გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.07.2018
საქმის ნომერი
140310018002516706
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
18.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002516706

საქმე № 3/159-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ივლისი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელეები: ტ-------- ს----------ი

წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–ი

 

მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი: თ----- თ------ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ტ-------- ს----------ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (ეს მოთხოვნა მოსარჩელემ დააზუსტა სასამართლო სხდომაზე).

 

1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2017 წლის 26 დეკემბრის № 555192 წერილში მითითებულ, № 6--4--0--1-- საკადასტრო კოდით გ------- ლ---------ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (ჩრდილოეთით) მდებარე 360 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების დავალდებულება.

 

სარჩელის თანახმად, მოსახლეობამ, მათ შორის ტ-------- ს----------მა (პირ. № 5----------) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, 1990-იან წლებში, უნებართვოდ დაიკავა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ე. წ. წ-------–--–ის დაუსახლებელ ადგილზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი, რასაც დღემდე ფლობს; იმავე პერიოდში ააშენა საცხოვრებელი სახლი და დღესაც იქ ცხოვრობს.

 

მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით ამ მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელმაც განცხადება და მასალები გადააგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის კომისიაში, თუმცა განცხადების განხილვისათვის კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც არ მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება, რაც ითვლება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია; სასამართლო სხდომაზე მან სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ კომისიაში წარდგენილია გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი რაოდენობით განცხადება, კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ, და შესაბამისად, ვერ ხერხდება კანონით განსაზღვრულ ვადაში განაცხადებების განხილვა; კომისიამ ვერ შეისწავლა მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი და შემდგომ მათთან გადაგზავნილი მასალები და ვერ გამოიკვლია საქმის გარემოებები კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, და შესაბამისად, ამ ვადის გასვლის გამო ჩაითვალა, რომ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ტ-------- ს----------მა 1990-იან წლებში უნებართვოდ დაიკავა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით № 6--4--0--1-- საკადასტრო კოდით გ------- ლ---------ის (პირ. № 5----------) სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (ჩრდილოეთით) მდებარე 360 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; იმავე პერიოდში ააშენა საცხოვრებელი სახლი, სადაც დღემდე უწყვეტად ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, ე------ კ--–-–---ის, ა-------- შ------–---–ისა და მ----- ს----------ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები.

 

3.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართვით გადაუგზავნა ტ-------- ს----------ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები ამ პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.

 

მტკიცებულება: 2017 წლის 26 დეკემბრის № 555192 მიმართვა.

 

3.2.3. გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილება ტ-------- ს----------ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ არ მიღებულა.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის კომისიის გასაჩივრებული აქტი და დაევალოს მოპასუხეს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ტ-------- ს----------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რამდენადაც კანონმდებლობით აღიარებულია პირის საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ ფართებზე, ხოლო მოპასუხის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა არ აქარწყლებს ამ უფლების აღიარების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 26 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართვით გადაუგზავნა ტ-------- ს----------ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები ამ პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. თუ საკუთრების უფლებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი ვადა, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვით.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კომისია გადაწყვეტილებას იღებს საჯარო რეესტრის სამსახურიდან გადაგზავნილი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის შემთხვევაში, შესაბამისი მასალები კომისიაში გადაგზავნილი იქნა რეესტრის სამსახურის მიერ, კომისია ვალდებული იყო, შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რაც არ მომხდარა.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ კომისიამ ამ კანონით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი არ უზღუდავდა კომისიას შესაძლებლობას, მოსარჩელესთან მიმართებაში თუნდაც ვადის გადაცილებით მიეღო შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ. ეს ჩანაწერი უპირველესად იცავს სწორედ განმცხადებელ მხარეს, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ გაჭიანურდეს მისი საქმის განხილვა-გადაწყვეტა. მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ვადის დარღვევის საფუძვლით მხოლოდ მაშინ შეიძლება რელევანტური გახდეს, თუ ვადის გადაცილებით არსებითად ირღვევა სხვა პირთა, მათ შორის განმცხადებლის უფლება. მით უფრო, ვადის გადაცილება ვერ გახდება რელევანტური განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოცემულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში (შესაძლოა, დაისვას საკითხი ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ).

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხეს რაიმე სახის გადაწყვეტილება არ მიუღია კანონით განსაზღვრულ 10 დღიან ვადაში, რაც ითვლება მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად.

 

ამავე დროს, დადგენილია, რომ კომისიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვადის გაგრძელების შესახებ არ მიუღია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ტ-------- ს----------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე, რამდენადაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი მასალები სრულად აკმაყოფილებდა აღიარებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

იმავე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებული პირია ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;

 

დადგენილია, რომ ტ-------- ს----------მა 1990-იან წლებში უნებართვოდ დაიკავა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით № 6--4--0--1-- საკადასტრო კოდით გ------- ლ---------ის (პირ. № 5----------) სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (ჩრდილოეთით) მდებარე 360 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; იმავე პერიოდში ააშენა საცხოვრებელი სახლი, სადაც დღემდე უწყვეტად ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

 

ასეთ ვითარებაში კი სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კომისიის მიერ დროის უქონლობის გამო ისეთი უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა, რომელიც მოსარჩელეს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული და აღიარებულია თვით სახელმწიფოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, როდესაც პირი სრულად აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, მხოლოდ განსაკუთრებული გარემოების არსებობის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი, უარი ეთქვას მას საკუთრების უფლების რეალიზაციაზე;

 

როგორც აღინიშნა, ტ-------- ს----------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს საკუთრების უფლების აღიარების პირობებს, თვითნებურად დაკავებულ ფართზე მისი საკუთრების უფლება აღიარებულია კანონმდებლობით, მოპასუხის მიერ კი არაარგუმენტირებული და სათანადო მტკიცებულებებით გაუმყარებელი საბაბით დაუსაბუთებლად იზღუდება ამ უფლების რეალიზაცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის სადავო აქტი ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონს, და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით;

 

საქმის მასალების შესწავლით, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლის გაანალიზებით, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ კომისიის მიერ ხელოვნურად, დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ ხდება პირისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა, რაც უსაფუძვლოდ იწვევს ადმინისტრაციული საქმის წარმოების გაჭიანურებას; შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კომისიას უნდა დაევალოს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ აქტის გამოცემა იქიდან გამომდინარე, რომ კომისიის მიერ ვადის გადაცილება არ უზღუდავდა მას შესაძლებლობას, მაინც განეხილა რეესტრის სამსახურიდან გადაგზავნილი მასალები, გამოეკვლია საქმის გარემოებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუკი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნება ცნობილი გასაჩივრებული აქტი და დაუბრუნდება ხელახლა განსახილველად, კომისიამ, შესაძლოა, კვლავ იგივე ხერხითა და გზით - საქმის განხილვის გარეშე - არ დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა. ეს კი უსაფუძვლოდ გააჭიანურებს და დააზიანებს მოსარჩელის ინტერესს.

 

მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და კომისიას პირდაპირ უნდა დაევალოს საკუთრების უფლების აღიარება თვითნებურად დაკავებულ ფართზე, რამდენადაც მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ამ უფლების აღიარებაზე.

 

ამავე დროს, აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონების და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით” განსაზღვრული დებულებებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 800 ლარის გადახდის ქვითარი.

 

აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მის სასარგებლოდ სრულად უნდა გადახდეს გაწეული ხარჯი;

 

ამავე დროს, საადვოკატო მომსახურების ხარჯის 800 ლარით განსაზღვრა, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ტ-------- ს----------ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

1.2. გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ, 2017 წლის 26 დეკემბრის № 155192 მიმართვაში მითითებულ, № 6--4--0--1-- საკადასტრო კოდით გ------- ლ---------ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთის მხრიდან მომიჯნავედ მდებარე 360 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე ტ-------- ს----------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

2. გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 800 (რვაასი) ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის - გადახდეს ტ-------- ს----------ის სასარგებლოდ.

 

3. გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 100 (ასი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით - გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი