გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002494611
2/5-- -2018წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 ივლისი 2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე
მოსარჩელე _მ----------------;
მოპასუხე _ი------------------;
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ი------------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ, მათი არასრულწლოვანი შვილების -2----–-–---------–--- დაბადებული გ-------------------- და 2----–-–------------- დაბადებული ი-–-------------- რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისროს თითოეულ ბავშვზე 100 ლარის, სულ 200 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დროიდან, 2018 წლის 14 ივლისიდან.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი, 2----–-–---------–--- დაბადებული გ------------------ და 2----–-–------------- დაბადებული ი-–-------------- 2018 წლის 5 თებერვალს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და მოსარჩელე თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------------ში თავისი მშობლების ოჯახში. მოპასუხე შვილების რჩენა-აღზრდაში მონაწილეობას გარკვეულწილად ღებულობს, თუმცა ეს არაა საკმარისი და მან უნდა აიღოს ფინანსური ვალდებულება შვილების რჩენაზე. თავადაც მუშაობს, მაგრამ მისი შემოსავალი მცირეა, ასევე ფიზიკურად მხოლოდ მასზეა შვილების მოვლისა და აღზრდის ტვირთი და მამამაც უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ დაუსაქმებელია, მის ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობს და მამამისი ხელფასის ნახევარს ბანკიდან აღებული კრედიტის დასაფარავად იხდის, თავად მას რაიმე შემოსავალი არ გააჩნია. ამ ეტაპზე მას შეუძლია თითოეულ ბავშვზე გადაიხადოს ალიმენტის თანხა 50 ლარი, სულ 100 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მ---------------- და ი------------------ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 5 თებერვლიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ 2018 წლის 12 თებერვალს.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, განქორწინების მოწმობას.
3.1.2. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი- 2----–-–---------–--- დაბადებული გ------------------ და 2----–-–------------- დაბადებული ი-–--------------
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, დაბადების მოწმობებს.
3.1.3. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად, დედის მშობლების სახლში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა- განმარტებებს.
3.1.4. უფროსი შვილი გ------------------ საბავშვო ბაღის აღსაზრდელია და 2018 წლის თებერვლიდან დადის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------------ის საბავშვო ბაღში, ხოლო ი-–--ს სახლში უვლის დედა და დედის ოჯახის წევრები.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა- განმარტებებს.
3.1.5. მ---------------- დასაქმებულია, ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს ქ. ქ----------------–-------–-- სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის კათედრაზე ლაბორანტად კვირაში ორი დღით და მისი ხელფასია თვეში 160 ლარი. ასევე, არის ერთ-ერთი კოსმეტიკური ფირმის კოორდინატორი და ორივე სამსახურიდან თვეში სულ მისი შემოსავალია 200 ლარი.
_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა- განმარტებას, ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა-გამარტებას.
3.1.6 ი------------------ თვეში 50-60 ლარის ფარგლებში ღებულობს მონაწილეობას ბაშვების აღზდაში და აწვდის მათ ამ თანხის ღირებულების საჭირო ნივთებს.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა- განმარტებებს.
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. ი------------------ არ არის დასაქმებული და მას რაიმე შემოსავალი არ გააჩნია.
_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა- განმარტებას.
3.2.2. ბავშვების გ------ი და ი-–------------ეების რჩენა-აღზრდის პროცესში მამის ჩართულობა და მონაწილეობა -ყოველთვიურად 50-60 ლარის ოდენობით არ არის საკმარისი ბავშვებისათვის აუცილებელი საჭიროებების მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფისათვის.
_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა- განმარტებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ მ----------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი ყოველთვიურად.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება - არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებულ იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის მოვალეობისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც დასაქმებულია და თვეში აქვს გარკვეული შემოსავალი და შვილებზე ზრუნავს ფიზიკურადაც და მატერიალურადაც.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე არ მუშაობს და მისი შემოსავლები არ დასტურდება, მაგრამ იგი თვეში 50-60 ლარის ფარგლებში ღებულობს შვილების აღზრდაში მონაწილეობას, თუმცა დეგენილია, რომ ბავშვების გ------ი და ი-–------------ეების რჩენა-აღზრდის პროცესში მამის ჩართულობა და მონაწილეობა -ყოველთვიურად 50-60 ლარის ოდენობით არ არის საკმარისი ბავშვებისათვის აუცილებელი საჭიროებების მინიმალურ დონეზე უზრუნველყოფისათვის.
აღნიშნული დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა, თითოეულ ბავშვზე 100 ლარი შეიძლება მიჩნეულ იქნას შვილების რჩენა-აღზრდაში ბავშვთან არმცხოვრები მშობლის მონაწილეობის გონივრულ და სამართლიან ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად. მოპასუხის პრეტენზია კი, რომ მას არ გააჩნია შემოსავალი და შესაბამისად ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე უნდა დაეკისროს 50 ლარი, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, თანხის სიმცირის გამო. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვან შვილები. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მშობლისა და სარჩენი პირის ინტერესების სამართლიანი დაბალანსების იგივე აუცილებლობა გამორიცხავს მოპასუხისათვის თითოეულ ბავშვზე მხოლოდ 50 ლარის დაკისრებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამ შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხაა 2 400 ლარი,.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელემ ნაწილობრივ - თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით ცნო სარჩელი, შესაბამისად ამ ნაწილში იგი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო დანარჩენ ნაწილში მას უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 36 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----------------- (პ/ნ 1----------) სარჩელი ი------------------- (პ/ნ 6----------- მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ი------------------ს (პ/ნ 6----------- მ----------------- (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ მათი არასრულწლოვანი შვილების _2----–-–---------–--- დაბადებული გ-------------------- (პ/ნ 0----------) და 2----–-–------------- დაბადებული ი-–-------------- (პ/ნ 6----------- რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეული ბავშვისათვის 100 (ასი) ლარის, სულ 200 (ორასი ) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დროიდან - 2018 წლის 14 ივნისიდან, მათ სრულწლოვანებამდე.
3. ი------------------ს (პ/ნ 6----------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 36 (ოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე 3---------
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე