გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2018
საქმის ნომერი
160210118002376568
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/376-18.

№16021011800--76568

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 ივლისი, 2018 წელი ქ.ბოლნისი

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე

 

მოსარჩელე - ქა------------ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - დი----------–--–-–---–ი

მოპასუხე - ლე--–-------–ანი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ანა------------ი

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 2 თებერვალს ქა------------ის წარმომადგენელს და ლე--–-------–ანს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში მითითებული მიწის ნაკვეთები (ს/კ 8-.12.33.0--) და (ს/კ 8-.21.31.0--) აღირიცხოს ქა------------ის სახელზე.

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

 

ქა------------ს საკუთრებაში ჰქონდა ორი მიწის ნაკვეთი, პირველი (ს/კ 8-.12.33.0--) დაზუსტებული ფართობით 267015 კვ.მ და მეორე (ს/კ 8-.21.31.0--), 130001 კვ.მ. მას სურდა ორივე მიწის ნაკვეთის გაყიდვა, მოსარჩელე მოურიგდა ლე--–------–---ს ორივე მიწის ნაკვეთის მიყიდვაზე, მას თითოეულ ჰექტარში უნდა გადაეხადა 5000 ლარი. ერთი ნაკვეთი (ს/კ 8-.21.31.0--), 130001 კვ.მ. ლე--–-------–ანს მოსარჩელემ გაუფორმა 2018 წლის 2 თებერვალს, სანოტარო წესით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 9000 ლარად, რადგან ლე--–-------–ანი შეპირდა, რომ ორივე ნაკვეთის სრულ ღირებულებას გადაიხდიდა მეორე ნაკვეთის შეძენისას, თუმცა მოპასუხემ მოატყუა ქა------------ი აღარ შეიძინა მეორე მიწის ნაკვეთი და არც გაფორმებული მიწის ნაკვეთის ღირებულება გადაიხადა სრულად, რაც შეადგენდა 65 000 ლარს.

 

1.2. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა თავისი მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები და მიუთითა, რომ ლე--–-------–ანმა 2018 წლის 2 თებერვალის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ შეიძინა ორივე მიწის ნაკვეთი, ქა------------მა თავის მინდობილ პირს, მიანიჭა მხოლოდ ერთი ნაკვეთის გაყიდვის უფლებამოსილება, რაშიც უნდა გადახდილიყო 65 000 ლარი, თუმცა ლე--–-------–ანმა გადაიხადა მხოლოდ 9000 ლარი, ნასყიდობის ხელშეკრულება არის მოტყუებით დადებული გარიგება, ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის საფასური ბევრად ნაკლებია ორივე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე. ამდენად, 2018 წლის 2 თებერვლის ხელშეკრულება ბათილად უნდა იყოს ცნობილი და სადავო მიწის ნაკვეთები უნდა აღირიცხოს ქა------------ის სახელზე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტებისას და პაექრობისას მიუთითა ისეთ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელზედაც არაფერი იყო თქმული, არც სარჩელში და ასევე არც მოსამზადებელ სხდომაზე. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოება, რომ დარღვეულია სანოტარო მოქმედებათა შესახებ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნა, წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის განცხადებაც მხარეს შეეძლო საქმის მომზადების სტადიაზე. ამდენად, ამ ეტაპზე არ არსებობს ახალი ფაქტების მიღების სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქედან, რომ სახეზე არ არის სასამართლოში საქმის მომზადებისას მათი მიუთითებლობის საპატიო მიზეზი. სასამართლო განუმარტავს მოპასუხეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სარჩელისაგან თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებად ადგენს შესაგებელს და 201-ე მუხლი განსაზღრავს მის შინაარსობრივ მხარეს, თავის მხრივ, იმპერატიულადაა დადგენილი, რომ საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა დაცვითი პოზიციები სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებებით უნდა შემოიფარგლოს, გამონაკლისს წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან იმგვარი ფაქტის მიღება, რომლის მითითებაც საქმის მომზადების ეტაპზე მხარეს ობიექტურად არ შეეძლო (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219- მუხლი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია ლე--–-------–ანსა და ქა------------ის მინდობილ პირს შორის, ხელშეკრულებაში მითითებულია ხელშეკრულების საგანი, ორი მიწის ნაკვეთი, პირველი (ს/კ 8-.12.33.0--) დაზუსტებული ფართობით 267015 კვ.მ და მეორე (ს/კ 8-.21.31.0--), ფართობით 130001 კვ.მ. მოცემული მიწის ნაკვეთების საფასური ასახული იქნა ხელშეკრულებაში და შეადგენდა 9000 ლარს. აღნიშნული თანხა ლე--–-------–ანის მიერ იმავე დღეს იქნა გადახდილი, შესაბამისად, თე-----–--როს რაიონის სოფელ დ------–ი მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ 8-.12.33.0--) და ქალაქი თე-----–--რო კონტურ ,,არ------–ი’’ მდებარე მიწის ნაკვეთი( ს/კ (ს/კ 8-.21.31.0--) საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ლე--–-------–ანის სახელზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 2 თებერვალს, ქა------------ის წარმომადგენელმა ზი---------------მა, (ნოტარიუს ნ---------–-----ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე) ლე--–-------–ანს მიყიდა ქა------------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, რაიონი თე-----–--რო, სოფელი დ------- (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 8-.12.33.0--) დაზუსტებული ფართობით 203 247.00 კვ.მ და ქალაქი თე-----–--რო, კონტური ,,ა--------ი’’, (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 8-.21.31.0--), დაზუსტებული ფართობი 130 00.00 კვ.მ. ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 9000 (ცხრა ათასი) ლარით. ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუს ნინო ღუდუშაურის მიერ. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 2 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20)

 

3.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქალაქი თე-----–--რო კონტური ,,ა--------ი’’ მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ 8-.21.31.0--) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ლე--–-------–ანის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 16-17)

 

3.2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ე.ი. გარიგების დადების დროს ყველა ან ერთ-ერთი პირობა ცდომილებაში განზრახ შეყვანითაა მიღწეული. ასეთ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მხარემ გარიგების დადების ნება გამოხატა, მაგრამ ნების გამოვლენის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ მის გამოვლენას მოტყუება უძღვის წინ. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს.

 

სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელით, მასზე დართული მტკიცებულებებით, ასევე ახსნა-განმარტებისას ვერ დაადასტურა და ვერ მიუთითა, რომ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების გაფორმებისას ადგილი ჰქონდა ამ ხელშეკრულების მონაწილეთა მხრიდან გარიგების მოტყუებით და გავლენის ბოროტად გამოყენების დადების ფაქტს. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, მათ შორის ხელშეკრულებაში მითითებულ ფასსა და მის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ ფასებს შორის სხვაობასთან დაკავშირებით, გარიგების მოტყუებით დადებულად მიჩნევის დასადასტურებლად ვერ გამოდგება. მტკიცება, რომ სადავო უძრავ ქონებას მოსარჩელე არ გაყიდიდა ხელშეკრულებაში მითითებულ ფასად არ არის სარწმუნო, რადგან მას ქონების ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფასი შესაძლებელია განსხვავდებოდეს ქონების რეალური საბაზრო ღირებულებისგან, მაგრამ აღნიშნული წარმოადგენს შეთანხმებას მხარეთა ნებიდან გამომდინარე. მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასზედაც. შესაბამისად, ფასთა შორის სხვაობა ვერ იქნება სადავო გარემოების დამადასტურებელი. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ხელშეკრულების ორივე მხარის მონაწილეობით იქნა შედგენილი ხელშეკრულების ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ხელშეკრულებაზე დაფიქსირებული ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ. აქვე სასამართლოს სურს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ მხარეს სარჩელი არ მოუთხოვია ქა------------ის მიერ მის წარმომადგენელ ზი---------------ზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქმის შინაარსიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ დავაში უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შეფასება იურიდიული მართებულობის გადასაწყვეტად. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების აღიარებით ვლინდება. სამოქალაქო-სამართლებრივი დავა მხოლოდ მხარის მოთხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე წარმოებს, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე თვითონ არის პასუხისმგებელი თავის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე. სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს (კვალიფიკაცია), იგი არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული მხარეთა მითითებებზე. სწორედ ამიტომ, მოთხოვნის არსიდან გამომდინარე სასამართლო განსაზღვრავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებები დგინდება მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციების ფარგლებში და რა არის სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს - მოტყუება. მოსარჩელის განმარტებით, მას მიწის ნაკვეთების 9000 ლარად გასხვისების სურვილი არ ჰქონია.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ბათილობის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-88-ე მუხლებით. აღნიშნული მუხლების შესაბამისად, გარიგება შესაძლებელია შეცილებულ იქნეს, თუ იგი დადებულია შეცდომით, მოტყუებით, იძულებით, კანონით გასაზღვრული ფორმის დაუცველად ან მხარის მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის გარეშე, ასევე, თუ ეწინააღმდეგება კანონს, ამორალურია, თვალთმაქცური ან მოჩვენებითია.

 

საქმის მასალებით არ დადასტურებულა ის გარემოება, რომ ქა------------ს ზი---------------ისთვის არ მიუნიჭებია თე-----–--როს, სოფელი დ------–ი (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 8-.12.33.0--) დაზუსტებული ფართობით 203 247.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ქალაქი თე-----–--რო, კონტური ,,არ------–ი’’, (მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 8-.21.31.0--), დაზუსტებული ფართობით 130 001 კვ.მ. მდებარე მიწის ნაკვეთის 9000 ლარად გასხვისების უფლება.

 

წინამდებარე ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ორ მიწის ნაკვეთზე, მასში ასახულია ორივე უძრავი ქონების ფასი, ამასთან, რაიმე დათქმა მოპასუხის მიერ დამატებით გარკვეული თანხის გადახდის შესახებ არ არის ასახული, ამდენად მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ, რომ მოპასუხე ლე--–-------–ანი შეიძენდა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთზე და იგი ვალდებული იყო დამატებით 65 000 ლარი გადაეხადა, არ არის გამყარებული მტკიცებულებებით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ კანონი ადგენს წერილობითი ფორმის დაცვის გამოყენების აუცილებლობას, თანახმად ამავე კოდექსის 183-ე მუხლისა. ამ მხრივ უდავოა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი არა უშუალოდ, არამედ, შუამავლის დახმარებით შეთანხმდა მოპასუხეს ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რაც ასახეს კიდევაც წერილობით დოკუმენტში და ეს გარემოება არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს, უფრო მეტიც, იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ წერილობით ფორმირებული ნება ხელმომწერ მხარეთა შეთანხმების ასახვას წარმოადგენს. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულების შეუსაბამობის თაობაზე, ხელშეკრულებაში მითითებულ ფასთან მტკიცების ფაქტთან მიმართებით და განმარტავს, რომ, უძრავი ქონების განკარგვის ხელშეკრულების ფორმიდან გამომდინარე, ფასზე შეთანხმება სწორედ წერილობით უნდა ყოფილიყო ასახული, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ ფასის, ასევე, გარიგების პირობების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ დაძლია.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, გამოდის რომ მხოლოდ მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლის მტკიცებასაც ის შეეცადა მხოლოდ ახსნა-განმარტებით და ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მითითებით, გამოდის, რომ საკმარისი სტანდარტი უნდა იყოს სადავოობის შემთხვევაში კონკრეტული გარიგების გასაბათილებლად. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სადავო საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა გამოიწვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დარღვევას და მოპასუხის ინტერესების უგულებელყოფას. ამდენად, დასკვნა ამგვარია, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურება. მხოლოდ ახსნა-განმარტება და ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მითითება კი არ არის საკმარისი მტკიცებულება სადავო ფაქტების დასადასტურებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი შემდეგი ოდენობით: სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 270 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის გაჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც ლე--–-------–ანს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: თე-----–--რო, კონტური ,,ა--------ი’’, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 8-.21.31.0--. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქა------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 04.04.2018 წლის (№376/უზრ-2018წ.) განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლე--–-------–ანს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: თე-----–--რო, კონტური ,,ა--------ი’’, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 8-.21.31.0--. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი