გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე080210117002014469
№2/2032-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 ივლისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „ი----ი 2008+“;
წარმომადგენელი - შ-----ნა ს----ელაძე;
მოპასუხე - სს „ქართუ ბანკი“;
წარმომადგენელი - გ---–ა ფ--–-----აშვილი, ნ----- ჩ--ანიძე;
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნოტარიუს ეთერ გზირიშვილის მიერ 2017 წლის 19 მაისს გაცემული №170540380 სააღსრულებო ფურცელი დარიცხული სარგებლის 51973.76 ლარის და პირგასამტეხლოს 69955.79 ლარის ნაწილში ცნობილი იქნას ბათილად.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2010 წლის 27 მაისს შპს „ქართუ ბანკს“ და შპს „ი----ი 2008+“-ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება „ი----ი 2008+36-10“, რომელშიც მოგვიანებით შევიდა ცვლილება. ხელშეკრულებით საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 350 000 აშშ დოლარით. მისი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 19 მარტს სს „ქართუ ბანკს“ და ნ---ო მ------იშვილს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ 2------------ ასევე 2014 წლის 21 მარტს სს „ქართუ ბანკს“ და შპს „ი----ი 2008+“-ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც დაგირავდა შპს „ი----ი 2008+“-ის მოძრავი ნივთები. 2014 წლის 26 მარტს, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ი----ი 2008+“-ზე გაიცა კრედიტი 147 752 აშშ დოლარი. კრედიტის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 27 მაისი. 2017 წლის 19 მაისს ნოტარიუსმა ეთერ გზირიშვილმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მითითებულია შპს „ი----ი 2008+“-ის დავალიანების თანხა 269681.55 აშშ დოლარი, საიდანაც 147752.00 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 51973.76 აშშ დოლარი - სარგებელი, 69 955.79 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. 2017 წლის 20 ივნისს სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება, პირგასამტეხლოს დაემატა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 262.66 აშშ დოლარი, 2017 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. მოსარჩელემ ხელშეკრულების პირობები დაარღვია 2014 წლის 09 ნოემბრიდან, როდესაც შპს „ი----ი 2008+“-ის ტერიტორიაზე მოხდა აფეთქება, რის გამოც დაიღუპა ორი ადამიანი და დაზიანება მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ერთ-ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა, შპს-ს 100% წილის მესაკუთრე ა-------ილ გ-------ძე კი მძიმე მდგომარეობით მოათავსეს რეანიმაციაში, ასევე განადგურდა მოსარჩელის ქონება და შპს „ი----ი 2008+“ აღმოჩნდა ფორსმაჟორულ მდგომარეობაში. ასეთ ვითარებაში მოვალემ არ უნდა აგოს პასუხი, რადგან შექმნილი მდგომარეობის დაძლევა მის შესაძლებლობებს სცილდება. ამასთან, სააღსრულებო ფურცელი, განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად, არღვევს შპს „ი----ი 2008+“-ის უფლებებს, რადგან გაურკვეველია როგორ იანგარიშა კრედიტორმა მოთხოვნილი თანხა.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხემ თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1.დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2010 წლის 27 მაისს შპს „ქართუ ბანკს“ და შპს „ი----ი 2008+“-ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება „ი----ი 2008+36-10“, რომელშიც მოგვიანებით შევიდა ცვლილება. მისი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 19 მარტს სს „ქართუ ბანკს“ და ნ---ო მ------იშვილს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, ს/კ 2------------ ასევე 2014 წლის 21 მარტს სს „ქართუ ბანკს“ და შპს „ი----ი 2008+“-ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს „ი----ი 2008+“-ის მოძრავი ნივთები. 2014 წლის 26 მარტს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და შპს „ი----ი 2008+“-ზე გაიცა კრედიტი 147 752 აშშ დოლარი. კრედიტის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 27 მაისი, სარგებლის ოდენობა - წლიური 15.5%, პირაგასმტეხლო - ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის წლიური 48%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს კრედიტის გაორმაგებული თანხისა.
მტკიცებულება:
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მისი ცვლილება (ს.ფ.25-29).
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.30-34);
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-48);
- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 49-62);
3.2.2. 2017 წლის 19 მაისს ნოტარიუსმა ეთერ გზირიშვილმა გასცა სააღსრულებო ფურცელი №170540380, მოვალე შპს „ი----ი 2008+“-ის მიმართ, სადაც მითითებულია დავალიანების თანხა 269681.55 აშშ დოლარი, საიდანაც 147752.00 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 51973.76 აშშ დოლარი - სარგებელი, 69 955.79 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის და გირავნობის საგნის რეალიზაცია. 2017 წლის 20 ივნისს სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილებება, პირგასამტეხლოს დაემატა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 262.66 აშშ დოლარი, 2017 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
მტკიცებულება:
- 2017 წლის 19 მაისის სააღსრულებო ფურცელი და 2017 წლის 20 ივნისის ცვლილება (იხ. ს.ფ. 16-24);
3.2.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 09 ნოემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევში მდებარე რესტორან „ნ---ახტარის“ ეზოში სადემონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობისას აფეთქდა ჟანგბადის ბალონი, რასაც მოჰყვა ვ-–- პ---–----ნიკოვის და თე------აზ ბ-------ძის გარდაცვალება. ამავე პერიოდში (13.11.2014-დან 17.11.2014-მდე) სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს ა-------ილ გ-------ძე (შპს „ი----ი 2008+“-ის 100% წილის მესაკუთრე), იგი კვლავ მოათავსეს სტაციონარში 2014 წლის 24 ნოემბერს, 25 ნოემბერს გაუკეთეს ოპერაცია და სტაციონარიდან გაწერეს 2014 წლის 03 დეკემბერს. ამ პერიოდში შპს „ი----ი 2008+“-ის დირექტორი იყო თ----- ს------შვილი.
მტკიცებულება:
- სამედიცინო ცნობები და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება (ერთვის დაზუსტებულ სარჩელს);
- კომპაქტ-დისკი (ერთვის დაზუსტებულ სარჩელს);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოსარჩელის ვალდებულებები მოპასუხის წინაშე, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 27 მაისს შპს „ქართუ ბანკს“ და შპს „ი----ი 2008+“-ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება „ი----ი 2008+36-10“, რომელშიც მოგვიანებით შევიდა ცვლილება. საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 350 000 აშშ დოლარით. საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა არაუმეტეს წლიური 24%, აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 19 მარტს სს „ქართუ ბანკს“ და ნ---ო მ------იშვილს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, ს/კ 2------------ ასევე 2014 წლის 21 მარტს სს „ქართუ ბანკს“ და შპს „ი----ი 2008+“-ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს „ი----ი 2008+“-ის მოძრავი ნივთები. 2014 წლის 26 მარტს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის სააფუძველზეც შპს „ი----ი 2008+“-ზე გაიცა კრედიტი 147 752 აშშ დოლარი. კრედიტის დაბრუნების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 27 მაისი, სარგებელი - წლიური 15.5%, პირაგასმტეხლო - ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის წლიური 48%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს კრედიტის გაორმაგებული თანხისა.
წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვერ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2017 წლის 19 მაისს ნოტარიუსმა ეთერ გზირიშვილმა გასცა სააღსრულებო ფურცელი №170540380, მოვალე შპს „ი----ი 2008+“-ის მიმართ, დავალიანების თანხა განსაზღვრულია 269681.55 აშშ დოლარით, საიდანაც 147752.00 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 51973.76 აშშ დოლარი - სარგებელი, 69 955.79 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის და გირავნობის საგნის რეალიზაცია. 2017 წლის 20 ივნისს სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილებება, პირგასამტეხლოს დაემატა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 262.66 აშშ დოლარი, 2017 წლის 18 მაისიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
6.2. მოსარჩელის განმარტებით, მოვალეს არ უნდა დაეკისროს დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან, ვალდებულების შესრულება გამოიწვია ფორსმაჟორულმა მდგომარეობამ, ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა 69 955.79 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია აგრეთვე მოვალისმიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სესხის სახით 2014 წლის 26 მარტს მიღებული აქვს 147 752 აშშ დოლარი, მას ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია 2014 წლის ნოემბრიდან, პირგასამტეხლოს ოდენობაა 69 955.79 აშშ დოლარი გამოთვლილია 2017 წლის 19 მაისამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო პირგასამტეხლოს ოდენობას შეამცირებს 0.07%-მდე, გადასახდელი იქნება დღეში 103.42 აშშ დოლარი, რაც ორ წელიწადზე გათვლითაც კი 75496.60 აშშ დოლარია და აღემატება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას, ამდენად სასამართლოს დარღვევის სიმძიმისა, ვადის და მოცულობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად არ მიაჩნია. ასევე ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ფორს-მაჟორულ მდგომარეობა, რომელზედაც მიუთითებს მოსარჩელე. მისი განმარტებით, ხელშეკრულების პირობები დაარღვია 2014 წლის 09 ნოემბრიდან, როდესაც შპს „ი----ი 2008+“-ის ტერიტორიაზე მოხდა აფეთქება, რის გამოც დაიღუპა ორი ადამიანი და დაზიანება მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ერთ-ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა, შპს-ს 100% წილის მესაკუთრე ა-------ილ გ-------ძე კი მძიმე მდგომარეობით მოათავსეს რეანიმაციაში, ასევე განადგურდა მოსარჩელის ქონება. მოსარჩელემ წარმოადგინა სამედიცინო ცნობები, კომპაქტ-დისკი და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 09 ნოემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევში მდებარე რესტორან „ნ---ახტარის“ ეზოში სადემონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობისას აფეთქდა ჟანგბადის ბალონი, რასაც მოჰყვა ვ-–- პ---–----ნიკოვის და თე------აზ ბ-------ძის გარდაცვალება. ამავე პერიოდში (13.11.2014-დან 17.11.2014-მდე) სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს ა-------ილ გ-------ძე (შპს „ი----ი 2008+“-ის 100% წილის მესაკუთრე), იგი კვლავ მოათავსეს სტაციონარში 2014 წლის 24 ნოემბერს, 25 ნოემბერს გაუკეთეს ოპერაცია და სტაციონარიდან გაწერეს 2014 წლის 03 დეკემბერს.
სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. სასამართლოსათვის უცნობია, მომხდარი უბედური შემთხვევის შედაგად როგორც შეიცვალა მოსარჩელის ეკონომიკური მდგომარეობა, როგორ გაგრძელდა მისი სამეწარმეო საქმიანობა, რა მატერიალური რესურსები ჰქონდა მანამდე და რა დარჩა. შპს „ი----ი 2008+“-ის წარმომადგენელი აქცენტს აკეთებს სს „ბანკი ქართუს“ და ნ---ო მ------იშვილს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 8.1. მუხლზე, რომელიც მხარეებს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, ფორს-მაჟორული მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში, თუმცა არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების 8.4. პუნქტით, მხარეს რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულების შესრულება, ევალება დაუყონებლივ, მაგრამ არაუგიანეს ხუთი დღისა ამ გარემოებების დადგომიდან და/ან დასრულებიდან, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს. უშუალოდ მხარეებს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 5.1.6. პუნქტითაც მსესხებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ბანკს მისი ფინანსურ (ქონებრივ) მდგომარეობაში მოსალოდნელი არსებითი ცვლილებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ შპს „ი----ი 2008+“-ის წარმომადგენელმა აცნობა ბანკს მისი ვალაუვალობის შესახებ და ის გარემოება, რომ შპს-ს 100% წილის მესაკუთრე პარტნიორი იყო ავად, ვერ გახდება ამ ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი, რადგან შპს „ი----ი 2008+“-ს ჰყავდა დირექტორი თ----- ს------შვილი, რომელსაც ევალებოდა აღნიშნული ფუნქციის შესრულება. ამასთან, სასამართლო მომხდარ უბედურ შემთხვევას ვერ განიხილავს ფორს-მაჟორად, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რა გავლენა იქონია ამ ფაქტმა მის ფინანსურ მდგომარეობასა და სამეწარმეო საქმიანობაზე, ასევე რატომ ვერ შესძლო მან გადაელახა ეკონომიკური პრობლემები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელის აძღვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟი -50 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. სარჩელის უზრუნველყოფა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ეთერ გზირიშვილის მიერ 2017 წლის 19 მაისს გაცემული №170540380 სააღსრულებო ფურცელი და 2017 წლის 20 ივნისს N170680521 სააღსრულებო ფურცლის ცვლილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ი----ი 2008+“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ეთერ გზირიშვილის მიერ 2017 წლის 19 მაისს გაცემული №170540380 სააღსრულებო ფურცელი და 2017 წლის 20 ივნისს N170680521 სააღსრულებო ფურცლის ცვლილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე