გადაეხადა და სხვა ორგანიზაციისაგან შეესყიდა მომსახურება შიდა გზების მოწესრიგების თაობაზე რამაც შეადგინა 28500 ლარი რაც შეადგენს მიყენებული ზიანის ოდენობას. შპს "ი----------------სმა" არ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და გარანტიის პერიოდში არ შეაკეთა გრეიდერი, ასევე დაარღვია შესრულების მიწოდების ვადა, კერძოდ გრეიდერის გადაცემათა კოლოფი (რომელიც შემდგომში აღმოჩნდა ნაკლის მქონე) ნაცვლად 2015 წლის 8 აპრილისა მიაწოდა 2015 წლის 17 ივნისსს, როდესაც შედგა მიღება- ჩაბარების აქტი, რის გამოც ხელშეკრულების 9,6 მუხლის თანახმად მოსარჩელე ითხოვს შეუსრულებელი სამუშაოს 30% -ის ( 23568 ლარის 30% ის) 7070 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას.

მისივე განმარტებით საქმეზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გრეიდერის გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზია უხარისხო ზეთის გამოყენება, რამაც ფრიქციების დაზიანება გამოიწვია, ზეთის კოლოფში ჩასხმა მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა, რითაც მოპასუხის ბრალეულობა დადასტურებულად მიაჩნია

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას. შპს "ი----------------სმა" შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად იმაზე უფრო მეტი ოდენობით და მაღალი პასუხისმგებლობით ვიდრე ხელშეკრულებაშია. ხელშეკრულება გაფორმებულია 2015 წლის 21 იანვარს. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას 6 თვის განმავლობაში გამოვლენილ დეფექტს აღმოფხვრის საკუთარი სახსრებით და შესყიდვის ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს. ანუ ცალსახაა, რომ 6 თვიანი გარანტია რცელდებოდა 2015 წლის 21 იანვრიდან 21 ივლისამდე. მიმწოდებელს მოცემული ვადების განმავლობაში არ წარდგენია პრეტენზია, ხოლო მის ქმედებას შემდგომ მეორე სიჩქარის კოლოფის მიწოდებაზე მხოლოდ და მხოლოდ ნაკარნახევი იყო საჯარო ინტერესით და საზოგადოებრივი მაღალი მორალით, სხვა შემთხვევაში არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა მისი შესრულების. 2015 წლის ნოემბრის თვეში მიწოდებულ იქნა ახალი სიჩქარის კოლოფი თუმცა ვერ გაუწიეს ადეკვატური ექსპლუატაცია და გამოიყვანეს მწყობრიდან ტექნიკა. ამით დაზარალდა მოსახლეობა და ცდილობენ მიმწოდებელს უსაფუძლო და არარსებული თანხები დააკისრონ.

მოპასუხე ასევე უთითებს, რომ სახეზე არ არის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და შესაბამისად, გაუგებარია თუ საიდან არის ზიანი წარმოშობილი. თანხის 28500 ლარის დაკისრება წარმოადგენს მოსარჩელე მხარის სურვილს უფრო ვიდრე სამართლებრივ დასაბუთებას გამყარებულს ფაქტობრივი გარემოებებით. არ არის დასაბუთებული ზიანის წარმოშობა, ზიანის მახასიათებელი ნიშნები, თანხის დათვლის ცხრილი, რომელიც მნიშვნელოვანია მომავალში დასაბუთებული და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად. ზიანის არსებობისათვის მნიშვნელოვანია სამი კრიტერიუმის არსებობა, რომელიც არის ზიანი, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი. მითითებული ნიშნების არსებობის შემთხვევაში ზიანი არ არის სახეზე. მოპასუხე ასევე უთითებს, რომ 2015 წლის 21 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 23 568 ლარის 0.30%-ის დაკისრებას, რაც გაანგარიშებით შეადგენს 7070 ლარს არის სრულიად უსაფუძვლო, რადგანაც ხელშეკრულების 9.1, 9.3, 9.4 და 9.6 პუნქტები თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ასევე შინაარსით, რომელიც სხვადასხვა სანქციებს ითვალისწინებს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების დროს, ასევე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა სახეზე არ არის, პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არის აბსურდული, რადგანაც ასტრონომიული და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს მოპასუხე მხარისათვის დაკისრების მცდელობასთან გვაქვს საქმე. ხელშეკრულება გაფორმებულია 2015 წლის 21 იანვარს, ხელშეკრულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას 6 თვის განმავლობაში გამოვლენილ დეფექტს აღმოფხვრის საკუთარი სახსრებით და შესყიდვის ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს. ანუ ცალსახაა, რომ 6 თვიანი გარანტია ვრცელდებოდა 2015 წლის 21 იანვრიდან 21 ივლისამდე. მიმწოდებელს მოცემული ვადების განმავლობაში არ წარდგენია პრეტენზია, ხოლო მის ქმედებას შემდგომ მეორე სიჩქარის კოლოფის მიწოდებაზე მხოლოდ და მხოლოდ ნაკარნახევი იყო საჯარო ინტერესით და საზოგადოებრივი მარალი მორალით, სხვა შემთხვევაში არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა მისი შესრულების.

მისივე განმარტებით საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზით გადაცემათა კოლფის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი უდაოდ დადგენილი არ არის, სესაბამისად მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის შესაბამისად არც პასუხისმგებლობის საფუძველიც არ არსებობს.

არ არის გამორიცხილი მოსარჩელის მიერ გრეიდერის ექსპლოატაციის წესების დარღვევაც, რამაც გამოიწვია მისი დაზიანება.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 21 იანვარს მოსაჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ-----–ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ქ-----–ის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გრეიდერის GR-135-ის შეკეთების მომსახურეობის შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 11 700 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის ეკვივალენტი ლარებში მიწოდების ვადა დანისაზღვრა 28 იანვრიდან 2015 წლის 08 აპრილის ჩათვლით.

 

მტკიცებულება - 2015 წლის 21 იანვარს გაფომებული ხელშეკრულება.

 

3.1.2 2015 წლის 24 აპრილს ქ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა შპს "ი----------------სის" ხელმძღვანელმა და ითხოვა არ შემწყდარიყო ხელშეკრულება, რადგან მიწოდების დაგვიანება გამოწვეული იყი გადამზიდავის ბრალით და თანახმა იყო გადაეხადა პირგასამტეხლო ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულების 9,5 მუხლის შესაბამისად.

მტკიცებულებები - მიმართვა - ს.ფ. 81

 

3.2. 2015 წლის 21 ივლისს ქ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წერილით მიმართა შპს "ი----------------სს" ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად საგარანტიო ვადაში დეფექტის აღმოფხვრის მოთხოვნით.

მტკიცებულება - 2015 წლის 21 ივლისის 1337 წერილი. - ს.ფ 22

სდააო ფაქტობრივი გარემოება.

 

3.2. 2015 წლის 17 ივნისს მხართა შორის გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება შესრულებულად ჩაითვალა და მოპასუხემ იკისრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს 2421,9 $ -ის გადახდა.

 

მტკიცებულება - 2017 წლის 17 ივნისის მიღება- ჩაბარების აქტი #28 - ს.ფ 83.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს, როგორც ზიანის, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილი თანხის გადახდა, ხოლო გადახდილი თანხის დაბრუნების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361 629-ე, 639, 641, 653, 361-ე, 400, 417 - 420 ე მუხლები ;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

361-1 მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს მიწოდების ვადაში მიმწოდებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

639. მუხლის თანახმად

თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

 

641. მუხლის თანახმად

1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

 

642. მუხლის თანახმად

1. თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.

2. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს.

3. თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება.

 

მუხლი 653. საგარანტიო ვადა

თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა,მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.

 

პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილების შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. (იხ. ხელშეკრულების 9.1-9.6 მუხლები)

 

მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ფაქტს, შესრულების ვადის გადაცილებას. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, 2015 წლის 08 აპრილამდე დადგენილ ვადაში რაც შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოს შეუსრულებლობისათვის მისი ღირებულების გარკვეული %-ის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2015 წლის 17 ივნისის მიღება ჩაბარების აქტით მოპასუხემ აღიარა პირგასამტეხლოს 2421.90 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, რის გამოც ხელშეკრულების 9.5 მუხლის თანახმად მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ამ ოდენობით.

 

პირგასამტეხლო მხარეს ეკისრება ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, არაჯეროვანი შესრულება ნიშნავს შესრულებას ხელშეკრულების პირობების და ვადის დარღვევით.

სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ მოსარჩელეს ჩაბარდა ნივთობრივად ნაკლის მქონე ნივთი, რის გამოც მოსარჩელემ, რომელმაც მიიღო ნაკლის მქონე ნივთი მის მიერ გადახდილი ღირებულება არ აუნაზრაურდება, მან შეიძლება მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება და ზიანის ანაზღაურება.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

პირგასამტეხლო გამომდინარეობს შესრულების ვადის გადაცილებიდან, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტით №28 შედგენილ 2015 წლის 17 ივნისის და მოპასუხის 2015 წლის 29 აპრილის წერილით, რაც შეადგენს 2421.9 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარს ლარებში 5933.9 ლარს.

ვერ იქნება გაზიარებული. მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების 9.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მთლიანი ღირებულების 30%-ის 7070 ლარის დაკისრების შესახებ, რადგან როგორც დადგინდა მიღება-ჩაბარების აქტით ხელშეკრულება შესრულდა დაგვიანებით და აღმოჩნდა ნაკლის მქონე.

 

მიყენებული ზიანის ოდენობა დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხელშეკრულებებით და თანხების გადახდის ქვითრებით, რაც შეადგენს 28 500 ლარს, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ საგარანტიო ვადა აითვლება ხელშეკრულების დადების მომენტიდან 2015 წლის 21 იანვრიდან, რადგან ასეთი განმარტება უსაფუძვლოა და ეს ვადა უნდა აითვალოს შესრულებული სამუშაოს მიღების თარიღიდან 2015 წლის 17 ივნისიდან, ვინაიდან შესრულების მიღებამდე ნაკლის გამოსწორებას მოსარჩელე ვერ მოითხოვდა ასეთის შეუძლებლობის გამო.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ გრეიდერის გადაცემათა კოლოფის ახლით შეცვლა მოხდა საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ 2015 წლის 20 ნოემბერს და, რომ ეს იყო გამოწვეული საჯარო ინტერესით და კეთილი ნებით, რადგან საგარანტიო ვადის ათვლა დაიწყო სამუშაოს შესრულების მიღების დღიდან 2015 წლის 17 ივნისიდან და 20 ნოემბრისათვის 6 თვიანი ვადა არ იყო გასული,ამასთან ს.კ 361-1 მუხლის თანახმად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ფაქტობრივად ქმედებით აღიარა და დავას არ იწვევს.

სასამართლო ამასთან იზიარებს მოსარჩელის განმარტებას გრეიდერის გადაცემათა კოლოფის დაზიანების მიზეზების შესახებ შესახებ, რომ დაზინება გამოწვეულია უხარისხო ზეთით, რამაც გამოიწვია კოლოფის ფრიქციების დაზიანება, რომელიც ეყრდნობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნით მართალია ვერ იქნა დადგენილი გამოყენებული ზეთის ხარისხი, მაგრამ სხვა მიზეზი გადაცემათა კოლოფის ფრიქციების დაზიანებისა, კერძოდ გრეიდერის ექსპლოატაციის წესების რაიმე დარღვევა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიერ დადასტურებულ ვერ იქნა და არც ზემოაღნიშნულ ექსპარტიზის დასკვნაშიც არ ფიქსირდება არასწორი ექსპლოატაციის წესების დარღვევა გრეიდერის გადაცემათა კოლოფის დაზიანების მიზეზად. (იხ დასკვნა)

ამდენად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიენებული ზიანის თანხა 28500 ლარი და 2421.90 ამერიკული დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში დღეის მდგომარეობით მოქმედი კურსით -( 1 აშშ დოლარი 2.45 -ზე )შეადგენს 5933.90 ლარს

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს დაკისრებული თანხის 34 433.90 ლარის 3% - 1033.00 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. ქ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე შპს "ი----------------სს" ქ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის - 28 500 ლარის და პირგასამტეხლოს 5933.90 ლარის -სულ 34 433.90 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე შპს "ი----------------სს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1033.00 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თეიმურაზ ფარეიშვილი