გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
130210017002224277
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-925-17

(130210017002224277)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

მოსარჩელე - ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ი--------–-ძე, გ--------–-ძე

მოპასუხე - ინდივიდუალური მეწარმე "გ---------ძე"

მოპასუხის წარმომადგენელი - ლ---------–---–ია

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე გ---------ძეს დაეკისროს ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ, მხარეთა შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული N1-- ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით პირგასამტეხლო - 11 340 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტება:

ქ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ინდივიდუალურ მეწარმე გ---------ძეს შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული იქნა N1-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად, გათვალისწინებული იყო სოფლებში ც-------სი, ა---ო, კ----ა, ს-–----რი - მოსაწყობი ჭაბურღილების, სადაწნეო მილსადენების და წყალმომარაგების ქსელების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და გეოლოგიური კვლევების დეტალური საინჟინრო პროექტის მომზადება. სახელშეკრულებო თანხით 9450 ლარი.

ხელშეკრულების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარდგენილიყო არაუგვიანეს 2016 წლის 20 დეკემბრისა.

ქ-----–ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესრულებული სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღებმა კომისიამ განიხილა ინდ. მეწარმე გ---------ძის მიერ წარდგენილი წერილები თანდართული საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილით.

სამუშაოების შესრულების ინსპექტირების აქტიდან ირკვეოდა, რომ სამუშაოები არ იყო დასრულებული და ამასთან არ იყო წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები. ამასთანავე არაერთი წერილობითი და სიტყვიერი შეტყობინებით იქნა გაფრთხილებული ინდ. მეწარმე გ---------ძე, რათა სამუშაოების დასრულება მომხდარიყო დროულად და ხარისხის დაცვით. არ იქნა წარდგენილი გეოლოგიური კვლევები და საექსპერტო დასკვნები, ამასთანავე პროექტები შეიცავდა ხარვეზებს, რომლის გასწორებაც ეთხოვა მიმწოდებელს. მიუხედავად აღნიშნული გაფრთხილებებისა ინდ. მეწარმე გ---------ძის მიერ არ მომხდარა ხარვეზების გასწორება, არ მოხდა გეოლოგიური კვლევების წარმოდგენა. შესწავლილი იქნა წარდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და დადგინდა, რომ წარმოდგენილი პროექტები და ხარჯთაღრიცხვები იყო სრულყოფილად წარმოდგენილი და შეუსაბამობაა მათ შორის. წარდგენილი არ არის სოფლის ტერიტორიის, ქუჩების დეტალური ტოპო გადაღება, გაურკვეველია ჭაბურღილებისათვის ენერგიის მიწოდების სქემები, ჭაბურღილებისა და რეზერვუარების შემოღობვის სქემები, შეუსაბამობაა პროექტში მოცემული წყალმზომი კვანძის სპეციფიკიაციასა და ხარჯთაღრიცხვაში მოცემულ წყალმზომს შორის. გაურკვეველია ვინ ადასტურებს ჰიდროგეოლოგიური კვლევის შედეგებს.

სოფელ ც-------სში, სოფელ ა---ოში, სოფელ კ----აში და სოფელ ს-–----რში არ იქნა მიღებული მოსაწყობი ჭაბურღილების, სადაწნეო მილსადენების და წყალმომარაგების ქსელების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და გეოლოგიური კვლევების დეტალური საინჟინრო პროექტის მომზადების სამუშაოები, ჰიდროლოგიური დასკვნა არ იყო ხელმოწერილი.

პროექტების ნაწილზე მითითებული იყო სხვა- გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების დასახელებები, რაც კოპირებაზე მიუთითებდა, პროექტები და ხარჯთაღრიცხვები არ იყო ცალ-ლალკე სოფლების მიხედვით წარმოდგენილი, ასევე ელ. მომარაგების ხაზები პროექტის მიხედვით გადიოდა კერძო პირების ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც უნდა მომხდარიყო ახლომდებარე ტრანსფორმატორებიდან ელ. ენერგიის მიწოდება, განათების ბოძები არ იყო შეკვეთილი, რისთვისაც არ იყო საჭირო ახალი, კიოსკების და ხაზების მშენებლობა. მიუხედავად მიცემული შენიშვნებისა ხარვეზები არ იქნა გამოსწორებული

აღნიშნული პროექტებით და ხარჯთაღრიცხვებით შეუძლებელი იყო პროექტის განხორციელება, რის გამოც იგი გამგეობიოს მიერ არ იქნა მიღებული და 2017 წლის 14 თებერვლის დასკვნით ი/მ გ---------ძეს წერილობით ეცნობა უარი პროექტის მიღებაზე

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს ინდ.მეწარმე გ---------ძეს დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - 9450 ლარის - შეუსრულებელი ნაწილის - 120%-ის გადახდა , რომელმაც შეადგინა 11 340 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ დაურღვევია ხელშეკრულების 13.1 მუხლით დადგენილი 2016 წლის 20 დეკემბრის ვადა და 2016 წლის 12 დეკემბერს წარმოადგინა პროექტი საექსპერტო დასკვნასთან ერთად. აღნიშნული პროექტი და დასკვნა დაწუნებულ იქნა ქ-----–ის მუნიციპალიტეტის მიერ იმ მიზეზით, რომ იგი იყო ერთ ტომად შედგენილი და არ იყო დაშლილი 4 დამოუკიდებელ ტომად, თითოეული სოფლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამგვარ ვალდებულებას საერთოდ არ ითვალისწინებდა, ქ-----–ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ზეპირსიტყვიერად სთხოვეს მოპასუხეს, რომ პროექტი დაეშალა 4 დამოუკიდებელ ტომად. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება მოპასუხეს არ ჰქონდა, მჭიდრო/კეთილსინდისიერი თანამშრომლობის ფარგლებში ინდ. მეწარმე გ---------ძემ გასწია საკმაოდ შრომატევადი სამუშაო, დაფარა მნიშვნელოვნად გაზრდილი საექსპერტო ხარჯები და განახლებული, 4 ტომად დაშლილი პროექტი, საექსპერტო დასკვნებითურთ წარადგინა მხოლოდ 10 დღის ვადაგადაცილებით 2016 წლის 30 დეკემბერს. საექსპერტო დასკვნებიდან, რომელიც გაცემულია აკრედიტირებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსპექტირების ორგანოს მიერ, ნათლად/ცალსახად დასტურდება, რომ საბოლოო პროექტები "შედგენილია მოქმედი სტანდარტების შესაბამისად", "ხარვეზების გარეშე", "მათ მიეცათ დადებითი დასკვნა" და "ისინი შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად". გარდა ამისა 2017 წლის იანვრის პირველ ნახევარში , გამგეობის მიერ პროექტის განხილვის პროცესში ეტაპობრივად ყველა მათ მიერ წარდგენილ შენიშვნებზე მოპასუხის მიერ პროექტში შეტანილი იქნა სათანადო არარსებითი/ტექნიკური ხასიათის ცვლილებები და დამატებები, ასევე ზოგიერთ შენიშვნაზე გამგეობას მიეცა სიტყვიერი, დეტალური განმარტებები. ამის შემდგომ, თვენახევრის განმავლობაში, მოპასუხეს გამგეობიდან არავინ არ დაკავშირებია და არც რაიმე გაფრთხილება ან შენიშვნა მიუღია/ჩაუბარებია პროექტთან დაკავშირებით, იმ პირობებში, რომ იგი მუდმივად გამოთქვამდა მზაობას თანამშრომლობაზე. მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, მათ შორის წარდგენილი მოცულობითი პროექტებისა და დადებითი საექსპერტო დასკვნებისა, მოპასუხეს სრულიად მოულოდნელად ეცნობა, რომ მის მიერ დარღვეული იყო ხელშეკრულება, მისი პროექტები შეიცავდა ხარვეზებს, რომელთა კონკრეტული შინაარსიც ბუნდოვანია და მას უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 11 340 ლარს და იგი გამოთვლილი იყო როგორც "ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის", 9 450 ლარის 120%. ასეთი ოდენობის პირგასამტეხლოს მოთხოვნით, მოსარჩელე ფაქტობრივად მიუთითებდა, რომ მოპასუხის მიერ საერთოდ არ შესრულებულა ვალდებულება, რაც წარმოდგენილიპროექტებისა და დადებითი საექსპერტო დასკვნების ფონზე, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებაა. მოპასუხე ასევე უთითებს, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არაპროპორციულია.

მოპასუხეს შეიძლებოდა 10 დღის ვადაგადაცილების გამო მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან მოპასუხემ პროექტები ფაქტობრივად წარადგინა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 31 ოქტომბერს მოსაჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება

 

მტკიცებულება - 2016 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქ-----–ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეშესრულებული სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისიის დასკვნა N3.

 

მტკიცებულება - 2017 წლის 14 თებერვლის დასკვნა N3.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას რომ მან სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს შეუსრულებელი სამუშაოების - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 9 450 ლარის 20% - 1890 ლარი

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კ----ექსის 316-317-ე, 629-ე, 361-ე, 400, 417- 420 - ე მუხლები ;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კ----ექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კ----ექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კ----ექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კ----ექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კ----ექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ მოპასუხის მიერ საპროექტო-სახარჯათაღრიცხვო დოკუმენტები შედგენილ იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი გამოყენება.

 

ხელშეკრულების 9.6. მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო განისაზღვრება შეუსრულებელი სამუშაოების ნაწილის 120 %-ით.

 

სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული 120% შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს სსკ 420-ე მუხლის თანახმად, 20%-მდე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 9 450 ლარის 20% - 1890 ლარი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს მიწოდების ვადაში მიმწოდებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

 

6.2. სამოქალაქო კ----ექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. იმავე კ----ექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის გადაცილების შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, და არა შესრულების ვადის გადაცილებას. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა., რაც შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოს შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

პირგასამტეხლო მხარეს ეკისრება ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, არაჯეროვანი შესრულება ნიშნავს შესრულებას ხელშეკრულების პირობების და ვადის დარღვევით.

 

დადასტურებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხლშეკრულების- ვალდებულების- შეუსრულებლობას, რის გამოც ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება უსაფუძვლოა.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კ----ექსის 420 მუხლის თანახმად თვლის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - შეუსრულებელი სამუშაოების 120% აშკარად შეუსაბამოა, იგი იწვევს მოსარჩელის აშკარა გამდიდრებას, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 9540 ლარის 20% - 1850 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კ----ექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს დაკისრებული თანხის 1890 ლარის 3% - 56.70 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კ----ექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე გ---------ძეს მოსარჩელე ქ-----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს 1890 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე გ---------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 56.70 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ ფარეიშვილი